¹ბს-897-858(კ-06) 7 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 3 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის იმერეთის რეგიონალურმა არქმშენინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ლ. ბ-ის მიმართ და კანონდარღვევით მოწყობილი წყლის რეზერვუარის დემონტაჟი მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, ლ. ბ-მა ქ. ქუთაისში, ........ ქ. ¹18-ში მდებარე საერთო სარგებლობის ეზოში 7-8 მეტრის სიმაღლეზე დაიწყო წყლის რეზერვუარის მოწყობა სათანადო პროექტისა და ნებართვის გარეშე. 2005 წლის 29 აგვისტოს იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის თანამშრომელთა მიერ შედგენილ იქნა ოქმი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების შესახებ, ვინაიდან მოპასუხე ლ. ბ-მა ვერ წარმოადგინა წყლის რეზერვუარის მოწყობისათვის საჭირო დოკუმენტაცია. იმერეთის რეგიონალურმა არქმშენინსპექციამ “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, 2005 წლის 19 სექტემბერს მიიღო ¹29 დადგენილება ქ. ქუთაისში, .......... ქ. ¹18-ში საერთო სარგებლობის ეზოში 7 მეტრის სიმაღლეზე მოწყობილი წყლის რეზერვუარის დემონტაჟის შესახებ, რომელიც ლ. ბ-მა არ შეასრულა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა; ლ. ბ-ს დაევალა ქ. ქუთაისში, .......... ქ. ¹18-ში მდებარე საერთო სარგებლობის ეზოში მოწყობილი წყლის რეზერვუარის დემონტაჟი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-მა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. უ-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ნებართვების, მოსაკრებლებისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის 2005 წლის 29 აგვისტოს ოქმით დადგენილი იყო, რომ ლ. ბ-ი აწარმოებდა წყლის ავზის რეზერვუარის მოწყობას, ხოლო იმავე ინსპექციის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹29 დადგენილებით _ წყლის რეზერვუარის დადგმას 7 მეტრის სიმაღლეზე პროექტისა და ნებართვის გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, არქიტექტურული ობიექტის შესაქმნელად დამკვეთს უნდა ჰქონოდა არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების საფუძველზე შედგენილი პროექტი და მშენებლობის ნებართვა, ლ. ბ-ის განმარტებით კი, მას არ ჰქონდა არც პროექტი და არც ნებართვა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმავე კანონის მე-2 მუხლის “კ” პუნქტის “კ.ა.” და “კ.ბ.” ქვეპუნქტებზეც, რომელთა მიხედვით, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევას წარმოადგენდა ობიექტის მშენებლობის დაწყება სათანადო ნებართვის გარეშე, ასევე ობიექტის მშენებლობის განხორციელება უპროექტოდ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინება ლ. ბ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის 2005 წლის 29 აგვისტოს ოქმი და იმავე ინსპექციის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹29 დადგენილება უკანონოა, რადგან ლ. ბ-თვის არ მოუთხოვიათ სათანადო პროექტი, იგი არ იყო გაფრთხილებული წყლის რეზერვუარის დემონტაჟის შესახებ, აღნიშნული რეზერვუარი კი საერთოდ არ ითვლებოდა არქიტექტურულ ობიექტად, რის გამოც მას არ სჭირდებოდა პროექტი და მშენებლობის ნებართვა. კასატორის მტკიცებით, კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ არასწორად გამოიყენა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “კ” პუნქტის “კ.ა.” და “კ.ბ.” ქვეპუნქტები, რადგან მშენებლობის ნებართვა საერთოდ არ გაიცემა საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე განთავსებული დამხმარე სამეურნეო სათავსის მოწყობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 9 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 7 თებერვლამდე.
2006 წლის 24 ნოემბერს ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ნებართვების, მოსაკრებლებისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ფოსტით გაგზავნა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე და აღნიშნა, რომ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არის დაუშვებელი.
2006 წლის 1 დეკემბერს ნ. უ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში ფოსტით გაგზავნა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე და აღნიშნა, რომ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არის დაუშვებელი.
2006 წლის 4 დეკემბერს ლ. ბ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ფოსტით გაგზავნა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების შემდეგ საფუძვლებს: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების მიღება. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.