Facebook Twitter

ბს-906-867(კ-06) 1 აგვისტო, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი _ ვ. მ-ე, წარმომადგენელი მ. ს-ი (მოსარჩელე)

კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი გ. ც-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 29 ივლისს ვ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 8 ივლისის ¹1847 ბრძანების მე-13 პუნქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება, შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1992 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეირაღებული ძალების რიგებში ოფიცრად სხვადასხვა თანამდებობებზე, მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 23 აპრილის ¹343 განკარგულებით გამოეცხადა მადლობა სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სამხედრო ფიცისადმი ერთგულებისათვის, ხოლო 2004 წლის 16 ივნისის ¹512 განკარგულებით დაჯილდოვდა “ღირსების ორდენით”. სამსახურიდან გათავისუფლებამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ს/ნ ¹........-ში უზრუნველყოფის ბატალიონის ოფიცრად სახელფასო განაკვეთით 799 ლარის ოდენობით. 2005 წლის 9 ივლისს ს/ნ ¹......-ის მეთაურის ბრძანებით გავიდა კუთვნილ შვებულებაში, 10 ივლისიდან 25 აგვისტომდე. შვებულებაში ყოფნის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2005 წლის 8 ივლისის ¹1847 ბრძანებით გაათავისუფლა შეირაღებული ძალების რიგებიდან სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, რაც მისთვის ცნობილი გახდა 12 ივლისს.

მოსარჩელემ მიუთითა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ იგი თანახმაა გადავიდეს სხვა თანამდებობაზე. მისი გათავისუფლება მოხდა კუთვნილ შვებულებაში ყოფნის დროს. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან შემცირების, ასაკის ან ატესტაციის შედეგების გამო იმ დროის მანძილზე, როდესაც ამ კანონის 89-ე მუხლის “ბ”-“ი” ქვეპუნქტების საფუძველზე შეჩერებული იყო მისი სამსახურებრივი ურთიერთობა, მათ შორის, შვებულებაში ყოფნის დროს (ს.ფ. 1-3, 42-43).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრიეს 2005 წლის 8 ივლისის ¹1847 ბრძანება ვ. მ-ის შეირაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის ნაწილში და მოპასუხეს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ამ უკანასკნელთან მიმართებაში ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში (ს.ფ. 112-116).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. მ-ემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ს.ფ. 121-124).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატეს 2006 წლის 17 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის დამადასტურებელ ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენდა მე-...... ქვეითი ბრიგადის მეთაურის პატაკი, რომელშიც კონკრეტულ გარემოებათა და მტკიცებულებათა დაუსახელებლად მხოლოდ დაფიქსირებული იყო ვ. მ-ის მიერ თავისი მოვალეობის შეუსრულებლობა. მოსარჩელის პირადი საქმის მასალები არ იძლეოდა ასეთი დასკვნის საფუძველს, ვინაიდან დგინდებოდა, რომ ვ. მ-ე წახალისებული იყო სამსახურებრივ მოვალეობათა კეთილსინდისიერი შესრულებისათვის, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 16 ივნისის ¹512 განკარგულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს კოლეგიის დასკვნას სადავო ადმინისტრაციული აქტის საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე გამოცემის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია სამუშაოზე აღდგენის, იძულებით განაცდურის ანაზღაურებისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მსჯელობა, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 8 ივლისის ¹1847 ბრძანების მე-13 პუნქტის გამოცემისას არ იყო სრულყოფილად გამოკვლეული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, თავად გადაეწყვიტა საკითხი (ს.ფ. 143-146).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. მ-ემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორმა ვ. მ-ემ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა მიუთითა, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონსშესაბამისად გამოცემა, რისი გათვალისწინებითაც სასამართლოს, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა. სასამართლოს, იმის ნაცვლად, რომ მოპასუხისათვის დაევალებინა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, უნდა აღედგინა სამსახურში, მოპასუხისათვის დაეკისრებინა იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება ყოველთვიურად 799 ლარის ოდენობით და გადაწყვეტილება მიექცია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (ს.ფ. 151-153).

კასატორმა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ იხელმძღვანელა კანონით, როლითაც უნდა ეხელმძღვანელა, კერძოდ, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონით და საქართველოს მეთაურის მიერ 1994 წლის 2 სექტემბრის ¹294 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდებით”. აღნიშნული წესდების პირველი თავის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო დისციპლინა ეფუძნება სამხედრო მოსამსახურეების მიერ თავიანთი მოვალეობის განუხრელად შესრულებას, პირადი პასუხისმგებლობის მაღალ შეგნებას, მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას საქართველოს ინტერესების დასაცავად. ამავე წესდების მე-3 თავის 39-ე პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში მეთაურმა უნდა შეახსენოს მას სამსახურებრივი მოვალეობები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში შეუფარდოს დისციპლინური სასჯელი, ამასთან, მას შეუძლია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენოს ნებისმიერი სასჯელი. კონკრეტულ შემთხვევაში ვ. მ-ის ყოფილი მეთაურის ვ. ჩ-ას 2005 წლის 4 ივლისის პატაკიდან ირკვეოდა, რომ მოსარჩელე ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. სწორედ აღნიშნული პატაკი გახდა მისი შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის საფუძველი.

