Facebook Twitter

¹ბს-919-878(კ-06) 24 აპრილი, 2007 წ.

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი - ლანა ჭანტურია

კასატორი (მოსარჩელე) - 1. ზ. ხ-ი 2. ც. ნ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - აჭარის ა/რ მთავრობა

წარმომადგენელი – ნ. დ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - დადგენილების არარა აქტად ცნობა

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ზ. ხ-მა და ც. ნ-ემ სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის - აჭარის ა/რ მთავრობის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1996 წლის 26 ნოემბრის ¹229 დადგენილების არარა აქტად ცნობა /იხ.ს.ფ. 2-3/.

საქმის გარემოებები:

აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭომ 1996 წლის 26 ნოემბერს მიიღო ¹229 დადგენილება ბათუმის ზღვისპირა პარკის გაფართოება - განაშენიანებასთან დაკავშირებით .... ქ. ¹4/6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების (მათ შორის, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის) ათვისების შესახებ, რის საფუძველზეც მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი 1996 წლის 27 დეკემბერს დანგრეულ იქნა ისე, რომ მათთვის უცნობი იყო როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე ბინის დანგრევის შესახებ.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

ბინის დანგრევის შემდეგ მოსარჩელეებმა არაერთხელ მიმართეს აჭარის მთავრობას, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. ამასთან, ასევე მიმართეს სასამართლოს, მაგრამ მათ სარჩელს სხვადასხვა მიზეზით არ იხილავდნენ და, ფაქტობრივად, უარს ეუბნებოდნენ მართლმსაჯულების განხორციელებაზე.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მათ საკუთრებაში არსებული სახლის დანგრევით შეილახა კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლება, რის გამოც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1996 წლის 26 ნოემბრის ¹229 დადგენილება, რადგანაც იგი გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, არარად უნდა იქნეს აღიარებული, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება, ხოლო საკუთრების უფლების შეზღუდვა და გაუქმება დაუშვებელია. ამასთან, მოსარჩელეთა მითითებით, საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის III ნაწილის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას. აღნიშნულ დადგენილებაში კი არ არის მითითებული კანონით დადგენილ შემთხვევაზე, სასამართლო გადაწყვეტილებაზე ან ორგანული კანონით დადგენილ შემთხვევაზე, რადგანაც იმ დროისათვის არ არსებობდა არც კანონი, რომლითაც დასაშვები იქნებოდა საკუთრების უფლების შეზღუდვა, სასამართლო გადაწყვეტილება და ორგანული კანონი, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა გადაუდებელი საზოგადოებრივი აუცილებლობა. ამდენად, ზემოაღნიშნული დადგენილება გამოცემისთანავე ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დადგენილ წესს და იგი მისი მიღებისთანავე არარა იყო, როგორც არაუფლებამოსილი ორგანოს მიღებული. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ხ-ისა და ც. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1996 წლის 26 ნოემბრის ¹229 დადგენილებაში, რომლის არარა აქტად აღიარებასაც მოითხოვდნენ მოსარჩელეები, აღნიშნულია, რომ ,,ბათუმის ზღვისპირა პარკის გაფართოება-განაშენიანებასთან და საზღვაო ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით ათვისებას ექვემდებარება .... ქუჩის ¹4/6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლები. ამასთან, ქ. ბათუმის მერიას (თ.ხარაზი), საქართველოს საზღვაო დეპარტამენტს (ყ. ვ-ე) და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს (ა. ს-ა) დაევალათ უზრუნველეყოთ .... ქუჩის ¹4/6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების ათვისება და იქ მცხოვრები ოჯახებისათვის, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, შესაბამისი ფართის ბინების შესყიდვა".

