Facebook Twitter
¹ბს-891-853(კ-06) 16 იანვარი, 2007 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი


ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _Bსაქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ლ. ქ-ი

მესამე პირები _ საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი; საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავება


საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2005 წლის 21 ივლისს ლ. ქ-მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისQUქუთაისის ფილიალის მიმართ, III პირის _ საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა კუთვნილი პენსიიდან მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონოდ მიჩნეული თანხების დაქვითვის აკრძალვა /იხ.ს.ფ. 2/.
საქმის გარემოებები:
ლ. ქ-ი 1993 წლის სექტემბერიდან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია და ცხოვრობდა ნათესავის ოჯახში. 1993 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე სუბტროპიკულმა ინსტიტუტმა დაუნიშნა პენსია. მოსარჩელემ გააგრძელა მუშობა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტში ..... კათედრაზე, უფროს მასწავლებლად და იგი ხელფასთან ერთად იღებდა პენსიას, რომელიც 1998 წლის 8 ივნისს შეუწყდა. ამასთან, მოსარჩელე გათავისუფლდა სამუშაოდან ასაკის გამო. მოსარჩელემ მიმართა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალს, რათა განეახლებინათ მისთვის პენსიის მიღება, რაზეც მას განემარტა, რომ მას აქვს დავალიანება 1994-1998 წლებში უკანონოდ მიღებული პენსიის სახით (თანხა 300 თუ 500 ლარის ოდენობით), რის გამოც უნდა განხორციელდეს პენსიიდან შესაბამისი წილის დაკავება ყოველთვიურად, კერძოდ, თანხის 25%-ის ოდენობით. ამასთან, აღნიშნულის შესახებ მოსარჩელეს მოტყუებით დააწერინეს განცხადება, სადაც იგი დათანხმდა დავალიანების დასაფარად ზემოაღნიშნული თანხის კუთვნილი პენსიიდან დაკავებას.
სარჩელის სამართლებრივი საფუძველი:
მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის - ს. პ-ის 1998 წლის 29 ივნისის წერილში აღნიშნული იყო, რომ მუშაობის პერიოდში უკანონოდ მიღებული თანხების, რომელიც პენსიონერს მიღებული ჰქონდა 1998 წლის 1 მაისამდე, დაკავება შეჩერებულიყო ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. ქ-ს მხოლოდ ერთი თვის პენსია ჰქონდა უკანონოდ მიღებული და დაკავება უნდა შეხებოდა მხოლოდ 1998 წლის მაისის თვის პენსიას /იხ. ს.ფ. 2/.
მოპასუხე _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა რაიონულ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში არ ცნო ლ. ქ-ის სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის ¹634 დადგენილებით იმავე წლის 11 სექტემბრიდან გაუქმებულ იქნა მომუშავე პენსიონერებზე პენსიის გაცემა, შესაბამისად, ის თანხა, რომელიც პენსიონერს მიღებული ჰქონდა 1994 წლიდან, ითვლებოდა უკანონო თანხად და უნდა დაბრუნებულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ 1998 წელს განხორციელდა სხვადასხვა ორგანიზაციიდან პენსიონერთა სიების გამოთხოვა, რომლის შესაბამისად დადგინდა, რომ სხვა პენსიონერებთან ერთად მოსარჩელე ლ. ქ-იც მუშაობდა და პარალელურად იღებდა პენსიას, მაშინ, როცა ზემოღნიშნული დადგენილების თანახმად, მას შეუჩერდა პენსიის მიღება. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა ზედმეტად მიღებული თანხის გამოთვლა, რის საფუძველზეც გაფორმდა ვალის ოქმი - 384 ლარის ოდენობით. მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, პენსიის მიღების თაობაზე ფონდისთვის მიმართვისას, გაეცნო ზემოაღნიშნულ ოქმს და დაწერა განცხადება ვალის დაფარვის მიზნით პენსიიდან უკანონო თანხის ეტაპობრივად, 25%-ის ოდენობით დაქვითვის თაობაზე, რომლის დაქვითვაც მიმდინარეობს 2005 წლის 1 ივლისიდან ვალის სრულად დაფარვამდე. ამასთან, ფონდის გენერალური დირექტორის _ ს. პ-ის წერილი უკანონოა, ვინაიდან ფონდის გამგეობას, რომლის დადგენილების საფუძველზეც იქნა გამოცემული მითითებული წერილი, არ ჰქონდა ასეთი აქტის გამოცემის უფლება, ვინაიდან ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგებოდა მინისტრთა კაბინეტის ზემოაღნიშნულ დადგენილებას /იხ. ს.