¹ბს-916-875(კ-06) 31 იანვარი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 20 იანვარს ი. მ-მა სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ზესტაფონის ცენტრალური რაიონული ბიბლიოთეკის მიმართ და სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1978 წლიდან მუშაობდა ზესტაფონის ცენტრალურ რაიონულ ბიბლიოთეკაში _ ...... საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ზესტაფონის რაიონის საბიბლიოთეკო გაერთიანების (ზესტაფონის ცენტრალური რაიონული ბიბლიოთეკის უფლებამონაცვლე) დირექტორის 2005 წლის 18 ნოემბრის წერილით გაფრთხილებული იყო მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შესახებ. ზესტაფონის რაიონის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის 2005 წლის 22 დეკემბრის ¹29 ბრძანებით კი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია.
მოსარჩელის განმარტებით, გათავისუფლებისას დაირღვა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლი, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე. ამასთან, დარღვეული იყო ამავე კოდექსის 41-ე მუხლის მე-4 და მე-5 მუხლებიც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ზესტაფონის რაიონის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის 2005 წლის 22 დეკემბრის ¹29 ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად ზესტაფონის რაიონის გამგეობა, ზესტაფონის რაიონის კულტურის განყოფილება და ზესტაფონის რაიონის პროფადგილკომი ჩაებნენ.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება ი. მ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და ზესტაფონის რაიონის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორს, შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ერთი თვის ვადაში, მოსარჩელის სამსახურში დარჩენის უპირატეს უფლებაზე მსჯელობის შემდეგ, ახალი ბრძანების გამოცემა დაევალა.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, საბიბლიოთეკო გაერთიანების ადმინისტრაციამ ი. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლებისას არ იმსჯელა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებაზე, რის გამოც სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ბრძანება მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით დადგენილი საკითხების უგულებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, ვინაიდან სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების საკითხზე მსჯელობა ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და სადავო საკითხის, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის, გადაუწყვეტლად ბათილად ყოფილიყო ცნობილი ი. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, ხოლო ზესტაფონის რაიონის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაკისრებოდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზესტაფონის რაიონის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა ნ. კ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია და განმარტა, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებისას საბიბლიოთეკო გაერთიანების ადმინისტრაციამ განიხილა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, ხოლო, რაც შეეხება ამავე კოდექსის 37-ე მუხლს, აპელანტმა აღნიშნა, რომ პირის სამუშაოდან გათავისუფლებისას პროფკავშირის თანხმობა აუცილებელია მისი არსებობის შემთხვევაში, მათ ორგანიზაციაში კი პროფკავშირი არ არსებობს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ი. მ-აც გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად ც. თ-ე, ე. ნ-ე, თ. გ-ე, გ. ც-ე, ე. კ-ე, ლ. მ-ე და შ. შ-ე ჩაებნენ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. მ-ი 2005 წლის 22 დეკემბრის ¹29 ბრძანებით, შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლის საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რის თაობაზეც წინასწარ იყო გაფრთხილებული.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებისას განიხილა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, თუმცა საქმეში მესამე პირებად ჩართულ მუშაკებთან შედარებით ი. მ-ს არ გააჩნდა უპირატესობა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რეორგანიზაციის დროს უნდა დათხოვნილიყვნენ საპენსიო ასაკს მიღწეული პირები და განმარტა, რომ ასაკის გამო სამუშაოდან პირის გათავისუფლება ადმინისტრაციის უფლებას წარმოადგენდა და არა ვალდებულებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება ი. მ-მა საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა დამატებით მიუთითა, რომ მისი გათავისუფლება პროფკავშირულ ორგანიზაციასთან შეთანხმების გარეშე განხორციელდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. მ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 31 იანვრამდე.
მხარეებმა უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.