ბს-914-873(კ-06) 7 მარტი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. წ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – მეორე სახეობის პენსიის დანიშვნის მოთხოვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 29 დეკემბერს ნ. წ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის მიმართ მეორე სახეობის პენსიის დანიშვნის თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის დიდი სამამულო ომის მონაწილე. 1998 წლიდან შეცდომით მინიჭებული ჰქონდა ომის მონაწილესთან გათანაბრებულის სტატუსი და იღებდა პენსიას 35 ლარის ოდენობით, შესაბამისად, ყოველ წელს აკლდებოდა 120 ლარი (თვიურად 10 ლარი). მისი თქმით, ეს შეცდომა გამოიწვია ე.წ. სობესის თანამშრომლის გულგრილობამ ან არცოდნამ. ამის გამო, 8 წლის განმავლობაში დაზარალდა 960 ლარით. 2005 წელს გაიარა ხელახალი კომისია თბილისში, ვეტერანთა დეპარტამენტში და საბუთების გაცნობის შემდეგ მიენიჭა ომის მონაწილის სტატუსი. შესაბამისი დოკუმენტი გადაეცა 2005 წლის 27 ივნისს, ხოლო ს.დ. ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა ომის მონაწილისათვის განსაზღვრული პენსია 115 ლარის ოდენობით დაუნიშნა 2006 წლის ივლისიდან. არ იქნა გათვალისწინებული “სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 მუხლი, რომლის მიხედვითაც პენსია უნდა ყოფილიყო 45+84=129 ლარს, რის დანიშვნაზეც ქუთაისის საპენსიო განყოფილებამ უარი განაცხადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა, სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალს დავალებოდა 3 წლის განსხვავების ანაზღაურება, რომელიც, მოსარჩელის მითითებით, შეადგენდა 360 ლარს, ასევე, 6 თვის ელექტროენერგიის თანხის განსხვავების ანაზღაურებას (ნაცვლად 16 ლარისა, იღებდა 8 ლარს), რომელიც შეადგენდა 48 ლარს, ე.ი. სულ მოითხოვა 408 ლარის ანაზღაურება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ნ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალს ნ. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 408 ლარის გადახდა. 2005 წლის ივნისიდან ნ. წ-ს ინვალიდობის პენსიასთან (48 ლარი) ერთად დაენიშნა მეორე სახეობის პენსია _ მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის), მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსია დანამატით, სულ 42 ლარი. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალს ნ. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი საპენსიო თანხის გადახდა 504 ლარის ოდენობით.
სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საქმეში არსებული, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 24 ივნისს გაცემული ცნობით და მოპასუხე ორგანიზაციის უფროსის 2005 წლის 28 დეკემბრის წერილით დგინდება, რომ ნ. წ-ს 2005 წლის 27 ივნისამდე გააჩნდა ომის მონაწილესთან გათანაბრებულის სტატუსი, რომელიც ხსენებული თარიღის შემდეგ, წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, შეეცვალა ომის მონაწილის სტატუსით. სტატუსის შეცვლის შემდეგ კი, 35 ლარის ნაცვლად დაენიშნა 45 ლარი.
აღნიშნულით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნ. წ-ს 1998 წლიდან შეცდომით მიენიჭა ომის მონაწილესთან გათანაბრებული სტატუსი, რის გამოც იგი ყოველთვიურად ღებულობდა 10 ლარით ნაკლებ პენსიას. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, სამი წლის განმავლობაში დაკლებული პენსიისა (360 ლარი) და ექვსი თვის მანძილზე ე.რგიის თანხის ნაწილობრივ დაკლებით (48 ლარი) მიღებული ზარალის (სულ 408 ლარი) ანაზღაურების ნაწილში სასამართლომ მიიჩნია საფუძვლიანად.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. წ-ე, გარდა იმისა, რომ არის დიდი სამამულო ომის მონაწილე, იმავდროულად არის 88 წლის.
“სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-60 მუხლის თანახმად, რომელიც მოსარჩელის მიერ პენსიის დანიშვნაზე მიმართვისას ძალაში იყო, ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით. შესაბამისად, ნ. წ-ე, სასამართლოს მითითებით, აკმაყოფილებდა ხსენებული მე-60 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც უკვე დანიშნულ ინვალიდობის პენსიასთან, 45 ლართან ერთად, მას უნდა მიეცეს მოხუცებულობისათვის პენსია (14 ლარი), ორი მინიმალური პენსიის დანამატით (28 ლარი), ე.ი. 42 ლარი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ 2003 წლის 31 დეკემბერს და 2004 წლის 29 დეკემბერს ხსენებულ კანონში შეტანილ იქნა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, ჯერ 2005 წლამდე, ხოლო შემდეგ - 2006 წლის 1 იანვრამდე გადავადდა ზემომითითებული კანონის 50-ე და მე-60 მუხლებში 2003 წლის 23 ივლისს შეტანილი ცვლილების ამოქმედება, მაგრამ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 50-ე და მე-60 მუხლების თავდაპირველი რედაქცია მოქმედებდა კანონის ძალაში შესვლის დღიდან. იმავე რედაქციით მოქმედებდნენ ისინი ნ. წ-ის მიერ მოპასუხისათვის მიმართვისას და 50-ე მუხლი იმთავითვე განამტკიცებდა პენსიონერისათვის მეორე სახის პენსიისა და ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობის მიცემას წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ 1998 წლის 10 აგვისტოს ნ. წ-მ განცხადებით მიმართა მას და წარმოადგინა მედალი “1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის", რომლის საფუძველზეც საქართველოს “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაენიშნა სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პირის პენსია თვეში 35 ლარის ოდენობით. გამომდინარე აქედან, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის განცხადება, რომ მას ეკუთვნოდა სამამულო ომის მონაწილის პენსია და შეცდომა გამოწვეული იყო სოცფონდის თანამშრომლის გულგრილობით. შესაბამისად, აპელანტის მიაჩნდა, რომ უნდა გაუქმებულიყო აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-3 აბზაცი, სადაც სასამართლო მსჯელობდა დაკლებული პენსიის ანაზღაურებაზე.
აპელანტის განმარტებით, 2005 წლის 28 დეკემბერს გამოვიდა საქართველოს კანონი “სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, მე-19 პუნქტის შესაბამისად, ამოღებულ იქნა მე-7 და მე-8 თავები, რომელთა საფუძველზეც გაუქმდა მე-60 მუხლიც, ე.წ. მეორე სახის პენსიის დანიშვნის შესახებ. აქედან გამომდინარე, 2006 წლის 2 მარტს სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, დადებითად გადაეწყვიტა ნ. წ-ისათვის მეორე სახის პენსიის დანიშვნის საკითხი.'
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას.
მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ქუთაისის სოცფონდის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ნ. წ- არის ომის მონაწილე. “სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო სპეციალური დაცვის ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის თანახმად, რომელიც მოსარჩელის მიერ პენსიის დანიშვნისათვის მიმართვის დროისათვის ძალაში იყო, მოსარჩელეს ჰქონდა მეორე სახის პენსიის _ 42 ლარის მიღების უფლება.
ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს ეკუთვნის ბოლო 12 თვის თანხა 504 ლარი. აღნიშნული თანხა მას ეკუთვნოდა იმ გარემოების გამო, რომ სოცფონდს მხარემ მიმართა ამ კანონის მოქმედების პერიოდში, კერძოდ, 2005 წლის ივნისში.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული პენსიები (პენსიის დანამატებთან ერთად), რომლებიც დანიშნულია ამავე კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით და მეხუთე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტებით, GზემოაღნიშნულიG კანონის ამოქმედების დღიდან განიხილება, როგორც ამ კანონის თანახმად დანიშნული და გაცემული პენსიები და მათი გაცემა გრძელდება მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად.
მართალია, ნ. წ-ს დაუნიშნეს ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის “დ.ა" პუნქტების საფუძველზე 70 ლარი, მაგრამ აღნიშნული, სასამართლოს მითითებით, იყო არასწორი, ვინაიდან 70 ლარი ნაკლებია ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო სპეციალური დაცვის ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონით დანიშნულ პენსიაზე.
სააპელაციო პალატის მითითებით, სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული პენსიების ოდენობები ამავე კანონის ამოქმედების მომენტიდან ავტომატურად ვრცელდება მათ მიმღებ პირებზე, პენსიის დანიშვნის დროის მიუხედავად, თუ დანიშნული პენსია ამ კანონით გათვალისწინებული პენსიის ოდენობაზე ნაკლებია ან მისი ტოლია. მოცემულ შემთხვევაში 70 ლარი 87 ლარზე ნაკლებია, ამიტომ ნ. წ-მ ყოველთვიურად უნდა მიიღოს 87 ლარი. მასვე უნდა მიეღო 45 ლარისა და 35 ლარს შორის სხვაობა, რაც შეადგენს 408 ლარს.
ყოველივე აღნიშნული სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იქცა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძვლად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ 1998 წლის 10 აგვისტოს ნ. წ-მ განცხადებით მიმართა მას და წარმოადგინა მედალი “1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის, რომლის საფუძველზე საქართველოს “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაენიშნა სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პირის პენსია _ თვეში 35 ლარის ოდენობით. კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელის განცხადება, რომ მას ეკუთვნოდა სამამულო ომის მონაწილისათვის განსაზღვრული პენსია.
