Facebook Twitter

¹ბს-907-869(კ-07) 20 თებერვალი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ. ე-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.07წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი – ერთჯერადი დახმარების თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ე-ამ 18.10.06.წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა თავდაცვის სამინისტროს მიმართ და 1728.91 ლარის ოდენობით 1998-2000წწ. სახელფასო დავალიანების, 2587.2 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარების და 500 ლარის ოდენობით ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1993-2001წწ. მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინიტროს სისტემაში, სამსახურიდან გათავისუფლებისას ეკავა სამხედრო ნაწილის საავტომობილო სამსახურის .......-ის თანამდებობა. 08.03.2000წ. მიმდინარე სამხედრო სწავლების დროს, როდესაც იგი ასრულებდა მეთაურის სიტყვიერ ბრძანებას და ახორციელებდა კავშირგაბმულობის მანქანის გამართვა-გაწყობას, დაეცა ანძა. საველე პირობებში პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ მოსარჩელე გადაყვანილ იქნა ქ. ....-ის საავადმყოფოს ნეიროქირურგიულ განყოფილებაში ქალა-ტვინის ღია ტრავმის, მარცხენა შუა ფოსოში ქალა-ფუძის მოტეხილობის, მარცხენა საფეთქლის და თხემის ძვლების მოტეხილობის, მარცხენა საფეთქლის არეში ინტრა-ცებრალური ჰემატომის, თავის ტვინის დაჟეჟილობის, ლავიწის მარცხენა ძვლის მოტეხილობის და ორივე მტევნის სახსრების ამოვარდნის დიაგნოზით. საავადმყოფოში მკურნალობის კურსმა შედეგი არ გამოიღო, რის გამოც 31.07.01წ. მოსარჩელეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის სამხედრო-საექიმო კომისიამ დაუდგინა დიაგნოზი: ქალა-ტვინის ღია ტრავმისა და თავის ტვინის დაჟეჟილობის მყარი ნარჩენი მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების ნიშნების სახით, პიროვნული ცვლილებებით ასთენო-ნევროზული ხასიათის აქცენტუაციის დონეზე, რის საფუძველზეც მოსარჩელეს დაუდგინდა ინვალიდობის მე-2 ჯგუფი, ხოლო საქართველოს სამხედრო ძალების ცენტრალური სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის 19.09.06წ. გადაწყვეტილებით _ მუდმივი ინვალიდობის მე-2 ჯგუფი – შრომისუუნარო. მოსარჩელის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისას მოპასუხეს გააჩნდა მისი 1728 ლარის ოდენობით 1998-2000წწ. სახელფასო დავალიანება. მან ტრავმა მიიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და უნდა მიეღო ერთჯერადი კომპენსაცია თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების ნამრავლი 5 წელზე. მოსარჩელის განცხადებით, მან არაერთხელ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი კომპენსაციის მიღებისა და ძველი დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, მაგრამ საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის მოტივით მოპასუხე თანხას არ უნაზღაურებდა. მოსარჩელეს გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 18.09.06წ. წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო. განსახილველი შრომითი ურთიერთობა ემყარებოდა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონს, რაც, მოსარჩელის განცხადებით, გამორიცხავს სახელშეკრულებო ურთიერთობებისათვის დადგენილ 3 წლიან ხანდაზმულობის ვადას. ამ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის 10 წლიანი საერთო ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.02.07წ. გადაწყვეტილებით გ. ე-ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4316 ლარის გადახდა.

სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდებოდა, რომ ტრავმის მიღების მომენტში მოსარჩელე ასრულებდა უფროსის ბრძანებას, რაც “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ითვლება სამსახურებრივი მოვალეობის დამადასტურებელ პირობად, აღნიშნული ფაქტი კი, ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არის ერთჯერადი დახმარების გაცემის საფუძველი. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებით, კერძოდ ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის 30.05.06წ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საფინანსო სამსახურის სახელზე გაგზავნილი ¹1390 წერილით დადასტურებულად მიიჩნია გ. ე-ას მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანების არსებობა, რომელიც ხელფასისა და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გათვალისწინებით შეადგენდა 1728,91 ლარს. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ცნობა არის მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც საკმარისი საფუძველია სახელფასო დავალიანებისა და გასასვლელი ერთჯერადი დახმარების გადახდის მოპასუხისათვის დაკისრებისათვის. საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე ტრავმის მიღების მომენტში ასრულებდა უფროსის ბრძანებას, რაც “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 31.4 მუხლის “კ” ქვეპუნქტის თანახმად ითვლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობად. საქართველოს სამხედრო ძალების ცენტრალური სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის 19.09.06წ. გაცემულ GA¹90 ცნობით ირკვევა, რომ გ. ე-ას დაუდასტურდა ინვალიდობის მე-2 ჯგუფი, ხოლო ინვალიდობის მიზეზად მითითებულია _ სამხედრო ტრავმა. აღნიშნული “სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 16.3 მუხლის თანახმად არის ერთჯერადი დახმარების გაცემის საფუძველი. სასამართლომ მიუთითა, რომ ტრავმის პერიოდში მოქმედი რედაქციით ხსენებული ნორმის მიხედვით სამხედრო პირს მისი დასახიჩრების შემთხვევაში მიეცემოდა ერთჯერადი დახმარება 5 წლის საზღაურის ოდენობით, ამდენად სარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ერთჯერადი კომპენსაციის _ 2587,2 ლარის გადახდის დავალდებულების ნაწილში მართებულია. სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ მოთხოვნის წარმოშობის დღიდან გასული არ იყო საერთო ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.02.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და 19.02.07წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ თავდაცვის სამინისტროზე მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების სახით _ 2587,2 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის ერთჯერადი დახმარების ფულადი სარგოს ხუთმაგი ოდენობით ანაზღაურებაზე უარის თქმა მოითხოვა ხანდაზმულობის ვადის გაცდენის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.07წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.02.07წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილის შეცვლით, რომლითაც დაკმაყოფილდა გ. ე-ას სარჩელი მოპასუხისათვის ერთჯერადი დახმარების, 2587 ლარის, გადახდის დაკისრების თაობაზე, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ე-ას სარჩელი მოპასუხისათვის ერთჯერადი დახმარების 2587 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიების გავრცელება დამოკიდებულია გარკვეულ ხდომილებებზე და მათი სარგებლობის უფლება ვრცელდება გარკვეული დროის განმავლობაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129.2 მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნისა, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. ე-ას მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2000 წელს, სასამართლოს სარჩელით მიმართა 2006 წელს, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ე-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, კერძოდ, მოპასუხისათვის ერთჯერადი დახმარების დაკისრება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. გ. ე-ას მისაღები აქვს სპეციალური სახელმწიფო დაზღვევის ერთჯერადი კომპენსაცია უშუალოდ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონისა და “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების მოთხოვნათა საფუძველზე. აღნიშნული ნორმატიული აქტები საერთოდ არ აწესებს მოთხოვნას ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, თავად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქვს აღიარებული სამხედრო მოსამსახურეებთან მიმართებაში საფინანსო დავალიანების არსებობა თავდაცვის მინისტრის 09.03.06წ. ბრძანებით. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის 13.07.07წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 23.01.08წ. განჩინებით გ. ე-ას საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ე-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.07წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი არეგულირებს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადებს, აღნიშნული ვერ გავრცელდება კასატორის მოთხოვნის მიმართ, ვინაიდან ტრავმის შედეგად ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ გ. ე-ას მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ არ გამომდინარეობს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, მოთხოვნა “სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 16.3 მუხლით ერთჯერადი კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას _ დახმარების თანხის გაცემას ეხება. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლი ეხება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ხანდაზმულობას, ხოლო “სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 16.3 მუხლი ითვალისწინებს ერთჯერად და არა პერიოდულ დახმარებას. ამდენად, საფუძველს მოკლებულია სადავო სამართალურთიერთობის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გამოყენება. ერთჯერადი სამხედრო ტრავმის შედეგად მისაღები კომპენსაცია, როგორც სპეციალური სახელმწიფო დაზღვევის სახე, რეგულირდება “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-16, მე-17 მუხლხებით, “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 53-ე, 57-ე, 58-ე მუხლებით, დასახიჩრების შემთხვევაში ერთჯერადი კომპენსაციის გაცემა წარმოადგენს სახელმწიფოს არა პასუხისმგებლობას, არამედ პოზიტიურ კანონისმიერ ვალდებულებას, ამდენად სადავო სამართალურთიერთობების მიმართ არ გამოიყენება დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა (სკ-ის 1008-ე მუხ.), გ. ე-ას სასარჩელო მოთხოვნის მიმართ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით დაწესებული ხანდაზმულობის საერთო ვადა _ 10 წელი მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია რა მოთხოვნა ხანდაზმულად, არ დაადგინა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, აღნიშნული არ იძლევა სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ე-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.07წ. გადაწყვეტილება. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.