¹ბს-885-848(კ-06) 18 აპრილი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორები - ნ. ა-ის, თ. ბ-ის, ლ. გ-ისა და სხვათა წარმომადგენლები რ. მ-ი და თ. გ-ია
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 3 ივლისის განჩინება
დავის საგანი – საპენსიო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 30 სექტემბერს ნ. ა-ის, თ. ბ-ის, ლ. გ-ის, ნ. თ-ის, ო. კ-ის, მ. კ-ის, ი. მ-ის, ნ. რ-ის, მ. ს-ის, ო. ს-ას, ნ. ჩ-სა და ე. ჯ-ის წარმომადგენელმა გ. ს-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ საპენსიო დავალიანების ანაზღაურების გაცემის თაობაზე.
სასარჩელო განცხადების თანახმად, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებით გ. ს-სა და სხვა მოსარჩელეთა მამები ცნობილ იქნენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად და შესაბამისად: გ. ს-ია, ნ. ა-ე, თ. ბ-ე, ლ. გ-ე, ც. გ-ი, ნ. თ-ე, მ. ს-ე, ლ. ს-ია, ნ. ჩ-ა და ე. ჯ-ე არიან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირთა შვილები.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: “პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირს, რომელიც იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილას, გადასახლებაში, აგრეთვე გარდაცვლილი რეპრესირებულის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობელსა და შვილს (ნაშვილებს), მიუხედავად დასაქმებისა, მიეცემა ყოველთვიური პენსია, რომლის ოდენობასა და გაცემის წესს ადგენს კანონი", ამ კანონით განსაზღვრული გარდაცვლილი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის შვილებისათვის გაზრდილი პენსიის მიცემა საქართველოს პარლამენტმა რამდენჯერმე გადაავადა. თავდაპირველად აღსრულება დაწესდა 1998 წლის 1 სექტემბრიდან, შემდეგ - 1999 წლის 1 ივლისიდან, 2000 წლის 1 ივლისიდან და ბოლოს 2002 წლის 1 იანვრიდან. 2002 წლიდან აღნიშნული საკითხის გადავადება არ მომხდარა. შესაბამისად, გაზრდილი პენსიის (45 ლარი) მიღების უფლება შევიდა კანონიერ ძალაში. აღნიშნულ კანონში 2000 წლის 14 ივლისს შეტანილი შესწორებებისა და ცვლილებების თანახმად, როგორც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირთა შვილებს, 2002 წლის 1 იანვრიდან დაუწესდათ გაზრდილი პენსია 45 ლარის ოდენობით. მოსარჩელეები ამ ოდენობის პენსიას იღებდნენ მხოლოდ 2003 წლის 1 ივლისიდან, წელიწად-ნახევრის განმავლობაში დაკავებისა და არმიღების შემდეგ.
მოსარჩელეთა განმარტებით, 2002 წლის დასაწყისში მიმართეს სახელმწიფო საპენსიო ფონდის რაიონულ განყოფილებებს, რათა მოეხდინათ პენსიების გადაანგარიშება და გაზრდილი პენსიის გაცემა, რაზედაც მიიღეს უარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა სასამართლოში აღძრეს სარჩელი მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვეს:
საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კრწანისი-მთაწმინდის ფილიალის 2005 წლის 8 სექტემბრის ¹...., 2 სექტემბრის ¹...., 2 სექტემბრის ¹...., 2 სექტემბრის ¹....., საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს ფილიალის 2005 წლის 6 სექტემბრის ¹....., 6 სექტემბრის ¹...., 12 სექტემბრის ¹...., 6 სექტემბრის ¹....., 8 სექტემბრის ¹....., 5 სექტემბრის ¹....., 5 სექტემბრის ¹...., 6 სექტემბრის ¹......, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დიდუბე-ჩუღურეთის ფილიალის 2005 წლის 15 სექტემბრის ¹10 აქტისა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გლდანი-ნაძალადევის ფილიალის 2005 წლის 14 სექტემბრის ¹..... აქტების გაუქმება და მოპასუხეებისათვის მათ სასარგებლოდ 2002 წლის 1 იანვრიდან 2003 წლის 1 ივლისამდე წარმოქმნილი დავალიანების, კერძოდ: გ. ს-ვის _ 810 ლარის, ნ. ა-ვის _ 484 ლარის, თ. ბ-ვის _ 546 ლარის, ლ. გ-ვის _ 546 ლარის, ც. გ-ვის _ 546 ლარის, ნ. თ-ვის _ 546 ლარის, მ. კ-ვის _ 675 ლარის, ი. მ-ვის _ 546 ლარის, ნ. რ-ვის _ 546 ლარის, მ. ს-ვის _ 810 ლარის, ლ. ს-ვის _ 810 ლარის, ნ. ჩ-ვის _ 546 ლარის, ე. ჯ-ვის _ 720 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2005 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-ის, თ. ბ-ის, ლ. გ-ის, ც. გ-ის, ნ. თ-ის, ო. კ-ის, მ. კ-ის, ი. მ-ის, ნ. რ-ის, მ. ს-ის, ლ. ს-ას, ნ. ჩ-სა და ე. ჯ-ის წარმომადგენელმა გ. ს-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები არიან პოლიტიკური რეპრესირებულების შვილები, მემკვიდრეები, რომლებიც სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებში რეგისტრირებულნი არიან 2002 წლის 1 იანვრამდე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
