¹ბს913-872(კ-06) 10 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.07.06წ გადაწყვეტილების გაუქმებაზე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ჯ-ემ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 19.... წლის აგვისტოდან მუშაობდა სოციალური უზრუნველყოფის ზუგდიდის განყოფილებაში .... 19.. წლიდან გადაიყვანეს ამავე განყოფილებაში ... თანამდებობაზე, ხოლო 01.05.20....წ. მუშაობდა .... საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის უფროსის 26.04.04წ. ¹10 ბრძანებით გათავისუფლდა სამუშაოდან. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 23.07.04წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, 28.12.04წ. იგი აღდგენილ იქნა სამუშაოზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით სოცდაზღვევის ფონდის ზუგდიდის ფილიალს დაეკისრა მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის _ 1408 ლარის ანაზღაურება, რაც არ შესრულებულა. ამასთან, მისი სამუშაოზე აღდგენის შესახებ 29.12.04წ. ბრძანების გამოცემის მიუხედავად, სამუშაოდან არ გათავისუფლებულა მის თანამდებობაზე მომუშავე ხ. რ-ა.
20.01.05წ. ¹16 ბრძანებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალში განხორციელებული რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მოტივით რ. ჯ-ე გათავისუფლდა სამუშაოდან, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, განხორციელდა უკანონოდ.
მოსარჩელის განმარტებით განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა მხოლოდ თანამდებობათა სახელწოდებები, ხოლო შტატებისა და მუშაკთა რიცხოვნობა არ შემცირებულა, რადგან 2005 წლის საშტატო განრიგით გათავალისწინებული იყო 26 ძირითადი საშტატო განაკვეთი და 10 ვადიანი ხელშეკრულებით. ასევე 26 საშტატო განაკვეთი იქნა გათავალისწინებული 2005 წლის საშტატო განრიგით.
მოსარჩელის მითითებით, სამუშაოდან გათავისუფლებისას არ გაუთვალისწინებიათ მისი კვალიფიკაცია, გამოცდილება, ოჯახური მდგომარეობა, რითაც დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 90-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 97-ე მუხლი, რადგან გათავისუფლება მოხდა სხვა სამუშაოს შეთავაზების გარეშე. გარდა ამისა, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ იგი გააფრთხილეს 13.01.05წ, სამუშაოდან გათავისუფლებამდე ერთი კვირით ადრე.
რაიონულ სასამართლოში საქმის წარმოებისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის უფროსის 20.01.05წ. ¹9 ბრძანების ბათილად ცნობა, მისი აღდგენა საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მის აღდგენამდე ფილიალში განხორციელებული ხელფასის ცვლილებების გათვალისწინებით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 02.08.05წ. გადაწყვეტილებით რ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის 20.01.05წ. ¹9 ბრძანება, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა რ. ჯ-ის აღდგენა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2005 წლის 20 იანვრიდან 2005 წლის 2 აგვისტომდე პერიოდისათვის საშტატო განაკვეთში არსებული ცვლილებებით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალმა და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 04.11.05წ. გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 02.08.05წ. გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით რ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჯ-ემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 04.11.05წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი აღდგენა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალში .... თანამდებობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.05.06წ. განჩინებით რ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.11.05წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის დებულებები და არა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, რადგან საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს, რის გამოც მასზე არ ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლოს მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია, რომ მითითებული მუხლის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევა არ წარმოადგენს რ. ჯ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, რადგან ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკს პერსონალურად უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე მაინც, რაც არ იქნა დაცული რ. ჯ-ის გათავისუფლებისას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონის აღნიშნული მოთხოვნის დარღვევით შეილახა მოსარჩელის შრომითი უფლება, რაც წარმოადგენს სამუშაოდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, არასწორად მიიჩნია უსაფუძვლოდ მოსარჩელის მითითება ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევაზე და დავის გადაწყვეტისას არ გამოიკვლია, დაირღვა თუ არა რ. ჯ-ის გათავისუფლებისას მითითებული ნორმა. ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს აღნიშნული გარემოება და დაადგინოს, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რ. ჯ-ეს ჰქონდა თუ არა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება და გაითვალისწინა თუ არა აღნიშნული ადმინისტრაციამ.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დადგინდეს საშტატო ერთეულების სახელწოდებების შეცვლას მოჰყვა თუ არა ფუნქციური ცვლილებები.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა აგრეთვე, რომ არ დასტურდება საშტატო ერთეულების რიცხოვნობის შემცირება, რადგან 2004 წლის საშტატო განრიგით დასაქმებულ მუშაკთა რიცხოვნობა განისაზღვრებოდა 36 ერთეულით, მათ შორის 10 იყო ხელშეკრულებით დასაქმებული, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად დარჩა 26 საშტატო ერთეული და გაუქმდა ხელშეკრულებები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს აღნიშნული გარემოება და მისცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. საკასაციო სასამართლოს მითითებით სააპელაციო სასამართლოს სარჩელის დაზუსტების გზით უნდა ემსჯელა და გაერკვია, რა წარმოადგენს რ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, რომელ თანამდებობაზე ითხოვს აღდგენას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 27.07.06წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზუგდიდის სოცფონდის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 02.08.05წ. გადაწყვეტილება რ. ჯ-ის სოცფონდის ზუგდიდის ფილიალში საშტატო განრიგით გათვალისიწნებულ თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, რ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რ. ჯ-ე აღდგენილ იქნა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე, დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 02.08.05წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: რ. ჯ-ე 2000წლის 1 მაისიდან მუშაობდა სოცფონდის ზუგდიდის ფილიალში ინსპექტორ-რევიზორად. სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 03.12.04წ. ¹01/163 ბრძანებით სოცფონდის ფილიალებში განხორციელდა რეორგანიზაცია. სოცფონდის ზუგდიდის ფილიალის 20.01.05წ. ბრძანებით რ. ჯ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შკკ 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე. მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებულ იქნა 13.01.05წ, ხოლო გათავისუფლდა 20.01.05წ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით შკკ 422 –ე მუხლის მიხედვით, მუშაკს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ უნდა ეცნობოს პერსონალურად ერთი თვით ადრე. ამდენად, აღნიშნული ნორმის დარღვევა სოცფონდის ზუგდიდის ფილიალის 20.01.05წ. ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია. სააპელაციო სასამართლოს მითითებით ასევე დარღვეულია შკკ 36-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან, რეორგანიზაციამდე ზუგდიდის ფილიალში არსებობდა 26 საშტატო ერთეული და 10 ხელშეკრულებით მომუშავე. რეორგანიზაციის შემდეგ დარჩა 26 საშტატო ერთეული.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით რ. ჯ-ეს გააჩნია უმაღლესი იურიდიული განათლება, უმაღლესი ეკონომიკური განათლება და დამთავრებული აქვს ზუგდიდის პოლიტექნიკური ტექნიკუმი საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალობით. ამდენად, მოსარჩელე პასუხობს მოხოვნებს წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად.
საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ რ. ჯ-ე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 23.07.04წ. გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა ზუგდიდის ფილიალში ..... თანამდებობაზე. მითითებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სამსახურიდან უნდა გათავისუფლებულიყო რ. ჯ-ის ადგილზე დანიშნული ხ. რ-ა, თანახმად შკკ 34-ე მუხლის I ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტისა, რადგან სწორედ აღნიშნულთან შედარებით ჰქონდა უპირატესობა რ. ჯ-ეს, შკკ-ის 36-ე მუხლის თანახმად, მას გააჩნდა უფრო მაღალი კვალიფიკაცია.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, ასევე დარღვეულია შკკ-ის 37-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან მოსარჩელის გათავისუფლება არ იყო შეთანხმებული პროფკავშირთან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 27.07.06წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ფონის ზუგდიდის ფილიალის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის უკან დაბრუნება ხელახალი განხილვის მიზნით. კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ფონდის გენდირექტორის 03.12.04წ. და 14.12.03წ. ბრძანებებით გაფრთხილებულ იქნა სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, რის გამოც რ. ჯ-ის მიერ ნებაყოფლობით იქნა დაწერილი პირადი განცხადება გათავისუფლების შესახებ, თუ რა საფუძვლით არ იქნა დაკმაყოფილებული განცხადება კასატორისათვის უცნობია. კასატორი თვლის, რომ ერთხელ უკვე განთავისუფლებული მუშაკის აღდგენით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა უკანონო გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.