¹ბს-903-865(კ-07) @14@@თებერვალი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი _ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,......-ის საავადმყოფო”
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განჩინება
დავის საგანი – დავალიანების გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 18 იანვარს სს “....-ის საავადმყოფოს" დირექტორმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თერჯოლის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თერჯოლის რაიონის გამგეობის მიმართ დავალიანების – 40495,44 ლარის გადახდის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ “ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის ¹723 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 თებერვლის ¹33 ბრძანებულებისა და “ჯანმრთელობის დაცვის იმერეთის სამხარეო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ" იმერეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2003 წლის 31 მარტის განკარგულების მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ფონდის ლიკვიდაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ძველი დავალიანების დაფარვა დაევალა რაიონის ადგილობრივ გამგეობას. მოსარჩელის განმარტებით, იმდროისათვის ფონდს გააჩნდა დავალიანება სს “.....-ის საავადმყოფოს" მიმართ 40495,44 ლარის ოდენობით, რაც აღიარებულია ფონდის მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე თერჯოლის რაიონის გამგეობას მის სასარგებლოდ დაკისრებოდა დავალიანების _ 40495,44 ლარის გადახდა.
მოპასუხე თერჯოლის რაიონის გამგეობამ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით სს “.....-ის საავადმყოფოს" დირექტორის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე თერჯოლის რაიონის გამგეობას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 40495,44 ლარის გადახდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თერჯოლის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
აპელანტის მითითებით, რაიონული სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, თუ რამდენად სწორად იყო სათანადო მოპასუხედ მიჩნეული თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ვინაიდან „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულის (სოფელი, თემი, ქალაქი) სამართალმემკვიდრე”, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა არ არის თერჯოლის რაიონის ყოფილი გამგეობის სამართალმემკვიდრე, რომელიც სარჩელის აღძვრის მომენტში ლიკვიდირებული იყო. ამავე კანონის 651-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილია მხოლოდ რაიონის გამგეობის 2006 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულ უფლება-ვალდებულებაზე, რის გამოც მუნიციპალიტეტის გამგეობას არ ეკისრება პასუხისმგებლობა რაიონის გამგეობის იმ ვალდებულებებზე, რომლებიც წარმოიშვა 2006 წლამდე პერიოდში. ამასთან, 2006 წლის მდგომარეობით, თერჯოლის საფინანსო სამსახურის მიერ წარმოებულ დოკუმენტაციაში რაიმე სახის დავალიანებები არ არის აღნიშნული. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 651-ე მუხლის მე-5 პუნქტი სპეციალურად ითვალისწინებს წინა წლებში წარმოქმნილი ადგილობრივი მმართველობის ორგანოების დავალიანების დაფარვის წესს, რომელიც შემუშავებულ უნდა იქნეს მთავრობის მიერ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განჩინებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 1998 წლის 1 აპრილისა და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის იმერეთის მხარეში 1998 წლის 28 მარტს დამტკიცებული “იმერეთის 1998 წლის სამედიცინო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ჯანდაცვის სამხარეო ფონდსა და სს “.....-ის საავადმყოფოს" შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ფონდმა აიღო ვალდებულება, განსაზღვრული სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებები შეეხებოდა როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონალური სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდას დამტკიცებული ტარიფების ფარგლებში.
ჯანდაცვის სამხარეო ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სს “....-ის საავადმყოფოს" წარმოეშვა მოთხოვნის უფლება სამედიცინო პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურების ღირებულებაზე.
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2003 წლის 31 მარტის ¹33 განკარგულების თანახმად, განხორციელდა ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ფონდის ლიკვიდაცია.
აღნიშნული განკარგულებით, ფონდის სალიკვიდაციო კომისიას დაევალა დებიტორ-კრედიტორების სრულყოფილი აღრიცხვა შედარების აქტების საფუძველზე, მხარეში შემავალი რაიონების საფინანსო დაწესებულებებთან, პროგრამების მომსახურე სამედიცინო დაწესებულებებთან და სხვა დებიტორ-კრედიტორებთან.
იმავე განკარგულების თანახმად, სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივ ხელმძღვანელებს დაევალათ სამედიცინო დაწესებულებებთან წარმოქმნილი დავალიანებების აღრიცხვა, შესაბამისად ადგილობრივ ბიუჯეტში მათი გათვალისწინება და ეტაპობრივად დაფარვა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, .....-ის საავადმყოფოსა და იმერეთის სამხარეო ჯანდაცვის ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გახდა მხარეთა ურთიერთვალდებულების წარმოშობის საფუძველი, საავადმყოფოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა _ ამბულატორიული და სტაციონალური სამედიცინო მომსახურება გაეწია მოსახლეობას _ იმ პროგრამის ფარგლებში, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით.
