საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-89-84(კ-07) 27 ივლისი, 2007წ.
თბილისი ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ტ. გ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ტ. გ-მა 2005 წლის 17 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ბოლნისის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 2005 წლის 11 მარტის ¹72 დადგენილების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა (ს.ფ. 1; 14)
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ტ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი 2005 წლის 11 მარტის ¹72 დადგენილება და ბოლნისის რაიონის გამგეობას ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა (ს.ფ. 73-75).
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ბოლნისის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ს.ფ. 79-81).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბოლნისის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 183-191).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ. 196-199).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით კასატორს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სათანადო დოკუმენტის წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როდის ჩაბარდა მას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 203-204).
აღნიშნული განჩინების პასუხად ტ. გ-მა სასამართლოს მომართა განცხადებით და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მას არ ჩაბარებია (ს.ფ. 206).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განჩინებით ტ. გ-ს გაუგრძელდა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 20 დღით (ს.ფ. 208-209).
აღნიშნული განჩინების ასლი 2007 წლის 19 ივნისს ხელზე ჩაიბარა ტ. გ-ის წარმომადგენელმა, ზ. პ-მა, რომელსაც სასამართლოსათვის დღემდე არ მოუმართავს (ს.ფ. 219).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დატოვებული უნდა იქნეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ეტაპზე გამოირკვა, რომ ტ. გ-ს გაშვებული აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა. აღნიშნული დასტურდება შპს “საქართველოს ფოსტის” მიერ წარმოდგენილი 2007 წლის 5 ივნისის ¹15-30-90/1 წერილით, რომლის თანახმად, ¹629 შეკვეთილი წერილი, რომლითაც ტ. გ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა, ადრესატს _ ტ. გ-ს 2006 წლის 25 ნოემბერს ჩაბარდა (ს.ფ. 211; 216). საქმის მასალების თანახმად, ტ. გ-მა საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა 2006 წლის 12 იანვარს, ანუ საკასაციო საჩივრის წარსადგენად დადგენილი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ (იხ. ს.ფ. 200).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გზავნილი 2006 წლის 22 ნოემბერს ჩაბარდა ტ. გ-ის წარმომადგენელ ზ. პ-ს (ს.ფ. 194), რომლისთვისაც ამ დროიდან ცნობილი იყო საქმეზე დამდგარი შედეგი, ხოლო ამ უკანასკნელს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.