Facebook Twitter

¹ბს-912-871(კ-06) 7 მაისი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. მ-ემ 2005 წლის 31 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2005 წლის 6 ივნისის ¹120 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

სასარჩელო მოთხოვნა შემდეგნაირად იყო დასაბუთებული:

პოლიციის მაიორი ნ. მ-ე 25 წელის განმავლობაში მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების .......... ინსპექციაში და პირნათლად ემსახურებოდა აღმზრდელობითი საქმიანობის კონტროლს. შინაგან საქმეთა ორგანოებში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 29 დეკემბრის ¹671 ბრძანებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და დაეკისრა დროებითი მოვალეობის შესრულება. შემდგომ მოსარჩელე დათხოვნილ იქნა სამუშაოდან, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი ბრძანების ასლი არ ჰქონდა მიღებული და იმყოფებოდა გაურკვეველ ვითარებაში. მოპასუხემ კადრების განკარგულებაში აიყვანა .......... განყოფილების სხვა თანამშრომლებიც, რომლებიც დაუყოვნებლივ დაასაქმეს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებაში, მის სამუშაო ადგილზე კი მიიღეს სხვა პიროვნება. 25 ივნისს გადაეცა 6 ივნისის ¹120 ბრძანების ასლის საფოსტო გზავნილი, საიდანაც შეიტყო, რომ აღნიშნული თარიღიდან დათხოვნილი იყო შინაგან საქმეთა ორგანოებიდან სამსახურში აღდგენის შეუძლებლობისა და კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო “შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 67-ე მუხლის “ვ” პუნქტისა და მე-12 მუხლის საფუძველზე. მოსარჩელის აზრით, მითითებული მოქმედებით დარღვეულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 93-112-ე, 127-ე მუხლების მოთხოვნები (ს.ფ. 2-3).

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ივნისის განჩინებით სარჩელი, როგორც ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსჯადი, გადაეგზავნა ამ უკანასკნელს (ს.ფ. 26).

2005 წლის 14 ივლისს ნ. მ-ემ დამატებითი სასარჩელო განცხადება წარუდგინა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს და აღნიშნა, რომ მის სამუშაო ადგილზე მიღებულ იქნა ე. ს-ე, რომელიც უბნის ინსპექტორი იყო და შტატების შემცირების გამო უადგილოდ დარჩა, ამასთან, რეორგანიზაციის შედეგად შტატები არ გაუქმებულა, შეიქმნა სისხლის სამართლის სამძებროს ......... ინსპექცია, რომელიც დაექვემდებარა სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებას (ს.ფ. 29).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 29 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და დეკისრათ დროებითი მოვალეობის შესრულება, 4 თვის შემდეგ კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს უფლება ჰქონდა, შტატების შემცირების გამო დაეთხოვა ნ. მ-ე, რომლის მოთხოვნას, რომ ¹120 ბრძანების მიღების დროს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე და 108-ე მუხლები, სასამართლო არ დაეთანხმა, ვინაიდან შტატების შემცირება და ......... ინსპექციის ფუნქციონირების შეწყვეტა მოსარჩელისათვის ცნობილი იყო 2005 წლის დასაწყისში. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, შეუძლებელი იყო მოსარჩელისათვის შეეთავაზებინათ სხვა თანამდებობა, რადგან შტატების შემცირების შემდეგ, ფაქტობრივად, არ არსებობდა სხვა სამუშაო ადგილი, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ მისი განთავისუფლება მოხდა კადრების განკარგულებაში გადასვლიდან 4 თვის შემდეგ.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან ¹120 ბრძანების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა, შეუძლებელი იყო მოსარჩელის აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 თებერვლის ¹161 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამმართველოს საშტატო განრიგი, რომლითაც ხელვაჩაურის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში სტრუქტურულად არ იყო განსაზღვრული ......... ინსპექცია და შეუძლებელი იყო ძველ თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენა (ს.ფ. 82-85).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ. 87-90).

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 118-122).

