Facebook Twitter

ბს-915-877(2კ-07) 15 აპრილი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე

გულნარა ილინას მდივნობით

კასატორი – თ. დ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თ. დ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მიუღებელი ხელფასის, საშვებულებო თანხისა და კომპენსაციის ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 1-2/.

საქმის გარემოებები:

მოსარჩელე 2001 წლის 4 ნოემბერს აირჩიეს აჭარის ა/რ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში. 2004 წლის 7 მაისს აჭარის ა/რ-ში პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობის შემოღების შემდეგ დათხოვნილ იქნა აჭარის ა/რ-ის პარლამენტი და შესაბამისად, მოსარჩელეს ვადაზე ადრე შეუწყდა უფლებამოსილება. მოსარჩელის განმარტებით, დათხოვნის მომენტისთვის მას მიუღებელი ჰქონდა აპრილ-მაისის ხელფასი, საშვებულებო კუთვნილი თანხა 45 დღის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, ასევე კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია, რაც ერთობლივად შეადგენდა 2415 ლარს.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა წერილობით აჭარის ა/რს უმაღლეს საჭოს და მოითხოვა შრომის წიგნაკის დაბრუნება, ასევე მიუღებელი ხელფასისა და კუთვნილი თანხების ანაზღაურება, მაგრამ აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭო ყველა წერილს უპასუხოდ ტოვებდა და მხოლოდ სასამართლოს 2005 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით გახდა შესაძლებელი მისგან პასუხის მიღება, რომლის თანახმად, სახელფასო დავალიანების გასასტუმრებელი თანხები არ იქნა გათვალისწინებული 2005 წლის 15 ივნისის ბიუჯეტში.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელის განმარტებით, ამჟამად მოქმედი კანონი “აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ”, მასზე ვერ გავრცელდებოდა იმ მიზეზით, რომ კანონს უკუძალა არა ჰქონდა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობდა მოსარჩელის კონსტიტუციით აღიარებული შრომითი უფლებების დარღვევას. მოსარჩელის აზრით, მასზე უნდა გავრცელებულიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმები, რამდენადაც აღნიშნული კანონის 11.2 მუხლის თანახმად, აჭარის ა/რ ძირითადი კანონების საფუძველზე არჩეულ, დანიშნულ და დამტკიცებულ თანამდებობის პირებზე ვრცელდებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, თუ საქართველოს კონსტიტუციითა და სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ იყო დადგენილი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

მოსარჩელე თ. დ-ე 2001 წლის 4 ნოემბერს აირჩიეს აჭარის ა/რ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში. 2004 წლის 7 მაისს აჭარის ა/რ საპრეზიდენტო მმართველობის შემოღების შემდეგ დათხოვნილ იქნა აჭარის პარლამენტი, შესაბამისად, მოსარჩელეს ვადაზე ადრე შეუწყდა უფლებამოსილება.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი და განმარტა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მას მიუღებელი ჰქონდა აპრილის თვის ხელფასი, რომელიც შეადგენდა 480 ლარს.

საქალაქო სასამართლოს დასკვნით, აჭარის ა/რ ყოფილი პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა უნდა მომხდარიყო აჭარის ა/რ კანონით, მაგრამ, ვინაიდან აჭარის ა/რ იმდროინდელ პარლამენტს, როგორც საქმის მასალებით და აჭარის ა/რ პროკურატურიდან გამოთხოვილი საქმის მასალებით დადგინდა, აღნიშნული კანონი არ მიუღია, შესაბამისად ყოფილი პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრაც კანონით არ მომხდარა. “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის თანახმად კი, საკითხები, რომლებიც უნდა მოწესრიგდეს საკანონმდებლო აქტით, დაუშვებელია დარეგულირდეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

საქალაქო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 2004 წლის კუთვნილი 45-დღიანი შვებულების ფულადი კომპენსაციით შეცვლის თაობაზე. “აჭარის ა/რ პარლამენტის სტატუსის შესახებ” საქართველოს იმ დროს მოქმედი კანონი არ ითვალისწინებდა პარლამენტის წევრის მიერ გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაციით შეცვლას, ხოლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 11.2 მუხლის თანახმად, მოსარჩელეზე, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, არ ვრცელდებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნები. ამდენად, საქალაქო სასამართლოს აზრით, მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილშიც უსაფუძვლო იყო /იხ. ს.ფ. 132-136/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. დ-ემ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში, შემდეგი მოტივით:

აპელანტის განმარტებით, მან არაერთხელ მიმართა თხოვნით აჭარის ა/რ უზენაეს საბჭოს, მოეხდინათ ხელფასისა და კომპენსაციის საბოლოო გაანგარიშება, მაგრამ მოპასუხე სხვადასხვა მიზეზით თავს არიდებდა აღნიშნული საკითხის არსებითად განხილვას. ამავე დროს მისთვის ცნობილი გახდა, რომ აჭარის ა/რ კონტროლის პალატის მიერ შემოწმდა აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს საფინანსო საქმიანობა 2002-2004წწ. მაისის თვის ჩათვლით. შემოწმების მასალებში მითითებული იყო დეპუტატების ხელფასის დავალიანება. მოსარჩელის განმარტებით, კონტროლის პალატის 8.06.06წ. და აჭარის ა/რ პროკურატურის 22.08.06 წ. პასუხებში აღნიშნული ინფორმაცია მას არ მიუღია. მხოლოდ სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა აჭარის ა/რ-ის პროკურატურიდან შემოწმების მასალების მიღების შესახებ, რაც სასამართლო პროცესზე შესწავლილ იქნა და დადგინდა, რომ ხელფასის დავალიანებამ შეადგინა 744,9 ლარი.

რაც შეეხება ორი თვის კომპენსაციას, აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული თანხა მას ეკუთვნოდა საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის, საქართველოს კანონის “საჯარო სამსახურის შესახებ” 109-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის ¹1/2/301 გადაწყვეტილების V პუნქტის თანახმად /იხ.ს.ფ. 139-140/.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით თ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. დ-ეს მიეცა 2004 წლის აპრილისა და ამავე წლის 8 მაისის ჩათვლით ხელფასი - 295 ლარის ოდენობით, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

აპელანტი თ. დ-ე 2001 წლის 4 ნოემბერს აირჩიეს აჭარის ა/რ უმაღლეს წარმოამდგენლობით ორგანოში. 2004 წლის 7 მაისს აჭარის ა/რ-ში პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობის შემოღების შემდეგ დათხოვნილ იქნა აჭარის ა/რ-ის პარლამენტი და შესაბამისად, მოსარჩელეს ვადაზე ადრე, 2004 წლის 8 მაისს შეუწყდა უფლებამოსილება. მოწინააღმდეგე მხარემ არ უარყო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე იყო აჭარის ა/რ იმდროინდელი მოწვევის პარლამენტის წევრი, მაგრამ მიუთითა, რომ კანონით არ იყო მოწესრიგებული პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა.

სააპელაციო სასამართლომ აჭარის ა/რ პროკურატურიდან გამოთხოვილი აჭარის ა/რ კონტროლის პალატის 2005 წლის 16 ივნისის ¹02-01/38 აქტის საფუძველზე დაასკვნა, რომ აჭარის ა/რ-ის უზენაეს საბჭოში ჩატარდა 2002 წლის 1 ივლისიდან 2004 წლის აგვისტომდე პერიოდის, აჭარის ა/რ დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 8 მაისიდან 8 ივლისამდე პერიოდის და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს 2004 წლის 20 ივლისიდან 2005 წლის 1 აპრილამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზია. აღნიშნულ აქტს ხელს აწერდა მთავარი ბუღალტერი ი. ვერძაძე. უწყისში, სადაც აღნიშნული იყო “აჭარის ა/რ პარლამენტი - სენატი”, 36-ე ნომრით მოსარჩელის სახელი და გვარი იყო – თ. დ-ე. “დაკავებულ თანამდებობად” ნაჩვენები იყო “სენატორი”, “ძირითად განაკვეთში” აღნიშნული იყო 330,0, მე-5 და მე-6 გარაფაში “დარიცხულია” IV,V, ჩაწერილია 220,0 და 75,0, “გასაცემი თანხის” გრაფაში მითითებულია 744,9 ლარი. ამდენად, დადგინდა, რომ თ. დ-ე 2004 წლის 8 მაისამდე ასრულებდა თავის მოვალეობას და მას “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლის თანახმად, უფლება ჰქონდა სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო. სააპელაციო პალატის დასკვნით, თ. დ-ის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო, აღნიშნული უწყისის მიხედვით, შეადგენდა 330 ლარს. სადეპუტატო დანამატის შესახებ კი რაიმე მონაცემები არ მოიპოვებოდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა 45-დღიანი შვებულების ფულადი კონმპენსაციით შეცვლის შესახებ, რამდენადაც იმ დროს მოქმედი “აჭარის ა/რ პარლამენტის სტატუსის შესახებ” და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონები არ ითვალისწინებდა შვებულების ფულადი კომპენსაციით შეცვლას. ასევე უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოდან დათხოვნის გამო კომპენსაციის მიღების შესახებ, ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109.1 მუხლის თანახმად, მას არ გააჩნდა მითითებულ თანამდებობაზე სამ წლამდე მუშაობის საჯარო სამსახურის სტაჟი /იხ.ს.ფ. 280-286/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის უმაღლესმა საბჭომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, შემდეგი მოტივით:

კასაციის მოტივი:

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის არაობიექტური, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კონკრეტულ შემთხვევაში, იმ დროს მოქმედი “აჭარის ა/რ პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” კანონის თანახმად, აჭარის ა/რ ყოფილი პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა უნდა მომხდარიყო აჭარის ა/რ კანონით, რომელიც მიღებული არ ყოფილა, თუმცა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მისი მიღება აუცილებელი იყო. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მოთხოვნები, რომლის თანახმად, საკითხები, რომლებიც უნდა მოწესრიგდეს საკანონმდებლო აქტით, დაუშვებელია დარეგულირდეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ამდენად, აჭარის ა/რ ყოფილი პარლამენტის წევრებზე ხელფასის გაცემის, მით უფრო სახელფასო დავალიანების ანაზღაურების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ასევე ის გარემოება, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1.3 მუხლის თანახმად, აჭარის ა/რ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი არის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება სპეციალური კანონმდებლობით და მასზე, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის თანახმად, არ ვრცელდება ამავე კანონის 37-ე მუხლი.

კასატორის მოსაზრებით, აჭარის ა/რ კონტროლის პალატის კომპლექსური რევიზიის აქტის ¹10 დანართზე რაიმე იურიდიული ძალის მინიჭება და მით უფრო, მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება, მიზანშეუწონელი და დაუშვებელია, ვინაიდან თვით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდანაც ჩანს, რომ აღნიშნული აქტის დანართში, სახელფასო დავალიანების ნაწილში, თანხები მითითებულია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. გარდა ამისა, “საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციის მე-2 და 32-ე მუხლების თანახმად, ყველა ბუღალტრულ საბუთს, მათ შორის ხელფასის უწყისს, ხელს აწერს დაწესებულების ხელმძღვანელი და მთავარი ბუღალტერი, ხოლო ზემოაღნიშნული აქტის დანართზე თანდართულ ხელფასის უწყისს არ გააჩნია ნომერი, არ არის დამოწმებული დაწესებულების ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტერის ხელმოწერითა და ბეჭდით, რაც ხელფასის უწყისის შედგენის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს.

კასატორის განმარტებით, საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ა” და “გ” პუნქტების თანახმად, ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე /იხ. ს.ფ. 300-302/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. დ-ემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

კასაციის მოტივი:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და უსაფუძვლოა. აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს მთავარი ბუღალტრის მიერ ხელმოწერილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული აჭარის ა/რ კონტროლის პალატის კომპლექსური რევიზიის აქტის თანახმად, მოსარჩელის სახელფასო და საშვებულებო დავალიანებამ შეადგინა 744,9 ლარი. რევიზიის აქტი შედგენილია 2004 წლის იმჟამად მოქმედი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 42-ე მუხლის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულ თანხაში არ შედიოდა ორთვიანი საკომპენსაციო თანხა, რომელიც მას ეკუთვნოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109-ე მუხლის თანახმად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა თ. დ-ემ მოითხოვა ხელფასისა და საშვებულებო დავალიანების - 744,9 ლარის, ორთვიანი კომპენსაციის - 960 ლარის, სულ 1704,9 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება /იხ.ს.ფ. 304/.

