Facebook Twitter

¹ბს-907-868(კ-06) 7 მაისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ნ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 15 ივლისს თ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1997 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შინაგანი ჯარის (ყოფილი ჰოსპიტლის) ¹...... სამხედრო სამედიცინო ნაწილში, ....... განყოფილების მორიგე ექიმ-.....-ად.

2003 წლის 19 ივლისს შეეძინა ქალიშვილი, რის გამოც 2003 წლის 14 მაისიდან იმყოფებოდა ჯერ ფასიან, ხოლო შემდგომ _ უფასო სადეკრეტო შვებულებაში. სადეკრეტო შვებულების პერიოდში, ,,საქართველოს სამხედრო ჯარებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹616 ბრძანებულებით განხორციელდა საქართველოს შსს შინაგანი ჯარების რეორგანიზაცია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შინაგანი ჯარების ქვეგანყოფილებები (არსებული საშტატო რიხცოვნობა), მათ შორის, სამედიცინო სანიტარული (ს/ნ ......), სადაც იგი მუშაობდა ექიმ-........-ად, გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

მოსარჩელის მითითებით, რეორგანიზაციის შესახებ შეტყობინებისთანავე პატაკით მიმართა თავდაცვის სამინისტროს კადრების სამსახურის უფროსს და მოითხოვა მისი, როგორც სადეკრეტო შვებულებაში მყოფი პიროვნების, სტატუსის გარკვევა, რაზეც პასუხი არ მიუღია და ასევე არ ჩაჰბარებია ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.

მოსარჩელის განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 110-ე მუხლით მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით, ხოლო ამავე კანონის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილით მოხელე (ქალი) არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლამდე აღზრდის პერიოდში. მისი გათავისუფლება კი მოხდა აღნიშნული მუხლის დარღვევით, ვინაიდან მას უხელფასო სადეკრეტო შვებულება ეკუთვნოდა 2006 წლის 19 ივლისამდე, ანუ მისი მცირეწლოვანი ქალიშვილის სამი წლის ასაკის მიღწევამდე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა სამსახურში აღდგენას.

მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. ნ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქართველოს თავდაცვის სისტემაში თ. ნ-ის სამსახურებრივი მოწყობის საკითხის თაობაზე.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღინისძიებების შესახებ” 2004 წლის 27 დეკემბრის ¹616 ბრძანებულებით განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რეორგანიზაცია და ¹...... სამედიცინო სანიტარული ნაწილი გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

თ. ნ-ის ნამსახურობის ნუსხაში არ იყო აღნიშნული, რომ იგი იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში შსს-ში სამსახურის დროს. ასევე არ იქნა წარდგენილი შსს-დან მოსარჩელე თ. ნ-ე საქართველოს Yთავდაცვის სამინისტროში დასასაქმებლად. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის, როგორც მოხელის სტატუსის, სამართლებრივ მდგომრეობას თავდაცვის სამინისტრო ვერ გაარკვევდა, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹616 ბრძანებულების საფუძველზე განხორციელდა შინაგანი ჯარების რეორგანიზაცია და თავდაცვის სამინისტროს დაევალა გადაცემული ქვეგანყოფილებების რეორგანიზაცია და მათი დაკომპლექტება, მაგრამ აღნიშნული აქტით საქართველოს თავდაცის სამინისტროს არ ევალებოდა შსს-ს ყველა ყოფილი თანამშრომლის დასაქმება რეორგანიზაციის მსვლელობის დროს.

აპელანტის მითითებით, თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, შსს ყოფილი თანამშრომლები დაასაქმოს თავდაცვის სამინისტროში, მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების პირობებში, რასაც სასამართლო უკანონოდ ავალებს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ,,საქართველოს სამხედრო ჯარებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹616 ბრძანებულების მე-5 პუნქტით თავდაცვის სამინისტროს დაევალა გადაცემული საშტატო რიცხოვნობისა და დაფინანსების გათვალისწინებით ქვედანაყოფის რეორგანიზაცია და დაკომპლექტება, რაც გულისხმობს ამ ერთეულის მუშაკთა შრომით დასაქმების თაობაზე საკითხის გადაწყვეტას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის მიერ დასახელებული სათანადო ინფორმაციის უქონლობა მოსარჩელის დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის თაობაზე, ადასტურებს თ. ნ-ის შრომითი სტატუსის გამსაზღვრელი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის აუცილებლობას.

