Facebook Twitter

ბს-902-863(კ-06) 12 მარტი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ს. დ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.06წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი _ პენსიის დანიშვნა, გაცდენილი პერიოდის პენსიის თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. დ-მ სარჩელი აღძრა ვანის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვანის რაიონული ფილიალის მიმართ და მოითხოვა ორმაგი პენსიის დანიშვნა, მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის დიდი სამამულო ომის მონაწილე, პირველი ჯგუფის ინვალიდი, 86 წლის, დანიშნული აქვს პენსია 45 ლარის ოდენობით. მისთვის ცნობილი გახდა, რომ სამამულო ომის ინვალიდები ,,სამხედრო და შსს ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე ძირითად პენსიასთან ერთად ღებულობენ მოხუცებულობის პენსიას მინიმალური პენსიის ოდენობის დანამატით. მოსარჩელის განმარტებით, იგი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, არის 86 წლის სამამულო ომის პირველი ჯგუფის ინვალიდი, ამიტომ მას უნდა დაენიშნოს ორი სახეობის პენსია და უნდა აუნაზღაურდეს წინა თვეების ასაღები საპენსიო თანხა, ამასთან პენსიის დანამატის ოდენობა უნდა განისაზღვროს 42 ლარის ოდენობით, ე.ი. სულ 87 ლარი.

ვანის რაიონული სასამართლოს 28.11.05წ. გადაწყვეტილებით ს. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ს. დ-ს მიეცა ,,სამხედრო შს ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად ორი სახეობის პენსიის ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო- ერთდროულად მიღების უფლება, ამასთან, მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნა დამატებით მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსია. მოსარჩელეს საპენსიო დანამატი დაენიშნა 2005 წლის ოქტომბრიდან, განცხადებით მიმართვის დროიდან, ს. დ-ს აუნაზღაურდა აგრეთვე საპენსიო დანამატი, ე.ი. სხვაობა ახლად დანიშნულ და ადრინდელ პენსიას შორის წინა 12 თვის პერიოდით.

ვანის რაიონული სასამართლოს 28.11.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.06წ. გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ვანის რაიონული სასამართლოს 28.11.05წ. გადაწყვეტილება, ს. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2005 წლის 31 ოქტომბრამდე ს. დ-ს ფონდის ტერიტორიული განყოფილებისათვის ოფიციალურად არ მიუმართავს და წერილობითი უარი ფონდიდან არ მიუღია. ,,სამხედრო, შს ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 28.10.05წ. კანონმა განიცადა ცვლილება, რომლის საფუძველზე ორი სახის პენსიის ერთდროულად მიღების უფლება ომის ინვალიდებისა და მონაწილეებისათვის გათვალისწინებული იქნა 2006 წლის 1 იანვრისთვის. ,,სამხედრო, შს ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეცაილური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 23.12.05წ. კანონით მე-60 მუხლი საერთოდ იქნა ამოღებული. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” 23.12.05წ. კანონის გარდამავალი დებულების 22-ე მუხლით ომის I და II ჯგუფის ინვალიდებისათვის პენსია განისაზღვრა 84 ლარით. ამდენად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ,,სამხედრო, შს ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლი ს. დ-ეს აძლევდა ორი სახის პენსიის მიღების, ხოლო ამავე კანონის 50-ე მუხლით წარსული დროისათვის (არაუმეტეს ერთის წლისა) ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობის მიღების უფლებას, თუმცა ს. დ-მ სასამართლოს თავისი უფლების რეალიზაციისათვის მიმართა მაშინ, როდესაც ზემოაღნიშნული მუხლების მოქმედება შეჩერებული იყო, ამასთანავე 2005 წლის 23 დეკემბრიდან საერთოდ გაუქმდა ორი სახეობის პენსიის მიღების უფლება. ამასთან ს. დ-მ ვერ დაამტკიცა, რომ ძველი კანონის მოქმედების პირობებში მან გამოხატა ნება კუთვნილი უფლების განხორციელებაზე, რაც შეუფერხდა საპენსიო ფონდის არამართლზომიერი ქმედებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 11.09.06წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ს. დ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი განსახილველად არ უნდა დაეშვა მოსამართლეს, ვინაიდან, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კერძოდ, რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობდა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვანის რაიონული განყოფილება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შემადგენელ ნაწილს. ვანის რაიონულმა განყოფილებამ დროულად მიიღო სასამართლოს გადაწყვეტილება, და შეეძლო გაესაჩივრებინა იგი, რაც არ გაუკეთებია.

კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი ორი სახის პენსიის მიღების უფლების მქონე პირი იყო. კანონის მოქმედების შეჩერება არ გულისხმობს იმას, რომ გაუქმებული იყო პენსიონერთა უფლება. 2006 წლამდე მოქმედებდა ის კანონი, რაც მას ანიჭებდა პენსიის მიღების უფლებას. კასატორის მითითებით, მან სასამართლოს მიმართა 2005 წლის ოქტომბრის თვეში, გადაწყვეტილება კი გამოტანილი იქნა 28.11.05წ., ამჟამად მოქმედი კანონი ძალაშია 2006 წლის იანვრიდან. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია მისი უფლებები, ვინაიდან, იმ პერიოდში, როცა მან მიმართა სასამართლოს ჯერ კიდევ არ იყო გაუქმებული კანონი, შესაბამისად მას შეეძლო მოეთხოვა მისი კანონით დადგენილი უფლების რეალიზაცია. კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, მისი უფლების აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებს. სსსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადა. თუ საპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ არ არსებობს მისი დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობა სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, დაუშვებლობის მოტივით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს. დ-მ სარჩელი აღძრა მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვანის რაიონული განყოფილების მიმართ. (იხ. ს.ფ 1) მოპასუხეს - საქართველოს სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვანის რაიონულ ფილიალს ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 07.12.05წ. (იხ. ს.ფ. 20), 20.12.05წ. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვანის ფილიალმა განცხადებით მიმართა ვანის რაიონულ სასამართლოს 28.11.05წ. გადაწყვეტილების აღსრულების გადადების თაობაზე. ვანის რაიონული სასამართლოს 28.12.05წ. დადაგენილებით გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ვანის რაიონული სასამართლოს 28.11.05წ. გადაწყვეტილების აღსრულება გადაიდო კანონის ამოქმედებამდე. ამდენად, მოპასუხეს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვანის ფილიალს კანონით დადგენილ 14 დღიან ვადაში ვანის რაიონული სასამართლოს 28.11.05წ. გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, რის გამოც სსსკ-ის 264.1 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდმა ვანის რაიონული სასამართლოს 28.11.05წ. გადაწყვეტილება გაასაჩივრდა 5 თვის შემდეგ, 14.04.06წ., ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა კანონით დადგენილი ვადის დროის გასვლის შემდეგ, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 22.05.06წ. განჩინება, რომლითაც ფონდის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად და სააპელაციო პალატის 11.09.06წ. გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.2-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 11.09.06წ. გადაწყვეტილება და 22.05.06წ. განჩინება;

2. საქართველოს სოცილაური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.