¹ბს-917-876(კ-06) 21 მაისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (განმცხადებელი) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ხ-ა; ......... სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიურო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი _ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 11 ოქტომბერს სენაკის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. ხ-ამ მოპასუხე ........ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
ა. .......... სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს 2005 წლის 19 აგვისტოს ¹48 შემოწმების აქტის 14.2 და 24.1 პუნქტების ჩანაწერის ბათილად ცნობა;
ბ. ......... სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერი სერია სსე-I ¹....... იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომელიც განსაზღვრავს დასკვნას შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ;
გ. ......... სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერი სერია სსე-I ¹........ იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომელიც შეიცავს ჩანაწერს შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზის შესახებ;
დ. ........ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროსათვის თ. ხ-ას შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შრომითი დასახიჩრების განსაზღვრის დავალება;
ე. ....... სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროსათვის თ. ხ-ას შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსად სამხედრო-სამსახურებრივი მოვალეობის დროს მიღებული ტრამვის განსაზღვრის დავალება.
მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებდა შემდეგზე:
მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ........ რაზმში ოფიცრის თანამდებობაზე. 2003 წლის 27 სექტემბერს სამსახურში ყოფნის დროს გამოძახებულ იქნა ........ რაზმის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკ ა. გ-ას მიერ, რომელმაც მისცა განკარგულება, მასთან ერთად გასულიყო წითელ ხიდზე სამსახურებრივ საკითხთან დაკავშირებით. უკან დაბრუნებისას, დაახლოებით საღამოს 21 სათზე, სამსახურებრივ ავტომანქანა ვაზ-2107-ს, რომელსაც მართავდა პოლკოვნიკი ა. გ-ა, გაუფუჭდა ბენზინის მიმწოდებელი და გაჩერდა. ორივენი ჩამოვიდნენ მანქანიდან, ახადეს კაპოტი და დაიწყეს დაზიანების მიზეზის დადგენა. ამ დროს ბენზინის მიმწოდებელი სპილენძის ნაწილი (შტუცერი) მოხსნილ იქნა პოლკოვნიკ ა. გ-ას მიერ, რომელმაც დაიწყო ბენზინის ამოქაჩვა, რა დროსაც მას, რომელიც დახრილი იყო მოტორის თავზე მეორე მხარეს, ამოქაჩული ბენზინი შეესხა თვალებში. ბენზინით და მჟავით დასვრილი ცხვირსახოცით მოსარჩელემ მოიწმინდა პირ-სახე, რა დროსაც შეიგრძნო მარცხენა თვალში სიმწვავე. სახლში მისვლისას დაინახა მარცხენა თვალის გუგის შეწითლება. ამ გარემოებას ყურადღება არ მიაქცია, იფიქრა, რომ მალე გაუვლიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით 2003 წლის 20 ოქტომბერს სენაკში ყოფნისას მიმართა პოლიკლინიკის ექიმს. ამის შემდეგ გაუუარესდა მარცხენა თვალში მხედველობა, მკურნალობამ ვერ უშველა და ამჟამად საექიმო დასკვნით მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგული აქვს 100%-ით. პოლიკლინიკის მიმართვის საფუძველზე 2005 წლის 19 აგვისტოს ........ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მიერ მოხდა მისი შემოწმება და განესაზღვრა უვადოდ საერთო შესაძლებლობის შეზღუდვა.
მოსარჩელის მოსაზრებით, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს აღნიშნული დასკვნა არასწორი იყო, მისი დაზიანების სტატუსი უნდა განსაზღვრულიყო არა როგორც საერთო დაავადება, არამედ როგორც დაზიანება შრომითი დასახიჩრების გამო, რამდენადაც უბედური შემთხვევა მოხდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას გზაში. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს დეტალურად უნდა შეესწავლა მისი დაზიანების ფაქტი და “სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და მე-17 მუხლის შესაბამისად მისთვის უნდა განესაზღვრა შრომითი დასახიჩრების სტატუსი (ტ.1, ს.ფ.2-4).
სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ......... სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს 2005 წლის 19 აგვისტოს ¹48 შემოწმების აქტის 24.1 პუნქტის ჩანაწერი, რომელშიც მითითებული იყო დასკვნა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ, როგორც ზომიერად გამოხატული, ბათილად იქნა ცნობილი ამავე აქტის 24.2 პუნქტის ჩანაწერი, რომელშიც მითითებული იყო შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი _ “საერთო”; ბათილად იქნა ცნობილი ....... სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერი სერია სსე-I ¹....... იმ ნაწილში, რომელიც შეიცავს ჩანაწერს, დასკვნა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ, როგორც ზომიერად გამოხატული; ბათილად იქნა ცნობილი ამავე შემოწმების აქტის ამონაწერი სერია სსე-I ¹........ იმ ნაწილში, რომელიც შეიცავს ჩანაწერს შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზის შესახებ, როგორც “საერთო”; დაევალა ....... სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს განესაზღვრა თ. ხ-ას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ყოფილი ......... რაზმის (უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ......... პოლიცია) ოფიცრის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, რომელიც მოსარჩელეს მიადგა ოპერატიულ მოვალეობათა შესრულებისას, რაც უთანაბრდებოდა სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმას; დაევალა ........ სამედიცინო-ექსპერტიზის ბიუროს, განესაზღვრა თ. ხ-ას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ყოფილი ....... რაზმის ოფიცრის შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი, რომელიც მოსარჩელეს მიადგა შრომითი დასახიჩრების მიღების შედეგად შრომითი მოვალეობის შესრულებისას გზაში; შეწყდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობილი ნაწილების მოქმედება ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან (ტ.1, ს.ფ.77-84).
აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
2006 წლის 12 მარტს სენაკის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. განმცხადებელმა მოითხოვა სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანხმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის/მოპასუხის ყველა უფლებით და მას ეკისრება ყველა მოვალეობა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ....... სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს 2005 წლის 19 აგვისტოს შემოწმების აქტის ნაწილი, ამავე აქტის ამონაწერი და ბიუროს დაევალა ქმედების განხორციელება. ამასთან, ქმედების განხორციელების დროს განისაზღვრა კონკრეტული ჩანაწერის გაკეთება, რითაც შეიცვალა აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგი. საბოლოოდ, მითითებული აქტის შეცვლილი შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გახდა იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც გამოვიდა გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შინაარსიდან და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრო აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩაბმული მესამე პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (ტ.2, ს.ფ.1-2).
სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ადმინისტრაციული საქმის განხილვისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ მონაწილეობდა როგორც მხარე, 2005 წლის 24 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება-მოვალეობანი არ განსაზღვრულა როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარის მიმართ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეხებია ფინანსთა სამინისტროს ინტერესებს და იგი არ არის იმ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც გამოტანილია სადავო გადაწყვეტილება.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. სასამართლომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე დაადგინა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის 2006 წლის 4 იანვარს უკვე ცნობილი იყო სადავო გადაწყვეტილების არსებობა, მან კი მხოლოდ 12 მარტს მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით (ს.ფ. 69-74).
რაიონული სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი განცხადების დაკმაყოფილება.
აპელანტმა არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ შეეხებოდა ფინანსთა სამინისტროს ინტერესებს. სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ....... სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს 2005 წლის 19 აგვისტოს შემოწმების აქტის ნაწილი, ამავე აქტის ამონაწერი და ბიუროს დაევალა ქმედების განხორციელება. ამასთან, ქმედების განხორციელების დროს განესაზღვრა კონკრეტული ჩანაწერის გაკეთება, რითაც შეიცვალა აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგი. საბოლოოდ, მითითებული აქტის შეცვლილი შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გახდა იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც გამოვიდა გადაწყვეტილება. აღნიშნულის დასადასტურებლად სამინისტროს მიერ წარდგენილ იქნა წერილი, რომლითაც 2006 წლის 3 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომართა თ. ხ-ას წარმომადგენელმა და მოითხოვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული დასახიჩრების გამო კომპენსაციის გაცემა. იმისათვის, რომ გადაწყვეტილება შეეხოს მხარის ინტერესს, ან იგი წარმოადგენდეს სამართალურთიერთობის მონაწილეს, აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს, რომ გადაწყვეტილებაში პირდაპირ იყოს მითითებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროზე. ამ შემთხვევაში მთავარია, გადაწყვეტილება შეეხოს მხარის ინტერსს ან იგი წარმოადგენდეს სამართალურთიერთობის მონაწილეს, რასაც ადგილი ჰქონდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
აპელანტმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სასამართლოს მოსაზრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის დარღვევის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. ფინანსთა სამინისტრომ საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა შეიტყო მას შემდეგ, რაც მას ჩაბარდა აღნიშნული გადაწყვეტილება (2006 წლის 8 თებერვლიდან) და ამდენად, სამინისტროს არ გაუშვია გასაჩივრების ერთთვიანი ვადა (ტ.2, ს.ფ.109-11).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განჩინება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლები მდგომარეობს შემდეგში:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნას ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მიწვეული საქმის განხილვაში.