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ. 136-138).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 ოქტომბრის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (ს.ფ. 172-178).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ე. ს-ე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მ-ე მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაში ......... უფროს ინსპექტორად. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 29 დეკემბრის ¹671 ბრძანების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹688 ბრძანებით დამტკიცდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ახალი სტრუქტურა და საშტატო განრიგი, რომლის მიხედვით, ხელვაჩაურის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაში საშტატო ერთეულების რაოდენობა 143 ერთეულიდან 95-მდე შემცირდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს 2005 წლის 6 მაისის ¹120 ბრძანებით, ნ. მ-ე 2004 წლის 29 დეკემბრიდან 2005 წლის აპრილამდე საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის კადრების განკარგულებაში მყოფი – დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 67-ე მუხლის “ვ” პუნქტით.

აპელანტის მოსაზრება, რომ მისთვის სხვა თანამდებობა უნდა შეეთავაზებინათ, სააპელაციო პალატამ იმ მოტივით არ გაიზიარა, რომ “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის მიხევით, პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დაითხოვენ შტატების შემცირების გამო და შტატების შემცირების შემდეგ, ფაქტობრივად, არ არსებობდა სხვა თანამდებობა, მთელი შემადგენლობა აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და დროებით დაეკისრათ მოვალეობის შესრულება. ასევე, სასამართლოს მითითებით, არ დარღვეულა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, რადგან მოცემულ ურთიერთობებს სპეციალურად არეგულირებს “პოლიციის შესახებ” კანონი.

აპელანტის მოსაზრებას, რომ არ მომხდარა შტატების შემცირება, სასამართლო არ დაეთანხმა, რადგან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹688 ბრძანებით დამტკიცდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ახალი სტრუქტურა და საშტატო განრიგი, რომლის მიხედვით, ხელვაჩაურის შინაგან საქმეთა განყოფილებაში, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, საშტატო ერთეული 143-დან 95-მდე შემცირდა. რაც შეეხებოდა ......... ინსპექციას, რომელიც, აპელანტის აზრით, არ გაუქმებულა და მხოლოდ დაქვემდებარება შეიცვალა, სასამართლოს მითითებით, მართალია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2005 წლის 28 იანვრის ¹8-პშ ბრძანებით იგი ჯერ კიდევ გათვალისწინებული იყო, მაგრამ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 თებერვლის ¹161 ბრძანების 1-ლი პუნქტით დამტკიცდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საშტატო განრიგი, რომლის დანართში ხელვაჩაურის რაიგანყოფილებაში ......... ინსპექცია უკვე აღარ იქნა გათვალისწინებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ ე. ს-ე მის ადგილზე დაინიშნა, ვინაიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დასახელებული 28 იანვრის ბრძანებით, მართალია, .......... ინსპექციაში უფროს ინსპექტორად დანიშნული იყო ე. ს-ე, მაგრამ აღნიშნული, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი თვე გაგრძელდა, რადგან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 თებერვლის ¹161 ბრძანებით .......... ინსპექცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს განრიგით აღარ იქნა გათვალისწინებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 თებერვლის ¹161 ბრძანებით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილებასთან დაკავშირებით, სადაც 18 შტატია, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული ქვეგანყოფილება ......... ინსპექციის ფუნქციებს არ ასრულებდა, რის გამოც ......... ინსპექციის დაქვემდებარების შეცვლის მოტივი ვერ იქნებოდა გაზიარებული. ასევე საფუძველს მოკლებულად ჩაითვალა ნ. მ-ის მითითება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2005 წლის 28 იანვრის ¹8-პშ ბრძანების უკანონობის შესახებ, რადგან ბრძანება მიღებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის “საქართველოს შინაგან საქმეთას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” 2004 წლის 30 დეკემბრის ¹688 ბრძანების საფუძველზე და 28 იანვრის ბრძანებით გათვალისწინებული .......... ინსპექცია 27 თებერვლის ბრძანებით უკვე აღარ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შინაგან საქმეთა მინიტრის 2004 წლის 29 დეკემბრის ¹671 ბრძანების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთელი პირადი შემადგენლობა აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, სადაც ჩარიცხვა ხდება 4 თვით, რის შემდეგაც პირი უნდა იქნეს დასაქმებული ან დათხოვნილი, ხოლო, ვინაიდან არ არსებობდა სამუშაო, 4 თვის შემდეგ ნ. მ-ის დათხოვნა სწორად მოხდა, რამდენადაც შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 თებერვლის ბრძანებით აღარ იქნა გათვალისწინებული ........... ინსპექცია, სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილებას კი სხვა ფუნქციები აქვს, ......... ინსპექციას დაქვემდებარება არ შეუცვლია, იგი საერთოდ გაუქმდა (ს.ფ. 251-256).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის აზრით, საპელაციო სასამართლომ არ შეასრულა საკასაციო სასამართლოს მითითება საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შესახებ, არ გამოიკვლია, მოხდა ........ ინსპექციის ლიკვიდაცია, თუ სახეზე იყო მისი დაქვემდებარების შეცვლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის ფუნქციონალური დატვირთვა უცვლელი საშტატო რიცხოვნობით გადავიდა სამძებრო განყოფილებაში. აღნიშნული ფაქტები სასამართლოს უნდა დაედგინა მის მიერ დაყენებულ შუამდგომლობების შესწავლით, მაგრამ ისინი არ დააკმაყოფილა. შუამდგომლობაში მითითებული ჰქონდა, რომ თუ გაუქმდა ......... ინსპექცია, მაშინ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს წარმოედგინა ბრძანება მისი გაუქმების შესახებ, ასევე, ვინაიდან შინაგან საქმეთა მინისტრის 1993 წლის ¹206 ბრძანებით ......... ინსპექცია არის სამძებროს დანაყოფი, წარმოედგინათ აღნიშნული ბრძანება, რომელსაც უშუალო კავშირი ჰქონდა საქმესთან, თუმცა შუამდგომლობაზე სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი, რითაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1 მუხლის მოთხოვნები დაარღვია.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსი ურთიერთგამომრიცხავია, ვინაიდან, ერთი მხრივ, დადგენილადაა მიჩნეული, რომ მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის პროცესში ......... ინსპექციის საშტატო ერთეული არსებობდა, მაგრამ, მეორე მხრივ, მისი შტატების შემცირების გამო სამსახურიდან ....... ინსპექციის უფროსი ინსპექტორის თანამდებობიდან დათხოვნა კანონიერადაა ჩათვლილი.