რაც შეეხებოდა თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 8 ივლისის ¹1847 ბრძანების კანონიერებას, თავდაცვის სამინისტრომ მიუთითა, რომ იგი გამოცემულია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, ამავე კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად (ს.ფ. 157-158).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება ვ. მ-თვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. მ-ის სარჩელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს, ვ. მ-ეს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ხელფასი სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე გამოცემის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის გზით და სავალდებულოა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში უნდა მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის სადავო ბრძანება გამოცემულია მოსარჩელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის ფაქტების გამოკვლევის გარეშე. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამ მიმართებით უპირობოდ გაიზიარა ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2005 წლის 4 ივლისის პატაკი იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ვ. მ-ე არ ასრულებდა თავის ფუნქციონალურ მოვალეობებს. სადავო ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ, კონკრეტულად, რაში გამოიხატებოდა მოსარჩელის მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობა, რომელ კონკრეტული მოვალეობის დარღვევა ედო საფუძვლად ქვეითი ბრიგადის მეთაურის პატაკს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ დაუსახელებია ვ. მ-ის სამსახურებრივი საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების რაიმე საფუძველი, აღნიშნულის შესახებ მონაცემები არც საქმის მასალებში მოიპოვება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვალდებული იყო, ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და გამოეკვლია ყველა კონკრეტული გარემოება, მით უფრო, რომ საკითხი ეხებოდა მაღალკვალიფიციური სამხედრო მოსამსახურის სამხედრო ძალებიდან დათხოვნას, რომელიც მანამდე მხოლოდ დადებითად ხასიათდებოდა და მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო _ ღირსების ორდენი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 ნაწილების, 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა უგულებელყოფით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართლზომიერია გასაჩივრებული განჩინება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სესაბამისად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების ხელახალი შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში. ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით უნდა გამოიკვლიოს, თუ, კონკრეტულად, რაში გამოიხატა მოსარჩელის მიერ თავისი ფუნქციონალური მოვალეობების შეუსრულებლობა და აღნიშნული რამდენად წარმოადგენს მისი სამხედრო ძალებიდან დათხოვნის საფუძველს. ადმინისტრაციულმა ორგანოს შეფასება უნდა მისცეს საქმეში დაცულ მოსარჩელის კვალიფიკაციის დამადასტურებელ საბუთებს, დადებით დახასიათებას. აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მიღებულ უნდა იქნეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების ან აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო მოხელეს ხელფასი ეძლევა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, განსაზღვრულია საჯარო მოხელისათვის ხელფასის გაცემის პერიოდი, რაც მოიცავს დროს სამსახურში მიღებიდან გათავისუფლებამდე. ამასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ კანონი მოხელისათვის ხელფასის ანაზღაურებას არ უკავშირებს მხოლოდ და მხოლოდ სამსახურში მის უშუალო ყოფნას და მუშაობას. საჯარო მოხელის ხელფასი არ არის ხელფასი გამომუშავებაზე. თუკი მოხელე თავისი ბრალით, არასაპატიოდ არ იმყოფება სამსახურში, ასეთი შემთხვევა შეიძლება მითითებული კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” და “დ” ქვეპუნქტების საფუძველზე გახდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით ხელფასის დაკავების ან 99-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მისი სამუშაოდან გათავისუფლების დამოუკიდებელი საფუძველი. შემთხვევას, როდესაც მოხელე არ არის გათავისუფლებული სამსახურიდან და ადმინისტრაციის ბრალით ვერ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ”, ისევე როგორც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი არ განიხილავს ხელფასის გაუცემლობის საფუძვლად.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობილი არაკანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდში მოსარჩელე ვერ განიხილება პირად, რომელმაც დაკარგა საჯარო მოხელისა და სამხედრო მოსამსახურის სტატუსი, მას აღნიშნული სტატუსი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებული აქვს და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლით განსაზღვრული მოხელისათვის ხელფასის ანაზღაურების პერიოდში წყვეტა არ არის. შემდგომში მოხელის სამუშაოზე დარჩენისა თუ მისი განთავისუფლების საკითხი უკვე სამომავლო საკითხია, რომელიც უნდა გადაწყდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და რომელიც გამოცემულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად და შესაბამისად, უნდა იყოს დასაბუთებული. ბათილად ცნობილი არაკანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდი ვერ მოექცევა სამოხელეო ურთიერთობების მიღმა და სამართლებრივი სიცარიელე მოხელის, ისევე როგორც სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან მიმართებაში ამ შემთხვევაში ვერ იქნება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არსებითად არ არის გადაწყვეტილი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე საჭიროებს ხელახალ გამოკვლევას, არის მხოლოდ მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის და არა მისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით ნაწილობრივ აკმაყოფილებს სარჩელს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება ვ. მ-თვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

4. ვ. მ-ის სარჩელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს;

5. ვ. მ-ეს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ხელფასი სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე;

6. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება დარჩეს უცვლელად;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.