Facebook Twitter

¹ბს-900-862(კ-07) 12 დეკემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე

ლალი ლაზარაშვილი

.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. ჯ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 2 ნოემბერს ს. ჯ.-მ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაჟიორად, ხოლო 1960 წლიდან 10 წელი იყო წყალტუბოსა და თერჯოლის რაიონების მოსამართლე. მოსამართლის რწმუნების ვადის გასვლის შემდეგ, 1970 წლიდან 2000 წლის 1 დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ჰქონდა 45 წელზე მეტი ხნის სტაჟი. 2000 წლის 1 დეკემბრიდან მოსარჩელემ შრომითი ხელშეკრულება დადო ქუთაისის ყოფილი საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციასთან, რომლის შესაბამისი ბრძანებითაც დაინიშნა ...-ის განყოფილების ...-ად, ყოველთვიური ხელფასით 225 ლარის ოდენობით, რომელსაც ღებულობდა 2005 წლის 1 აპრილამდე. მიუხედავად იმისა, რომ «საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 28 დეკემბრის ¹828 კანონის 39-ე მუხლით, რომელიც ამოქმედდა 2005 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს მინისტრებს მიეცათ უფლება, განესაზღვრათ მათდამი დაქვემდებარებულ მუშაკთა თანამდებობრივი სარგო-განაკვეთი, ანუ გაეზარდათ მათთვის ხელფასები, არა 2005 წლის 1 აპრილიდან, არამედ 2005 წლის 1 იანვრიდან, ანუ კანონის ამოქმედების დღიდან, სამი თვის განმავლობაში მოსარჩელე ღებულობდა არა მომატებულ ხელფასს _ 280 ლარს, არამედ იღებდა ხელფასს ძველი ოდენობით _ 225 ლარს. აღნიშნულის გამო, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა სამი თვის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება თვეში 55 ლარის ოდენობით, ანუ სულ _ 165 ლარი.

მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1997 წლის 21 მაისის ¹6/4 ბრძანებით მიენიჭა იუსტიციის უფროსი მრჩევლის (პოლკოვნიკი) წოდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარის ადმინისტრაციამ იმის ნაცვლად, რომ თვითონ შეესრულებინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა კანონით დაწესებული ხელფასის დანამატის ანაზღაურების შესახებ, არაერთხელ მიმართა წერილობით საქართველოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტს კანონით დაწესებული ხელფასის დანამატის ანაზღაურების შესახებ (რითაც იგი ცნობდა სარჩელს). მოპასუხე მხარის ადმინისტრაციას არ შეუსრულებია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. იმავე კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტში ცალსახად იყო მითითებული, რომ მოხელეს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე მინიჭებული ჰქონდა საკლასო ჩინი (წოდება), ხელფასთან ერთად აუნაზღაუდებოდა ყოველთვიური დანამატი კანონით დადგენილი წესით (ანუ აღნიშნული კანონი მიუთითებდა წარსულზე და არა მომავალზე). მოსარჩელეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 1 დეკემბრის კანონის ამოქმედებამდე თერთმეტი თვით ადრე ჰქონდა მინიჭებული წოდება (საკლასო ჩინი). ამდენად, 2000 წლის 1 დეკემბრიდან 2005 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ სამუშაოდან მოპასუხე ადმინისტრაციის ბრძანებით მისი გათავისუფლების დღემდე, «საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მოსამსახურეთა თანამდებობრივ განაკვეთებზე სპეციალური წოდებებისათვის დანამატების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 იანვრის ¹61 დადგენილების დანართის თანახმად, მოპასუხე მხარეს უნდა დაკისრებოდა ყოველთვიურად 225-280 ლარის ფარგლების მიხედვით, ხელფასის მისთვის მინიჭებული სპეციალური წოდებისათვის დაწესებული შრომის ანაზღაურების მინიმალურ დონესთან _ 100 ლართან თანაფარდობის ერთი მთელი და ერთი მეათედი კოეფიციენტის ოდენობის სარგო მოსარჩელის სასარგებლოდ, ვინაიდან, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს 2004 წლის 19 მაისის ¹01/15-220 წერილიდან და „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილიდან ირკვეოდა, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 იანვრის ¹61 დადგენილება იმ დრომდე ძალაში იყო და არ იყო გაუქმებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2000 წლის 1 დეკემბრიდან 2005 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველთვიურად უნდა დაკისრებოდა ხელფასის დანამატის სახით 110 ლარი, რაც სულ შეადგენდა 6490 ლარს.

