ბს-89-89(კ-08) 2 ივლისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.08წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის მიმართ და მოითხოვა კონტროლის პალატის 10.07.06წ. ¹03-15/72 თემატური შემოწმების აქტის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომელიც მოსარჩელეს შეეხება.
რ. ბ-ე 2005 წლის აპრილიდან 2006 წლის აპრილამდე მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის გამგებლად. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების შემდეგ, 2006 წლის აგვისტოში მისთვის ცნობილი გახდა, რომ აჭარის კონტროლის პალატის მიერ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობაში ჩატარდა თემატური შემოწმება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით. მოსარჩელის მტკიცებით თემატური შემოწმების აქტის მიღებისას დარღვეულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი წესი, რადგან კონტროლის პალატას არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, რაც კანონით არის გათვალისწინებული. ადმინისტრაციულ აქტის გამომცემ ორგანოს ადმინისტრაციულ წარმოებაში უნდა ჩაება რ. ბ-ე, როგორც დაინტერესებული მხარე და მას უნდა ესარგებლა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გარანტირებული უფლებებით.
მოსარჩელის მტკიცებით იმის შედეგად, რომ ის ადმინისტრაციულ წარმოებაში არ იყო მოწვეული და არ ყოფილა მოსმენილი მისი მოსაზრებები საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესახებ, თემატური შემოწმების აქტში მრავალი ფაქტი არასწორად არის ასახული. აქტში მოცემული დასკვნები ხშირ შემთხვევაში ვარაუდს ემყარება, არ არის მითითებული საჭირო მტკიცებულებებზე. უკანონოდ მიღებული აქტი პროკურატურაში იქნა მოპასუხის მიერ წარდგენილი, რამაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობაზე.
მოსარჩელის მტკიცებით არსებობს ყველა საფუძველი იმისა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად ინდივიდუაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იქნას ცნობილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.01.07წ გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში კონტროლის პალატის 2006 წლის 29 აპრილის ¹46, 10 მაისის ¹63 და 24 მაისის ¹74 ბრძანებების საფუძველზე 2006 წლის 30 მაისიდან 10 ივლისამდე ჩატარდა შემოწმება ხელვაჩაურის რაიონის გამგეობაში 2004-2005 წლებში ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კანონიერების შესახებ, რომელმაც მოიცვა შპს ,,....” შპს ,,....”, შპს ,,....”-ს, შპს ,,....” და შპს ,,...” მიერ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” ხელშეკრულებებით შესრულებული სამუშაოები. 2006 წლის 10 ივლისს შედგენილი იქნა თემატური შემოწმების აქტი, რომელმაც მოიცვა რ. ბ-ის ხელვაჩაურის რაიონის გამგებლად მუშაობის პერიოდიც (2005 წლის აპრილიდან 2006 წლის აპრილამდე). აქტში მითითებულია არაერთი კანონდარღვევა გამგეობის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაში ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონთან მიმართებაში, მათ შორის იმ პერიოდისთვისაც, როდესაც გამგებლად მოსარჩელე მუშაობდა. კონტროლის პალატის მიერ თემატური შემოწმების აქტი შესაბამისი რეაგირებისათვის აჭარის ა/რ პროკურატურას გადაეგზავნა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ აჭარის კონტროლის პალატის მიერ, “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” კანონის 37-ე, 42-ე და 47-ე მუხლების შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის (და იმ კერძო პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო შესყიდვებში) მიმართ დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების კანონიერ ხარჯვასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მოპასუხეს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ზაკ-ის VI თავით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესით. რ. ბ-ე აღნიშნული ადმინისტრცაიული წარმოების მიმართ დაინტერესებულ პირს წარმოადგენდა, რამდენადაც ამ წარმოების შედეგად მიღებული თემატური შემოწმების აქტს შეუძლია გავლენა მოახდინოს მის სამართლებრივ მდგომარეობაზე.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კონტროლის პალატამ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად არ მოიწვია რ. ბ-ე და ამით დაარღვია ადმინისტრაციული წარმოების წესი. სასამართლოს აზრით, ადმინისტრაციული ორგანო არ არის ვალდებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეატყობინოს დაინტერესებულ პირს, გარდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული შემთხვევებისა ადმინისტრაციულ წარმოებაში ადმინისტრაციული მხარის მონაწილეობა ყოველთვის არ არის სავალდებულო. სასამართლოს აზრით, კონტროლის პალატის მიერ მიღებული თემატური შემოწმების აქტი თავისთავად არ ქმნის სამართლებრივ შედეგებს მოსარჩელისათვის. მასში აღწერილი ფაქტებით რ. ბ-ის სამართლებრივი მდგომარეობა არ გაუარესებულა, რამდენადაც მიღებულია შუალედური აქტი, რომელიც შემდგომში შეიძლება გახდეს რაიმე სამართლებრივი შედეგების საფუძველი. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ბ-ის მოწვევა აჭარის კონტროლის პალატის მიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში აუცილებელი არ იყო.
სასამართლომ აგრეთვე მიიჩნია, რომ რ. ბ-ე კონტროლის პალატას რომც მიეწვია ადმინისტრაციულ წარმოებაში და მოესმინა მისი ახსნა-განმარტება, ეს გარემოება ადმინისტრაციული აქტის გამოცემას ხელს ვერ შეუშლიდა და აქტში მოყვანილი შეფასებებიც არ შეიცვლებოდა, რამდენადაც კონტროლის პალატის სპეციალისტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებანი დოკუმენტური მასალის ანალიზის შედეგად იქნა დადგენილი. მოსარჩელე მხარეს თავის სასარჩელო განცხადებაში მოთხოვნის საფუძვლად ის ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდია, რაც აქტშია მოცემული, არამედ მან სადავოდ მიიჩნია მოპასუხის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცედურული მხარე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მაშინ ჩაითვლება ბათილად, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის წესი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტის მომზადებისას და გამოცემისას კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რაც განხილულ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 17.11.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ კონტროლის პალატის რეგლამენტი შემოწმების აქტის შედგენისას პასუხისმგებელი პირის მონაწილეობას არ ითვალისწინებდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის 10.07.06წ. ¹03-15/72 თემატური შემოწმების აქტის მიღებისას არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი ნორმები, რადგან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის სადავო აქტის მიღებისას უნდა ეწარმოებინა ადმინისტრაციული წარმოება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა დაცვით, ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ უნდა ჩაება მოსარჩელე, რადგან აქტით დადგენილმა დარღვევებმა შეიძლება უშუალო ზიანი მიაყენოს მის სამართლებრივ მდგომარეობას და მისთვის როგორც დაინტერესებულ მხარისათვის უნდა მიეცა საშუალება გამოეყენებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გარანტირებული უფლებები. ადმინისტრციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მტკიცებულებები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლისა და 97-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. კასატორის აზრით, დაინტერესებული მხარის მონაწილეობის სავალდებულობას კონტროლის პალატის აქტის შედგენისას, ადასტურებს კონტროლის პალატის რეგლამენტში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ 13.02.08წ. განხორციელებული ცვლილებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ
საჩივრდება.