სასამართლომ იგნორირება გაუკეთა იმ ფაქტს, რომ ხელვაჩაურის შინაგან საქმეთა განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილება განსაზღვრულია 18 შტატით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1993 წლის ¹206 ბრძანების წარმოდგენა, კასატორის აზრით, ნათელს მოჰფენდა იმ გარემოებას, რომ ........ ინსპექცია არის სისხლის სამართლის სამძებროს დანაყოფი. კრიმინალური პოლიციის უფროსი ინსპექტორი, პოლიციის მაიორი _ მითითებულია მის მოწმობაში.

კასატორის აზრით, ყურადღება უნდა მიექცეს 2006 წლის 20 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმში ე. ს-ის განმარტებას, რომ 2004 წლიდან მუშაობდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის განყოფილებაში, 2004 წლის დეკემბერში კი მთალი შემადგენლობა აიყვანეს კადრების განკარგულებაში, რის შემდეგ დაინიშნა სამძებრო განყოფილებაში. ასევე, კასატორის აზრით, ყურადღება უნდა მიექცეს, ვ. ს-ის პირად საქმეს, სადაც 2004 წლის 12 აგვისტოდან იგი აყვანილია კადრების სამსახურის განკარგულებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2004 წლის 10 ივლისის ¹379 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ ბრძანების საფუძველზე. კასატორის მითითებით, ე. ს-ეს უკვე გასული ჰქონდა კადრებში ყოფნის 4 თვე და ის უნდა დაეთხოვათ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, რის ნაცვლად უკანონოდ დანიშნეს მოსარჩელის თანამდებობაზე (ს.ფ. 264-265).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებების სამართლებრივი შეფასების სისწორეს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.