1. განისაზღვროს 2003 წლის განმავლობაში ომის ვეტერანთა პენსიების ოდენობა: ომის ინვალიდობისათვის _ 45 ლარით, ომის მონაწილეებისათვის _ 40 ლარით, მათთან გათანაბრებული პირებისათვის _ 35 ლარით. ეს პენსიები გაიცეს ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ იმ პირებზე, რომლებიც სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებში რეგისტრირებულნი არიან 2003 წლის 1 იანვრამდე.
განისაზღვროს 2003 წლის განმავლობაში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირთა პენსია ომის ინვალიდებისათვის დადგენილი პენსიის ოდენობით _ 45 ლარით, ხოლო 2002 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებულ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირთა შრომისუუნარო შვილებისათვის (ნაშვილებისათვის) იმავე ოდენობით 2003 წლის 1 ივლისიდან.
“2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად კი განისაზღვრა 2002 წლის 1 იანვრიდან ომის ვეტერანთა პენსიების ოდენობა, კერძოდ, ომის ინვალიდებისათვის _ 45 ლარით, ომის მონაწილეებისათვის _ 40 ლარით, მათთან გათანაბრებული პირებისათვის _ 35 ლარით, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირთა პენსია 2002 წელს განისაზღვრა ომის ინვალიდობისათვის დადგენილი პენსიის ოდენობით _ 45 ლარი. სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირთა შრომისუუნარო შვილისათვის (ნაშვილებისათვის) პენსიის მომატება არ არის გათვალისწინებული ზემომითითებულ კანონში.
აღნიშნული გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ “2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მიიჩნია, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ გამოცემული გასაჩივრებული წერილების გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან არ არსებობდა არანაირი პირობა იმისა, რომ მოსარჩელებს გაზრდილი პენსია დანიშვნოდათ 2002 წლის 1 იანვრიდან, აქედან გამომდინარე, არ უნდა დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნა დავალიანების ანაზღაურების შესახებ.
საპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. ა-ის, თ. ბ-ის, ლ. გ-ისა და სხვათა წარმომადგენლებმა რ. მ-მა და თ. გ-ამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორები მიუთითებდნენ, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული შვილის, ნაშვილების მიმართ ამოქმედდა 2002 წლის 1 იანვრიდან. გარდა ამისა, კასატორის აღნიშვნით, 2002 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონით არ გადავადებულა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირთა შვილების მიმართ გაზრდილი რაოდენობის პენსიის გაცემა და, შესაბამისად, აღნიშნული კანონი გაზრდილი ოდენობის პენსიის გაცემის თაობაზე შევიდა ძალაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, სასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლიასა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-ის, თ. ბ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ კასატორები: ნ. ა-ე, თ. ბ-ე, ლ. გ-ე, ც. გ-ი, ნ. თ-ე, ო. კ-ე, მ. კ-ე, ი. მ-ი, ნ. რ-ე, მ. ს-ე, ლ. ს-ა, ნ. ჩ-ა და ე. ჯ-ე არიან პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირთა შრომისუუნარო შვილები, რომლებზეც სრული მოცულობით ვრცელდება ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონოთ დადგენილი შეღავათები და გარანტიები.
