Facebook Twitter

¹ბს-889-851(კ-07) 19 დეკემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართევლოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 22 აგვისტოს შპს ,,ნ.-ს» დირექტორმა ე. ა.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ ადმინისტრაციული აქტის – გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 10 აგვისტოს წერილის ბათილად ცნობის თაობაზე და ისეთი ქმედების განხორციელებაზე, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციული აქტის გამოცემას.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ შპს ,,ნ.-ე» ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის საგადასახადო ინსპექციაში გადამხდელად აღრიცხვაზე აყვანილ იქნა 1999 წლის 16 თებერვალს და მიენიჭა სარეგისტრაციო ¹..., რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევა მცხეთის რაიონის დაბა ...-ში.

2006 წლის 13 თებერვალს საქართველოს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოში დაწყებულ იქნა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე შპს ,,ნ.-ს» ხელმძღვანელ პირთა მიმართ საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევის ფაქტზე.

გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 20 თებერვლის ¹22/01 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის შემოწმების სამმართველოს 2006 წლის 2 მარტის აქტით შპს ,,ნ.-ს» ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად დაერიცხა 123971 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახდელი თანხა 61533 ლარი.

2006 წლის 29 ივნისს აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა სისხლისამართლებრივი დევნა, რადგან დადგინდა, რომ შპს ,,ნ.-ს» ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 108204 ლარის, მათ შორის ძირითადი გადასახადის 55704 ლარის, გადახდა, რის გამოც შპს ,,ნ.-ს» დირექტორ ე. ა.-ის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დასაწყებად არ არსებობდა კანონიერი საფუძველი.

აღნიშნული თანხა შპს ,,ნ.-ს» მიერ სრულად იქნა გადახდილი 2006 წლის 12 აპრილიდან 1 ივნისამდე.

2006 წლის 3 აგვისტოს შპს ,,ნ.-მ» განცხადებით მიმართა მოპასუხე გორის საგადასახადო ინსპექციას და ითხოვა შესაბამისი ცვლილების შეტანა შპს ,,ნ.-ს» პირად ბარათში, კერძოდ გადასახდელი თანხის შემცირება და მისი გადახდილად ჩათვლა, რაზედაც მოპასუხისაგან მიიღო უარი. შესაბამისად მოსარჩელე ითხოვდა ბათილად ყოფილიყო ცნობილი ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც შპს ,,ნ.-ს» დაეკისრა 123971 ლარის გადახდა და ამასთან, მოპასუხეს – გორის საგადასახადო ინსპექციას მოეხდინა შპს ,,ნ.-ს» პირად ბარათზე ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის შემცირება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი გამოტანილი იყო კანონის შესაბამისად და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,.,ნ.-ს» სარჩელი მოპასუხე გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და გადასახადის შემცირების შესახებ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაევალა შპს ,,ნ.-ს» პირად ბარათზე ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელ ძირითადი თანხის 55704 ლარამდე დაყვანა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის საგადასახადო ინსპექციამ.

აპელანტმა მიიჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იყო უკანონო, დაუსაბუთებელი და იგი უნდა გაუქმებულიყო შემდეგ გარემოებათა გამო: 1. სადაოდ მიჩნეული გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 10 აგვისტოს წერილს ¹05-40/2/6354 საფუძვლად დაედო ,,სამეწარმეო კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილი და მე-3 ნაწილი. ამდენად საგადასახადო ინსპექცია არ იყო უფლებამოსილი გაეზიარებინა საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნები და ამ დასკვნების საფუძველზე მოეხდინა დარიცხული გადასახადების გადაანგარიშება;

2. მოსარჩელე შპს ,,ნ.-ე» სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლოდა 55704 ლარი. აღნიშნული თანხის გაახდა დაფიქსირებულია შპს ,,ნ.-ს» პირადი აღრიცხვის ბარათებზე და მათი გადახდილად ჩათვლაზე საგადასახადო ინსპქციას სასამართლოს დასტური არ სჭირდება. რაც შეეხება დარიცხვის შემცირებას, ამ მხრივ მხარეს დარიცხული თანხების შემცირებისათვის არავითარი არგუმენტი არ წარმოუდგენია;

