Facebook Twitter

¹ბს-889-856(კს-08) 15 ოქტომბერი 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. ა-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.08წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. ა-მა 20.07.08წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 27.04.07 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის განმარტება, რომლის მიხედვითაც, შს სამინისტროს დაევალა იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება. თ. ა-მა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 27.04.07წ. გადაწყვეტილებისა და შს მინისტრის 21.01.08.წ. ¹343 ბრძანების თანახმად აღდგენილ იქნა სამსახურში შსს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2005, 2006, 2007 წლების ხელფასი დაუანგარიშა ორი კომპონენტის – თანანმდებობრივი და წოდებრივი სარგოს გათვალისწინებით, რასაც იგი არ ეთანხმებოდა. მისი ხელფასი “პოლიციის შესახებ” კანონის 31.2 მუხლის თანახმად, შეიცავდა ოთხ კომპონენტს, კერძოდ: თანამდებობრივ სარგოს, წოდების სარგოს, წელთა ნამსახურეობის პროცენტულ დანამატს და კვების კომპენსაციას. ხოლო 2006, 2007 წლებში შრომითი ანაზღაურება უნდა მიეღო “პოლიციის შესახებ” კანონში 23.12.05წ. ¹2493-რს-ით შეტანილი ცვლილების 31.4 და 31.5 მუხლების მიხედვით, რითაც პოლიციელის ანაზღაურება კვლავ განისაზღვრა 4 კომპონენტით. აღნიშნული დასტურდებოდა შსს 18.06.08წ. @¹10/415-4554 ცნობით. რომ არა უკანონო დათხოვნა, 2005, 2006, 2007 წლების ანაზღაურებას მიიღებდა 4 კომპონენტის გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე თ. ა-მა მოითხოვა სსკ-ის 262 მუხლის თანახმად გადაწყვეტილების მეხუთე პუნქტის განმარტება, კერძოდ: იძულებით განაცდური ხელფასი უნდა ანაზღაურებოდა თუ არა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლით, როგორც ეს მითითებული იყო გადაწყვეტილებაში და “პოლიციის შესახებ” კანონის 2005 წლის რედაქციის 31.2 მუხლით განსაზღვრული 4 კომპონენტით და შემდგომ “პოლიციის შესახებ” კანონში 23.12.05წ. ¹2493-რს-ით შეტანილი ცვლილებების შედეგად 31.4 და 31.5 მუხლებით განსაზღვრული ასევე 4 კომპონენტით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.08წ. განჩინებით თ. ა-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.07წ. გადაწყვეტილების განმარტებაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც ითხოვდა თ. ა-ი, ნათლად და გარკვევით იყო ჩამოყალიბებული, არ შეიცავდა ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს და იგი განმარტებას არ საჭიროებდა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ა-მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში. თ. ა-მა კერძო საჩივარში აღნიშნა, რომ შ.ს სამინისტრომ მას 27.04.07წ. გადაწყვეტილების საფუძველზე იძულებით განაცდური ხელფასი დაუანგარიშა 2 კომპონენტის მიხედვით, მაშინ როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება ადგენდა ხელფასის 4 კომპონენტს, შესაბამისად კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ შს სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასრულებდა არაჯეროვნად. თ. ა-ის განმარტებით, იგი იძულებული იქნებოდა მიემართა საქალაქო სასამართლოსთვის შს სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით. სასამართლოს ხელახლა უნდა ემსჯელა იმაზე, რაც უკვე განხილული და გადაწყვეტილი იყო სასამართლოს 27.04.07წ. გადაწყვეტილებით. საჭირო იყო მხოლოდ 27.04.07წ. გადაწყვეტილების მეხუთე პუნქტის – იძულებით განაცდური ხელფასის განმარტება, კერძოდ, განმარტება იმისა, თუ რამდენ კომპონენტს მოიცავდა იძულებით განაცდური ხელფასი 25.01.05წ._21.01.08წ. პერიოდში. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 262-ე მუხლის მოთხოვნა. სასამართლო ვალდებული იყო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განემარტა გადაწყვეტილება, გასაჩივრებული განჩინება ხელს უშლის 27.04.07წ. გადაწყვეტილების სწრაფ და ჯეროვან აღსრულებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 30.07.08წ. განჩინებით თ. ა-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. ა-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.07წ. გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.08წ. განჩინება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 262.1 მუხლი ითვალისწინებს გადაწყვეტილების განმარტებას იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი არ არის ცალსახად, გარკვევით და ნათლად ჩამოყალიბებული, შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს 27.04.07წ. გადაწყვეტილება ნათლად და გარკვევითაა ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს და იგი განმარტებას არ საჭიროებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.07წ. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა თ. ა-ის განაცდური ხელფასის ანაზღაურება განთავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სააპელაციო სასამართლოს 27.04.07წ. გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი არ ეხება სადავო საკითხს _ განაცდური ხელფასის ანაზღაურებას. გადაწყვეტილების ამ პუნქტის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 25.01.05წ. ¹134 ბრძანება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო სამსახურიდან სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის თაობაზე (დანართი ¹1) ცნობილი იქნა ბათილად თ. ა-ის ნაწილში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. ა-ის სამსახურებრივი მოწყობის თაობაზე. განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ეხება ამავე გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილი დავა არ ეხებოდა განაცდური ხელფასის კომპონენტებს. პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების განმარტების სახით ახალი გადაწყვეტილების მიღებას. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ. ა-ს მართებულად ეთქვა უარი გადაწყვეტილების განმარტებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 262-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.08წ. განჩინება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.