Facebook Twitter

¹ბს-899-861(კ-07) 18 დეკემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ე. და მ. მ.-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განჩინებაზე, /ეკატერინე და მირიან მიქაძეების სარჩელისა გამო, ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურისა და შპს «კ.-ის» მიმართ, მშენებლობის ნებართვისა და პროექტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი პროექტის შედგენის დავალების შესახებ/.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ე. და მ. მ.-ებმა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების _ ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურისა და შპს «კ.-ის» მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მშენებლობის ნებართვისა და პროექტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი პროექტის შედგენის დავალება (იხ. ს.ფ. 2-4).

საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით ე. და მ. მ.-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ.ს.ფ. 132-136/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. და მ. მ.-ებმა, რომლითაც მოითხოვეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 143-147/.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის განჩინებით ე. და მ. მ.-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება /იხ.ს.ფ. 180-186/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. და მ. მ,.-ებმა, რომლითაც მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და შეფასება არ მისცა საქმის მასალებს. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიღებული მშენებლობის პროექტი არ განსხვავდება მანამდე არსებული პროექტისაგან, რომელიც უკანონოდ ცნო სასამართლომ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, შესაბამისად სახეზეა სსსკ-ის 394-ე მუხლის საფუძველზე მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები /იხ. ს.ფ. 193-198/.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ე. და მ. მ.-ების საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ.ს.ფ. 201-202/.

საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, კასატორებმა წარმოადგინეს მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე, რომელშიც აღნიშნეს, რომ საკასაციო საჩივარი ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას /იხ.ს.ფ. 211-214/.

საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, მოწინააღმდეგე მხარემ შ. თ.-მ წარმოადგინეს მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას, შემდეგი მოტივი:

საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებს, რომ საქმეს გააჩნია მნიშვნელობა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავსი კატეგორიის დავეზე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ საქმე განხილულია საპროცესო დარღვევებით /იხ.ს.ფ. 251-256/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. და მ. მ.-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ე. და მ. მ.-ების საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ.ს.ფ. 201-202/.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ე. და მ. მ.-ების მიერ კომპეტენტურად ვერ იქნა რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ ვერრ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ე. და მ. მ.-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ე. და მ. მ.-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. და მ. მ.-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.