საავადმყოფოს მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი დადასტურებულია ჯანდაცვის ფონდის სალიკვიდაციო კომისიის მიერ, რომელმაც ასევე აღიარა ფონდის მიერ ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივი შესრულება და მიუთითა დავალიანების თანხაზე.
ფონდის ლიკვიდაციის გამო დარჩენილი ვალდებულების შესრულება, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის იმერეთის მხარეში 2003 წლის 31 მარტის ¹33ა განკარგულებით, დაევალა თერჯოლის რაიონის გამგეობას.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ წარმოადგენს თარჯოლის რაიონის გამგეობის სამართალმემკვიდრეს, ვინაიდან, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ორგანული კანონის 651-ე მუხლის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულია “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეული. იმავე მუხლის მე-4 ნაწილით, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რაიონის, იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში და თვითმმართველი ერთეულის 2006 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი უფლებები და ვალდებულებები გადაეცემა შესაბამის თვითმმართველ ერთეულს. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 დეკემბრის ¹244 დადგენილების “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისა და მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა დაფარვის წესის “დ" პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დაევალათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილი სხვა დანარჩენი დავალიანებები (გარდა ამ დადგენილების პირველი პუნქტის “ა", “ბ" და “გ" ქვეპუნქტებში მითითებულისა) და მმართველობის ორგანოების 2006 წლის შეუსრულებელი ვალდებულებები გაითვალისწინონ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის 2007 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას და უზრუნველყონ მათი ეტაპობრივი დაფარვა.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის განმარტებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა, როგორც თერჯოლის რაიონის გამგეობის სამართალმემკვიდრე, ვალდებული იყო შეესრულებინა .....-ის საავადმყოფოს მიმართ მის მიერ აღიარებული ვალდებულება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ თერჯოლის რაიონულ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს საფუძვლიანად არ შეუსწავლიათ კრედიტორული დავალიანების წარმოშობის და მისი სინამდვილეში არსებობის ფაქტი, არ გამოუკვლევიათ, თუ რა სახის და მოცულობის მომსახურება გაუწია შპს ,,..... პოლიკლინიკამ" მუნიციპალური პროგრამებიდან, ასევე ექვემდებარებოდა თუ არა თანხა ანაზღაურებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან და თუ ექვემდებარებოდა, რა ოდენობით. სასამართლო ცალმხრივად დაეყრდნო მხოლოდ სამხარეო ადმინისტრაციის მიმართვებს და იმ ურთიერთშედარების აქტს, რომელიც შედგენილია 2002 წლის 25 ივლისს ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ფონდსა და შპს ,,..... პოლიკლინიკას” შორის, რომელშიც, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, რაიონის გამგეობა ჩართული არ ყოფილა, ხოლო დავალიანება, რაიონის გამგეობის გვერდის ავლით, მისი წარმომავლობის ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იქნა ცალმხრივად აღიარებული და განსაზღვრული.
კასატორის განმარტებით, დავალიანების უტყუარი მტკიცებულებები რომც არსებობდეს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას აღნიშნული დავალიანების გადახდა არ უნდა დაკისრებოდა, ვინაიდან, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა არ არის თერჯოლის რაიონის გამგეობის სამართალმემკვიდრე. არასწორად განიმარტა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლი, რომელიც ნათლად უთითებს, რომ ,,მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემეკვიდრე", რაც იმას ნიშნავს, რომ 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის (რომელიც გაუქმდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებისთანავე) შესაბამისად, თვითმმართველობა ხორციელდება რაიონში შემავალ სოფელში, დაბაში, თემსა და ქალაქში, შესაბამისი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით. კასატორის მოსაზრებით, სამართალმემკვიდრეობის არასწორი განმარტების შედეგად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა აგრეთვე ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლიც, რომლის მე-4 და მე-5 პუნქტები პირდაპირ მიუთითებს, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რაიონის, იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში და თვითმმართველი ერთეულის 2006 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი უფლებები და ვალდებულებები გადაეცემა შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, რაც გულისხმობს, რომ ორგანულმა კანონმა თვითმმართველ ერთეულებს _ ანუ მუნიციპალიტეტს გადასცა ყოფილი ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების მხოლოდ 2006 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები. ამასთან, მე-5 პუნქტი სპეციალურად ითვალისწინებს და ავალებს საქართველოს მთავრობას, დადგენილებით განსაზღვროს ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული, ყოფილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილი დავალიანების რესტრუქტურიზაციისა და ლიკვიდირებული მმართველობის ორგანოების მიერ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესი. აღნიშნული წესი, ორგანული კანონის 651-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ჯერ კიდევ 2006 წლის 22 დეკემბრის ¹244 დადგენილებით, რაც სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია.
