Facebook Twitter

¹ბს-884-846(კ-07) 26 სექტემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მესამე პირის – შპს ,,ჯ.-ის” დირექტორის თ. მ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის განჩინებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა გაეცნო მესამე პირის – შპს ,,ჯ.-ის” დირექტორის თ. მ.-ის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრონ საკასაციო საჩივრით, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად”. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი...”, ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, მხოლოდ ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა. ამდენად, მითითებული ნორმით არ არის განსაზღვრული მე-16.1 ნაწილით ჩაბმული პირის უფლება, გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო ან საკასაციო წესით.

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ,,ჯ.-ის” დირექტორი თ. მ.-ი საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ჩაბმულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (ს.ფ. 85-86), რაც კანონის საფუძველზე ართმევს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას.

აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე, თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების სამმართველოს კერძო საჩივრის საფუძველზე, იმსჯელა ზემდგომმა _ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომლის განჩინებაც, ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე წარმოადგენს სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო პროცესუალურ აქტს და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, აღნიშნულის შესახებ მიუთითებს თავად გასაჩივრებული განჩინებაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ჯ.-ის” დირექტორის თ. მ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის განჩინებაზე დაუშვებელია და არ ექვემდებარება წარმოებაში მიღებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-16 მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ჯ.-ის” დირექტორის თ. მ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.