¹ბს-912-874(კ-07) 13 თებერვალი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.07წ. გადაწყვეტილებაზე ჯ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
15.03.06წ. ჯ. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვა პენსიის გადასინჯვა ფულადი კმაყოფის მომატების გათვალისწინებით, კერძოდ, 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის აპრილამდე 5314,65 ლარის ანაზღაურება, ასევე 2006 წლის 1 აპრილიდან პენსიის სახით 354,31 ლარის დანიშვნა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998 წლიდან არის შს ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილი პენსიონერი. 2006 წლის თებერვალში მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ 2005 წლის 1 იანვრიდან შს ორგანოებში მომუშავე თანამშრომლებს მოემატათ თანამდებობრივი სარგო, კერძოდ, თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 2005 წლის 1 იანვრიდან მოსარჩელის ყოფილი თანამდებობის – უფროსი უბნის ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო გახდა 330 ლარი, რის გამოც, ჯ. მ-მა მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს განცხადებით და მოითხოვა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის საფუძველზე პენსიის გადასინჯვა ცხოვრების დონისა და შრომის ანაზღაურების ცვლილებასთან დაკავშირებით, რაზეც მოსარჩელეს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” 27.12.05წ. საქართველოს კანონი, რომელიც ამოქმედდა 01.01.06წ., არანაირი სახის გადაანგარიშებას არ ითვალისწინებს. მოსარჩელის მოსაზრებით “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, 2005 წლის 1 იანვრიდან მისი პენსია, გადასინჯვის შედეგად, უნდა გამხდარიყო 354,31 ლარი. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ საპენსიო ფონდს პენსიის გადასინჯვა ავტომატურად უნდა მოეხდინა, რაც არ შეასრულა, ხოლო აღნიშნულმა უმოქმედობამ მოსარჩელეს მიაყენა ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიის 12.04.06წ. გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლით ცალსახად განისაზღვრა, რომ ამ კანონის 1-ლი მუხლის “ა” და “დ” ქვეპუნქტში ჩამოთვლილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა პენსიების ოდენობაში ცვლილებების შეტანის ვითარების წარმოქმნისას გადაანგარიშება წარმოებს მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ხოლო თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება, მაგრამ დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება აუნაზღაურდეს წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადაანგარიშების მიმართვის დღეს. ამასთან, აღნიშნული კანონის 50-ე მუხლის მოქმედება შეჩერებული იყო და მისი ამოქმედება 2004 წლის 1 იანვრიდან განხორციელდა ამ კანონის “ა” და “ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე 17.06.05წ. კანონში შესული ცვლილებებით, თუმცა ამავე ცვლილებებით შეჩერდა კანონის 45-ე მუხლის მოქმედება და მისი ამოქმედების ვადად 01.01.06წ. განისაზღვრა კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით მითითებული ნორმა 23.12.05წ. შეტანილი ცვლილებების მიხედვით გაუქმდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ჯ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის
12.04.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. მ-მა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.07წ. განჩინებით ჯ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.04.06წ. გადაწყვეტილება.
ააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.2 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ დამატებით აღინიშნა, რომ აპელანტმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯ. მ-მა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს პენსიის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართა 10.02.06წ., ხოლო სასამართლოში სარჩელი აღნიშნული მოთხოვნით 15.03.06წ. აღძრა. ამრიგად, განცხადების მიმართვის დროისათვის ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მოქმედება, რომელზეც ამყარებდა სამართლებრივად თავის მოთხოვნებს ჯ. მ-ი უკვე აღარ არსებობდა (23.12.2005წ. ¹2459 კანონის მიხედვით 45-ე მუხლი გაუქმებულ იქნა, აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 01.01.06წ.). სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ვალდებული იყო თავისი ინიციატივით მოეხდინა ჯ. მ-თვის პენსიის მომატება (გადაანგარიშება). აღნიშნული მოსაზრება მცდარია, რადგან ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მიხედვით (იმ რედაქციით როდესაც ხსენებული ნორმა არსებობდა), თავად პენსიონერს უნდა მიემართა შესაბამისი განცხადებით უფლებამოსილი ორგანოსათვის (აღნიშნულს ადასტურებს ნორმის ტექსტი: “ . . . თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მიმატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მიღების უფლებით . . .”). სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 20.06.07წ. მოსამართლის შეკითხვაზე, აპელანტმა აღიარა, რომ სოც. ფონდი მის პენსიას “ალბათ, თავისი ინიციატივით ვერ გადაიანგარიშებდა”. რაც შეეხება ხსენებული კანონის 50-ე მუხლის მიხედვით გათვალისწინებულ (იმ რედაქციით როდესაც აღნიშნული ნორმა არსებობდა) ადრინდელ და ახლად დანიშნულ პენსიებს შორის სხვაობის ანაზღაურებას, აღნიშნული მოთხოვნაც უსაფუძვლოა, რადგან სხვაობა მაშინ უნდა ანაზღაურდეს როდესაც პენსიონერს ახალი (მომატებული) პენსია დაენიშნება, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ჯ. მ-მა მომატებული პენსია ვერ მიიღო. ამრიგად, აპელანტმა ვერ შეძლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაბათილება საქმის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. მ-მა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული იყო მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომლებსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, გადაწყვეტილება კანონის დარღვევით იყო გამოტანილი – სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გამოიყენა ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კასატორის მითითებით, მას 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოეშვა გაზრდილი პენსიის მიღების უფლება, რის თაობაზეც მისთვის ცნობილი გახდა 2006 წლის 10 თებერვალს, კანონის არცოდნა კი ვერ გახდება მისი უფლების შეზღუდვის საფუძველი იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ვალდებული იყო თავისი ინიციატივით მოეხდინა პენსიის გადასინჯვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 04.10.07წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
აღნიშნულ განჩინებაზე 15.10.07წ. მოსაზრება წარმოადგინა სოციალური სუბსიდიების სააგენტომ, რომელმაც ჯ. მ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არცერთი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.