ბს-894-856(კ-06) 7 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი(მოპასუხე) _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების .,. ეროვნული სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ დ. კ.-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.06წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი _ სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. კ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ...-ის დეპარტამენტისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ...-ის დეპარტამენტის საქართველოს ... ზედამხედველობის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა: „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ...-ის დეპარტამენტის ... ზედამხედველობის სამმართველოს ... უბნების მუშაკთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ...-ის დეპარტამენტის საქართველოს .,. სახელმწიფო ... ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის 29.06.05წ. ¹58 ბრძანების არაკანონიერად აღიარება იმ ნაწილში, რომლითაც იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ...-ის დეპარტამენტის ... ზედამხედველობის სამმართველოს ... უბნის ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.05წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დ. კ.-ს უარი ეთქვა საქართველოს ...-ის დეპარტამენტის ... ზედამხედველობის სამმართველოს ... უბნის ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ...-ის დეპარტამენტის ... ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის 29.05.05წ. ¹58 ბრძანების არაკანონიერად აღიარებაზე, ბათილად ცნობაზე და უკანონოდ აღიარებაზე და საქართველოს ...-ის დეპარტამენტის ... ზედამხედველობის სამმართველოს ... უბნის ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. კ.-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.05.06წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.05წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ...-ის დეპარტამენტის საქართველოს ... ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის 29.06.05წ. ¹58 ბრძანება დ. კ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ...-ის დეპარტამენტს დაევალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტების თანახმად, საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონის საფუძველზე 2005 წლის 15 ივლისიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, აგრეთვე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის და მასზე დამატებული 21 და 22 პუნქტების თანახმად, სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის “დ” მუხლის და ამავე კოდექსის მე-4 თავით რეგლამენტირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით დავების განხილვისას უნდა შემოწმებულიყო ამ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის შესაბამისობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის ნორმებით დადგენილ მოთხოვნებთან.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, არ დასტურდებოდა, რომ თანამდებობიდან განთავისუფლებისას დ. კ.-ის მიმართ არ იქნა დაცული საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 421 მუხლის მეორე ნაწილის და 422. 3 მუხლის მოთხოვნები. სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 06.12.05წ. გადაწყვეტილების განმარტების თანახმად, შეთავაზებული შეიძლება ყოფილიყო სხვა, იგივე ან უფრო დაბალი რანგის თანამდებობა, ან სამუშაო ადგილი, მაგრამ აუცილებლად უნდა შეეთავაზებინათ და მხოლოდ ამის შემდეგ ჰქონდა უფლება ადმინისტრაციას მიეღო გადაწყვეტილება მუშაკის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ.
სააპელაციო პალატის განმარტებით, დ. კ.-ე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 2.2 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის, მე-4, მე-6 (2005 წლის 29 იანვრისათვის მოქმედი რედაქციით) მუხლების შესაბამისად წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. მის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო აღნიშნული კანონის ნორმები და მისი განთავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად შრომის კანონთა კოდექსის 421 მუხლის მითითება კანონშეუსაბამო იყო.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ბრძანებაში დ. კ.-ის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებული იყო საქართველოს ... ზედამხედველობის სამმართველოს 20.06.05წ. ¹2-152 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ...-ის დეპარტამენტის დებულება, რომელიც ძალაში შევიდა 2005 წლის 1 ივლისიდან და სადავო ბრძანების გამოცემის დროს სავალდებულო იურიდიული ძალა არ გააჩნდა, რის გამოც დ. კ.-ის გათავისუფლება სამსახურიდან კანონშეუსაბამო იყო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, აგრეთვე, რომ დებულების მე-3 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავდა და თანამდებობიდან ათავისუფლებდა დეპარტამენტის თავმჯდომარე.