მოსარჩელის განმარტებით, საერთოდ არ ჰქონდა არანაირი თანხა მიღებული იმ მოტივით, რომ კანონით დადგენილი ხელფასის დანამატის _ წელთა ნამსახურობისათვის დაწესებული სარგოს გაცემა შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე, ხოლო მოპასუხესთან შრომის ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელეს ჰქონდა 40 წელზე მეტი ხნის სტაჟი. «სახელმწიფო მმართველობის ორგანოების აპარატში მომუშავე ხელმძღვანელი მუშაკებისა და სპეციალისტებისათვის წელთა ნამსახურობისათვის თანამდებობრივ განაკვეთზე პროცენტული დანამატის გაცემის წესის თაობაზე დროებითი დებულების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 15 თებერვლის ¹176 დადგენილებისა და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 26-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეს მის სასარგებლოდ იმავე კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე, უნდა დაკისრებოდა 2000 წლის 1 დეკემბრიდან 2005 წლის 1 აპრილამდე არსებული ხელფასის _ 225 ლარის ყოველთვიური 30%, რაც შეადგენდა 3510 ლარს, ხოლო 2005 წლის 1 აპრილიდან 2005 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით არსებული ხელფასის _ 280 ლარის ყოველთვიური 30%, რაც შეადგენდა 588 ლარს, ანუ სულ _ 4098 ლარი.

მოსარჩელის მტკიცებით, როგორც ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამართალმემკვიდრე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 20 დეკემბრის ¹5610-2 ცნობიდან ირკვეოდა, 2000 წლის 1 დეკემბრიდან 2005 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, მას კვარტალური პრემია მიღებული ჰქონდა 945 ლარის ოდენობით, რაც ხელფასიდან _ 225 ლარიდან გამომდინარე, შეადგენდა 4 კვარტლის პრემიას, ხოლო მიუღებელი ჰქონდა 15 კვარტლის პრემია იმ მოტივით, რომ მისი გაცემა 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული იყო. ამდენად, მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა დანარჩენი 15 კვარტლის მიუღებელი პრემია, კერძოდ, 2000 წლის 1 დეკემბრიდან 2005 წლის 1 იანვრამდე 12 კვარტლის პრემია 225 ლარის ოდენობით, ანუ 2700 ლარი, ასევე 2005 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით 3 კვარტლის პრემია 280 ლარის ოდენობით, ანუ 840 ლარი, სულ ჯამში _ მიუღებელი 15 კვარტლის პრემია შეადგენდა 3540 ლარს.

მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების დაკისრება 30 ლარის ოდენობით, ანუ სულ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა მიუღებელი თანხა _ 14773 ლარი, რომლის დროულად მიუღებლობა ძირითადად გამოწვეული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე მათი გაცემის შეჩერებით.

მოსარჩელის მტკიცებით, მისი სარჩელის საფუძვლიანობას ისიც ადასტურებდა, რომ მოპასუხე მხარე არ უარყოფდა, რომ ზემოთ დასახელებული ხელფასის დანამატები სარგოების სახით მოსარჩელეს არ ჰქონდა მიღებული, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავდა სარჩელის ცნობას. მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის დროს მოპასუხეს მასთან ანგარიშსწორება უნდა მოეხდინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის შესაბამისად, რაც არ გაუკეთებია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, როგორც არასათანადო მოპასუხის, შეცვლა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

შესაგებლის ავტორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მოცემულ სარჩელში იყო არასათანადო მოპასუხე, სათანადო მოპასუხე კი იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, ვინაიდან «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 71-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოების დეპარტამენტი განკარგავდა ფინანსებს სასამართლოების საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად. მართალია, მოპასუხის დასახელების უფლებამოსილება და მოვალეობაც ეკისრებოდა მოსარჩელეს და სასამართლო მოსარჩელის თანხმობის გარეშე ვერ შეცვლიდა სარჩელში დასახელებულ მოპასუხეს სათანადო მოპასუხით, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ მოსარჩელე უარს განაცხადებდა, რომ არასათანადო მოპასუხე შეცვლილიყო სათანადო მოპასუხით, მაშინ სასამართლო მოსარჩელეს უარს ეტყოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

შესაგებლის ავტორი აღნიშნავდა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საერთო სასამართლოების დეპარტამენტი. ხსენებული დეპარტამენტის დებულების მიხედვით, დასახელებული დეპარტამენტი განკარგავდა საერთო სასამართლოების ფინანსებს, შეიმუშავებდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოების დაფინანსების ნაწილის პროექტებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს და განსახილველად წარუდგენდა მას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. იმავე კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარდგინებით ადგენდა საერთო სასამართლოების (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსი) აპარატის სტრუქტურას, საშტატო რაოდენობას და წარუდგენდა მას საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად, ანუ საერთო სასამართლოების მოხელეთა ხელფასების ფონდის გაანგარიშების პროექტს შეიმუშავებდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტი.

