Facebook Twitter

ბს-905-867(კ-07) 1 ნოემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა კონცერნ “ა-ის” უფლებამონაცვლე შპს “ტ-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2007 წლის 24 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ კონცერნ “ა-ის” უფლებამონაცვლე შპს “ტ-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ შეესაბამებოდა აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილს _ ხსენებულ საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და კასატორ შპს “ტ-ას” დაევალა მისთვის ხარვეზის შესახებ 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის (დავის საგნის 5%, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა) გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინების კონცერნ “ა-ის” უფლებამონაცვლე შპს “ტ-თვის” ჩაბარების თაობაზე საფოსტო დასტურზე მითითებულია, რომ კასატორი გადასულია საკასაციო საჩივარში მითითებული მისამართიდან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვალდებული იყო სასამართლოსათვის ეცნობებინა თავისი მისამართის შეცვლის შესახებ, რაც მას არ გაუკეთებია, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე, ზემოხსენებული განჩინება კასატორისათვის ჩაბარებულად ითვლება 2007 წლის 9 ოქტომბერს. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2007 წლის 23 ოქტომბერს.

გარდა ამისა, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინების ყოფილ კონცერნ “ა-ის” წარმომადგენელ ი. კ-თვის ჩაბარების თაობაზე საფოსტო დასტურიდან ირკვევა, მას აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა 2007 წლის 3 ოქტომბერს. კონცერნ “ა-ის” უფლებამონაცვლე შპს “ტ-ას” მისთვის მიცემულ ვადაში არ შეუვსია 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება კონცერნ “ა-ის” უფლებამონაცვლე შპს “ტ-ის” საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს კონცერნ “ა-ის” უფლებამონაცვლე შპს “ტ-ის” საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.