¹ბს-917-879(კ-07) 19 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ხ.-ისა და სხვების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 26 იანვარს გ. ხ.-მა, ზ. ხ.-მა, ნ. კ.-მ, ლ. მ.-მ, გ. მ.-მა და ზ. ს.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: შპს ,,ბ.-სა» და ქონების მართვის სააგენტოს მიმართ პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ 1996 წლის 19 ივლისს შპს ,,ბ.-მ» პრივატიზაციის გზით შეიძინა ქ. ბათუმში, ...-ს ქ. ¹34-ში მდებარე ბათუმვაჭრობის ¹... მაღაზია.
გ. ხ.-ი ზემოაღნიშნულ მაღაზიაში 70-იანი წლებიდან მუშაობს მაღაზიის გამგედ. 1995 წლის 23 მაისს შრომითმა კოლექტივმა განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ ვაჭრობის მინისტრს მაღაზია ,,მ.-ს» შესყიდვის თაობაზე, რის საფუძველსაც წარმოადგენდა სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის ¹178 ბრძანებულება, რომლის მე-10 პუნქტის თანახმად, საწარმოს მუშაკებს პასუხი უნდა მიეღოთ 2 კვირის ვადაში. მათ კი პასუხი მიიღეს მხოლოდ 17 თვის შემდეგ და მოსარჩელეების განმარტებით, ამ 17 თვეში მაღაზია უკანონო მაქინაციებით გადაეცა გ. შ.-ს, რომლის მოთხოვნაც სავაჭრო მაღაზიის ფირმა ,,ა.-ზე» გადაცემის შესახებ დაკმაყოფილდა და აჭარის მინისტრთა საბჭოს 1995 წლის 2 აგვისტოს ¹293 განკარგულებით ქ. ბათუმის მერიას დაევალა მაღაზიის ,,ა.-სთვის» გადაცემა.
ქ. ბათუმის მერიის ¹383 გადაწყვეტილების საფუძველზე განისაზღვრა, რომ შრომით კოლექტივს უნდა შენარჩუნებოდა სამუშაო ადგილები, მაგრამ 1996 წლის დასაწყისში მთელი პერსონალი დათხოვნილ იქნა სამუშაოდან. 1996 წლის 23 მაისს კი მინისტრთა საბჭოს ¹125 განკარგულებით მაღაზია შეტანილ იქნა დამატებით საპრივატიზაციო ნუსხაში, რომელიც 25 ივნისს შეისყიდა შპს ,,ბ.-მ».
მოსარჩელეების განმარტებით, მოპასუხე ,,ბ.-ს» მიერ საწარმოს პრივატიზება მოხდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, არ იყო საწარმოს პრივატიზებაზე კომიტეტის ტერიტორიული ორგანოს თანხმობა, მყიდველს გაეწია უკანონო შეღავათები, რის გამოც მოსარჩელეები ითხოვდნენ აჭარის ა/რ ქონების მართვის სააგენტოსა და შპს ,,ბ.-ს» შორის 1996 წლის 19 ივლისს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და აჭარის ა/რ ქონების მართვის სამინისტროს მიერ შპს ,,ბ.-ზე» გაცემული საკუთრების დამადასტურებელი ¹... მოწმობის გაუქმებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში არასათანადო მოპასუხე ქონების მართვის სააგენტო შეიცვალა სათანადო მოპასუხით - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროთი. ასევე საქმეში არასათანადო მოპასუხე შპს ,,ბ.-» შეიცვალა სათანადო მოპასუხით – ი. ქ.-ით. ამავე საოქმო განჩინებით, საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაება შპს ,,ს.-ო».
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ხ.-ის, ზ. ხ.-ის, ნ. კ.-ის, ლ. მ.-ის, გ. მ.-ისა და ზ. ს.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის მოტივით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ხ.-მა, ზ. ხ.-მა, ნ. კ.-მ, ლ. მ.-მ, გ. მ.-მა და ზ. ს.-მ.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განჩინებით გ. ხ.-ის, ზ. ხ.-ის, ნ. კ.-ის, ლ. მ.-ის, გ. მ.-ისა და ზ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა, საქართველოს სკ-ის 129-ე მუხლის შესაბამისად, შეადგენს 6 წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი კანონმდებელი უთითებს დროს, როცა პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეებს გაშვებული აქვთ სასამართლოსათვის მიმართვის ვადა, როგორც სამწლიანი, ასევე სამოქალაქო კანონმდებლობით უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ექვსწლიანი ვადაც.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეებს გაშვებული აქვთ აჭარის ა/რ ქონების მართვის სამინისტროს მიერ შპს ,,ბ.-ზე» 1996 წლის 22 ივლისს გაცემული ¹... საკუთრების მოწმობის გასაჩივრების ვადაც, ვინაიდან აღნიშნული მოწმობა უნდა იქნეს განხილული, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი აქტის გასაჩივრების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის როგორც ძველი რედაქციით (ექვის თვე), ისე ახალი რედაქციით (ერთი თვე) დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასულია.
ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელეები ისე მოითხოვენ აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს ,,ბ.-ს» შორის 22.07.1996 წელს დადებული ხელშეკრულებისა და აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ შპს ,,ბ.-ზე» გაცემული ¹... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობას, რომ არ ასაჩივრებდნენ იმ ინდივიდუალურ ადმინისტრციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც საფუძვლად დაედო ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დადებას და საკუთრების მოწმობის გაცემას. ასევე მოსარჩელეები არ ასაჩივრებენ აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან არსებული საპრივატიზაციო კომისიის სხდომის 1996 წლის 24 მაისის ¹7 ოქმს, რომლითაც დადგინდა სადავო ობიექტის აუქციონის ფორმით პრივატიზება. სასარჩელო მოთხოვნიდან ასევე იკვეთება, რომ მოსარჩელეები არ არიან ამ ობიექტის პრივატიზაციის წინააღმდეგნი, არამედ ისინი ეწინააღმდეგებიან პრივატიზაციის ფორმას, ანუ მათ პრივატიზაცია სურთ არა პირდაპირი მიყიდვის წესით, არამედ აუქციონის გზით. სააპელაციო პალატის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქონების გასხვისების ფორმის შესახებ და შესაბამისად, სააუქციონო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შპს ,,ბ.-ს» გამარჯვებულად ცნობის თაობაზე, რის გამოც მისი კანონიერების შემოწმება ადმინისტრაციული აქტებისაგან დამოუკიდებლად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს აზრით, შეუძლებელია, ვინაიდან მოსარჩელეები არ წარმოადგენენ აუქციონის მონაწილეებს.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ხ.-მა, ზ. ხ.-მა, ნ. კ.-მ, ლ. მ.-მ, გ. მ.-მა და ზ. ს.-მ.
კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
კასატორები საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდნენ იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სასარჩელო და სააპელაციო საჩივრებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ხ.-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 5 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად გ. ხ.-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2007 წლის 1 ნოემბერს გ. ხ.-მა და სხვებმა მოსაზრებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს მათი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, გ. ხ.-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ გ. ხ.-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გ. ხ.-ისა და სხვათა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას გ. ხ.-სა და სხვებს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.