¹ბს-915-874(კ-06) 3 აპრილი, 2007 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
ლანა ჭანტურიას მდივნობით
კასატორი – აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წარმომადგენლები: გ. მ-ე, ბ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე: ლ. ხ-ა წარმომადგენელი: ბ. ბ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ლ. ხ-ამ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის _ აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება /იხ.ს.ფ. 2-4/.
საქმის გარემოებები:
მოსარჩელე დაიბადა 1957 წელს გულრიფშის რაიონში და წლების განმავლობაში ცხოვრობდა იმავე რაიონში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროისათვის მუშაობდა სოხუმის საზღვაო ნავსადგურში გემ ,,...." კაპიტნად და მშობლებისაგან განცალკევებით ცხოვრობდა. ომის გამო იძულებული გახდა მიეტოვებინა კუთვნილი სახლი. მოსარჩელემ, ისევე როგორც ყველა დევნილმა, რეგისტრაცია გაიარა იმ დროისათვის არსებულ ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტში, როგორც აფხაზეთიდან დევნილმა საქართველოს მოქალაქემ. მოსარჩელის დედამ ომის შემდეგ მოახერხა აფხაზეთიდან გადმოსვლა და ცხოვრობდნენ ერთად ქ. ბათუმში, სასტუმრო ,,...." ერთ ოთახში. სასტუმროს ადმინისტრაციისადმი არაერთი მიმართვის მიუხედავად, მოსარჩელეს არ გამოეყო ცალკე ოთახი, მაშინ როცა, სასტუმრო ,,....." ამის შესაძლებლობა იმ დროისათვის არსებობდა. მოსარჩელე და მისი დედა, შ-ა მ., თავიდანვე ცალ-ცალკე ოჯახებად იყო რეგისტრირებული, რამდენადაც აფხაზეთში ცალკე ოჯახებად ცხოვრობდნენ, რაზეც, არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
პრივატიზაციის შედეგად გაიყიდა სასტუმრო “....” შენობა, მაგრამ სასტუმრო ,,..." მცხოვრები დევნილებისათვის საკომპენსაციო თანხების გასაცემი ოჯახების სიაში, მოსარჩელე და მისი დედა ერთ ოჯახად იყო რეგისტრირებული, მაშინ როცა, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 16 თებერვლის ¹93 ბრძანებებით, სს ,,...." აქციათა პაკეტის 52,83% პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა კომპანია ,,...", რომელთანაც ნასყიდობის ხელშეკრულება იმ პირობით გაფორმდა, რომ საინვესტიციო თანხიდან 13,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით მოხდებოდა დევნილებისათვის კომპენსაციების გაცემა. უმთავრესი პირობა კი, მყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულებისა იყო ის, რომ ეს უკანასკნელი კისრულობდა ვალდებულებას, უზრუნველეყო სასტუმრო ,,...." შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების გამოსახლება, თითოეულ ოჯახზე 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის საკომპენსაციო თანხის გაცემით. გამოქვეყნებული სიები არც ერთი ოფიციალური თანამდებობის პირთა მიერ არ არის ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული, მოსარჩელემ 2006 წლის 16 მარტს განცხადებებით მიმართა როგორც სს ,,...." დირექტორს, ისე _ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა პასუხი არ მიუღია.
სარჩელის სამართლებრივი საფუძველი:
მოსარჩელისა და დედის ერთად ერთ ოჯახად გაერთიანების შედეგად დაირღვა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 16 თებერვლის ¹93 ბრძანებები, ამასთან, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 24 სექტემბრის ¹17 ბრძანების თანახმად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მოსარჩელე და დედამისი ცალ-ცალკე ოჯახებად იყვნენ რეგისტრირებულნი, კერძოდ, სამინისტროში შექმნილი კომისიის მიერ მ. შ-ვის მინიჭებული ოჯახის ნომერია 00014, ხოლო ლ. ხ-ას ოჯახისადმი ¹00200.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ დევნილთა უფლებები შეილახა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანებით, რადგან ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: ა) დევნილთან იდება წერილობითი შეთანხმება; ბ) გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები; მოცემულ შემთხვევაში კი 7000 აშშ დოლარად საბაზრო ფასების გათვალისწინებით, შეუძლებელია ბინის შეძენა, რადგან ბათუმის გარეუბანშიც კი ერთოთახიანი ბინა 14000 აშშ დოლარის ღირებულებისაა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:L
ლ. ხ-ა აფხაზეთიდან დევნილია, დედასთან ერთად რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა ბათუმში, სასტუმრო ,,...". 2006 წლის 14 თებერვალს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ გამოსცა ¹15 ბრძანება, რომლითაც სს ,,..." 100-იანი და სს ,,..." 53,83% აქციების პაკეტი პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა კომპანია ,,....." ხელშეკრულების აუცილებელ პირობად ჩაიდო ინვესტორის მიერ გადაცემულ შენობა-ნაგებობებში კომპაქტურად განსახლებული დევნილებისათვის კომპენსაციის თანხის გადახდა თითოეული ოჯახისთვის 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ოდენობით, რაც განხორციელდა. მოსარჩელის მიერ არ იქნა უარყოფილი ის ფაქტი, რომ დედასთან ერთად ერთ ფართში ცხოვრობდა.
საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და 23-ე მუხლები და განმარტა, რომ მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; ხოლო მოცემულ შემთხვევაში ლ. ხ-ას მიერ, გარდა ზეპირი განცხადებისა, არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელე და მისი დედა _ მ. შ-ა ცალკე ოჯახებია.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არსებული აჭარის ა/რ ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილის თანახმად, კომპენსაცია გაიცემა დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ფართი, რის გამოც, სასამართლოს დასკვნით, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილების შესახებ" კანონი არ დარღვეულა /იხ. ს.ფ. 44-46/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ-ამ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
საქალაქო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა იმ ფაქტს, რომ ლ. ხ-ა და დედამისი, მ. შ-ა, თავიდანვე ცალ-ცალკე ოჯახებად იყვნენ რეგისტრირებულნი ბათუმში (შ-ა მ. მინიჭებული ოჯახის ნომერია 00014, ხოლო ლ. ხ-ას ოჯახის - 00200), რადგან აფხაზეთშიც ცალკე ოჯახებად ცხოვრობდნენ. პრივატიზაციის შედეგად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების გამოცემის შემდეგ, გაიყიდა სასტუმრო ,,...." შენობა, გამოიკრა სიები, სადაც ცალ-ცალკე ოჯახებად იყვნენ აღნიშნული ლ. ხ-ა და დედამისი, მ. შ-ა, რაც იმას გულისხმობდა, რომ საკომპენსაციო თანხა გაიცემოდა თითოეულ მათგანზე.
აპელანტის მითითებით, მისი და დედამისის ერთ ოჯახად გაერთიანება მოხდა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მას შემდეგ, რაც გამოიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანება და რომლის მე-4 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტში მითითებულია, რომ კომპანია “...." ვალდებულია, უზრუნველყოს სს ,,...." საწესდებო კაპიტალში რიცხულ შენობა-ნაგებობათა და სს ,,...." შესახლებულ იძულებით გადაადგილებული პირების _ დევნილების გამოსახლება, თითოეულ ოჯახზე 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის საკომპენსაციო თანხის გაცემით.
სასამართლომ არ დაასაბუთა ის გარემოება, თუ რა პრინციპით ხორციელდება საკომპენსაციო თანხების გაცემა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. ამასთან, არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ საინვესტიციო თანხის მთლიანი ოდენობა განისაზღვრა 17,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 13,5 მილიონი დოლარი წარმოადგენდა იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების საკომპენსაციო თანხებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის არსებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ თანხის გაცემა მოხდებოდა ,,საოჯახო ნომრის" თანახმად, რაც ასევე ასახულია მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანებაში.
აპელანტის მოსაზრებით, მის მიერ საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა მტკიცებულებები, რის გამო სასამართლოს მოტივაცია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თავისი სარჩელი და ვერ წარმოადგინა შესაბამისი მკიცებულებები, საფუძველს მოკლებულია. ამასთან, სასამართლომ არასწორად შეაფასა ის ფაქტი, რომ მ. შ-ა და ლ. ხ-ა ერთ ფართში ცხოვრობდნენ და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აფხაზეთში ცალ-ცალკე ოჯახად იყვნენ რეგისტრირებული და ბათუმშიც, ცალ-ცალკე ოჯახად ცხოვრობდნენ /იხ. ს.ფ. 48-56/.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა ადმინისტრაციული აქტის გამოცემა მ. შ-ასა და ლ. ხ-ას მიმართ ცალ-ცალკე საკომპენსაციო თანხის გაცემის შესახებ, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაიარდ:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ლ. ხ-ა და მისი დედა, მ. შ-ა არიან აფხაზეთიდან დევნილები, რომლებიც ცხოვრობდნენ ბათუმში, სასტუმრო “....”. აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანების მე-4 მუხლის ,,ა" პუნქტის მიხედვით, კომპანია ,,..." ვალდებულია, უზრუნველყოს სს ,,...." საწესდებო კაპიტალში რიცხულ შენობა-ნაგებობათა და სს ,,....." შესახლებულ, იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების გამოსახლება, თითოეულ ოჯახზე 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის საკომპენსაციო თანხის გაცემით. აღნიშნული ნორმის თანახმად, თანხები უნდა გაიცეს თითოეულ ოჯახზე. ლ. ხ-ა ირიცხება ბათუმში, სასტუმრო ,,...," საოჯახო ¹00200, ხოლო დედამისი, მ. შ-ა, საოჯახო ¹00014. ის გარემოება, რომ მ. შ-ა და მ. ხ-ა ცალ-ცალკე ოჯახებია, დაადასტურა მოპასუხის წარმომადგენელმაც.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.2. მუხლი და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ მ. შ-სა და ლ. ხ-ას ცალ-ცალკე ოჯახებად დაფიქსირება არ ეწინააღმდეგებოდა კანონს, რადგან მათზე ცალ-ცალკე საოჯახო ნომრები იქნა გაცემული და ისინი ასეთი სახით იყვნენ რეგისტრირებულნი იხ. ს.ფ. 86-89/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება /იხ.ს.ფ. 95-96/.