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 7 თებერვლის განჩინებით თ. დ-ის და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “ა” პუნქტის საფუძველზე /აბსოლუტური კასაცია/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. დ-ისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე თ. დ-ე 2001 წლის 4 ნოემბერს აირჩიეს აჭარის ა/რ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში; 2004 წლის 7 მაისს აჭარის ა/რ-ში პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობის შემოღების შემდეგ დათხოვნილ იქნა აჭარის ა/რ პარლამენტი და შესაბამისად, მოსარჩელეს ვადაზე ადრე 2004 წლის 8 მაისს შეუწყდა უფლებამოსილება. მოსარჩელე იყო აჭარის ა/რ მოწვევის პარლამენტის წევრი, თუმცა კანონით არ იყო მოწესრიგებული პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების საკითხი.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი. სააპელაციო სასამართლომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლის საფუძვლზე მიიჩნია, რომ თ. დ-ეს უფლება ჰქონდა, სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო.

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1-ლი მუხლი განსაზღვრავს საჯარო სამსახურისა და სახელმწიფო თანამდებობის ცნებას. კანონის 1.1. მუხლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითთმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე კანონის 1.3 მუხლის თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა არის საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ კონსტიტუციებით გათვალისწინებული ის სახელმწიფო თანამდებობა, რომელიც პოლიტიკურია და არჩევის ან დანიშვნის წესი განისაზღვრება შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ კონსტიტუციებით. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს წარმოადგენს აფხაზეთისა და აჭარის ა/რ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი.

საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ საჯარო მოსამსახურეების სახეებს, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება. კანონის 11-ლი მუხლის თანახმად, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე არ ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოქმედება, გარდა 1-ლი, მე-6, მე-9, მე-10, 39-ე, 66-ე, 121-ე მუხლებისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი წარმოადგენს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომელზედაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოქმედება არ ვრცელდება საგამონაკლისო ნორმების გარდა, მაშინ, როცა საჯარო მოსამსახურე არის პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში, ანუ საჯარო მოხელე არის პირი, რომელიც პირდაპირ წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოქმედების სუბიექტს, ამ კანონის საფუძველზე ხდება მისი თანამდებობაზე დანიშვნა (არჩევა), გათავისუფლება, იმ უფლებებითა და შეღავათებით აღჭურვა, რაც ამავე კანონით საჯარო მოხელისათვის არის დადგენილი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილება და სტატუსი რეგულირდება აჭარის ა/რ კონსტიტუციით, აჭარის ა/რ რეგლამენტით და “აჭარის ა/რ პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” კანონით. სწორედ მითითებული კანონი არეგულირებს და განსაზღვრავს აჭარის ა/რ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის თანამდებობაზე არჩევის (დანიშვნისა) და დათხოვნის წესს. აჭარის ა/რ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა უნდა განხორციელებულიყო აჭარის ა/რ კანონით, რომელიც მიღებული არ ყოფილა, თუმცა თ. დ-ის მიერ დაკავებული თანამდებობა წარმოადგენდა ანაზღაურებად სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან თ. დ-ის, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირის მიმართ არ ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოქმედება, სადავო სამართალურთიერთობის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას 1973 წლის შრომის კანონთა კოდექსი, რომელიც არეგულირებდა საქართველოში მცხოვრებ მუშაკთა შრომით ურთიერთობებს საწარმოსთან, დაწესებულებასთან და ორგანიზაციასთან (მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა); კოდექსის მიღების მიზნად განისაზღვრა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, შრომითი უფლებების დაცვის, შრომის სამართლიან ანაზღაურების და სხვ. ხელშეწყობა.

აღნიშნული ნორმატიული აქტი მოქმედებდა 2006 წლის 25 მაისის შრომის კოდექსის ამოქმედებამდე, ვინაიდან მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან იმყოფებოდა 2001-2004 წლებში, მისი შრომითი ანაზღაურების საკითხის მოსაწესრიგებლად გამოყენებულ უნდა იქნას სწორედ მითითებული 1973 წლის შრომის კანონთა კოდექსი.

