Facebook Twitter

¹ბს-898-860(კ-07) 12 დეკემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ. კ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 11 ნოემბერს ჯ. კ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ქ. ქუთაისის მერიის, კ. ქ.-ისა და მესამე პირის - ტელეკომპანია ,,...-ის» მიმართ პრივატიზაციის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹6-ში მდებარე ბინაში, სადაც შესახლდა ტელეკომპანია «...-ის" ხელმძღვანელობის ნებართვით, ვინაიდან აღნიშნული ფართი ირიცხებოდა ტელეკომპანიის ბალანსზე, თუმცა შემდგომში ტელეკომპანიას სხვა მისამართზე გამოეყო ფართი.

1998 წლიდან მოპასუხე კ. ქ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ტელეკომპანია ,,...-ის» მიმართ, ამ უკანასკნელის ფართიდან გამოსახლების თაობაზე.

მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ეხებოდა მხოლოდ ტელეკომპანიის გამოსახლებას, კ. ქ.-მ 2006 წლის 24 აგვისტოს აღმასრულებლების დახმარებით მოინდომა ოჯახთან ერთად მისი გამოსახლება დაკავებული ფართიდან. როგორც მისთვის შემდგომში გახდა ცნობილი, მის მიერ დაკავებული ფართი კ. ქ.-ის მიერ პრივატიზებულ იქნა 2006 წლის 19 ოქტომბერს.

მოსარჩელის მითითებით, ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურსა და კ. ქ.-ს შორის გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მოთხოვნებს, კერძოდ, დადგენილების მეორე პუნქტს, რომლის თანახმად, პრივატიზაციას ექვემდებარებოდა გამოთავისუფლებული ბინა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რამეთუ აღნიშნული დროისათვის ბინაში თავად ცხოვრობდა და დღესაც განაგრძობს ცხოვრებას ოჯახთან ერთად, ხოლო კ. ქ.-ს სადავო ბინაში ერთი დღეც კი არ უცხოვრია.

პრივატიზაციის ხელშეკრულება ეწინააღმდეგება დადგენილების მერვე პუნქტსაც, რომლის მიხედვით, კ. ქ.-ს გადახდილი უნდა ჰქონოდა ბინის ქირისა და კომუნალური მომსახურების ორი წლის გადასახადები.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა 2006 წლის 19 ოქტომბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.

მოგვიანებით მოსარჩელემ დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულება ეწინააღმდეგებოდა დადგენილების მე-5 პუნქტს, რომელიც საცხოვრებელი ბინის გადაცემას ადგენდა ამ ბინის დამქირავებლისათვის, როგორსაც კ. ქ.-ე არ წარმოადგენდა, რამეთუ მას ბინაში საერთოდ არ უცხოვრია. მისივე განმარტებით, პრივატიზაციის ხელშეკრულება ეწინააღმდეგება დადგენილების მე-2 პუნქტის მოთხოვნასაც, რამეთუ საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო იყო ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა და რადგან სადავო ფართში ცხოვრობდა მისი ოჯახი, შესაბამისად, კ. ქ.-ს უნდა ჰქონოდა ჯ. კ.-ის სრულწლოვანი ოჯახის წევრების თანხმობაც.

მოსარჩელის განმარტებით, პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებისას დარღვეული იყო სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესიც, კერძოდ, სანოტარო მოქედებათა შესრულების წესის 41-ე მუხლის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებული იყო შეემოწმებინა, დატვირთული იყო თუ არა ბინა უფლებრივად, რაც მოცემულ შეთხვევაში არ მომხდარა.

პრივატიზაციის ხელშეკრულება გაფორმებული იყო 2006 წლის 19 ოქტომბერს, ხოლო საჯარო რეესტრში კ. ქ.-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო უფრო ადრე, კერძოდ, 2006 წლის 28 ნოემბერს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა 2006 წლის 19 ოქტომბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და საჯარო რეესტრში სადავო ბინაზე კ. ქ.-ის საკუთრების უფლების ჩანაწერის გაუქმებას.