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარის 23.06.05წ. ¹1-02/35 ბრძანების მე-4 პუნქტის მიხედვით სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად 2005 წლის 1 ივლისიდან შეიქმნა ცენტრალურ დაფინანსებაზე მყოფი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ...-ის დეპარტამენტის ... ზედამხედველობის განყოფილებები სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და საბაჟო ტერმინალებზე, ხოლო მითითებული ბრძანების მე-3 პუნქტში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ...-ის დეპარტამენტის თავმჯდომარის 24.06.05წ. ¹1-02/37 ბრძანებით შეტანილი ცვლილების მიხედვით 2005 წლის 1 ივლისმდე სტრუქტურული რეორგანიზაცია უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ...-ის დეპარტამენტის ყოფილ ... ზედამხედველობის სამმართველოს სისტემაში, ... უბნებში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული, დ. კ.-ის მიერ 19.07.05წ. სპეციალურ ბლანკზე გაცემული ¹010539 ვეტერინარული მოწმობის თანახმად, მოსარჩელე დ. კ.-ე 19.07.05წ. ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს და იგი იმავე წლის 1 ივლისს თანამდებობიდან განთავისუფლებული არ ყოფილა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ...-ის დეპარტამენტის ... ზედამხედველობის სამმართველოს ... უბნების რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება გამოცემული იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის და შრომის კანონთა კოდექსის 421.2, 422.3, 36.2 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით. სააპელაციო პალატის აზრით, სადავო ბრძანება მიღებული იქნა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე, ზაკ-ით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით და შრომის კანონთა კოდექსით მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, რაც, პალატის განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს. ამავე დროს პალატამ მიიჩნია, რომ 32.4 მუხლის შესაბამისად სადავო საკითხის - მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის - საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა გამოცხადებულიყო სადავო აქტი და მოპასუხეს შესაბამისი გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ უნდა გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.05.06წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის ეროვნული სამსახურის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.12.06წ. განჩინებით ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ...-ის დეპარტამენტის საქართველოს ... ზედამხედველობის სამმართველოს უფლებამონაცვლე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ... ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.06წ. გადაწყვეტილებით, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ...-ის დეპარტამენტის საქართველოს ... ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის 29.06.05წ. ¹58 ბრძანება დ. კ.-ის თანამდებობიდან განთავისუფლების ნაწილში და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ...-ის დეპარტამენტს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალი ზოგიერთი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სალიკვიდაციო ღონისძიებათა თაობაზე” საქართველოს მთავრობის 26.01.06წ. ¹20 დადგენილების თანახმად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება _ ...-ის დეპარტამენტი ლიკვიდირებულ იქნა, სამინისტროს დაევალა ...-ის დეპარტამენტის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 14.03.06წ. ¹2-44 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ...-ის ეროვნული სამსახურის დებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას სსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე სამინისტროს ...-ის დეპარტამენტი უნდა შეეცვალა უფლებამონაცვლით სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებით _ ...-ის ეროვნული სამსახურით, შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას, ...-ის დეპარტამენტის ლიკვიდაციის გამო, არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სამინისტროს ...-ის დეპარტამენტისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
განსახილველ საქმეში დავის საგანს შეადგენს საქართველოს ...-ის დეპარტამენტის... ზედამხედველობის სამმართველოს 29.06.05წ. ¹58 ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც დ. კ.-ე განთავისუფლდა ამავე სამმართველოს ... უბნის ...-ის ტერმინალის სსს ...-ის თანამდებობიდან. სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს მთავრობის 21.05.04წ. ¹38 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს" დებულების მე-9 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ...-ის დეპარტამენტი სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენდა, რაც ასევე განსაზღვრული იყო მინისტრის 12.08.99წ. ¹2-196 ბრძანებით დამტკიცებული ,,...-ის დეპარტამენტის დებულების" მე-2 პუნქტით. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავდროულად საჯარო სამართლის იურიდიული პირი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მისი ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება, მათ შორის, ბრძანება მუშაკის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მხოლოდ ის ბრძანება, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და იწვევს სამართლებრივ შედეგს. მართალია საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" კანონის შესაბამისად საჯაროსამართლებრივი ინსტიტუტია და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით წარმოადგენს ადმინსტრაციულ ორგანოს, მაგრამ მისი თანამშრომლის მიმართ ყოველთვის ვერ გავრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის ნორმები. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელშიც სამსახური ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საქართველოს ეროვნული ბანკის გარდა) გათვალისწინებული არ არის. დ. კ.-ის თანამდებობა, როგორც საჯარო მოხელისა, არ არის გათვალისწინებული არც საქართველოს პრეზიდენტის 21.07.01წ. ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრით. ამასთან, მისი სამსახურებრივი საქმიანობა არ განეკუთვნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელ თანამდებობას. სადავო ბრძანების თანახმად, დ. კ.-ე სამუშაოდან განთავისუფლებულია სწორედ შრომის კანონთა კოდექსის საფუძველზე ... უბნების რეორგანიზაციასთან და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. სადავო ბრძანება გამოცემულია შრომის კანონთა კოდექსის ნორმათა შესაბამისად და სააპელაციო პალატას მისი კანონიერება უნდა შეემოწმებინა სწორედ შრომის კანონთა კოდექსის და არა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის საფუძველზე. ვინაიდან სადავო ბრძანება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, დაუშვებელი იყო საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე მისი ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულება. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 06.12.05წ. ¹1230-805(კ-05) გადაწყვეტილებით და არასწორად განმარტა იგი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ განხილულ დავაში მოსარჩელე განთავისუფლებული იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 13.10.04წ. ¹301/03-01/491 ბრძანებით ამავე სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკისა და ინდივიდუალური დაგეგმვის დეპარტამენტის ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან. ამდენად, მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, ხოლო სადავო აქტი ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რამაც განაპირობა სადავო სამართალურთიერთობის მიმართ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" ნორმების გამოყენება. განსახილველ შემთხვევაში დ. კ.-ს საჯარო მოსამსახურის სტატუსი არ გააჩნია და სადავო აქტი არ წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ აქტს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ...-ის დეპარტამენტის ... ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის 29.06.05წ. ¹58 ბრძანება გამოცემულია შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
სადავო ბრძანების მიხედვით დ. კ.-ე სამსახურიდან განთავისუფლებულია 2005 წლის 1 ივლისიდან და აღნიშნული თარიღის შემდგომ მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულება არ იწვევს გათავისუფლების მართლზომიერების დასადგენად გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაცნობის დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობის გამოყენების საფუძველს. ბრძანების გაცნობა მისი ძალაში შესვლის სავალდებულო პირობათაგანია. ამასთანავე მისი კანონიერება აქტის გამოცემის და არა ბრძანების გაცნობის დროს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით უნდა დადგინდეს.
გასაჩივრებული ბრძანების უკანონოდ მიჩნევის საფუძველს არ ქმნის მისი გამოცემის ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 20.06.05წ. ¹2-152 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ...-ის დეპარტამენტის დებულების" მითითება, რომელიც ძალაში 2005 წლის 1 ივლისიდან შევიდა. საქმის მასალების მიხედვით დ. კ.-ე სამსახურიდან 2005 წლის 1 ივლისიდან განთავისუფლდა ,,საქართველოს სახელმწიფო ... სამსახურში რეფორმის განხორციელების შესახებ" ¹1-02/35 23.06.05წ. ბრძანების მე-3 პუნქტით განსაზღვრული სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო. სადავო ბრძანებაში აღნიშნულია, რომ დ. კ.-ე სამსახურიდან განთავისუფლდა ... უბნების რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. კონკრეტულ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია შრომის კანონთა კოდექსის 421 მუხლი, ასევე ,,საქართველოს სახელმწიფო ... სამსახურში რეფორმის განხორციელების შესახებ" ...-ის დეპარტამენტის თავმჯდომარის 23.06.05წ. ¹1-02/35 ბრძანება. 2005 წლის 1 ივლისიდან ძალაში შესული დეპარტამენტის დებულება მითითებულია ერთ-ერთ და არა ერთადერთ საფუძვლად. აღნიშნული დებულებით შეიცვალა დეპარტამენტის სტრუქტურა, მასში დასაქმებული მუშაკთა რიცხოვნობა და ა.შ., ამდენად, სადავო ბრძანებაში მისი მითითება წარმოადგენს დ. კ.-ის განთავისუფლების ერთ-ერთ, დამატებით მოტივს და არა გათავისუფლების ძირითად საფუძველს.
დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის დასკვნა იმის თაობაზე, რომ განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ...-ის დეპარტამენტის ... ზედამხედველობის სამმართველოს ... უბნების რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება. საქმის მასალებში დაცულია მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტება იმის თაობაზე, რომ ...-ის დეპარტამენტის ... ზედამხედველობის სამმართველოს ... უბნის ...-ის ტერმინალში მუშაობდა და მუშაობს 3 თანამშრომელი (ს.ფ.159). დ. კ.-ის წარმომადგენლის განმარტებით, შტატების შემცირებას დ. კ.-ის თანამდებობიდან განთავისუფლებამდე ადგილი არ ჰქონია (ს.ფ. 156). საქმეში დაცულია ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ...-ის დეპარტამენტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ¹2-169 11.07.05წ. ბრძანება და საშტატო განრიგი, რომლის თანახმად, ...-ის ტერმინალის ...-ის განყოფილება შედგება სამი საშტატო ერთეულისაგან (ს.ფ. 141). აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს საქმეში დაცული მტკიცებულებები და დაადგინოს ჰქონდა თუ არა შტატების შემცირებას ადგილი დამსაქმებელ ორგანიზაციაში და შტატების შემცირების თუ რეორგანიზაციის მოტივით იქნა განთავისუფლებული დ. კ.-ე სამსახურიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას შეუძლია მოითხოვოს შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის (სტრუქტურული ცვლილებები და სხვა) ან მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების გამო. ამდენად, მითითებული ნორმის შესაბამისად, რეორგანიზაცია შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დამოუკიდებელ საფუძველს ქმნის. აღნიშნულს ადასტურებს ასევე ამავე კოდექსის 422 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის დროს საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის ადმინისტრაცია ან სალიკვიდაციო კომისია ვალდებულია გააფრთხილოს შრომითი მოწყობის ორგანო მუშაკთა მასობრივი განთავისუფლების შესახებ მათი სპეციალობისა და კვალიფიკაციის მითითებით. შტატების შემცირების მოტივით დ. კ.-ის სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში სააპელაციო პალატამ უნდა იქონიოს მსჯელობა იმის თაობაზე, დაცული იქნა თუ არა დ. კ.-ის შრომის უფლება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად, კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 421 მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს დამსაქმებელი ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის, მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირების საფუძვლით სამსახურიდან განთავისუფლებულ მუშა-მოსამსახურეთა შრომის უფლების დაცვის გარანტიებს.
დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სადავო აქტის გამოცემისას საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული უპირატესი დარჩენის უფლების დარღვევის შესახებ. სააპელაციო პალატის აღნიშნული მოსაზრება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი საფუძვლიანობის შემოწმება. მითითებული გარემოება სადავო არ გაუხდია დ. კ.-ს. ამასთანავე, სასამართლოში წარდგენილი ან სასამართლოს მიერ გამოთხოვილი არ ყოფილა რაიმე მკიცებულება, ასევე საქმეში დაცული არ არის მხარეთა ახსნა-განმარტებანი, რომლებიც დაადასტურებდნენ დ. კ.-ის სამსახურში დარჩენის უპირატეს უფლებას სხვა თანამშრომლებთან შედარებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნის დარღვევით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, უტყუარად არ იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, რომლის დადგენის მიზნითაც საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ...-ის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.06წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.