კასაციის მოტივი:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს ოჯახთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. სასამართლომ ყოველგვარი გამოკვლევისა და იურიდიული დასაბუთების გარეშე დაადგინა, რომ ლ. ხ-ა და მ. შ-ა ცალ-ცალკე ოჯახები არიან, დაეყრდნო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემულ საოჯახო ნომრებს, რითაც დარღვეულ იქნა სსსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნა. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ” კანონის მე-4 და 5.4. მუხლები.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 18 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად /აბსოლუტური კასაცია/.
2007 წლის 27 მარტს საკასაციო სასამართლოში მხარეთა მიერ წარმოდგენილ იქნა მორიგების აქტი და მხარეებმა იშუამდგომლეს საქმეზე მორიგების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა /იხ.ს.ფ. 133-134/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის კანონიერების შემოწმებისას, მხარეთა წარმომადგენლების განმარტებების მოსმენის და სასამართლო განხილვის შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება, აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. ხ-ას და მისი წარმომადგენლის _ ბ. ბ-ის შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. ხ-ას და მისი წარმომადგენლის _ ბ. ბ-ის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, ხოლო დავის მორიგებით დამთავრების გამო, სარჩელზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო წარმოების დროს მხარეთა მიერ წარმოდგენილ იქნა მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
ა). მხარეები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ლ. ხ-ა და მ. შ-ა წარმოადგენენ ცალ-ცალკე ოჯახებს, თანახმად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომრებისა, კერძოდ, ლ. ხ-ას ოჯახის ნომერია 00200, ხოლო მ. შ-ას – 00014;
ბ). მხარეები აღიარებენ და ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ლ. ხ-ას და მ. შ-ას, როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ დევნილ ოჯახებს ქ. ბათუმში მდებარე სასტუმრო “....” გამოსახლების სანაცვლოდ, თანახმად “იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.4. მუხლის და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანებისა, თითოეულს ცალ-ცალკე ეკუთვნის კომპენსაცია 7000-7000 აშშ დოლარის ოდენობით;
გ). აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულებას იღებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში გაატაროს ყველა ზომა იმისათვის, რომ ინვესტორმა კომპანიამ გასცეს საკომპენსაციო თანხა ქ. ბათუმში, სასტუმრო “....” რეგისტრირებულ მ. შ-ე, 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით გადახდის დროისათვის არსებული კურსით, არა უგვიანეს ერთი თვისა;
დ). დევნილ ლ. ხ-აზე 7000 დოლარის ეკვივალენტ ლარებში საკომპენსაციო თანხის გაცემის სანაცვლოდ, აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ქ. ბათუმში, სასტუმრო “...” რეგისტრირებულ ლ. ხ-ას გამოუყოს საცხოვრებელი ფართი, ქობულეთის რაიონში. აღნიშნული საცხოვრებელი ფართი მდებარეობს ქობულეთის ზღვის სანაპიროსთან არსებულ _ 15 სართულიან დასასვენებელი სახლის “...” პირველ სართულზე, შესასვლელიდან ხელმარჯვნივ. გამოსაყოფი საცხოვრებელი ფართი მოიცავს 45 კვ.მ-ს. ლ. ხ-ა უფლებას იტოვებს, კეთილმოაწყოს აღნიშნული ფართი;
ე). აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალოს უზრუნველყოს ლ. ხ-ას დამისამართება (რეგისტრირება) გამოყოფილი საცხოვრებელი ფართის მისამართის მიხედვით. აღნიშნულ ფართში მისი ცხოვრება ითვლება კანონიერად. ინვესტორის მიერ აღნიშნული ობიექტის პრივატიზაციის ან სახელმწიფოს მიერ აუქციონის ფორმით გასხვისების შემთხვევაში, აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ფართის დატოვების სანაცვლოდ გაითვალისწინოს და უზრუნველყოს ლ. ხ-ას კომპენსაციების მიმღებ პირთა სიაში შეყვანა და მასზე ინვესტორის მიერ შემოთავაზებული ოდენობის საკომპენსაციო თანხის გაცემა;
ვ). მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგელობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის მორგების აქტის იძულებითი აღსრულების ჩათვლით);
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
აღნიშნულის შესაბამისად, მხარეებმა საკასაციო სასამართლოში დაადასტურეს ნება მორიგების მიღწევისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაც გაზიარებულ იქნა დავაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და დადასტურებულია მორიგების აქტზე მისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის სათანადო ხელმოწერით /იხ. ს.ფ. 133-134/.