საკასაციო სასამართლო 1973 წლის შრომის კანონთა კოდექსის 3. “ბ” მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თანაბარი მუშაობის პირობებში, მუშაკს უფლება აქვს ჰქონდეს თანაბარი ანაზღაურება შრომის რაოდენობისა და ხარისხის შესაბამისად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმისა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შრომის კანონთა კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად კი მუშაკისათვის შრომის ანაზღაურება ხდება შრომის ოდენობისა და ხარისხის მიხედვით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, ის გარემოება, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა არ მოხდა აჭარის ა/რ კანონით, აღნიშნული არ წარმოადგენს თ. დ-ის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, რამდენადაც საქართველოს კონსტიტუციით, “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-7 და “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” 23-ე მუხლით უზრუნველყოფილი და აღიარებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლება.

სრულიად დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს არ გააჩნდა თანამდებობაზე სამ წლამდე მუშაობის საჯარო სამსახურის სტაჟი /1999 წლის 19 მარტის რედაქცია/, რის გამოც სარჩელი ორი თვის კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109-ე მუხლის 2004 წელს მოქმედი რედაქცია, კუთვნილი კომპენსაციის ანაზღაურების უფლების მქონე სუბიექტად არ მიიჩნევს პირს, რომელსაც გააჩნია მუშაობის სამ წლამდე სტაჟი, არამედ მოქმედი რედაქციის თანახმად, დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო მიუხედავად სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობისა, რამდენადაც აღნიშნული ნორმის მოქმედ რედაქციაში რაიმე დათქმა შრომის სტაჟთან დაკავშირებით მითითებული არ არის. ამასთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109-ე მუხლი კომპენსაციის მიღების უფლების მქონე სუბიექტად მიიჩნევს მოხელეს, მაშინ, როცა თ. დ-ის მიერ დაკავებული თანამდებობა იყო სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა, ამასთან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის დებულებიდან გამომდინარე, კანონის 109-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მოსარჩელის მიმართ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის თ. დ-ის კასაციის მოტივს სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა არასრული გამოკვლევის თაობაზე, კერძოდ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომ არ იმსჯელა და არ გააქარწყლა სააპელაციო საჩივრის მოტივები, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას სარწმუნოდ უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას საქმის ფაქტობრივი გარემოება დადგენილ იქნა არასრულყოფილად, შესაბამისად, სახეზეა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მითითებული ნორმით დადგენილი პირობების დარღვეულად მიჩნევის პროცესუალური საფუძვლები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვისას დაეყრდნო მხოლოდ აჭარის ა/რ კონტროლის პალატის 2005 წლის 16 ივნისის აქტს, თუმცა ამავე დროს სრულიად უკრიტიკოდ გაიზიარა აღნიშნული მტკიცებულება. ამდენად, სახეზეა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მითითებული ნორმით გათვალისწინებული დანაწესის დარღვეულად მიჩნევის პროცესუალური საფუძვლები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმე საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით და ოფიციალობის პრინციპიდან გამომდინარე მოიპოვოს მტკიცებულებები და მათი შეფასების შემდეგ გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გამოარკვიოს თუ რა თანხის ოდენობას იღებდნენ აჭარის ა/რ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს სხვა წევრები, რათა სარწმუნოდ დაადგინოს, თუ რეალურად რა წარმოადგენდა აჭარის ა/რ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის ხელფასს, რა ძირითად თანხასა და დანამატს იღებდა ამგვარის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უნდა მოიპოვოს ხელფასის გაცემის უწყისები, დაკითხოს ბუღალტერი, რომელიც გასცემდა ხელფასს და აღნიშნული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოების _ თ. დ-ის რეალური ხელფასის ოდენობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რეალურად რა პერიოდის თანხა არის გაცემული მოსარჩელეზე და რა ოდენობის თანხა დარჩა გასაცემი მოსარჩელეზე ხელფასის სახით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. შესაბამისად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 53.4 მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 390-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და თ. დ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.