შესაგებლის ავტორის განმარტებით, ს. ჯ.-ს სარჩელი ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ მას არასწორად ერიცხებოდა ხელფასი და არ ერიცხებოდა კანონით გათვალისწინებული დანამატი, ანუ მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ მისი სამსახურებრივი სარგო არასწორად იყო განსაზღვრული. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამსახურეთა სტრუქტურა და საშტატო ნუსხა განსაზღვრული იყო საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით, ხოლო თანამდებობრივი სარგოები _ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებით. ამიტომ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცია არ იყო უფლებამოსილი, განესაზღვრა მოსამსახურის ხელფასისა და მისი დანამატის ოდენობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად მოპასუხის მხარეზე ჩაება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ჯ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ს. ჯ.-მ განმწესრიგებელ სხდომაზე უარი განაცხადა არასათანადო მოპასუხის _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სათანადო მოპასუხით _ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტით შეცვლაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენდა, რომ სარჩელი აღძრული იყო არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელსაც პასუხი უნდა ეგო სარჩელზე, მას შეეძლო მოსარჩელის თანხმობით შეეცვალა თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ იყო თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყოდა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ განსახილველ საქმეზე სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, ვინაიდან, «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საერთო სასამართლოების დეპარტამენტი. აღნიშნული დეპარტამენტი განკარგავდა საერთო სასამართლოების ფინანსებს, შეიმუშავებდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოების დაფინანსების ნაწილის პროექტებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს და განსახილველად წარუდგენდა მას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. იმავე კანონის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარდგინებით ადგენდა საერთო სასამართლოების (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსი) აპარატის სტრუქტურას, საშტატო რაოდენობას და წარუდგენდა მას საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად. ვინაიდან საერთო სასამართლოების მოხელეთა ხელფასების ფონდის გაანგარიშების პროექტს შეიმუშავებდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, ს. ჯ.-ს ხელფასზე დანამატის, გაზრდილი ხელფასის სხვაობისა და მიუღებელი პრემიის შესახებ პასუხი უნდა ეგო აღნიშნულ დეპარტამენტს და არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა თქმოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ჯ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ჯ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ჯ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიიღო საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასებითა და საპროცესო ნორმების დარღვევით, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა, აღნიშნული გარემოება კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი იყო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ს. ჯ.-ს და მის წარმომადგენელ ზ. ფ.-ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით არ ეცნობათ საქმის განხილვის შესახებ, მათ არ ჩაჰბარებიათ სასამართლოს უწყება 2007 წლის 19 თებერვლის სხდომაზე მიწვევის შესახებ _ საქმეში არ მოიპოვებოდა მათთვის აღნიშნული შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. მართალია, საქმეში (ს.ფ. 80) იყო მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი აქტი 2007 წლის 19 თებერვალს 15.00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის იმავე დღის 13.00 საათზე გადანიშვნისა და ამის თაობაზე მოსარჩელისა და მისი ადვოკატისათვის ტელეფონის საშუალებით შეტყობინების თაობაზე, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელე მხარისათვის ხსენებული შეტყობინების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გადაცემა. ამასთან, მოსარჩელე მხარისათვის არ იყო განმარტებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს უფლებამოსილება, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მხარის დაუსწრებლად გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეს პროცესში მონაწილეობა, ფაქტობრივად, არ მიუღია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სრულიად უსაფუძვლო იყო საქალაქო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე.

სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ იმ გარემოებას, რომ ს. ჯ.-მ განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა უარი არასათანადო მოპასუხის _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სათანადო მოპასუხით _ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტით შეცვლაზე, რადგან განმწესრიგებელი სხდომის ოქმით ასეთი რამ არ დასტურდებოდა. ამასთან, განმწესრიგებელ სხდომაზე გადასაწყვეტი საკითხები განსაზღვრული იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე, 22-25-ე მუხლებით და ამ ნორმებით არ წესრიგდებოდა საკითხი არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის შესახებ. საქმეში წარმოდგენილ მხარეთა შეცვლის საკითხი სასამართლო სხდომაზე არ დასმულა და შესაბამისად, არც გადაწყვეტილა. აღნიშნული გარემოებები მიუთითებდა ისეთ საპროცესო დარღვევებზე, რომელთა არსებობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იყო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მან სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მიზანშეწონილად მიიჩნია თვითონ ემსჯელა არსებითად ს. ჯ.-ს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე. მხარეთა განმარტებების მოსმენისა და საქმის მასალების გამოკვლევის შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. ჯ.-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ს. ჯ.-ს მოთხოვნა მიმართული იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წინააღმდეგ. აპელანტმა (მოსარჩელემ) სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა, რომ იგი შრომით ურთიერთობაში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოსთან, რის გამოც მოპასუხედ ასახელებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ჯ.-ა ქუთაისის საოლქო სასამართლოში ...-ის განყოფილების ...-ად 225 ლარის ყოველთვიური ანაზღაურებით, 1 წლის ვადით დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის 2000 წლის 1 დეკემბრის ბრძანებით, ხოლო 2001 წლის 6 დეკემბრის ¹103 ბრძანებით მითითებულ თანამდებობაზე დაინიშნა განუსაზღვრელი ვადით. ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წილს 31 ოქტომბრის ¹171 ბრძანებით ს. ჯ.-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ქუთაისის საოლქო სასამართლოს ლიკვიდაციის გამო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საფინანსო განყოფილების უფროსის 2005 წლის 20 დეკემბრის ¹5610-2 ცნობის მიხედვით, 2001 წლის 1 დეკემბრიდან 2005 წლის 1 ნოემბრამდე ს. ჯ.-ს მიღებული ჰქონდა 15689,05 ლარი ხელფასის, პრემიის, საშვებულებო დახმარების, გაზრდილი ხელფასისა და საოლქო სასამართლოს ლიკვიდაციის შედეგად მიღებული საკომპენსაციო თანხის სახით და მის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არანაირი დავალიანება არ გააჩნდა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. ჯ.-ს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გასამრჯელო (ხელფასი) მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში დანაკლისის გარეშე ჰქონდა მიღებული, რის გამოც მისი მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. დადგენილი იყო, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1997 წლის 21 იანვრის ¹6/4 ბრძანებით ს. ჯ.-ს მიენიჭა იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება. მართალია, «საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი იყო, რომ მოხელეს, რომელსაც მიენიჭა საკლასო ჩინი, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიეცემოდა თანამდებობრივი სარგოს დანამატი, ხოლო სხვა თანამდებობაზე (სხვა დაწესებულებაში) გადასვლისას მოხელეს უნარჩუნდებოდა საკლასო ჩინისათვის გათვალისწინებული დანამატი, მაგრამ იმავე კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტით ამ კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება შეჩერებული იყო „საჯარო სამსახურის კოდექსის“ ამოქმედებამდე. იმ ნორმის დანაწესი კი, რომელიც შეჩერებული იყო და არ მოქმედებდა, არ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო ვინმეს სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. ამდენად, ს. ჯ.-ს სარჩელი ამ ნაწილშიც იყო უსაფუძვლო.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო იყო ს. ჯ.-ს მოთხოვნა ნამსახურევი წლებისათვის დანამატისა და საშვებულებო დახმარების ანაზღაურების თაობაზე, რადგან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) გარდა, მოსამსახურეს ეძლეოდა დანამატი ნამსახურევი წლებისათვის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი ოდენობით, ხოლო იმავე კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ძირითად შვებულებასთან დაკავშირებთი, მას ეძლეოდა საშვებულებო დახმარება ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, მაგრამ ამ ნორმების მოქმედება 1998 წლიდან 2005 წლამდე შეჩერებული იყო, ხოლო 2005 წლის 23 დეკემბერს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით მოხელისათვის წელთა ნამსახურობის მიხედვით ხელფასის დანამატის ანაზღაურება და საშვებულებო დახმარება გაუქმებული (ამოღებული) იყო.

