Facebook Twitter

¹ბს-896-857(კ-06) 22 მაისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი _ ლ. ჭანტურია

კასატორი (მოპასუხე) _ სს “ი-ის” დირექტორი გ. ბ-ე

წარმომადგენელი _ ა. ქ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, წარმომადგენელი თ. ტ-ე

მოპასუხე _ ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების განყოფილება

დავის საგანი _ შედარების აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2005 წლის 2 სექტემბერს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების _ სს “ი-ისა” და ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების განყოფილების მიმართ, რომლითაც მოითხოვა შედარების აქტის ბათილად ცნობა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2004 წლის 26 მარტის ¹3/180 სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება დავის საბოლოო გადაწყვეტამდე /იხ.ს.ფ. 2-5/.

საქმის გარემოებები:

2003 წლის 2 ივნისს და 17 დეკემბერს დევნილთა მომსახურებისათვის განკუთვნილი თანხების თაობაზე ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების განყოფილებასა და სს “ი-ს” შორის გაფორმდა შედარების აქტები, რომლითაც სს “ი-ის” წინაშე აღიარებულ იქნა 43 059,5 ლარისა და 4 826 ლარის დავალიანება 2003 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. 2003 წლის 18 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღნიშნულ შედარების აქტებში დაფიქსირებული აღიარების საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს სს “ი-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 94 514 ლარის გადახდა. მითითებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი. მოსარჩელის მოსაზრებით, გაურკვეველი იყო, შესასრულებლად სავალდებულო რომელი დოკუმენტის საფუძველზე მოხდა შედარების აქტების შედგენა, ანუ რომელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოიშვა მითითებული თანხების გადახდის ვალდებულება.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების განყოფილებას და სს “ი-ს” შორის ვალდებულების აღიარების მიზნით გაფორმებული შედარების აქტები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 თავის შესაბამისად, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამავე კოდექსის 70.1. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66.1. და 66.2. მუხლების თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე, ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების განყოფილება წარმოადგენს ქუთაისის მერიის ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

“ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 26.1. “ნ” მუხლის შესაბამისად, იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მერი _ ხელს აწერს მთავრობის დადგენილებებს და ფინანსურ დოკუმენტებს, ხოლო ამავე მუხლის “ტ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მერი _ ხელს აწერს ქალაქის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ამოქმედდა 2000 წლის 1 იანვარს, ანუ შედარების აქტების გაფორმებისას, აღნიშნული კოდექსი ძალაში იყო. შედარების აქტების გაფორმების პერიოდში არსებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67.1.2. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული გარიგება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ; ამასთან, ადმინისტრაციული გარიგების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება. ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების განყოფილებას არანაირი ფორმით არ უცნობებია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის აღნიშნული ხელშეკრულების დადების შესახებ.

მოსარჩელის მოსაზრებით, ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების განყოფილების უფროსი, სპეციალური უფლებამოსილების გარეშე, არ იყო უფლებამოსილი, დაედო ამგვარი ხელშეკრულება, თუნდაც ქუთაისის მერიის სახელით და ეღიარებინა ამავე ორგანოს ვალდებულების არსებობა სხვა ორგანიზაციის წინაშე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრებული შედარების აქტებით მოხდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ვალდებულების აღიარება, იგი ასევე არ იყო უფლებამოსილი, ეღიარებინა სამინისტროს ვალდებულება სხვა ორგანიზაციის წინაშე, რამდენადაც, “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” (იმ დროს მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის 16.1. “ა” მუხლის შესაბამისად, მინისტრი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელი – მეთაურობს სამინისტროს და აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს. ამავე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის მე-2 წინადადების შესაბამისად, მინისტრი იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე. აღნიშნული ნორმების თანახმად, სამინისტროს ერთადერთი წარმომადგენელი არის მინისტრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცალკეული დავალებების შესრულებისას სამინისტროს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას თავისივე აქტით ანიჭებს სხვა პირს. ამასთან, არ არსებობს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ხელმოწერილი აქტი, რომელიც ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების განყოფილების უფროსს, ა. კ-ეს, მიანიჭებდა გარიგებებში სამინისტროს წარმომადგენლის უფლებამოსილებას.