ფ. 26-27/.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ლ. ქ-ი მუშაობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტში 1994 წლის 1 დეკემბრიდან 2005 წლის 1 ივლისამდე. 1994 წლის ნოემბრიდან 1998 წლის მაისის ჩათვლით ღებულობდა როგორც ხელფასს, ასევე პენსიის თანხას, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ¹634 დადგენილების მე-10 პუნქტის “დ” პუნქტს, რომლის თანახმად, პენსიის გაცემა შეუჩერდა ყველა კატეგორიის მომუშავე პენსიონერს, ხოლო საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტრის წერილი არ წარმოადგენდა მინისტრთა კაბინეტის დადგენილების იურიდიული ძალის მქონე ტოლფას დოკუმენტს და მოცემულ შემთხვევაში, რაიონული სასამართლოს დასკვნით, გაზიარებული ვერ იქნებოდა იხ. ს.ფ. 45-46/.
საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილის _ ს. პ-ის წერილში აღნიშნულია, რომ მომუშავე პენსიონერებზე მუშაობის პერიოდში უკანონოდ მიღებული პენსიების დაკავება შეჩერდებოდა 1998 წლის 1 მაისამდე, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებამდე, ხოლო 1998 წლის 1 მაისის შემდეგ მიღებულ თანხას კი მომუშავე პენსიონერები ჩვეულებრივი წესით გადაიხდიდნენ მუშაობის პერიოდში, ამგვარი პენსია კი ლ. ქ-ს მიღებული აქვს მხოლოდ ერთი თვის. ამასთან, აპელანტის განმარტებით, მისი ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, არ მუშაობს, არის I ჯგუფის ინვალიდი, ამასთან აფხაზეთიდან იძულებითი გადაადგილებული პირია და ერთადერთ დახმარებას წარმოადგენს ლტოლვილის სტატუსის გამო განსაზღვრული პენსია /იხ. ს.ფ. 47/.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი /იხ.ს.ფ. 67-68/.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ლ. ქ-ი 1994 წლის 1 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტის არაორგანული და ანალიზური ქიმიის კათედრაზე უფროს მასწავლებლად. 1993 წლის სექტემბრიდან საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულების საფუძველზე ღებულობდა პენსიას. არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, 1994 წლის ნოემბრიდან 1998 წლის მაისამდე ღებულობდა პენსიას, რამაც მთლიანობაში შეადგინა 308 ლარი და 80 თეთრი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 ნოემბრის დადგენილების მე-10 პუნქტის “დ” ქვეპუნქტით შეჩერდა ბიუჯეტიდან ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის, გარდა ომის ვეტერანების, რეპრესირებულების, ძალოვანი სტრუქტურებისა და ბავშვობიდან ინვალიდი პენსიონრებისა, პენსიის გაცემა. ამავე დადგენილების მე-13 პუნქტით, საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსთა სამინისტროსთან, სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდთან შეთანხმებით, დაევალა შეემუშავებინა და დაემტკიცებინა მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა რეალიზაციისათვის აუცილებელი ინსტრუქციები და მითითებები. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გამგეობის 1998 წლის 29 ივნისის ¹15 დადგენილებით შეჩერდა მომუშავე პენსიონერებზე მუშაობის პერიოდში უკანონოდ მიღებული თანხების დაკავება. ამასთან, აღნიშნული ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილის - ს. პ-ის 1998 წლის 29 ივლისის წერილით, რომელიც გამომდინარეობდა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დადგენილებიდან, დასტურდებოდა, რომ მომუშავე პენსიონრებზე მუშაობის პერიოდში უკანონოდ გაცემული თანხის, რომელიც პენსიონერს მიღებული ჰქონდა 1998 წლის 1 მაისამდე, დაკავება უნდა შეჩერებულიყო ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებამდე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ქ-ი 2005 წლის 1 ივლისიდან გათავისუფლებული იყო სამუშაოდან პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით და მის საარსებო წყაროს წარმოადგენდა პენსია 33 ლარის ოდენობით, რაც იმ საარსებო მინიმუმსაც არ შეესაბამებოდა, რომელიც აუცილებელი იყო პირის ყოფითი საჭიროებისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დამდგარა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გამგეობის 1998 წლის 29 ივნისის ¹15 დადგენილებით დათქმული პირობა 1998 წლის 1 მაისამდე მომუშავე პენსიონრებზე მუშაობის პერიოდში უკანონოდ მიღებული თანხის დაკავების შეჩერების გაუქმების თაობაზე, შესაბამისად, არ არსებობდა თანხის დაკავების განახლების საფუძველი /იხ.ს.ფ. 83-88/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასაციის საფუძვლები:
საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილის - ს. პ-ის 1998 წლის 29 ივნისის წერილში აღნიშნულია, რომ მომუშავე პენსიონრებზე 1998 წლის 1 მაისამდე მიღებული თანხის დაკავება უნდა შეჩერდეს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს მეთაურის 1994 წლის 29 აგვისტოს ¹282 ბრძანება და მის საფუძველზე მიღებული საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ¹634 დადგენილება და გამოიყენა მხოლოდ ს. პ-ის 1998 წლის 29 ივნისის წერილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2.3 მუხლის თანახმად, სამოქალაქო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ავსებენ კანონის ნორმებს. თუ ეს აქტები ეწინააღმდეგება კანონს, მოქმედებს კანონი /იხ. ს.ფ.97-98/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34.3 “გ” პუნქტის შესაბამისად /პროცესუალური კასაცია/ /იხ. ს.ფ./.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ქ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და სადავო სამართალურთიერთობას არასწორად შეუფარდა მატერიალური სამართლის ნორმა, კერძოდ, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გამგეობის 1998 წლის 29 ივნისის ¹15 დადგენილებისა და ფონდის გენერალური დირექტორის 1998 წლის 29 ივნისის ¹09/19432 წერილის დანაწესი 1998 წლის 1 მაისამდე მიღებული თანხების დაკავების შეჩერების თაობაზე, რის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ქ-ის პენსიიდან თანხების დაკავება უნდა შეწყვეტილიყო, მაშინ, როცა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის ¹634 დადგენილების მე-10 მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად, იმპერატიულად იქნა განსაზღვრული, რომ მომუშავე პენსიონერებზე პენსიების დარიცხვა შეჩერებულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებები სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იზიარებს სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს და დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ლ. ქ-ი 1994 წლის 1 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტის .... კათედრაზე უფროს მასწავლებლად. 1993 წლის სექტემბრიდან საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულების საფუძველზე ღებულობდა პენსიას. არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. ასევე, ლ. ქ-ი 1994 წლის ნოემბრიდან 1998 წლის მაისამდე ღებულობდა პენსიას, რამაც მთლიანობაში შეადგინა 308 ლარი და 80 თეთრი. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 ნოემბრის დადგენილების მე-10 პუნქტის “დ” ქვეპუნქტით შეჩერდა ბიუჯეტიდან ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის, გარდა ომის ვეტერანების, რეპრესირებულების, ძალოვანი სტრუქტურებისა და ბავშვობიდან ინვალიდი პენსიონრებისა, პენსიის გაცემა. ამავე დადგენილების მე-13 პუნქტით, საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსთა სამინისტროსთან, სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდთან შეთანხმებით, დაევალა შეემუშავებინა და დაემტკიცებინა მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა რეალიზაციისათვის აუცილებელი ინსტრუქციები და მითითებები. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გამგეობის 1998 წლის 29 ივნისის ¹15 დადგენილებით შეჩერდა მომუშავე პენსიონერებზე მუშაობის პერიოდში უკანონოდ მიღებული თანხების დაკავება. ამასთან, აღნიშნული ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილის - ს. პ-ის 1998 წლის 29 ივლისის წერილით, რომელიც გამომდინარეობდა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დადგენილებიდან, დასტურდებოდა, რომ მომუშავე პენსიონრებზე მუშაობის პერიოდში უკანონოდ გაცემული თანხის, რომელიც პენსიონერს მიღებული ჰქონდა 1998 წლის 1 მაისამდე, დაკავება უნდა შეჩერებულიყო ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებამდე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ქ-ი 2005 წლის 1 ივლისიდან გათავისუფლებული იყო სამუშაოდან პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით და მის საარსებო წყაროს წარმოადგენდა პენსია 33 ლარის ოდენობით, რაც იმ საარსებო მინიმუმსაც არ შეესაბამებოდა, რომელიც აუცილებელი იყო პირის ყოფითი საჭიროებისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დამდგარა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გამგეობის 1998 წლის 29 ივნისის ¹15 დადგენილებით დათქმული პირობა _ 1998 წლის 1 მაისამდე მომუშავე პენსიონრებზე მუშაობის პერიოდში უკანონოდ მიღებული თანხის დაკავების შეჩერების გაუქმების თაობაზე, შესაბამისად, არ არსებობდა თანხის დაკავების განახლების საფუძველი /იხ.ს.ფ. 83-88/.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 1994-1998 წლებში მოსარჩელეზე პენსიის დარიცხვა მიმდინარეობდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გამგეობის 1996 წლის 29 ივნისის დადგენილებითა და ფონდის გენერალური დირექტორის 1998 წლის 29 ივნისის წერილით შეჩერებულ იქნა მომუშავე პენსიონერებისათვის 1998 წლის 1 მაისამდე უკანონოდ მიღებული თანხების დაკავება, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულიად არ შეესაბამება მის მიერ ამავე გადაწყვეტილებაში გაკეთებულ დასკვნებს, რომლებიც არასწორი სამართლებრივი შეფასებებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფონდის გამგეობის დადგენილება, ისევე როგორც ფონდის გენერალური დირექტორის წერილი, არ წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი არ იყო უფლებამოსილი, გამოეცა ასეთი ხასიათის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გამომდინარე საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 30 მარტისა და 1993 წლის 5 თებერვლის დადგენილებებიდან, რომელთა საფუძველზე დადგენილ ფონდის უფლებამოსილებებში ნორმატიული ხასიათის აქტის გამოცემის უფლებამოსილება გათვალისწინებული არ არის. ასევე, “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, დადგენილია, რომ ფონდის გენერალური დირექტორის წერილი არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, რის გამოც ის ამავე ნორმით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების ჩამონათვალში არ შედის. ამასთან, არანორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე არ შეიძლება განსხვავებულად იქნეს მოწესრიგებული ნორმატიული აქტის _ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით დარეგულირებული სამართალურთიერთობა და თუ ამგვარი მაინც განხორციელდება, მას არ გააჩნია შესაბამისი იურიდიული ძალა. მით უფრო, რომ ამავე დადგენილების მე-10 მუხლის “დ” პუნქტით იმპერატიულად იქნა განსაზღვრული პირთა წრე, რომლებზეც გამონაკლისის სახით შესაძლებელია გავრცელდეს შეღავათი და არ შეჩერდეს პენსიის დარიცხვა, კერძოდ, ასეთ პირებს განეკუთვნებიან: ბავშვობიდან ინვალიდი პენსიონერები, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგანი ჯარების, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრების დაცვის დეპარტამენტის, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის და სამთავრობო დაცვის სამსახურის პენსიონერები, როგორსაც მოსარჩელე ლ. ქ-ი არ წარმოადგენს, ხოლო სხვა დათქმა ზემოაღნიშნულ დადგენილებაში მოცემული არ არის, მით უფრო, კონკრეტული პერიოდით _ 1998 წლის 1 მაისამდე შეღავათების გავრცელების თაობაზე, რაზეც საჩივრის ავტორი აპელირებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასება წარმოდგენილი წერილისა და ფონდის გამგეობის დადგენილების შესახებ უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტული სამართალურთიერთობის მოწესრიგებისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, მინისტრთა კაბინეტის ¹634 დადგენილება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის მიერ პენსიის სახით მიღებული თანხები, თუ მათი მიღება შეჩერებული არ იყო 1994 წელს, ანუ მინისტრთა კაბინეტის დადგენილების ამოქმედებისთანავე, წარმოადგენს უკანონოდ მიღებულ თანხას და კანონით დადგენილი წესით ის ექვემდებარება უკან დაბრუნებას, რაც სასამართლოს მიერ სრულიად უკანონოდ არ იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნული გარემოების ადეკვატურ სამართლებრივ შედეგად. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს ის გარემოებაც, რომ კონკრეტული წერილის, ისევე, როგორც გამგეობის დადგენილების, მიმართ არ არსებობს მოსარჩელე ფიზიკური პირის კანონიერი ნდობა, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად დადგენილია, რომ ასეთი ნდობა არ არსებობს თუ მას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა, ანუ შედეგის მართლზომიერებას მხოლოდ მართლზომიერი საშუალებებით მისი მიღწევა განაპირობებს, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ შემთხვევაში დარღვეულ იქნა.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ფონდის დადგენილება, რომელზეც მოსარჩელე აპელირებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური ელემენტების, მათ შორის, დადგენილების ავტორისა და ადრესატის გათვალისწინებით, ფაქტობრივად, წარმოადგენს შიდა ორგანიზაციულ ინსტრუქციას, მიმართვას კონკრეტული სტრუქტურისადმი კანონით დადგენილი მოქმედების დროებითი შეჩერების თაობაზე, რაც არ შეიძლება მესამე პირების, კონკრეტულ შემთხვევაში კი მოსარჩელის კანონიერი ნდობის საფუძველი გახდეს მის მიერ ასეთი წერილის საფუძველზე მოქმედების პირობებში. შესაბამისად, მსჯელობა მოსარჩელე ლ. ქ-ის კონკრეტული აქტებისადმი კანონიერი ნდობის არსებობის თაობაზე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ის უკანონოდ მიღებული თანხების უკან დაბრუნების კონტექსტში გათვალისწინებული ვერ იქნება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე ასკვნის, რომ ლ. ქ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდს არ უნდა აეკრძალოს თავი შეიკავოს ქმედების განხორციელებისგან, ანუ ლ. ქ-ის კუთვნილი პენსიიდან 1994-1998 წლებში უკანონოდ მიღებული თანხების დაკავებისგან, რამდენადაც არ არსებობს ასეთი აკრძალვის სამართლებრივი საფუძველი. უფრო მეტიც, მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ ხელმოწერილ იქნა დასტური კუთვნილი პენსიიდან ზემოაღნიშნული თანხების ნაწილ-ნაწილ, 25%-ის ოდენობით დაქვითვის თაობაზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მის მიერ არ გასაჩივრებულა. ასევე, მის მიერ საქმის განხილვის არც ერთ სტადიაზე არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული თანხმობის იძულებით ან მოტყუებით დაწერის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, რაზეც ის სარჩელს აფუძნებს, რის გამოც სასამართლო მოცემულ განმარტებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და მასზე მსჯელობას ვერ იქონიებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო “სახელმწიფო პენსიის შესახებ” /2006 წლის რედაქცია/ კანონის 19.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ზედმეტად დარიცხული პენსიის დაბრუნება შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით დანიშნული პენსიის არა უმეტეს 20%-ის დაკავების მეშვეობით იმ შემთხვევაში, როდესაც ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია პენსიონერის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ლ. ქ-ის მიმართ არ შეიძლება გავრცელდეს მითითებული ნორმით დადგენილი პირობები, რამდენადაც “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის 19.2. მუხლის ეხება არასწორი მონაცემების წარდგენის საფუძველზე ზედმეტად მიღებული პენსიის დაკავების შესაძლებლობას, მაშინ, როცა ლ. ქ-ის პენსიის დაკავება ხორციელდება სულ სხვა საფუძვლით _ არა ზედმეტად გაცემული, არამედ, საერთოდ _ უკანონოდ მიღებული პენსიის დაბრუნების მიზნით, რამდენადაც დროის კონკრეტულ პერიოდში, მოსარჩელე, როგორც მომუშავე საპენსიო ასაკს მიღწეული პირი, არ წარმოადგენდა პენსიის მიმღებ სუბიექტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და


გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.