მოპასუხეებმა სასარჩელო განცხადება არ ცნეს და მოითხოვეს მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მესამე პირმა – ტელეკომპანია ,,...-ის» წარმომადგენელმა მოსარჩელის მიერ მითითებული მოტივებით უკანონოდ მიიჩნია 2006 წლის 19 ოქტომბრის პრივატიზაციის ხელშეკრულება და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. კ.-ის სარჩელი პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. კ.-მ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო განცხადებაში და ამასთან, აღნიშნავდა, რომ პრივატიზაცია განხორციელდა კანონის მთხოვნათა დარღვევით იმ ბინაზე, რომელიც არ იყო გამოთავისუფლებული, მასზე დამქირავებლის უფლება არ გააჩნდა კ. ქ.-ს, ვინაიდან მას არც ერთი დღე სადავო ბინაში არ უცხოვრია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინებით ჯ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი, შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. იმავე დადგენილების მე-2 პუნქტით პრივატიზაციის ობიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლი (ბინა), მათ შორის ავარიული, სარეკონსტრუქციო ან კაპიტალურად გასარემონტებელ სახლში შეუსახლებელი ბინა, აგრეთვე გამოთავისუფლებული ბინა. მოქალაქეებს დაკავებული სახლი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემათ მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით. მე-5 პუნქტით საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ კ. ქ.-ე არ წარმოადგენდა პრივატიზებული ბინის დამქირავებელს, რადგან არ ცხოვრობდა აღნიშნულ ფართში და შესაბამისად, იგი არ იყო ¹107 დადგენილებით განსაზღვრული ბინის პრივატიზაციის სუბიექტი და განმარტა, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით განსაზღვრულ ბინაში მცხოვრებ პირთა შორის იგულისხმება ის პირი, რომელიც პრივატიზაციის დროისათვის ბინაში არ ცხოვრობს, მაგრამ მოცემულ ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობილი არ არის ან პირი, რომლის უფლება ბინაზე დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ ჯერ ბინაში შესახლებული არ არის.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ...-ის ქუჩის ¹6/2ა-ში მდებარე სამოთახიანი ბინა (საცხოვრებელი ფართი 47,04, დამხმარე 42, 25 საერთო ფართი _ 89,29 კვ.მ) წლების მანძილზე სადავო ბინას წარმოადგენდა და მასზე უფლება საბოლოოდ, ქუთაისის სასამართლოს 1998 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოიპოვა კ. ქ.-მ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, მფლობელობა მოიცავს ნივთით სარგებლობის უფლებასაც. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მე-3 ნაწილით სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა ამ ნივთით. საქმის მასალებით დასტურდება და აპელანტი მხარე არ უარყოფს, რომ იგი შესახლებული იყო სადავო ფართში ტელეკომპანია «...-ის" პრეზიდიუმის 1993 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმის საფუძველზე. ამდენად, სადავო არ არის ის ფაქტი, რომ კ. ქ.-ს მისი კანონიერი უფლების განხორციელებაში _ დაეკავებინა სასამართლო გადაწყვეტილებით მისთვის გამოყოფილი ფართი _ ხელს უშლიდა მოსარჩელე, როგორც ტელეკომპანია «...-ის" თანამშრომელი. არსებობდა რა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, სააღსრულებო ბიურომ 2006 წლის 24 აგვისტოს უზრუნველყო სადავო ფართის გამოთავისუფლება და ჩაბარება კ. ქ.-სათვის, რომელმაც, როგორც სადავო ბინაზე უფლებამოსილმა პირმა, განახორციელა მისი პრივატიზაცია.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. კ.-მ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო და სააპელაციო საჩივრებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. კ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ჯ. კ.-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2007 წლის 15 ოქტომბერს კ. ქ.-მ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ჯ. კ.-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ჯ. კ.-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ჯ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ჯ. კ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას ჯ. კ.-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.