მოპასუხე სს “ი-ის” დირექტორმა გ. ბ-ემ რაიონულ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლით:

ფაქტობრივ გარემოებებში არსად არის მითითებული ის ფაქტი, რომ სს “ი-ის” შენობა 1994 წლიდან მთლიანად დაკავებული ჰქონდათ დევნილებს, რის თაობაზეც ცნობილია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის. ისინი წლების განმავლობაში იხდიდნენ მომსახურების თანხებს. ასევე, აღნიშნული შედარების აქტები არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ისინი წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომლებიც ადასტურებს ფაქტის ნამდვილობას, ხოლო მისი ბათილობა წყდება სამოქალაქო სამართლით დადგენილი წესით. საზოგადოების მხრიდან სამინისტროსა და სხვა ინსტანციებში გაგზავნილ იქნა წერილები, რითაც სს “ი-ი” ითხოვდა მიმართვის დროისთვის არსებული დავალიანების გადახდას, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სს “ი-მა” მიმართა სასამართლოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ რიცხული დავალიანების დაკისრების თაობაზე, რაზეც 2003 წლის 18 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხის მხრიდან გასაჩივრებული არ ყოფილა და, შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

2004 წლის 2 ივნისისა და 17 დეკემბრის შედარების აქტების თანახმად, ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების განყოფილების უფროსმა ა. კ-ემ და, მეორე მხრივ, სს “ი-ის” დირექტორის მ/შემსრულებელმა ი. ა-ემ მოახდინეს ურთიერთშედარება დევნილთა მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხების თაობაზე, რომელთა მიხედვითაც, 2003 წლის 1 ივნისამდე სს “ი-ის” სასარგებლოდ დავალიანებამ შეადგინა 43059 ლარი, საიდანაც მომსახურე პერსონალის ხელფასი იყო 28883 ლარი, კომუნალური მომსახურების _ 14176 ლარი. 2003 წლის 1 იანვრიდან 1 დეკემბრამდე სს “ი-ის” სასარგებლოდ დავალიანებამ შეადგინა 4826 ლარი, საიდანაც მომსახურე პერსონალის ხელფასია 1580 ლარი, ხოლო კომუნალური ხარჯები _ 3246 ლარი, რაც დადასტურებულია ხელმოწერით და დამოწმებულია ბეჭდით. მითითებულ შედარების აქტებში არსად არის მითითებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341.1. მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობების არსებობა (ვალის არსებობის აღიარება) აუცილებელია წერილობითი აღიარება, ხოლო თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული ამ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისთვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. კონკრეტულ შემთხვევაში, ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების სამსახურს სს “ი-თან” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სახელით არ დაუდია ხელშეკრულება და მის მიერ შედარების აქტებით მოხდა ვალის აღირება თვით ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების სამსახურის სახელით.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ სადავო შედარების აქტები ეხება მხოლოდ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების განყოფილების უფროსი არ იყო უფლებამოსილი, ხელი მოეწერა აღნიშნულ შედარების აქტებზე, ასევე, “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დევნილთათვის მომსახურების თანხები გამოყოფილია მხოლოდ ერთ სახელმწიფო სტრუქტურაზე _ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ იმ პერიოდში, როდესაც დაიდო სადავო შედარების აქტები, “დევნილთა შესახებ” კანონის 10.1. მუხლის თანახმად, ცალსახად იყო დადგენილი, რომ დევნილთათვის ამ კანონის შესაბამისად გაწეული ხარჯები ანაზღაურდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან; ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ “დევნილთა შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ამავე კანონის 10.1. მუხლის რედაქცია ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: “დევნილთათვის, ამ კანონის შესაბამისად, გასაწევი ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან” /იხ.ს.ფ. 49-50/.

საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული შედარების აქტები, რომლებიც დაიდო სს “ი-სა” და ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების სამსახურს შორის, არ ეხება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და რომ ვალის აღიარება მოხდა ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების სამსახურის სახელით. ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების განყოფილებას და სს “ი-ს” შორის ვალდებულების აღიარების მიზნით გაფორმებული შედარების აქტები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 თავის შესაბამისად, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამავე კოდექსის 70.1. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66.1. და 66.2. მუხლების თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე, ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.

აპელანტმა მიუთითა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 26.1. მუხლის “ნ” და “ტ” ქვეპუნქტებზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67.1.2. მუხლზე და განმარტა, რომ შედარების აქტები ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების განყოფილების უფროსი, სპეციალური უფლებამოსილების გარეშე, არ იყო უფლებამოსილი, დაედო ასეთი სახის ხელშეკრულება, თუნდაც ქუთაისის მერიის სახელით და ეღიარებინა ამავე ორგანოს ვალდებულების არსებობა სხვა ორგანიზაციის წინაშე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრებული შედარების აქტებით მოხდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ვალდებულების აღიარება, იგი ასევე არ იყო უფლებამოსილი, ეღიარებინა სამინისტროს ვალდებულება სხვა ორგანიზაციის წინაშე, რამდენადაც, “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” (იმ დროს მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის 16.1.“ა” მუხლის შესაბამისად, მინისტრი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელი – მეთაურობს სამინისტროს და აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს. ამავე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის მე-2 მუხლის თანახმად, მინისტრი იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე.

