¹ბს-90-85(კ-07) 5 ივლისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ა. ძ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
16.07.05წ. ა. ძ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და ე. ფ-ის მიმართ. მოსარჩელემ განმარტა, რომ 30.06.05წ. მოპასუხე ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზაციის სამმართველომ ჩაატარა აუქციონი და გასაყიდად გამოიტანა ქ. ქუთაისში ... ქ. ¹4-ში მდებარე 196,46 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც განთავსებული იყო 479 კვ.მ. მიწის ფართობზე. ქონება 63565 აშშ დოლარად შეიძინა ე. ფ-ემ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ პრივატიზებული ფართის ნაწილი ეკავა კვების პროდუქტების ¹167 მაღაზიას, შპს ,, .. ..", რომელშიც 35 წლის მანძილზე მუშაობდა. გარკვეული დროის მანძილზე მაღაზია ითვლებოდა ბავშვთა კვების სპეციალიზირებულ ¹167 მაღაზიად. ქუთაისის მერის 11.10.93წ. ¹648 განკარგულებით დაეკისრა ბავშვთა კვების პროდუქტებით მაღაზიის უზრუნველყოფა და 1993 წლის 1 დეკემბრამდე სარემონტო სამუშაოების ჩატარება ბავშვთათვის სასურველი გარემოს შესაქმნელად. სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ ჯამში 13 679 აშშ დოლარი შეადგინა.
26.07.96წ. ¹294 ხელშეკრულებით შეიძინა ¹167 მაღაზია 3057 აშშ დოლარად. შემდეგ აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ქონების მართვის სამმართველოს მიერ არასწორად იყო შედგენილი და გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.02.05წ. განჩინებით, თუმცა გადახდილი თანხა მისთვის უკან არ დაუბრუნებიათ. მოსარჩელის აზრით, ფართის აუქციონის წესით გაყიდვისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მაღაზიის გარემონტებით ობიექტში შეტანილი გაუმჯობესება და გაწეული ხარჯი მას უნდა დაბრუნებოდა უკან. მოსარჩელის განცხადებით, 30.06.05წ. აუქციონის ჩატარების შესახებ შემთხვევით შეიტყო და მიმართა მოპასუხე ორგანიზაციის ხელმძღვანელს იმის თაობაზე, რომ ქონების ფასის სიდიდის გამო ის ვერ შეძლებდა აუქციონში მონაწილეობის მიღებას. ,,ბეს" ოდენობაც გაზდილი იყო ხელოვნურად. 02.11.05წ. დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აუქციონის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში გასაყიდი ობიექტის მისამართად ფრჩხილებში ყოფილი გ-ის ქ. ¹4 იყო მთითებული, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, ფართი ყოფილი გ-ის ქ. ¹5 ნომერში იყო განთავსებული. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული ქმედებით მოპასუხე ორგანიზაციის მიერ დარღვეული იქნა ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-9 და მე-10 მუხლების მოთხოვნები, აგრეთვე - ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის წესით პრივატიზების შესახებ” დებულების მე-2, მე-5, მე-7 მუხლების მოთხოვნები. ა. ძ-მა 30.06.05წ. აუქციონის ბათილად ცნობა, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოსათვის მის მიერ ჩატარებულ სარემონტო სამუშაოების ღირებულების, 13 506 აშშ დოლარის და პრივატიზების თანხის, 3300 აშშ დოლარის დაკისრება, აგრეთვე თანხის გადაუხდელობით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 18.01.06წ. გადაწყვეტილებით ა. ძ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ პრივატიზების ბიულეტენში .... ქუჩა არასწორად იქნა მითითებული, თუმცა ცისფერყანწელების ქუჩასთან ერთად გამოქვეყნდა ობიექტის ნამდვილი მისამართიც - გ-ის ქ. ¹5, რის გამოც, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული უზუსტობით არ დარღვეულა აუქციონის საჯაროობის პრინციპი და იგი ვერ გამოიწვევდა იმ პირების დაბნევას, რომლებმაც იცოდნენ, რომ ობიექტის მისამართი იყო გ-ის ქ. ¹5. ამასთანავე მოსარჩელე ადასტურებდა, რომ აუქციონის შესახებ შემთხვევით, მაგრამ მაინც შეიტყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ ა. ძ-ს შეეძლო მონაწილეობა მიეღო პრივატიზების პროცესში, თუმცა, მისივე განცხადებით, გასაყიდი ფასის და დაწესებული ,,ბეს" სიდიდის გამო მონაწილეობის საშუალება არ გააჩნდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ აუქციონის ბათილად ცნობის საფუძველს არ ქმნიდა ,,ბეს" განსაზღვრა ობიექტის ფასის 70%-ით, ვინაიდან ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტის თანახმად, ,,ბეს" ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი. სასამართლომ ხანდაზმულად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა მაღაზიის კეთილმოწყობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ნაწილში, ვინაიდან ხარჯები 1993წ. იყო გაწეული, ხოლო სარჩელი 2005 წელს აღიძრა. სასამართლოს განმარტებით, მოთხოვნის ხანდაზმულობაზე გავლენას ვერ იქონიებდა ის ფაქტი, რომ ა. ძ-ს დავა ჰქონდა სასამართლოში 1996წ. პრივატიზაციის შედეგად სადავო ობიექტის შესყიდვისა და მისი მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან ქუთაისის საოლქო სასამართლოს 19.05.04წ. გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.02.05წ. განჩინებით, დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ სამმართველოსთან ჯერ კიდევ 1998წ. გააფორმა სადავო ობიექტზე საიჯარო ხელშეკრულება. სასამართლომ მიიჩნია, რომ 1998წ. ა. ძ-მა უკვე შეიტყო, რომ იგი არ წარმოადგენდა ობიექტის მესაკუთრეს. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა 1996წ. პრივატიზაციისას გადახდილი 3300 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე, ვინაიდან სასამართლომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 19.05.04წ. გადაწყვეტილების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ 26.07.96წ. ა. ძ-მა სადავო თანხით შეიძინა ¹167 მაღაზიის ბალანსზე რიცხული ქონება და განისაზღვრა საიჯარო ქირაც.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 18.01.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ძ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.06წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების ქუთაისის სამმართველომ უზრუნველყო აუქციონის საჯაროობა და დაინტერესებული პირებისათვის მასში მონაწილეობის მიღების უფლება. ორი მისამართის მითითება ვერ გამოიწვევდა ა. ძ-ის დაბნევას, ვინაიდან მისთვის კარგად იყო ცნობილი სადავო ობიექტის მისამართი. ამასთანავე იგი თავადვე ადასტურებდა, რომ შემთხვევით შეიტყო აუქციონის შესახებ, მაგრამ იმის გამო, რომ ობიექტის გასაყიდი ფასი ხელოვნურად იყო გაზრდილი, გადასახდელი ,,ბეს" გამო ვერ შეძლო მონაწილეობა მიეღო პრივატიზაციის პროცესში.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აუქციონის ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო გასაყიდი ობიექტის ,,ბეს" განსაზღვრა ობიექტის მთლიანი ღირებულების 70%-ით. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ”, დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტის თანახმად, ,,ბეს" ოდენობას განსაზღვრავდა გამყიდველი ანუ სამმართველო.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება მაღაზიის შესაკეთებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 19.05.04წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ა. ძ-მა შეიძინა ¹167 მაღაზიის ბალანსზე რიცხული ქონება (ინვენტარი) და განისაზღვრა საიჯარო ქირაც. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტმა შეიძინა მაღაზიის ინვენტარი და მასში გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.06წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ძ-მა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა მის დაუსწრებლად, რითაც დაირღვა მისი უფლება. სხდომის დაწყებამდე განცხადებით მიმართა სასამართლოს, წარუდგინა ავადმყოფობის ცნობა და მოითხოვა სასამართლო სხდომის გადადება, თუმცა სასამართლომ მისი თხოვნა არ გაითვალისწინა.
კასატორის განმარტებით, სადავო აუქციონზე გასხვისებული ობიექტის მისამართი არასოდეს ყოფილა ... ქუჩა, რასაც სასამართლოს მიერ შეფასება არ მისცემია.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადის ათვლის საწყისად არასწორად მიიჩნია სარემონტო სამუშაოების დასრულების დრო და არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 12.03.07წ. განჩინებით ა. ძ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა მოსაზრებების წარმოსადგენად. მხარეებს მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. ძ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევის გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისთვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. ძ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ძ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.