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მორიგების აქტის კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან, წარმოდგენილი მორიგების აქტის თანახმად, არ იზღუდება მხარეთა უფლებები. როგორც წარმოდგენილი მორიგების აქტით ირკვევა, აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და განსახლების სამინისტრო კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულებას კისრულობს საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს ლ. ხ-ა, ასეთის ვალდებულება მას გააჩნია “იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.3. მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს დევნილს დროებით საცხოვრებელი ფართობით, სამინისტრო ახორციელებს დევნილთა გასახლებას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ, დევნილთა დროებითი განსახლებისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართობის ფარგლებში. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ მითითებული მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, შესაბამისად, არ არსებობს მის დამტკიცებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მორიგების აქტი ექვემდებარება დამტკიცებას. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლომ მხარეებს განუმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, 3.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 272-ე მუხლის “გ” და “დ” პუნქტებით, 273-ე, 372-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. ხ-ას და მისი წარმომადგენლის _ ბ. ბ-ის შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ დაკმაყოფილდეს;
4. დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
ა). მხარეები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ლ. ხ-ა და მ. შ-ა წარმოადგენენ ცალ-ცალკე ოჯახებს, თანახმად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომრებისა, კერძოდ, ლ. ხ-ას ოჯახის ნომერია 00200, ხოლო მ. შ-ას – 00014;
ბ). მხარეები აღიარებენ და ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ლ. ხ-ას და მ. შ-ას, როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ დევნილ ოჯახებს ქ. ბათუმში მდებარე სასტუმრო “....” გამოსახლების სანაცვლოდ, თანახმად “იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.4. მუხლის და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანებისა, თითოეულს ცალ-ცალკე ეკუთვნის კომპენსაცია 7000-7000 აშშ დოლარის ოდენობით;
გ). აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულებას იღებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში გაატაროს ყველა ზომა იმისათვის, რომ ინვესტორმა კომპანიამ გასცეს საკომპენსაციო თანხა ქ. ბათუმში, სასტუმრო “....” რეგისტრირებულ მ. შ-აზე, 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით გადახდის დროისათვის არსებული კურსით, არა უგვიანეს ერთი თვისა;
დ). დევნილ ლ. ხ-აზე 7000 დოლარის ეკვივალენტ ლარებში საკომპენსაციო თანხის გაცემის სანაცვლოდ, აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ქ. ბათუმში, სასტუმრო “...” რეგისტრირებულ ლ. ხ-ას გამოუყოს საცხოვრებელი ფართი, ქობულეთის რაიონში. აღნიშნული საცხოვრებელი ფართი მდებარეობს ქობულეთის ზღვის სანაპიროსთან არსებულ _ 15 სართულიან დასასვენებელი სახლის “...” პირველ სართულზე, შესასვლელიდან ხელმარჯვნივ. გამოსაყოფი საცხოვრებელი ფართი მოიცავს 45 კვ.მ-ს. ლ. ხ-ა უფლებას იტოვებს, კეთილმოაწყოს აღნიშნული ფართი;
ე). აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალოს უზრუნველყოს ლ. ხ-ას დამისამართება (რეგისტრირება) გამოყოფილი საცხოვრებელი ფართის მისამართის მიხედვით. აღნიშნულ ფართში მისი ცხოვრება ითვლება კანონიერად. ინვესტორის მიერ აღნიშნული ობიექტის პრივატიზაციის ან სახელმწიფოს მიერ აუქციონის ფორმით გასხვისების შემთხვევაში, აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ფართის დატოვების სანაცვლოდ გაითვალისწინოს და უზრუნველყოს ლ. ხ-ას კომპენსაციების მიმღებ პირთა სიაში შეყვანა და მასზე ინვესტორის მიერ შემოთავაზებული ოდენობის საკომპენსაციო თანხის გაცემა;
ვ). მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგელობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის მორგების აქტის იძულებითი აღსრულების ჩათვლით);
5. ლ. ხ-ას სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება მორიგების აქტის დამტკიცების გამო;
6. განემარტოთ მხარეებს, რომ იმავე საგანზე იმავე საფუძვლით დავა არ დაიშვება;
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.