Facebook Twitter

¹ბს-91-91(კ-08) 19 მარტი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 19 თებერვალს თ. ა.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს შეიარაღებული ძალების ...-ის დეპარტამენტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1993 წლის 1 ივლისიდან 27 სექტემბრამდე მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში. საქართველოს შეიარაღებული ძალების ...-ის დეპარტამენტში ვერ იქნა მოძიებული საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და ამორიცხვის თაობაზე ბრძანებები, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების ...-ის დეპარტამენტს, რათა მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაეთვალისწინებინათ, რომ იგი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლის მონაწილე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,თ” და ,,კ” პუნქტების შესაბამისად, ადმინისტრაციული აქტის გამოცემით დაედასტურებინათ მისი შეიარაღებულ ძალებში მონაწილეობა. საქართველოს შეირაღებული ძალების ...-ის დეპარტამენტიდან, ისე, რომ მისი განცახდების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებიათ, მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ...-ის დეპარტამენტის 1992-1994 წ. საარქივო მასალებში 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონის მეთაურის ¹10 ბრძანება დათარიღებულია 1993 წლის 1 მაისით, რომელშიც მისი გვარი არ ფიგურირებს, ხოლო სამხედრო ბილეთით ჩარიცხვის თარიღად მითითებულია 1993 წლის 1 ივლისი. მოსარჩელის განმარტებით, არსებული შეუსაბამობის გამო, არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა, რითაც მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი, კერძოდ, აღარ ითვლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლის მონაწილედ, რის გამოც ერთმევა უფლება, რომ ისარგებლოს ყველა იმ შეღავათით, რასაც ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნული კატეგორიის პირებისათვის.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ...-ის დეპარტამენტის 2007 წლის 24 იანვრის ¹387 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობასა და მოპასუხის დავალდებულებას შეიარაღებული ძალების რიგებში მისი ჩარიცხვისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებით თავდაპირველი მოპასუხე _ საქართველოს შეიარაღებული ძალების ...-ის დეპარტამენტი შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროთი. ამავე სასამართლოს 2007 წლის 2 აპრილის საოქმო განჩინებით კი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით თ. ა.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის ¹327 წერილი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხეს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ, დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე თ. ა.-ის მიმართ.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ გასაჩივრებული 2007 წლის 24 იანვრის ¹387 წერილი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან იგი აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დეფინიციას, იმდენად რამდენადაც იგი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმას, რასაც მოჰყვა სამართლებრივი შედეგი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹155 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბრძოლო მოკვლევის წარმოების წესის შესახებ” დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად, ,,საბრძოლო მოკვლევით დადგენილი ფაქტების საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეებს, რეზერვისტებს და მოქალაქეებს შესაძლებელია, დაუდასტურდეთ შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვა-ამორიცხვა”, ამავე დებულების მე-2 მუხლის თანახმად, საბრძოლო მოკვლევას აწარმოებს თავდაცვის მინისტრის, გენერალური შტაბის უფროსის და კადრების სამმართველოს უფროსის ბრძანებით უფლაბამოსილი პირი, ხოლო შედეგები მტკიცდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე საბრძოლო მოკვლევა არ უწარმოებია. ამდენად, მოპასუხის მიერ გამოცემულ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტში არ არის დასაბუთებული გარემოებანი, რამაც განაპირობა მოსარჩელის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებს, ფაქტებს, მტკიცებულებებსა და საქმის გარემოებებს, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზემოხსენებული ბრძანებით ეკისრებოდა საბრძოლო მოკვლევის წარმოება, რაც მისი დისკრეციული უფლებამოსილებაა, ხოლო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას იგი ვალდებული იყო, წერილობით დაესაბუთებინა გასაჩივრებული აქტი მისი გამოცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების მითითებით, რაც მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა.

სასამართლოს განმარტებით, საქარველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების შესამაბისად უნდა აწარმოოს საბრძოლო მოკვლევა, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების შემდგომ.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ თავდაცვის ამინისტროს შეიარაღებული ძალების ...-ის დეპარტამენტის 2005 წლის 24 იანვრის წერილით პასუხი გაეცა თ. ა.-ის განცხადებას, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეს არანაირი ზიანი არ მისდგომია ვინაიდან მისი მოთხოვნის ძირითადი მიზანი იყო ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მიღება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის ¹1058 ბრძანებულების და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების თანახმად, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის კომპეტენციაა. არც ერთ სამართლებრივ აქტში არ არის მითითებული, რომ იმ პირთა მიმართ, რომელთა მონაცემებიც თავდაცვის სამინისტროში არ მოიპოვება, თავდაცვის სამინისტროა ვალდებული, ჩაატაროს რაიმე სახის მოკვლევა, აღნიშნული სცილდება მის კომპეტენციას, მით უფრო რომ მოსარჩელესთან მიმართებაში თავდაცვის სამინისტროს ერთხელ უკვე ჩატარებული ჰქონდა ადმინისტრაციული წარმოება, გადაამოწმა არსებული საარქივო მასალები და გასცა შესაბამისი ინფორმაცია, წერილობითი ფორმით.

აქედან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, სადავო საკითხი შესწავლილი და გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო ვეტერანთა დეპარტამენტში და არა თავდაცვის სამინისტროში, რადგან თავდაცვის სამინისტრო არასათანადო იყო მოპასუხე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოახდინა საქმის ადმინისტრაციული წარმოება, გადაამოწმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ...-ის დეპარტამენტის არქივში დაცული, ან გარდაცვლილ და თადარიგში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეები და გასცა შესაბამისი ინფორმაცია წერილობითი ფორმით. ამასთან, არცერთ ნორმატიულ აქტში არ არის განსაზღვრული თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, ჩაატაროს რაიმე სახის მოკვლევა იმ პირთა მიმართ, რომელთა შესახებ მონაცემებიც თავდაცვის სამინისტროში არ მოიპოვება.

ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ,,საბრძოლო მოკვლევის” საფუძველზე, მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის "უტყუარად და დასაბუთებულად" მიჩნევა არ გულისხმობს აფხაზეთში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში სამხედრო მოსამსახურის სტატუსით მონაწილეობის ფაქტის დადასტურებას.

,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანად და მათთან გათანაბრებულ პირებად განსაზღვრული არიან ის პირები, რომლებიც საქართველოს მთლიანობისათვის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში მონაწილეობდნენ, ანუ საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. მითითებული კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. აგრეთვე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის ¹351/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ე” პუნქტის მიხედვით, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ფუნქციად განისაზღვრა - ვეტერანებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების სოციალური დაცვა, ასევე საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი პირების (ვეტერანები) ზუსტი აღრიცხვა, ერთიან კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის შექმნა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დამადასტურებული ერთიანი პირადობის მოწმობების დამზადება-გაცემა.

ამდენად, საბრძოლო მოქმედებებში პირის მონაწილეობის დადასტურება და ვეტერანების სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა, მათი სოციალურ-სამართლებრივი უზრუნველყოფა განეკუთვნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროშო შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის კომპეტენციას და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, იგია ვალდებული, ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 6 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 6 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2008 წლის 25 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსაზრებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, იმ მოტივით, რომ აკმაყოფილდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.