აპელანტის მოსაზრებით, სამინისტროს ერთადერთი წარმომადგენელი არის მინისტრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცალკეული დავალებების შესრულებისას სამინისტროს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას თავისივე აქტით ანიჭებს სხვა პირს. ამასთან, არ არსებობს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ხელმოწერილი აქტი, რომელიც ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების განყოფილების უფროსს, ა. კ-ეს, მიანიჭებდა გარიგებებში სამინისტროს წარმომადგენლის უფლებამოსილებას, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა, რომ შედარების აქტები არ ეხება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, არასწორია, ვინაიდან სადავო აქტებში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სს “ი-ის” მიმართ არსებობს სახელფასო და კომუნალური დავალიანებები. აღნიშნული თანხები კი, “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, გამოეყოფა მხოლოდ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთაA პალატის 2006 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების განყოფილებასა და სს “ი-ს” შორის გაფორმებული 2003 წლის 2 ივნისის შედარების აქტით, 2003 წლის 1 იანვრამდე სს “ი-ის” სასარგებლოდ დავალიანებამ შეადგინა 43059,5 ლარი, ხოლო 2003 წლის 17 დეკემბრის შედარების აქტით, 2003 წლის 1 იანვრიდან 1 დეკემბრამდე _ 4826 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1. და 65.2. მუხლები და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე კოდექსის 66.1. მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. სასამართლოს დასკვნით, ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების განყოფილებას შეუძლია, მისი უფლებამოსილების ფარგლებში აღიაროს ვალდებულება, ხოლო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამმართველოს, სამეგრელოს რეგიონალური სამმართველოსა და შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს დებულებების თანახმად, ქუთაისის განყოფილების უფლებამოსილებაში არ შედიოდა მის მიერ შედარების აქტებით აღიარებული ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67.1. და 68-ე მუხლები და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ნაცვლად, ძალაში შედის იმ ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის შემდეგ, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, აუცილებელია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, შედარების აქტები ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას, რამდენადაც დაიდო სამინისტროს ნებართვის გარეშე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ი-ის” დირექტორმა გ. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 93-95/.

კასაციის მოტივი:

სს “ი-მა” “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” და “დევნილთა შესახებ” კანონების საფუძველზე დევნილებს გაუწია მომსახურება. ისინი წლების განმავლობაში იხდიდნენ მომსახურების თანხებს და აგრძელებენ მითითებულ შენობაში ცხოვრებას, რის თაობაზეც ცნობილია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის. შედარების აქტებით მოხდა არსებული დავალიანების დაზუსტება და მათი შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნული შედარების აქტები არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და არც _ ხელშეკრულებას. აღნიშნული შედარების აქტებით არ წარმოშობილა სამინისტროსთვის თანხის გადახდის ვალდებულება, არამედ ბიუჯეტიდან კანონის საფუძველზე გამოიყო თანხა სახელმწიფოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულების გამო. საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები, თავიანთი აღრიცხვის სამსახურის სისტემით დებეტ-კრედიტების აღრიცხვას ემსახურებიან, კრედიტები შესაბამისად ასახულია ბალანსის ვალდებულების ნაწილში, რის გამოც შედარების აქტით აღნიშნული გარემოების დაზუსტება მოხდა, რაც კანონშესაბამისია.

სახელმწიფოსა და სს “ი-ს” შორის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, წერილობითი ფორმით ხელშეკრულება არ დადებულა – ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა მოხდა კანონის საფუძველზე, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის ნორმები. აქტი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას არ წარმოადგენს და, შესაბამისად, მისი ბათილად ცნობაც სასამართლოს მიერ საფუძველს მოკლებულია.

