¹ბს-893-855-კ-06 7 მაისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი (მოწინაამღდეგე მხარე) – ნ. ი-ი
მოწინააღმდეგე მხარე (კასატორი) – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 8 აპრილს ნ. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ სამსახურში აღდგენის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2003 წლის 20 თებერვლის ბრძანებით გათავისუფლდა ........... განყოფილების ინსპექტორის თანამდებობიდან, რაც გაასაჩივრა და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ. სასამართლომ მიიღო განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე, რის შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის ¹410-კს ბრძანებით, იგი დაინიშნა რეგიონალური საბაჟო ,,რკინიგზის” ....... განყოფილების ქუთაისის ჯგუფის ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად. სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა, გაუქმდა საბაჟო დეპარტამენტის 2003 წლის 20 თებერვლის ¹41-კს ბრძანება და იგი აღდგენილ იქნა რეგიონალური საბაჟო ,,რკინიგზის” ....... განყოფილების ქუთაისის ჯგუფის ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად.
მოსარჩელის განმარტებით, საოლქო სასამართლოს 2004 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, რომელიც ამ დროისათვის კანონიერ ძალაში არ არის შესული, დანიშნულია ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე და თუ საბაჟო დეპარტამენტი არ ეთანხმება მითითებულ გადაწყვეტილებას, მას აქვს უფლება, გაასაჩივროს იგი საკასაციო წესით. საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე კი მისი სამუშაოდან გათავისუფლება უკანონოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 15 მარტის ¹202-კს ბრძანების გაუქმებასა და სამუშაოზე აღდგენას.
2004 წლის 6 ოქტომბერს ნ. ი-მა გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ი-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის მოტივით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ი-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 აპრილის განჩინებით ნ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ი-მა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 აპრილის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 21 ივლისის განჩინებით ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 აპრილის განჩინება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 15 მარტის ¹202/კს ბრძანება ნ. ი-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და საბაჟო დეპარტამენტს დაევალა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება; ნ. ი-ს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი, 2004 წლის 15 მარტიდან აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საბაჟო დეპარტამენტის საშტატო განრიგით, ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 5 სექტემბრის ¹279 და 2004 წლის 8 ივლისის ¹469 ბრძანებებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით ირკვევა, რომ .......... ქუთაისის განყოფილების 5 შტატს 2004 წლის ¹469 ბრძანებით შემცირების ნაცვლად, დაემატა 1 შტატი, ამდენად რეალურად შტატები არ შემცირებულა. შესაბამისად, არ არსებობდა ამ მოტივით მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.
პალატის განმარტებით, ნ. ი-ი არ შეიძლებოდა სამუშაოდან გათავისუფლებულიყო უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის, იმ შემთხვევაში ხ. ი-ის თანამდებობაზე აღდგენის გამო, რადგანაც თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით იგი აღდგენილ იქნა არა პერსონალურად ამ უკანასკნელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე.
სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისას მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 იანვრის ¹2 ბრძანებულებით დამტკიცებულ ,,საქართველოს საბაჟო სახელმწიფო ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 43-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოების თანამშრომელი არ შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან, თუ იგი გამოთქვამს სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ თანხმობას. საბაჟო დეპარტამენტს არ გაურკვევია, თანახმა იყო თუ არა ნ. ი-ი სხვა თანამდებობაზე დანიშნულიყო.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტამა და ნ. ი-მა.
ნ. ი-ი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ" პუნქტის შესაბამისად, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს იგი უნდა აღედგინა სამსახურში, რადგან მას ამის სრული უფლება ჰქონდა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, არ უნდა დაევალებინა საბაჟო დეპარტამენტისათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
კასატორის მითითებით, მას არ მოუთხოვია ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, არამედ იგი ითხოვდა იმ თანამდებობაზე აღდგენას, რომელიც იდენტურია და ფაქტობრივად იმავეს წარმოადგენს, რომელზედაც მუშაობდა გათავისუფლებამდე.
