¹ბს-892-854(კ-07) 24 იანვარი, 2008წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 მაისის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 3 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ი. ა-ემ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების _ 1170.15 ლარისა და სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 1096.16 ლარის, მთლიანობაში _ 2266.31 ლარის დაკისრება.
სასარჩელო განცხადებაში მითითებულია, რომ ი. ა-ე 1996 წლიდან მსახურობს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის სამედიცინო სამსახურში .... თანაშემწედ. 1998-2000 წლებში თავდაცვის სამინისტროში მუშაობისას მისი სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1170 ლარსა და 15 თეთრს, ხოლო სანივთე კომპენსაციის დავალიანება _ 1096 ლარს და 16 თეთრს, რის გამოც ითხოვს ზემოაღნიშნული თანხის ანაზღაურებას (ს.ფ. 1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ა-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ი. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის სახით სულ 2266 ლარისა და 31 თეთრის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2005 წლის 23 მაისის ¹578 და ¹389 ცნობებით დასტურდებოდა, რომ ი. ა-ის მიმართ მოპასუხეს გააჩნდა სახელფასო დავალიანება 1170 ლარისა და 15 თეთრის ოდენობით და სანივთე ქონების დავალიანება 1986 ლარისა და 16 თეთრის ოდენობით, მთლიანობაში 2266.31 ლარი.
სასამართლოს განმარტებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, მუშას ან მოსამსახურეს მისი დათხოვნისას ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს. თუ მუშაკი არ მსახურობდა დათხოვნის დღეს, მაშინ შესაბამისი თანხა გაცემას ექვემდებარებოდა არაუგვიანეს შემდეგი დღისა დათხოვნილი მუშაკის მიერ ანგარიშსწორების შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან (ს.ფ. 15-16).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის მითითებით, სასამართლოში საქმის განხილვისას ი. ა-ეს არ წარუდგენია ის აუცილებელი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა სანივთე ქონების საკუთარი ხარჯებით შეძენისა და სამხედრო სამსახურში სანივთე ქონების გამოყენების აუცილებლობის ფაქტებს.
ასევე სასამართლომ არ გაითვალისწინა დავალიანების წარმოშობის მიზეზები _ სეკვესტირებული სახელმწიფო ბიუჯეტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მწირი შესაძლებლობები (ს.ფ. 23-24).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლო არსებითად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიუთითა, რომ მათი გამაბათილებელი არგუმენტი აპელანტს არ წარუდგენია (ს.ფ. 59-61).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევით არის მიღებული და დაუსაბუთებელია.
კასატორის მითითებით, საქმეში არსებული შესაბამისი სამინისტროს მიერ გაცემული ცნობები საინფორმაციო ხასიათისაა და ასახავს მხოლოდ იმ ფაქტს, თუ რამდენს შეადგენდა თავდაცვის სამინისტროს დავალიანება ი. ა-ის მიმართ 1998-2000 წლებში. აღნიშნული ცნობებით თავდაცვის სამინისტროს მიერ ვალდებულებათა შესრულების არც აღიარება მომხდარა და არც რაიმე სახის საგარანტიო წერილი გაცემულა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში დავის გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა (ს.ფ. 68-70).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 მაისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.