კასატორის მითითებით, რომ სადავო შედარების აქტები შედგენილია 2003 წელს. აღნიშნულ აქტებზე იმსჯელა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, რაც მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, დავა შეწყვეტილია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინებით სს “ი-ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34.3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად /პროცესუალური კასაცია/ /იხ. ს.ფ. 189-192/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს “ი-ის” დირექტორის _ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად, საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, საკასაციო საჩივარში მითითებული დარღვევები არ დასტურდება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის შესაბამისად, საქმიანობას წარმართავენ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს უფლებამოსილების განხორციელებას კანონის საფუძველზე და დადგენილ ფარგლებში, ანუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა მხოლოდ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით განისაზღვრება.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის ¹667 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების თანახმად, რომელიც მოქმედებდა სადავო შედარების აქტების შედგენის დროისათვის (ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის ¹180 ბრძანებულებით), იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის სფეროს ხელმძღვანელობის უფლებამოსილება სახელმწიფოს მიერ მინდობილი აქვს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. მითითებული დებულების მე-9 მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს ევალება დევნილთა სოციალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვა და სამინისტროს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება მიზნობრივად გამოყოფილი ფინანსური სახსრებისა და მატერიალური საშუალებების განაწილება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული შედარების აქტებში მითითებული ვალდებულების – დევნილთა კომუნალური ხარჯების ანაზღაურება, არ განეკუთვნება ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების განყოფილების კომპეტენციას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულების არსებობის აღიარების უფლება აქვს მოვალეს, რომელსაც კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო ვალდებულების ძალით, ეკისრება შესრულების მოვალეობა.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ სადავო შედარების აქტებით აღიარებული ვალდებულების შესრულების მოვალეობა ეკისრებოდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და არა ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების განყოფილებას. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ 1996 წლის 28 ივნისის კანონის (2003 წელს მოქმედი რედაქცია) 5.1 მუხლის შესაბამისად, დევნილთა ყოველთვიური ფულადი შემწეობის, სურსათისა და სხვა სახის დახმარების ნორმის და გაცემის წესს ადგენს ლტილვილთა და განსახლების სამინისტრო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მსჯელობას, რომ სამინისტროსათვის დავალიანების გადახდის ვალდებულების წარმოშობის საფუძველი გახდა არა შედარების აქტი, არამედ “იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” და სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონები. შედარების აქტებით მოხდა არსებული დავალიანების დადგენა-დადასტურება, რაც არ არის კანონშეუსაბამო, რადგან კანონის შესაბამისად წარმოშობილი დავალიანების კონსტატირება განსაკუთრებულ უფლებამოსილებას არ საჭიროებს შემდეგ გარემოებათა გამო:

“საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის 13.2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ნება დაერთო ორგანიზებულად ჩასახლების ადგილებში კომუნალური და სხვა მომსახურების ხარჯებისათვის გამოყოფილი ასიგნებებით დავალიანების დაფარვაზე. ამდენად, როგორც ბიუჯეტის შესახებ კანონით, ასევე “იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” 1996 წლის 28 ივნისის კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის ¹667 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებით” დავალიანების დასაფარავად გამოყოფილი თანხების განკარგვის უფლება მინიჭებული აქვს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ხოლო ლტოლვილთა და დევნილთა რაიონული (საქალაქო) სამსახურის დებულების 3.3 მუხლის შესაბამისად, რაიონულ სამსახურს მინიჭებული აქვს ზედამხედველობის განხორციელების უფლება გამოყოფილი ფინანსური სახსრებისა და მატერიალური საშუალებების მიზნობრივ გამოყენებაზე, რაც არ ანიჭებდა უფლებამოსილებას ქუთაისის მერიის ლტოლვილთა საქალაქო სამსახურს, ეღიარებინა სადავო შედარების აქტებით ვალდებულება, რადგან ადგილობრივ სამსახურს მხოლოდ ზედამხედველობის უფლება ჰქონდა გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე და არა თანხების განაწილებაზე. შესაბამისად, მას არ შეეძლო ეღიარებინა ვალდებულება, რომლის შესრულების მოვალეობაც მას არ ეკისრებოდა. ამგვარ ქმედებას ვერ ასაბუთებს ის გარემოებაც, რომ შედარების აქტი წარმოადგენს არა ვალდებულების წარმოშობის, არამედ არსებობის აღიარებას. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მითითებას, რომ შედარების აქტით მოხდა აღიარება უკვე არსებული დავალიანებისა, ასეთ პირობებშიც არსებული ვალდებულების აღიარების უფლება აქვს მხოლოდ მოვალეს, რომელსაც ვალდებულების შესრულება ევალება.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო შედარების აქტი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და აღნიშნულთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულება არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების განყოფილების უფროსმა და სს “ი-ის” დირექტორმა გამოხატეს ორმხრივი ნება, რითაც აღიარეს ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა და ის გარემოება, რომ შედარების აქტებით მოხდა კანონით დადგენილი ვალდებულების აღიარება, არ ართმევს მას შეთანხმების ხასიათს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო შედარების აქტები შედგენილ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნათა დარღვევით, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. მოცემულ შემთხვევაში, სადავო შედარების აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რადგან ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების განყოფილებას უფლება არ ჰქონდა, ეღიარებინა ვალდებულება, რომლის შესრულებაც მის კომპეტენციაში არ შედიოდა. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 68-ე და სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლების დარღვევის შესახებ, რადგან “საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის 13.2 მუხლის შესაბამისად, კომუნალური და სხვა მომსახურების ხარჯების დაფარვა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულების აღიარების უფლება ქუთაისის მერიის ლტოლვილთა და განსახლების განყოფილებას წარმოეშობოდა, მხოლოდ ამგვარი უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ დასტურდება საკასაციო საჩივარში მითითებული დარღვევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო სამართალურთიერთობას სწორად შეეფარდა სამართლის ნორმა.

ამდენად, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს “ი-ის” დირექტორის _ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.