კასატორები თავიანთ მოთხოვნას აფუძნებენ ზემოაღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტზე და ითხოვენ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის 2002 წლის 1 იანვრიდან 2003 წლის ივლისამდე არსებული დავალიანების, კერძოდ, გაზრდილი ოდენობით პენსიის დაკისრებას. ამასთან, კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს უარი მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ემყარება კანონის ნორმათა არასწორ განმარტებას.
საკასაციო სასამართლომ კასატორთა პრეტენზიის საფუძველზე შეამოწმა სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება და მიაჩნია რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების კანონისმიერი საფუძველი.
,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს, რომელიც იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილას, გადასახლებაში, გასახლებაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სპეციალურ დასახლებაში, მიუხედავად ასაკისა, შრომის სტაჟისა, დასაქმებისა, აგრეთვე გარდაცვლილი რეპრესირებულის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობელსა და შვილს (ნაშვილებს), მიუხედავად დასაქმებისა, მიეცემა ყოველთვიური პენსია, რომლის ოდენობასა და გაცემის წესს ადგენს კანონი.
იმავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ამოქმედება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის შრომისუუნარო შვილების მიმართ განისაზღვრა 2002 წლის 1 იანვრიდან.
საგულისხმოა, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული ნორმის 2002 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებისა, საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით პენსიის ოდენობა დადგინდა მხოლოდ ომის ინვალიდების, ომის მონაწილეების, მათთან გათანაბრებული პირებისა და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირებისათვის. რაც შეეხება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირთა შრომისუუნარო შვილებს, რომელთაც კასატორები მიეკუთვნებიან, მათზე პენსიის გაცემის წესი და ოდენობა განისაზღვრა 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით, რომლის შესაბამისადაც, მითითებული სტატუსის მქონე პირებისათვის პენსიის ოდენობა დადგინდა 45 ლარის ოდენობით, ხოლო გაცემის ვადად განისაზღვრა 2003 წლის 1 ივლისი.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს ორ საკანონმდებლო აქტს შორის გარკვეული წინააღმდეგობის არსებობის ფაქტს, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს იმ ნორმების ლოგიკური სტრუქტურისა და ანალიზის განხილვას, რომლითაც განისაზღვრა კასატორთა უფლება საშეღავათო ხასიათის პენსიის მიღებაზე.
როგორც ზემოთ არის მითითებული, ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,პენსიის ოდენობასა და გაცემის წესს ადგენს კანონი”.
ამდენად, მითითებული ნორმის სახით საქმე გვაქვს ბლანკეტური ხასიათის ნორმასთან, რომელიც შეიცავს განკარგულებას ამ ნორმასთან დაკავშირებულ საკითხზე შესაბამისი ნორმის გამოყენების სავალდებულობის თაობაზე. საგულისხმოა, რომ, მიუხედავად უფლების აღიარებისა კანონმდებელმა იმთავითვე განსაზღვრა აღიარებული უფლების რეალიზების მექანიზმი, რომელიც დადგენილი და განსაზღვრული უნდა ყოფილიყო სხვა კანონით, ასეთად კი კანონმდებლის მიერ მიჩნეულია სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი, რომელმაც პენსიის ოდენობისა და გაცემის წესი დაადგინა მხოლოდ 2003 წლის 1 ივლისიდან.
აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლს, რომლის მე-2 ნაწილიც დასაშვებად მიიჩნევს საკანონმდებლო აქტით დადგენილი ნორმის განხორციელებაზე უარის თქმას, თუ იმავე აქტში მითითებულია მის შესასრულებლად საჭირო სხვა აქტის მიღების სავალდებულობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებას, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს მოწინააღმდეგე მხარის უარს 2002 წლის 1 იანვრიდან 2003 წლის ივლისამდე პერიოდისათვის პენსიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის გაზიარების კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ა-ის, თ. ბ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.