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1. მუხლი და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო - აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭო, რომელსაც ჰქონდა სრული უფლებამოსილება, გამოეცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულება გამოიწვევდა სისხლის სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და განმარტა, რომ სადავო აქტში განსაზღვრული იყო დადგენილების შემსრულებელი ორგანოები, რომლებსაც დაევალათ ,,უზრუნველეყოთ .... ქუჩის ¹4/6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების ათვისება და მათში მცხოვრები ოჯახებისათვის, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, შესაბამისი ფართის ბინების შესყიდვა", რაც არ იყო დაკავშირებული სისხლის სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ დარღვევასთან. ამასთან, სასამართლოს დასკვნით, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.2. მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენდა ქ. ბათუმის მერია, საქართველოს საზღვაო დეპარტამენტი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური, რის გამოც ზ. ხ-ის და ც. ნ-ის სარჩელი იყო უსაფუძვლო /იხ.ს.ფ. 21-22/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ხ-მა და ც. ნ-ემ, რომლითაც მოითხოვეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განმარტებულია, რომ მინისტრთა საბჭოს გააჩნდა სრული უფლებამოსილება, გამოეცა სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუმცა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ იყო მითითებული იმ სამართლებრივ ნორმაზე, რომელიც მინისტრთა საბჭოს მიანიჭებდა უფლებამოსილებას, მიეღო დადგენილება სხვისი საკუთრების დანგრევის თაობაზე. კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება, საკუთრების უფლების შეზღუდვა, გაუქმება დაუშვებელია. კონსტიტუციის ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. კონსტიტუციის 21.3. მუხლის თანახმად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით, პირდაპირ დადგენილ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას.

აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1996 წლის 26 ნოემბრის ¹229 დადგენილებაში არ არის მითითებული კანონით დადგენილ შემთხვევაზე, სასამართლო გადაწყვეტილებაზე ან ორგანული კანონით დადგენილ გადაუდებელ აუცილებლობაზე. 1996 წელს არ არსებობდა კანონი, რომლითაც დასაშვები იქნებოდა მოსარჩელეთა საკუთრების უფლების შეზღუდვა და მათთან შეთანხმების გარეშე საკუთრებაში არსებული ბინის დანგრევა. არ არსებობდა ასევე მოსარჩელეთა საკუთრების დანგრევის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება და არც ორგანული კანონი, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა გადაუდებელი საზოგადოებრივი აუცილებლობის შემთხვევები, რის გამოც აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1996 წლის 26 ნოემბრის ¹229 დადგენილება გამოცემისთანავე ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დადგენილ წესს.

აპელანტთა მოსაზრებით, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭომ უფლებამოსილების გადამეტებით მიიღო სადავო დადგენილება, რის გამოც ის გამოცემისთანავე ითვლებოდა არარა აქტად, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არარა ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გასაჩივრებაზე არ ვრცელდებოდა ხანდაზმულობის ვადები.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ზ. ხ-ის და ც. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1996 წლის 26 ნოემბრის ¹229 დადგენილებით, ბათუმის ზღვისპირა პარკის გაფართოება-განაშენიანებასთან და საზღვაო ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, ათვისებულ იქნა .... ქუჩის ¹4/6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლები. ბათუმის მერიას, საზღვაო დეპარტამენტს და საზღვაო ნავსადგურს დაევალათ შესაბამისი ფართის ბინების შესყიდვა მოქალაქეებისათვის.

სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ზემოაღნიშნული დადგენილების მიღების დროს დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოთხოვნა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესახებ, სათანადო კომპენსაციით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლი შემოღებულ იქნა 2005 წლის 15 ივლისიდან, ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 47-ე მუხლის თანახმად კი, კანონს არა აქვს უკუძალა /იხ.ს.ფ. 55-57/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ხ-მა და ც. ნ-ემ, რომლიაც მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 60-62/.

კასაციის მიზეზი:

სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რომლითაც იხელმძღვანელა გადაწყვეტილების გამოტანის დროს, კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინებაში მითითებულია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლს არა აქვს უკუქცევითი ძალა. კანონის აღნიშნული განმარტება არასწორია, ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არარა აქტების მიმართ არ ვრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის ამ კოდექსით დადგენილი ვადები. სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ გამოიყენა ,,ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 47-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც კანონს არა აქვს უკუქცევითი ძალა, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით, რომელიც სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოადგენს ერთადერთ სპეციალურ ნორმას. აღნიშნული ნორმა პირდაპირ ვრცელდება 1996 წელს გამოცემულ და სადავოდ გამხდარ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად ცნობაზე, რადგანაც მათზე არ ვრცელდება გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადები.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭო უფლებამოსილი იყო გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესახებ, რითაც დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 მუხლის მოთხოვნა, რამდენადაც იმ პერიოდში არც შესაბამისი კანონი მოქმედებდა საქართველოში, რომელშიც განსაზღვრული იქნებოდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას საკუთრების ჩამორთმევის წესი და პროცედურა. შესაბამისად, არ იყო განსაზღვრული იმ პირთა და ორგანოთა კატეგორია, რომელსაც ექნებოდა იძულებითი წესით საკუთრების ჩამორთმევის უფლება. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს (ისევე როგორც მის სამართალმემკვიდრეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის უფლებამოსილება არ გააჩნდა, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1996 წლის 26 ნოემბრის ¹229 დადგენილება უნდა ჩაითვალოს არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემულად, რის გამოც უნდა მოხდეს ამ დადგენილების გამოცემისთანავე არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ცნობა.

კასატორებს მიაჩნიათ, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭო არ იყო სათანადოდ უფლებამოსილი ორგანო, რომ დაევალებინა საქართველოს საზღვაო დეპარტამენტისა და საზღვაო ნავსადგურისთვის რაიმე მოქმედების განხორციელება (შესაბამისი ფართის ბინების შესყიდვა). ამასთან, გამოსარკვევი იყო ბათუმის მერიისათვის აღნიშნული დადგენილების აღსრულების დავალების საკითხიც. ამ საკითხზე სასამართლოს, მიუხედავად კასატორთა მითითებისა, საერთოდ არ უმსჯელია. კასატორთა მითითებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმდროინდელი მმართველობის პერიოდში აღსრულდა სადავო დადგენილების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც საცხოვრებელი სახლების ათვისებას (დემონტაჟი) შეეხებოდა, ხოლო დადგენილების დანარჩენი ნაწილის აღსრულება არ მომხდარა, რის გამოც მათი დარღვეული უფლებების აღდგენის ერთადერთი საფუძველი სადავო დადგენილების არარა აქტად ცნობაა, რომლის საფუძველზეც უფლება ექნებათ მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 18 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე, ხ. ხ-ის და ც. -ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად /პროცესუალური კასაცია/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ. ხ-ისა და ც. ნ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად. სადავო სამართალურთიერთობას სწორად არ შეეფარდა კანონის ნორმები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ იმსჯელა სააპელაციო საჩივრის მოტივებზე. სასამართლომ ისე მიიჩნია სადავო დადგენილება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად გამოცემულად, რომ არ გაუქარწყლებია აპელანტის მოსაზრებები, არ დაუსაბუთებია თუ რაში მდგომარეობს სადავო აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობა, ამდენად, მითითებული დასკვნა იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ასევე, სასამართლომ არასწორად გამოიყენა ,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც მიიჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კანონის მე-60 მუხლი (აქტის არარა ცნობის საფუძვლები) შემოღებულ იქნა რა 2005 წლის 24 ივნისიდან, კანონს არა აქვს უკუძალა, რითაც დაარღვია სსსკ-ის 393.2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მოთხოვნა.

სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ შეუმოწმებია, არ უმსჯელია, სამართლებრივი შეფასება არ მიუცია და დასკვნა არ ჩამოუყალიბებია იყო თუ არა სადავო აქტის გამოცემაზე აჭარის ა/რ მინისტრთა კაბინეტი კომპენტენტური ორგანო ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საკასაციო პრეტენზიას და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საკუთრების ძირითადი უფლება იცავს მოქალაქეებს სახელმწიფოს მიერ მათი ქონებისა და უფლებების ჩამორთმევისაგან. ყველას აქვს თავისი ქონებისა და უფლებების ფლობისა და შენარჩუნების უფლება, თუმცა იგი არ არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი ძირითადი უფლება. საქართველოს კონსტუტუციის 21-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისათვის და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ჩამორთმევა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევაში, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და სათანადო ანაზღაურებით. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ ორგანული კანონით დადგენილ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სათანადო ანაზღაურებით. ზემოაღნიშნული ერთ-ერთი პირობის არარსებობის შემთხვევაში საკუთრების უფლების ჩამორთმევა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული და უზრუნველყოფილი უფლების დარღვევას.