მართალია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში გაუქმდა რეგიონალური საბაჟო “რკინიგზა", მაგრამ ამავე დროს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის ¹426 ბრძანებით დამტკიცდა რა რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულება, რასაც დღეისათვის წარმოადგენს რეგიონალური საბაჟო “დასავლეთი", მის სტრუქტურაში იმავე სახელით და ფუნქციებით იქნა გათვალისწინებული ........ ქუთაისის განყოფილება, რომელიც ასრულებს საბაჟო “რკინიგზის" ....... ქუთაისის განყოფილების ფაქტობრივად იმავე და იდენტურ ფუნქციებს, რაც დასტურდება ფინანსთა სამინისტროს 2002 წლის 29 აგვისტოს ¹269 ბრძანებით და 2002 წლის 17 სექტემბრის ¹291 ბრძანებებით დამტკიცებული დებულებების იმ პუნქტების შესაბამისად, რომლითაც განსაზღვრულია საბაჟო ორგანოებისა და კონკრეტულად, ....... განყოფილების ფუნქტები. ამასთან, რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის" ..... ქუთაისის განყოფილება განსაზღვრულია ექვსი საშტატო ერთეულით, რაც ერთი ერთეულით აღემატება ადრე არსებული საბაჟოO“რკინიგზის" ....... საშტატო ერთეულს. სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის კი, საშტატო ერთეული გაზრდილია ხუთი (5) საშტატო ერთეულით და შეადგენს 11 საშტატო ერთეულს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით სრული საფუძველი ჰქონდა მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა არ დაევალებინა და თვითონ მიეღო გადაწყვეტილება მისი სამსახურში აღდგენის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს დაევალა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ისე მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება და გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი, იურიდიულად დაუსაბუთებელია, გარდა ამისა აღნიშნული გამოწვევს მისი სამსახურში აღდგენის საკითხის გაჭიანურებას. დავა კი უკვე სამი წელია მიმდინარეობს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს მისი სარჩელი სამსახურში აღდგენის ნაწილში.
მეორე კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მიერ გადაწყვეტილების კანონის დარღვევით გამოტანა განპირობებულია იმ გარემოებებით, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა, კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.
საკასაციო სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს სააპელაციო სასამართლოს მცდარი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ უკანონოდ დათხოვნილი მუშაკის თანამდებობაზე აღდგენის გამო ნ. ი-ის სამუშაოდან გათავისუფლებით აღუსრულებელი ხდება ამ უკანასკნელის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულია ნ. ი-ის აღდგენით ხ. მ-ის სამსახურიდან დათხოვნის გამო წარმოქმნილ ვაკანტურ თანამდებობაზე. არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუთითებს იმის თაობაზე, რომ ნ. ი-ის სამსახურში აღდგენა არის მარადიული და რომ მისი გათავისუფლება სამსახურიდან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ შეიძლება.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ......... ქუთაისის განყოფილების 5 Dშტატს შემცირების ნაცვლად დაემატა I შტატი და რადგან შტატების შემცირება რეალურად არ განხორციელებულა, არ არსებობდა ამ მოტივით მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო ვერ გაერკვა საქმის ფაქტობრივ გარემოებებში. ნ. ი-ი სამსახურიდან გათავისუფლებულია არა შტატის შემცირების გამო, არამედ არაკანონიერად დათხოვნილი მოხელის სამსახურში აღდგენის გამო.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად, ვინაიდან აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეისათვის არ არსებობს სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა ამდაგვარი დავების გადაწყვეტის თვალსაზრისით და უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გახდეს პრეცედენტული ქვედა ინსტანციის სასამართლოებისათვის, რათა მომავალში არა მხოლოდ საბაჟო დეპარტამენტის, არამედ სხვა სახელმწიფო ორგანოების მიმართ არ იქნეს მიღებული ისეთი სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელიც არ ექცევა არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტლებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის Yთქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 და 14 ნოემბრის განჩინებებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ი-ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები.
2006 წლის 24 ნოემბერს ნ. ი-მა წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც მიუთითა, რომ მისი საკასაციო საჩივარი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად, ვინაიდან საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, ხოლო, რაც შეეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარს, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
2006 წლის 27 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა საქართველოს უზენეს სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც მიუთითა, რომ მისი საკასაციო საჩივარი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად, ვინაიდან საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ი-ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ნ. ი-ი საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003 წლის 20 თებერვლის ¹41-კს ბრძანებით დათხოვნილ იქნა საბაჟო ,,ქუთაისის” ........ განყოფილების ინსპექტორის თანამდებობიდან.