,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისა და მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა დაფარვის წესის" შესაბამისად განისაზღვრა და დაზუსტდა თვითმმართველობის ორგანოების ორგანიზაციული ხასიათის მოვალეობები რაიონის ყოფილი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების წინა წლებში წარმოქმნილ დავალიანებებთან დაკავშირებით, კერძოდ: წესის პირველი მუხლის ,,ა" და ,,ბ" პუნქტების შესაბამისად, თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა განიხილონ და დააზუსტონ ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რაიონების, იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების დავალიანებები; ,,დ" პუნქტის თანახმად, თვითმმართველ ერთეულებს დაევალათ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილი დავალიანებები და მმართველობის ორგანოების მხოლოდ 2006 წლის შეუსრულებელი ვალდებულებები გაითვალისწინონ შესაბამის თვითმმართველი ერთეულის 2007 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას და უზრუნველყონ მათი ეტაპობრივი დაფარვა, ხოლო ,,ე" პუნქტის მიხედვით პირდაპირ განისაზღვრა, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ 2006 წლამდე წარმოქმნილ დავალიანებათა შესახებ მონაცემები სათანადო დოუკუმენტაციით 2007 წლის 1 აპრილამდე განსახილველად წარედგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, ამ მონაცემების დაზუსტების შემდეგ, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა დაფარვის შესახებ კონკრეტულ წინადადებებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას, ზემოაღნიშნული სადავო დავალიანების არებობის შესახებ, დოკუმენტალურად ეცნობებინა ფინანსთა სამინისტროსათვის, რაიონის ლიკვიდირებული გამგეობის საფინანსო დოკუმენტაცაში აღნიშნული კრედიტორული დავალიანების არარსებობის გამო, ხოლო აღნიშნული დავალიანების სასამართლო წესით დადასტურების შემთხვევაშიც დავალიანების დაფარვის საკითხის გადაწყვეტა, ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის კომპენტენციას წარმოადგენს და არა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ვალდებულებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სააქციო საზოგადოება ,,.....-ის საავადმყოფო” დაფუძნდა სახაზინო საწარმოს ბაზაზე, სახელმწიფოს ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით და დარეგისტრირდა თერჯოლის რაიონულ სასამართლოში 1999 წლის 27 დეკემბერს.
სს ,,....-ის საავადმყოფოსა” და ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ფონდს შორის ,,იმერეთის 1998 წლის სამხარეო ჯანდაცვითი პროგრამის” ფარგლებში დაიდო ხელშეკრულებები: იმერეთის მხარის მოსახლეობის სტაციონალური სამედიცინო დახმარებისა და ,,უმწეოთა” დამატებითი სამედიცინო დახმარების 2001 წლის სამხარეო პროგრამით გათვალისწინებული პროფილური სამედიცინო დახმარების გაწევისა და შესაბამისი საფასურის დაფარვისა და შესაბამისი პროფილური სამედიცინო დახმარების გაწევის თაობაზე.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების 2.3.1 პუნქტის შესაბამისად, ფონდმა იკისრა ვალდებულება მოეხდინა პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარების ორგანიზება და დაფინანსება, დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ნორმატივების და ტარიფების მიხედვით ფონდში სათანადო თანხების აკუმულირების შემთხვევაში, კვარტალში არაუმეტეს 7500 ლარისა, ხოლო იმავე ხელშეკრულებების 2.2.1 მუხლების თანახმად, სს ,,....-ის საავადმყოფო” უფლებამოსილი იყო მიეღო შესრულებული სამუშაოს საფასური დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში ფაქტიური ხარჯის შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 03 თებერვლის ¹33 ბრძანებულების ,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 09 დეკემბრის ¹723 ბრძანებულების ძალადაკარგულად ჩათვლის თაობაზე” და ,,ჯანმრთელობის დაცვის იმერეთის სამხარეო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ” იმერეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2003 წლის 31 მარტის ¹33 განკარგულების საფუძველზე, ჯანმრთელობის დაცვის იმერეთის სამხარეო ფონდში განხორციელდა სალიკვიდაციო სამუშაოები. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულების 3.3 პუნქტით, დებიტორულ-კრედიტორული ვალდებულებების სრულყოფილი აღრიცხვა-შედარების მიზნით შესაბამის სამსახურებს დაევალა შედარების გაკეთება ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ფონდთან, თანდართული დანართების მიხედვით. რის საფუძველზეც კრედიტორთა ნუსხაში მე-10 ნომრად აღინიშნა სს ,,....-ის საავადმყოფო” _ 40495, 44 ლარით.