რაც შეეხებოდა კვარტალური პრემიის მიუღებელი თანხის _ 3540 ლარის ანაზღაურებას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პრემია იყო წახალისების ფორმით ფულადი ანაზღაურება დამსახურებული, წარმატებული შრომითი საქმიანობისათვის. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელფასი მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატს. საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საფინანსო განყოფილების მიერ გაცემული შესაბამისი ცნობით დასტურდებოდა, რომ ს. ჯ.-ზე გაცემული 15689,05 ლარი მოიცავდა პრემიის თანხასაც, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილშიც იყო უსაფუძვლო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ჯ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნება, აგრეთვე _ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადგილობრივი შემოსავლების ანგარიშზე ყადაღის დადება.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, მან არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთან სრულიად არასწორი განმარტება მისცა კანონს, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის გამო, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის უკანონო გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების, 385 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტისა და 394-ე მუხლის ,,ბ", ,,ე", ,,ე1" ქვეპუნქტების კატეგორიული და სავალდებულო მოთხოვნის საფუძველზე, მოცემული საქმე უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მისი სააპელაციო საჩივარი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ისე გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება, რომ თავის გადაწყვეტილებაში არ მიუთითა ხსენებულ ქვეპუნქტზე, თუმცა საქმეზე თვითონ მიიღო გადაწყვეტილება და არ დააბრუნა საქმე ხელახლა განსახილველად. გარდა ამისა, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ, თითქოს აპელანტი მხარე მოითხოვდა საქმის არსებითად გადაწყვეტას სააპელაციო სასამართლოს მიერ, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. აპელანტს არასოდეს მოუთხოვია სააპელაციო საჩივართან ერთად, სასარჩელო განცხადების არსებითად განხილვა და არც შეიძლებოდა იგი მოეთხოვა, ვინაიდან, პირველ ყოვლისა, გაურკვეველი და უცნობი იყო 2007 წლის 2 ივლისის სასამართლო სხდომაზე მიწვეული ორი მოპასუხიდან რომელი იყო სათანადო მოპასუხე მის სასარჩელო განცხადებაზე. აღნიშნული სხდომა დაიწყო და წარიმართა არა სასარჩელო განცხადების, არამედ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნების ჩამოყალიბებით. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად დადასტურებულია, რომ 2007 წლის 2 ივლისის სხდომაზე სარჩელი არსებითად არ განხილულა და თუ ასეთი სხდომის ოქმი არსებობს, იგი ყალბია, ვინაიდან ხსენებული სხდომა წარიმართა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის განხილვით. ამასთან, საყურადღებოა კანონის დარღვევის არანაკლებ უხეში ფაქტი, რაც სააპელაციო სასამართლომ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებით თვითნებურად განახორციელა. სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 2 ივლისის სხდომაზე სრულიად უკანონოდ მოპასუხედ მიიწვია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენელი, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით არასათანადო მოპასუხედ იყო ცნობილი, ანუ, ფაქტობრივად, იგი საქმიდან იყო ჩამოცილებული, რაც მას არ გაუსაჩივრებია. იმავე სხდომაზე მიწვეულ იქნა ხსენებული გადაწყვეტილებით სათანადო მოპასუხედ მიჩნეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, რის გამოც მოსარჩელისათვის სასამართლოს სათათბირო ოთახიდან გამოსვლამდე გაუგებარი და უცნობი იყო, სასამართლო სააპელაციო საჩივარში დაყენებულ სადავო საკითხებს რომელ მოპასუხესთან მიმართებაში წყვეტდა _ ორივესთან, თუ ერთ-ერთთან მიმართებაში. აღნიშნულით არა მარტო შეიზღუდა მოსარჩელის შეჯიბრებითობის უფლება, არამედ, ფაქტობრივად, მას წაერთვა და აეკრძალა კანონით მინიჭებული ხსენებული უფლება. ამდენად, დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნა. კასატორს არ მიეცა შესაძლებლობა, მისი სარჩელის არსებითად განხილვაში მიეღო მონაწილეობა.

კასატორის მტკიცებით, 2000 წლის 1 დეკემბრიდან 2005 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ სამუშაოდან გათავისუფლების დღემდე მიიღო 15685,05 ლარი. სააპელაციო სასამართლომ არასწორად აღნიშნა, რომ ს. ჯ.-მ მიიღო «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გასამრჯელო (ხელფასი) მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში, დანაკლისის გარეშე, რის გამოც მისი სარჩელი იყო დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, მაშინ, როდესაც ხელფასზე დანამატების მიუღებლობა დადასტურებულია სასარჩელო განცხადებაში მოყვანილი არგუმენტებით. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლი იმავე კანონის 42-ე მუხლით იყო გაუქმებული (ამოღებული), მაშინ, როდესაც ხსენებული კანონის 37-ე მუხლი ამჟამადაც მოქმედებს, მასში არ არის მოხსენიებული წელთა ნამსახურობის დანამატი, თუმცა შესაბამის ცვლილებებს უკუძალა არა აქვს, კასატორს არ შეეხება და ყველა შემთხვევაში ისინი მიმართულია მომავალში სამოქმედოდ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. ჯ.-ს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 5 დეკემბრამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 სექტემბრის მეორე განჩინებით ს. ჯ.-ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადგილობრივი შემოსავლების ანგარიშისათვის ყადაღის დადების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ჯ.-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ჯ.-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.