¹ბს-918-877(კ-06) 7 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 3 მარტს მოსარჩელე მ. ფ-ემ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სოცდაზღვევის ფონდის ზესტაფონის ფილიალის მიმართ და მოითხოვა სოცდაზღვევის ფონდის ზესტაფონის ფილიალს დაკისრებოდა ბიძამისის _ ვ. თ-ის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების, 427 ლარის, ანაზღაურება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი ცხოვრობდა ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე ........-ში, მარტოხელა ბიძის _ ვ. თ-ის რომლის გარდაცვალების შემდეგ მთელი დაკრძალვის ხარჯები გაიღო თვითონ.
2002 წლის აპრილში მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ბიძამისს, ვ. თ-ეს, ასაღები ჰქონდა საპენსიო დავალიანება 427 ლარის ოდენობით. მ. ფ-ემ რამდენჯერმე მიმართა სოცდაზღვევის ფონდის განყოფილებას განცხადებით, მიეცათ მისთვის ზემოაღნიშნული თანხა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. 2005 წლის 25 დეკემბერს კვლავ მიმართა სოცდაზღვევის ფონდის განყოფილებას განცხადებით 1998-2001 წლებში არსებული საპენსიო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა პასუხი არ მიუღია. მოსარჩელის აღნიშვნით, “საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-18 მუხლით: “პირის პენსია, რომელიც გარდაიცვალა და არა აქვს მიღებული ეს პენსია, ეკუთვნის მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხებისათვის მიმართეს განცხადებით გარდაცვალებიდან ერთი წლის განმავლობაში”.
მ. ფ-ის განმარტებით, სოცდაზღვევის ფონდის განყოფილებაში დაცულია მის მიერ კანონით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადებისა და სათანადო დოკუმენტების ასლები, რომლებიც მან წარადგინა გარდაცვალების დღიდან ერთი წლის გასვლამდე.'
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ გაშვებულია საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონის 116-ე მუხლით დადგენილი, პენსიონერის გარდაცვალების გამო, მიუღებელი პენსიის მისაღებად მიმართვის ექვსთვიანი ვადა. ასევე, გარდაცვლილი ვ. თ-ე იყო მარტოხელა, რის გამოც მოსარჩელეს პენსიის მოთხონის უფლება არ ჰქონდა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საპენსიო დავალიანების ანაზღაურება 427 ლარის ოდენობით.
სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ მოსარჩელის ბიძა ვ. თ-ე გარდაიცვალა 2001 წლის 21 დეკემბერს, რომელმაც თავისი ქონება უანდერძა მოსარჩელეს. მ. ფ-ემ 2004 წლის 13 სექტემბერს მიიღო ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა. ამ პერიოდში მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ აწ გარდაცვლილ ვ. თ-ეს მისაღები ჰქონდა საპენსიო დავალიანება 427 ლარის ოდენობით. მ. ფ-ემ, როგორც მემკვიდრემ, მიმართა სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს წერილობით, განმეორებით კი _ 2005 წლის 25 დეკემბერს.
სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს არ დაურღვევია იმ დროისათვის მოქმედი საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონის 116-ე მუხლის მოთხოვნა, რაც იქცა მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ 2005 წლამდე მოქმედი საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონის 116-ე მუხლის შესაბამისად, პენსიონერისათვის კუთვნილი პენსიის თანხა, რომელიც მიუღებული დარჩა მისი გარდაცვალების გამო, არ შედის მეკვიდრეობის შემადგენლობაში და ეძლევა მისი ოჯახის წევრებს, რომლებიც განეკუთვნებიან მარჩენლის დაკარგვის გამო პენსიის მიმღებთა წრეს, მშობლებსა და მეუღლეს, აგრეთვე ოჯახის წევრებს, რომლებიც პენსიონერებთან ერთად ცხოვრობენ მისი სიკვდილის დროისათვის, უფლება აქვთ მიიღონ ეს თანხები იმ შემთხვევაში თუ ისინი არ შედიან მარჩენლის დაკარგვის გამო პენსიის უზრუნველსაყოფთა წრეში.
აპელენტის მითითებით, ზემოაღნიშნული თანხები გაიცემოდა პენსიონერის გარდაცვალებიდან არა უგვიანეს 6 თვისა. ვ. თ-ე გარდაიცვალა 2001 წლის 21 დეკემბერს. მოსარჩელემ ფილიალს მიმართა 2005 წლის 25 სექტემბერს, რა დროისთვისაც ვ. თ-ის გარდაცვალებიდან გასული იყო სამ წელზე მეტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალი ითხოვდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და მოსარჩელე მ. ფ-თვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ზესტაფონის სოცფონდის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ვ. თ-ემ ანდერძი შეადგინა მ. ფ-ის სახელზე. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების, ისე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ზესტაფონის სოცფონდის ცნობით, ვ. თ-ეს მისაღები ჰქონდა პენსია 427 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან, არა უგვიანეს ერთი წლის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლოს მითითებით მოსარჩელეს მიმართვის ერთწლიანი ვადა დაცული ჰქონდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალმა. კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მოსარჩელე მ. ფ-ე ითხოვდა მისი ბიძის, აწ გარდაცვლილი ვ. თ-ის მიუღებელ პენსიას 427 ლარის ოდენობით. ვ. თ-ე ცხოვრობდა სოფელ ........-ში, იყო მარტოხელა პენსიონერი, რომელიც გარდაიცვალა 2001 წლის 21 დეკემბერს.
სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოსარჩელემ მიმართა ზესტაფონის ფილიალს ერთი წლის ვადაში, სინამდვილეში კი მოსარჩელემ, როგორც ამას სარჩელშიც აღნიშნავდა სოცდაზღვევის ფონდის ზესტაფონის ფილიალს მიმართა 2005 წლის 25 დეკემბრის, ე.ი. ვ. თ-ის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 სექტემბრის განჩინების გაუქმებას და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.
მხარეებს მითითებულ ვადაში საკასაციო სასამართლოში თავიანთი მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.