¹ბს-899-860(კ-06) 18 იანვარი, 2007 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ივნისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
შპს “.....” სარჩელი აღძრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხის თბილისის ისანი-სამგორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა დღგ-ს ჩათვლის აღდგენა /იხ. ს.ფ. 3-4/.
რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი /იხ.ს.ფ. 75/.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით შპს “....” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 25 აგვისტოს და 11 აგვისტოს აქტები შპს “.....” დღგ-ს ჩათვლის გაუქმების შესახებ 19652,82 ლარზე /იხ. ს.ფ. 87-88/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 89-90/.
სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 2 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ შპს “....”, შპს “....”, შპს “.....”, ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია და გორის საგადასახადო ინსპექცია /იხ.ს.ფ. 123-124/
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 202-206/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 219-222/.
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. 239-240/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში მესამე პირის საგადასახადო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, რომელშიც მხარემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობა /იხ.ს.ფ. 246-249/
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. 239-240/.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, არ იქნა მითითებული იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის _ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელსაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. წინამდებარე განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.