ნ. ი-ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე მიღებული ზემოაღნიშნული ბრძანება უკანონოდ იქნა მიჩნეული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით და ნ. ი-ი აღდგა სამუშაოზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში, რეგიონალური საბაჟო ,,რკინიგზის” ....... განყოფილების ქუთაისის ჯგუფის ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად.
თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 18 ივნისის განჩინებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2003 წლის 3 დეკემბრის ¹410-კს ბრძანებით, ნ. ი-ი აღდგენილ იქნა სამსახურში და დაინიშნა რეგიონალური საბაჟო ,,რკინიგზის” ....... განყოფილების ქუთაისის ჯგუფის ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად. იმავე ბრძანების მე-2 პუნქტით ნ. ი-ის აღდგენასთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლდა ხ. მ-ი.
ხ. მ-ის სარჩელის საფუძველზე ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ხ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლება მიჩნეულ იქნა კანონსაწინააღმდეგოდ და იგი აღდგა თავდაპირველ თანამდებობაზე.
მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 15 მარტის ¹202-კს ბრძანებით ხ. მ-ი აღდგა რეგიონალური საბაჟო ,,რკინიგზის” ........ განყოფილების ქუთაისის ჯგუფის ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად, რა მოტივითაც, ნ. ი-ი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ამდენად სახეზეა კანონიერ ძალაში შესულ ორ სასამართლო გადაწყვეტილებას შორის კონფლიქტი, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განპირობებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის არასწორი განმარტებით, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია ნ. ი-ის უფლებათა შელახვა.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებელ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. ხოლო იმავე კანონის 97.1 მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან ადგილი აქვს ზემოაღნიშნული ნორმების არასწორ გამოყენებას და აღნიშნულთან მიმართებაში განმარტავს შემდეგს: ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97.1 მუხლი უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის აღდგენის შემთხვევაში ითვალისწინებს იმ პირის სამსახურიდან დათხოვნის შესაძლებლობას, რომელსაც ამ მომენტისათვის დაკავებული აქვს უკანონოდ დათავისუფლებული მოხელის ადგილი. შესაბამისად, მითითებული მუხლის საფუძველზე დაუშვებელია იმ პირის უპირობო გათავისუფლება, რომელიც ირიცხება საკუთარ საშტატო ერთეულზე და არ დაუკავებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის ადგილი. თუმცა, აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ხ. მ-თან მიმართებაში საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან ზემოაღნიშნული მუხლი სწორად იქნა განმარტებული.
საკასაციო სასამართლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დგილი აქვს ნ. ი-ის უფლებების შელახვის ფაქტს, სახეზეა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური ნიშნით აღუსრულებლობის ფაქტი, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33.1 მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ი-ის შრომითი მოწყობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ნ. ი-ის რეგიონალური-საბაჟო რკინიგზის ........ განყოფილების ქუთაისის ჯგუფის ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად აღდგენის შესახებ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და უნდა შესრულდეს.
აქვე საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების არამართებულობის თაობაზე და განმარტავს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება ¹202-კს მიღებულია ასევე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მითითებული ბრძანება ვერ ჩაითვლება არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიღებულად, მით უფრო, რომ აღნიშნული ბრძანების ბათილობა გამოიწვევს ხ. მ-ის უფლებების უკანონო შელახვას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული მოტივი ვერ იქცევა ზემოაღნიშნული ბრძანების ბათილობის საფუძვლად და მიიჩნევს, წინამდებარე შემთხვევაში არსებითია კასატორის ნ. ი-ის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შელახვის ფაქტის არსებობა, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს, ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს პირის კანონიერ უფლებებში აღდგენა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ. ი-ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალოს, გადაწყვეტილების გადაცემიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ. ი-ის შრომითი მოწყობის თაობაზე;
ნ. ი-ს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური 2004 წლის 15 მარტიდან ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე;
ნ. ი-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.