მითითებული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ თ. ნ-ე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შინაგანი ჯარის ¹...... სამხედრო სამედიცინო სანიტარული ნაწილის ....... განყოფილების მორიგე ექიმად. იგი 2003 წლის 14 მაისიდან იმყოფებოდა ჯერ ფასიან, შემდეგ კი უფასო სადეკრეტო შვებულებაში, რაც არც პირადი საქმით და არც სხვა რაიმე მტკიცებულებით არ იკვეთებოდა, იგი წარდგენილიც არ ყოფილა თავდაცვის სამინისტროში თანამდებობაზე დასანიშნად და შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს არანაირი ბრალი არ მიუძღვის მისი სამსახურებრივი მოწყობის საკითხთან დაკავშირებით.

,,საქართველოს სამხედრო ჯარებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹616 ბრძანებულებით განხორციელდა საქართველოს შსს შინაგანი ჯარების რეორგანიზაცია და სამხედრო ნაწილი ¹...... გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. რეორგანიზაციის მიმდინარეობის პროცესში ყველა სამხედრო მოსამსახურის დასაქმება შეუძლებელი იყო. უფრო მეტიც, კასატორის მითითებით, შინაგანი ჯარის ადმინისტრაციის მიერ არ იყო გარკვეული მოსარჩელის სტატუსი, არ არსებობდა დეკრეტული შვებულების გაფორმების დამამტკიცებელი აქტები.

კასატორის განმარტებით, ზემოხსენებული ბრძანებულება არ ავალებს თავდაცვის სამინისტროს შინაგანი ჯარების ყველა სამხედრო მოსამსახურეების შრომით დასაქმებას, შრომითი სტატუსის განმსაზღვრელ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას და ბრძანებულების ამოქმედებამდე, დოკუმენტალური ხარვეზების აღმოფხვრას, რაც, ფაქტობრივად, ყოფილ სამსახურს უნდა შეესრულებინა.

,,საქართველოს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ქალს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისთვის შვებულება ეძლევა საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტებისათვის, იურიდიული ძალის მიხედვით, დადგენილია შემდეგი იერარქია – საქართველოს კანონი, შემდეგ კი _ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება. ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას უპირატესობა ეძლევა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, კონკრეტულ შემთხევევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, რომელიც არ ავალდებულებს ადმინისტრაციას, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების პირობებში დეკრეტულ შვებულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურის აუცილებელ დასაქმებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ნ-ე საქართველოს შინაგანი ჯარების სარდლის 1998 წლის 20 მაისის ¹234 პ/შ ბრძანებით დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ¹....... ნაწილის ....... განყოფილებაში მორიგე ექიმ .......-ად.

სამედიცინო სანიტარული ნაწილი ......-ის მეთაურის 2003 წლის 14 მაისის ¹133 ს/ნ ბრძანებაზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ნ-ე 2003 წლის 8 მაისიდან 2003 წლის 10 სექტემბრამდე იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში.

როგორც საქმეში, ს.ფ. 27-31-ზე დაცული ნამსახურობის ნუსხიდან ირკვევა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოს თ. ნ-ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე არ მიუღია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ნამსახურობის ნუსხაში ასევე არ ასახულა ამ უკანასკნელის დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის ფაქტი.

დადგენილია და აღნიშნულს სადავოდ არ ხდის თავად კასატორიც, რომ ,,საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹616 ბრძანებულებით განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რეორგანიზაცია. იმავე ბრძანებულების საფუძველზე შინაგანი ჯარების ქვეგანყოფილებები, მათ შორის _ სამედიცინო-სანიტარული ნაწილი ს/ნ ¹...... გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. ამავე ბრძანებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა უზრუნველეყო შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებისა და ცენტრალური აპარატის სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გაგრძელება საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადასტუროს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მართებულება და მიაჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ თ. ნ-თან დაკავშირებით კასატორს არ მიუღია კონკრეტული გადაწყვეტილება, მათან მიმართებაში დაირღვა საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულების მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განხორციელებული რეორგანიზაცია არ იძლეოდა ყველა თანამშრომლის დასაქმების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ არსებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თ. ნ-თან მიმართებაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუღია არანაირი აქტი, მათ შორის _ რეორგანიზაციის გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მოკლებულია კასატორის მიერ წარმოდგენილი საფუძვლების შემოწმების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოები, მათ შორის საკასაციო სასამართლოც ვერ იმსჯელებს გათავისუფლების კანონისმიერ საფუძველზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ არის შემოწმების ფორმალური საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ასევე ადასტურებს კასატორის მხრიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 110-ე მუხლის დარღვევის ფაქტს, კერძოდ, მითითებული მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით. შრომის წიგნაკში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გათავისუფლების თარიღის აღნიშვნით, რაც თ. ნ-თან მიმართებაში არ განხორციელებულა.

ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ სახეზეა პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შელახვის ფაქტი, რაც ამ უკანასკნელს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოითხოვოს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა და რა თვალსაზრისითაც საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულებას, თ. ნ-ის შრომითი მოწყობის საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის გაზიარებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.