საკასაციო სასამართლო სადავო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაციის ნაწილში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და ადასტურებს, რომ სახეზეა ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი.
ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი, არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამდენად, უდავოა, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის სამართლებრივი რეგულაციებიც ჩადებულია სამოქალაქო კოდექსში.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ადასტურებს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა ხელშემკვრელ მხარეს აკისრებს საპასუხო შესრულების ვალდებულებას. მაგრამ, იმავდროულად საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს ვალდებულების ფარგლების განსაზღვრას. კერძოდ, იმ გარემოების დადგენა-გამოკვლევას, თუ რა მოცულობის მომსახურება იქნა სს ,,....-ის საავადმყოფოს” მიერ გაწეული და აღნიშნულის სანაცვლოდ რა ოდენობის თანხა ექვემდებარება ანაზღაურებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ საქმეში წარმოდგენილი იმერეთის სამხარეო ფონდის 2001 წლის 26 თებერვლის წერილი და საფინანსო განყოფილების ცნობა არ იძლევა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან თანხის ოდენობის ნაწილში სათანადო დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ზემოაღნიშნული გარემოების გამოკვლევისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება, კერძოდ სააპელაციო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით უნდა გამოიკვლიოს დამატებითი მტკიცებულებები და დაადგინოს, საბუღალტრო დოკუმენტაციის შესაბამისად რა ოდენობის დავალიანება ირიცხება თერჯოლის რაიონის გამგეობის ბალანსზე.
აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ გამოყენებულ მტკიცებულებეზე და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო მხრიდან დამატებითი გამოკვლევის საგნად უნდა იქცეს ის გარემოება, თუ რა პერიოდს და რომელ სახელშეკრულებო ვალდებულებებს მოიცავს საზოგადოების მოთხოვნა, რაც სასამართლოს მისცემს მხარეთა შორის ერთხელ უკვე მორიგებით დასრულებული მოთხოვნის გამორიცხვის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოების სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია კრედიტორული დავალიანების ზუსტი განსაზღვრა და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას შპს ,,.... პოლიკლინიკის” მიმართ მისი ვალდებულებების გამორიცხვის თაობაზე და კასატორის ყურადღებას მიაქცევს ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისა და მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა დაფარვის წესის” დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 დეკემბრის ¹244 დადგენილების შინაარსს. საგულისხმოა, რომ მითითებული დადგენილება არ იძლევა ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ვალდებულებებისაგან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძველს. კერძოდ, მითითებული დადგენილების პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისა და მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა დაფარვის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დაევალა, ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რაიონების, იმ ქალაქების, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სალიკვიდაციო კომისიებიდან გადმოცემული, დადგენილი წესით განსაზღვრული 2006 წლის შეუსრულებელი ვალდებულებებისა და წინა წლების ვადაგადაცილებული დავალიანებების საკითხის განხილვა.
მითითებული პუნქტის ბოლო წინადადების ანალიზი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ მოცემული ნორმა არ იძლევა თერჯოლის გამგეობის პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძველს. უფრო მეტიც, ამავე დადგენილების პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ევალებათ ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა შესახებ მონაცემები სათანადო დოკუმენტაციით 2007 წლის 1 აპრილამდე განსახილველად წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს შემდეგი გარემოებების დადგენა-გამოკვლევას, რა ოდენობის კრედიტორული დავალიანება ერიცხებოდა თერჯოლის რაიონის გამგეობას სააქციო საზოგადოების მიმართ, იყო თუ არა ეს დავალიანება სათანადო წესით აღრიცხული და დოკუმენტურად დადასტურებული, დადებით შემთხვევაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან იქნა თუ არა გატარებული შესაბამისი ღონისძიებები დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებების დამატებით გამოკვლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, რა მიზნითაც საქმეს ხელახალი განხილვისათვის უბრუნებს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 04 ივნისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.