Facebook Twitter

¹ბს-906-868(კ-07) 31 იანვარი, 2008წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა ზ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 10 ოქტომბერს ზ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქარელის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2004 წლის 13 აგვისტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ო. კ-ის სახელზე განხორციელებული ბინისა და მიწის რეგისტრაციის გაუქმება.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

მოსარჩელის განმარტებით, 2001 წლის 11 იანვარს მან ევგენი ტეტუნაშვილისაგან იყიდა ბინა ქარელის რაიონის სოფელ ..., რომელიც არავის სახელზე არ იყო რეგისტრირებული, მხოლოდ სოფლის საკრებულოს მონაცემებით ეკუთვნოდა ვინმე ოლღა ფუხაშვილს. 2004 წლის ივლისში მოსარჩელემ ქარელის სარეგისტრაციო სამსახურში მოითხოვა აღნიშნული ბინის რეგისტაცია. ვინაიდან ბინა არ აღმოჩნდა ე. ტ-ის სახელზე რეგისტრირებული, ურჩიეს ბინის რეგისტარაცია განხორციელებულიყო ჯერ ე. ტ-ის სახელზე და შემდგომ გადაეფორმებინა მას. ბინის შეძენის დროს ხელშეკრულების გაფორმებისას მოსარჩელეს არ აღმოაჩნდა პირადობის მოწმობა და ამიტომ ბინა ხელშეკრულებაში გაფორმდა მისი შვილის ო. _ კ-ის სახელზე. 2004 წლის 13 აგვისტოს სადავო ბინა ქარელის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირდა ო. კ-ის სახელზე, რომელიც იმ დროისათვის 2 თვის გარდაცვლილი იყო. მოსარჩელემ გარდაცვლილ პირზე ბინის რეგისტრაციის განხორციელება მიიჩნია უკანონოდ და მოითხოვა აღნიშნული რეგისტრაციის ბათილად ცნობა (ს.ფ. 5-6).

ქარელის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მოსარჩელის რძალი ლ. ლ-ე (ს.ფ. 24).

ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ზ. კ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

ქარელის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები შემდეგში მდგომარეობს:

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეს თან ერთვის მხარეების მიერ წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ე. ტ-სა და ო. კ-ს შორის 2001 წლის 11 იანვარს. საქმეში ასევე წარმოდგენილია ქორწინების მოწმობა ლ. ლ-სა და ო. კ-ს შორის და ო. კ-ის გარდაცვალების მოწმობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-17 მუხლი არ კრძალავს მიწისა და სხვა უძრავი ქონების რეგისტრაციას გარდაცვლილ პირზე. ასევე, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ე ცნობილ იქნა გარდაცვლილი ო. კ-ის სახელზე ქარელის რაიონის სოფელ .... აღრიცხული საცხოვრებელი სახლის ნაწილის თანამესაკუთრედ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ო. კ-ის სახელზე ბინის საკუთრების რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა უკანონოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს (ს.ფ. 75-77).

ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. კ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. მისი განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-17 მუხლი, რადგან მასში არ არის აღნიშნული, რომ სარეგისტრაციო სამსახურს გარდაცვლილ პირზე საკუთრების დარეგისტრირების უფლება აქვს. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ლ-ე ცნობილ იქნა სადავო ბინის თანამესაკუთრედ, გასაჩივრებულია და არ არის კანონიერ ძალაში შესული. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ საკუთრების რეგისტრაცია უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და საკუთრება დარეგისტრირდა სამი წლისა და რვა თვის გასვლის შემდეგ, რაც, მისი მოსაზრებით, უკანონოა (ს.ფ. 79-81).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ მათი გამაბათილებელი არგუმენტები აპელანტს სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთების შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რეგისტრაციისათვის განცხადების შეტანა შეუძლია როგორც გამსხვისებელს, ისე შემძენს. ლ. ლ-ემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა ყველა ის დოკუმენტი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთების რეგისტრაციისათვის არის აუცილებელი, მათ შორის, ე. ტ-სა და ო. კ-ს შორის 2001 წლის 11 იანვარს დადებული სანოტარო წესით დამოწმებული სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელსაც ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უდავო მტკიცებულებითი ძალა აქვს.

სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების რეგისტრაცია არ მომხდარა 30 დღის ვადაში და განმარტა, რომ, მართალია, იმ დროს მოქმედი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული იყო სარეგისტრაციოდ წარდგენის ვადა, კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყველა ხელშეკრულება, ან სხვა დოკუმენტი, რომელიც გავლენას ახდენდა მიწაზე, ან მასთან დაკავშირებულ სხვა უძრავ ქონებაზე, რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა ყოფილიყო მისი შედგენიდან არაუგვიანეს 30 დღისა, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ დოკუმენტი რეგისტრაციისათვის წარდგენილ იქნებოდა მისი შედგენიდან 30 დღის შემდეგ, მაშინ მოსაკრებლის გარდა დამატებით გადაიხდებოდა თანხა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არსებული წესით დადგენილი ნორმით. აქედან გამომდინარე კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის გარდა დამატებითი თანხის გადახდა და არა რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა (ს.ფ. 138-140, 151-152).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზაქარია კოკოზაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ფორმალურად აღნიშნა, რომ შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და შეაფასა მისი სამართლებრივი საფუძველი, რასაც აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია, თუ რამდენად სწორად გამოიყენა ქარელის რაიონულმა სასამართლომ ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია, ხომ არ ჯობდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ფიზიკური პირის უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობისა და შეწყვეტის საფუძვლებს (ს.ფ. 150).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ზ. კ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 30%-ის _ 90 (ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.