საქართველოს ,,ნორმატიული აქტების შესახებ” 1996 წლის 19 ნოემბრის კანონის 48-ე მუხლის თანახმად საკანონმდებლო აქტებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა მიუხედავად იმისა, მიღებულია (გამოცემულია) თუ არა მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად კანონქვემდებარე აქტი, თუ თვით საკანონმდებლო აქტით ეს არ არის დადგენილი. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია საკანონმდებლო აქტით დადგენილი ნორმის განხორციელებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) არ არის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი, თუ იმავე საკანონმდებლო აქტით ეს არ არის დადგენილი.

სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს იყო თუ არა უფლებამოსილი აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭო საქართველოს კონსტუტუციის საფუძველზე მიეღო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკუთრების ჩამორთმევის შესახებ, არსებობდა თუ არა შესაბამისი კანონმდებლობა, რომლითაც მითითებული ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილი იყო სათანადო კომპეტენციით ამგვარი აქტის გამოსაცემად და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საკუთრების ჩამორთმევის შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინსიტრაციული კოდექსის 5.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. შესაბამისად, საქმის მასალებით არ დასტურდება კანონით ან კანონქვემდებარე აქტით ამგვარი უფლებამოსილების აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოსათვის მინიჭება.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში 2005 წლის 24 ივნისს შესული ცვლილების ადმინისტრაციული აქტის არარა აქტად აღიარების შესახებ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1996 წლის 26 ნოემბრის ¹229 დადგენილებაზე გაუვრცელებლობის შესახებ, იმ მოტივით, რომ კოდექსში შესულ ცვლილებას არ აქვს უკუძალა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების წინაპირობაა ამ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება - კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა მოაწესრიგოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით. იგი უნდა შეესაბამებოდეს სამართლის იმ ნორმებს, რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს, ამასთან, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ სამართლის ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. საქმის მასალებით დადგენილი არ არის, თუ რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე იქნა მიღებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მისი გამოცემის მომენტიდან არა აქვს შესასრულებლად სავალდებულო ძალა. განსხვავებით, უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტისა, რომელიც მისი გამოცემის მომენტიდან იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ ხდება შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ ზემოაღნიშნულის გამო /შესასრულებლად სავალდებულო ძალის არ ქონა/ არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების გასაჩივრებისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა არ ვრცელდება. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასათან დაკავშირებით, მით უფრო, რომ მოსარჩელეების - ზ. ხ-ისა და ც. ნ-ის მიერ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, ძალაში იყო შესული ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში 2005 წლის 24 ივნისს შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებები აღიარებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების შესახებ/ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლი/.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ .... ქუჩის ¹4/6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა მოსარჩელეების საკუთრებას, თუ იმყოფებოდა მათ მართლზომიერ მფლობელობაში და წარმოადგენდნენ თუ არა ზ. ხ-ი და ც. ნ-ე სათანადო მოსარჩელეებს.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის მე-3 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ პირს სარჩელის შეტანის უფლება აქვს თავისი დარღვეული უფლებების აღსადგენად, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის – 25-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები. შესაბამისად, საქმის მასალებით ვერ დგინდება მოსარჩელეები წარმოადგენდნენ თუ არა სადავო ქონების მესაკუთრეებს ან ამ ქონებაზე სხვაგვარი უფლების მქონე პირებს. ამდენად, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს, იყვნენ თუ არა მოსარჩელეები .... ქუჩის ¹4/6-ში მდებარე სახლის მესაკუთრეები ან მართლზომიერი მფლობელები, შესაბამისად - სათანადო მოსარჩელეები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, შეაგროვოს მტკიცებულებები და იმსჯელოს იმ გარემოებაზე, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭო იყო თუ არა უფლებამოსილი გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკუთრების ჩამორთმევის შესახებ და არსებობდა თუ არა შესაბამისი საკანონმდებლო აქტი და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც იქნა მიღებული სადავო დადგენილება. ამასთან, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს, არსებობს თუ არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით დადგენილი აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას. სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.4. მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ხ-ისა და ც. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;