კასატორის განმარტებით, 2005 წლის 27 ივნისს ნ. წ-მ წარმოადგინა ცნობა ¹ნ/2464, გაცემული 24.06.2005წ. ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ, რომლის მიხედვითაც იგი არის დიდი სამამულო ომის მონაწილე და არა სამამულო ომის ინვალიდი.
კასატორის მითითებით, მას მინიჭებული ჰქონდა საიდენტიფიკაციო კოდი _ ..., რის საფუძველზეც, მოსარჩელეს “სახელმწიფო პენსიების შესახებ" საქართველოს კანონის სრული დაცვით, 2005 წლის 1 ივლისიდან დაენიშნა სამამულო ომის მონაწილისათვის განსაზღვრული პენსია.
კასატორის განცხადებით, 2005 წლის 28 დეკემბერს გამოვიდა საქართველოს კანონი “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2006 წლის 1 იანვრიდან, მე-19 პუნქტის შესაბამისად, ამოღებულ იქნა მე-7 და მე-8 თავები, რომელთა საფუძველზეც გაუქმდა მე-60 მუხლი, ე.წ. მეორე სახეობის პენსიის დანიშვნის შესახებ.
კასატორის მითითებით, 2006 წლის 2 მარტს სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, ნ. წ-ისათვის დადებითად გადაეწყვიტა მეორე სახის პენსიის დანიშვნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებება _ დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თავდაპირველი რედაქციის მიხედვით ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს, რომლებსაც შეუსრულდათ 75 წელი და/ან იყვნენ I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლეოდათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებოდათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით. აღნიშნულის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 27.12.02წ. განჩინებით (საქმე ¹3გ-ად-203-კ-02) განიმარტა, რომ მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათის მოპოვებისათვის კანონის 1-ლი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: უნდა იყოს 1941-45 წლების ომის მონაწილე, 75 წლის მინიჭებული უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან უნდა იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე საქმეზე არ არის დადგენილი, მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. წ-ე პასუხობს თუ არა მე-60 მუხლის საფუძველზე საპენსიო შეღავათის მიღებისათვის დადგენილ პირობას, კერძოდ, არ არის დადგენილი, ჰქონდა თუ არა მას ოფიცრის წოდება ან იყო თუ არა სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის 1-ლი ან მე-2 ჯგუფის ინვალიდი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 27.12.02წ. განჩინების შესაბამისად ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა არ შეცვლილა ხსენებული კანონის მე-60 მუხლის შემდგომი რედაქციული ცვლილებების გამო, ვინაიდან “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური, სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 23.07.03წ. კანონით დადგენილი მე-60 მუხლის განახლებული რედაქციის ამოქმედების თარიღი (01.01.04წ.) 31.12.03წ. და 29.12.04წ. კანონებით შეტანილი ცვლილებების თანახმად, გადაიდო ჯერ 2005 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდგომ - 2006 წლის 1 იანვრამდე.
საგულისხმოა, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო ურუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 28.10.05წ. კანონს, რომლითაც დადგინდა, რომ მე-60 მუხლი ამავე კანონის ,,ი-ლ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა მიმართ 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდებოდა, მიენიჭა უკუქცევითი ძალა და იგი გავრცელდა 2005 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ამასთანავე, 23.12.05წ. კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო ურუნველყოფის შესახებ" კანონიდან ამოღებულ იქნა მე-7 და მე-8 თავები და, შესაბამისად, ამოღებულ იქნა მე-60 და 63-ე მუხლებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის მე-60 მუხლის განახლებული რედაქცია არ ამოქმედებულა.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ნ. წ-ისათვის პენსიის დანიშვნას შესაძლებლად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ მითითებული პირი აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული მე-60 მუხლის თავდაპირველი რედაქციით დადგენილ მოთხოვნებს. საქმეში, მართალია, დაცულია მასალები ნ. წ-ის ინვალიდობის თაობაზე, მაგრამ აღნიშნულის საფუძველზე არ დასტურდება, რომ ინვალიდობა უკავშირდება სამხედრო სამსახურს, საქმეში ასევე არ მოიპოვება მტკიცებულება მითითებული პირის ოფიცერთა შემადგენლობისადმი კუთვნილების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენა-გამოკვლევის გარეშე საქმეზე მიღებული ვერ იქნება კანონიერი გადაწყვეტილება, რა მიზნითაც საქმე შემდგომი გამოკვლევისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.