თ. ხ-ა იყო ......... რაზმის ოფიცერი, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო შრომითი დასახიჩრება, კერძოდ, დაუზიანდა მარცხენა თვალი, რამაც საბოლოოდ გამოიწვია მარცხენა თვალის მხედველობის 100%-ით დაკარგვა. ...... სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიურომ თ. ხ-ას შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დაუდგინა ზომიერად გამოხატული, ხოლო შესაძლებლობის მიზეზად განუსაზღვრა საერთო დაავადება. თ. ხ-ას აზრით, მას დაზიანება მიადგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და ექსპერტს უნდა განესაზღვრა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსად შრომითი დასახიჩრება. სწორედ ამიტომ მოითხოვა დასახელებული აქტის შესაბამისი პუნქტების გაბათილება თ. ხ-ამ. აქედან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ წარმოადგენდა იმ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ის გარემოება, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ თ. ხ-ამ მოითხოვა ფინანსთა სამინისტროსაგან კომპენსაცია, არ გულისხმობდა ფინანსთა სამინისტროს ზემოაღნიშნულ სამართალურთიერთობაში მონაწილეობას. დავა შეეხო შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსს, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ ეხებოდა ფინანსთა სამინისტროს ინტერესს. ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არ გულისხმობდა, რომ იგი ეხება ფინანსთა სამინისტროს ინტერესებს. აღნიშნული ლოგიკა რომ სწორი იყოს, მაშინ საექსპერტო კომისიის ყოველი დასკვნა შეთანხმებული უნდა იყოს ფინანსთა სამინისტროსთან (ტ.2, ს.ფ.136-141).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება.
კასატორის მითითებით, სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ....... სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს 2005 წლის 19 აგვისტოს შემოწმების აქტის ნაწილი, ამავე აქტის ამონაწერი და ბიუროს დაევალა ქმედების განხორციელება. ამასთან, ქმედების განხორციელების დროს განისაზღვრა კონკრეტული ჩანაწერის გაკეთება, რითაც შეიცვალა აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგი. საბოლოოდ, მითითებული აქტის შეცვლილი შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გახდა იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც გამოვიდა გადაწყვეტილება. აღნიშნულის დასადასტურებლად სამინიტროს მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა წერილი, რომლითაც 2006 წლის 3 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართა თ. ხ-ას წარმომადგენელმა და მოითხოვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული დასახიჩრების გამო კომპენსაციის გაცემა.
კასატორის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმ ნაწილში, სადაც მითითებულია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება. იმისათვის, რომ გადაწყვეტილება შეეხოს მხარის ინტერესს, ან იგი წარმოადგენდეს სამართალურთიერთობის მონაწილეს, აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს ის, რომ გადაწყვეტილებაში პირდაპირ მითითებული იყოს მასზე. მთავარია, გადაწყვეტილება შეეხოს მხარის ინტერესს ან იგი წარმოადგენდეს სამართალურთიერთობის მონაწილეს, რასაც ადგილი აქვს კონკრეტულ შემთხვევაში (ტ.2, ს.ფ.142-143).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის განჩინება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდეს, ბათილად იქნეს ცნობილი სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და განახლდეს საქმეზე წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილია თ. ხ-ას მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შრომითი დასახიჩრების მიღება და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს დავალებული აქვს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსად სამხედრო ვალდებულების შესრულების დროს მიღებული ტრამვის განსაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება ისეა გამოტანილი, რომ საქმეში ჩაბმული არ ყოფილა სამსახური, სადაც მუშაობდა თ. ხ-ა.
საკასაციო სასამართლო სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არა აქვს შემხებლობა აღნიშნულ საქმესთან. დადგენილია, რომ თ. ხ-ა ჯანმრთელობის დაზიანებისას, რომელიც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკვალიფიცირებულია როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული დაზიანება და შრომითი დასახიჩრება, წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს .......... ოფიცერს, ე.ი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელს. ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენდა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეს, რამდენადაც სადავო გადაწყვეტილებით იხილებოდა საკითხი, მისი სისტემის თანამშრომელმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო თუ არა ჯანმრთელობის დაზიანება. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებელ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსჯელობას, რომ კანონიერ ძალში შესული სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროსათვის შემოწმების აქტში კონკრეტული ჩანაწერის განხორციელების დავალებით, მითითებული აქტის შეცვლილი შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გახდა იმ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც გამოვიდა გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის პირობას და ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
თ. ხ-ას სარჩელი განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სენაკის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 422-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და განახლდეს საქმეზე წარმოება;
5. თ. ხ-ას სარჩელი განსახილველად გადაეცეს სენაკის რაიონულ სასამართლოს;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.