3. ვინაიდან საგადასახადო ინსპექციისათვის მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილების მთავარი საფუძველი - ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნულ დოკუმენტზე, საგადასახადო ინსპექციისათვის გაუგებარი დარჩა რომელი გადასახადის შემცირებას ავალებდა მას სასამართლო, რადგან, როგორც ცნობილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, არსებობს შვიდი საერთო სახელმწიფოებრივი და ორი ადგილობრივი გადასახადი;

4. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ აღძრულ საქმეში გორის საგადასახადო ინსპექცია არ არის ჩაბმული სსკ-ის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირის სტატუსით და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის გამო პრეტენზია არ განუცხადებია;

5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო დავის დაწყების ფორმალური საფუძველია საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირისათვის ამ კოდექსის მე-80 მუხლით განაზღვრული ,,საგადასახადო მოთხოვნების» წარდგენა;

შპს ,,ნ.-სათვის» გასვლითი საკონტროლო საგადასახადო შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვის შემდგომ გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ წარდგენილ იქნა 2006 წლის 20 მარტის ¹224 ,,საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც მხარეს ჩაჰბარდა 23 მარტს. მოსარჩელეს ,,საგადასახადო მოთხოვნა», როგორც საგადასახადო დავის დაწყების ფორმალური საფუძველი, სადავოდ არ გაუხდია, რაც გახდა აქტით დარიცხული თანხების ,,აღიარებულად» ცნობის საფუძველი (საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მე-7 ნაწილი);

შპს ,,ნ.-ს» მხრიდან სადავოდ იქნა მიჩნეული მხოლოდ 2006 წლის 3 აგვისტოს განცხადებაზე საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 10 აგვისტოს ¹05-4-/2/6354 პასუხი, რომლითაც საწარმოს ეცნობა, რომ მის მიმართ ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების დარიცხვა განხორციელებულია კანონის სრული დაცვით და გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

აპელანტის მითითებით, გადამხდელს საგადასახადო დავის სასამართლოში გადაწყვეტის ფორმის არჩევა, არ ათავისუფლებს საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისაგან.

ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე აპელანტი ითხოვდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; 3. შპს ,,ნ.-ს» დირექტორის ე. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 10 აგვისტოს ¹05-40/2/6354 აქტი და გორის საგადასახადო ინსპექციას დაევალა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი აქტი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დასაბუთებულად მიიჩნია სააპელაციო პრეტენზია იმ საკითხში, რომ არ შეიძლება მექანიკურად გაზიარებული იქნეს სხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ ჩატარებული საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს მტკიცებულებების ერთ-ერთ სახეს და მისი გათვალისწინების იმპერატიული ვალდებულება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი არ არის. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა, აღიარებული იყო თუ არა მოსარჩელის მიერ საგადასახადო მოთხოვნა და თავის დროზე გაასაჩივრა თუ არა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სააპელაციო პალატამ საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და საქართველოს ზაკ-ის ნორმათა საფუძველზე განმარტა, რომ შპს ,,ნ.-ს» განცხადება პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხების შემცირებისა და გადახდილი თანხების ასახვის თაობაზე წარმოადგენდა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ საჩივარს, რის საფუძველზეც ადრესატი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ გაეცა პასუხი დაინტერესებული პირისათვის.

საგადასახადო ორაგნომ კი საქმის არსებითი გარემოებების შესწავლის გარეშე უარი განაცხადა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რითაც დაარღვია სზაკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს თავისი უარი უნდა დაესაბუთებინა შესაბამის გარემოებებზე მითითებით, უნდა გაერკვია პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხა წარმოადგენდა თუ არა გადასახადის გადამხდელის მხოლოდ აღიარებულ ვალდებულებას, თუ აღნიშნული დავალიანება აღიარებულად არ შეიძლება ჩათვლილიყო; საქმეში არსებული საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნების გაზიარების უარყოფა უნდა მომხდარიყო კანონით დადგენილი წესით. საგადასახადო ორგანოს უნდა ემსჯელა იყო თუ არა ასახული შპს ,,ნ.-ს» მიერ გადახდილი თანხები პირადი აღრიცხვის ბარათზე, რაც ასევე წარმოადგენდა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გადასაწყვეტ საკითხს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსექციამ.

კასატორი საკასაციო საჩივარს ფაქტობრივად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც სააპელაციო საჩივარს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.