Facebook Twitter

¹ბს-919-881(კ-07) 6 მარტი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე

ლალი ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე

კასატორი (მოპასუხე) _ შპს “კ”, დირექტორი _ შ. ჯ.-ა, წარმომადგენლები _ ზ. ლ.-ე, ნ. ა.-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო (ამჟამად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველო), წარმომადგენელი _ მ. გ.-ე

მესამე პირები: 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი _ გ. ქ.-ი; 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი _ ვ. გ.-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 12 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს “კ.-ის” მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2003 წლის 19 ივნისის ¹738/8 წერილისა და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2003 წლის 28 ივლისის ¹34 ბრძანების საფუძველზე შექმნილმა საპრივატიზაციო კომისიამ საპრივატიზაციოდ მოამზადა ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹36/6ა-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹2 რეგიონალური ბაზის ბალანსზე რიცხული ¹... ბაგა-ბაღის შენობის ნაწილის (1052,11 კვ.მ ფართის) საპრივატიზაციო მასალები. აღნიშნული შენობა განთავსებული იყო საერთო სარგებლობის 3695 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე. ინფორმაცია აღნიშნული კონკურსის შესახებ გამოცხადდა 2003 წლის 22 აგვისტოს ¹17 გაზეთ “...-ში”. სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების საკონკურსო კომისიის 2003 წლის 31 ოქტომბრის ¹18 სხდომის ოქმის თანახმად, 2003 წლის 28 ოქტომბერს გამართულ კონკურსზე ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹36/6ა-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹2 რეგიონალური ბაზის კუთვნილი ¹... ბაგა-ბაღის შენობის ნაწილის (1052,11 კვ.მ) პრივატიზების მიზნით, განაცხადი შეიტანა შპს “კ.-ის” დირექტორმა შ. ჯ.-მ, რომელიც იმავე კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა. შესაბამისად, ხსენებულ ქონებაზე 2003 წლის 6 ნოემბერს გაფორმდა სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ¹780 ხელშეკრულება, ხოლო 2004 წლის 16 თებერვალს გაიცა შესაბამის ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი ¹48/755-”კ" მოწმობა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 7 აპრილის ¹176/16 წერილის თანახმად, ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹36/6ა-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹2 რეგიონალური ბაზის ¹... ბაგა-ბაღი არ იყო შეტანილი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში, რითაც დაირღვა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის 2006 წლის 30 ივლისის ¹16/1217-3-6 წერილით, საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 7 აპრილის ¹176/16 ინფორმაციის საფუძველზე მოსარჩელეს დაევალა ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹36/6ა-ში მდებარე ¹... ბაგა-ბაღის პრივატიზების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹36/6ა-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹2 რეგიონალური ბაზის ¹... ბაგა-ბაღის პრივატიზებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების საკონკურსო კომისიის 2003 წლის 31 ოქტომბრის ¹18 სხდომის ოქმის, 2003 წლის 6 ნოემბრის სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ¹780 ხელშეკრულებისა და 2004 წლის 16 თებერვლის ¹48/755-”კ" საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა და შპს “კ.-ის” ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹36/6ა-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹2 რეგიონალური ბაზის ¹... ბაგა-ბაღის შენობიდან გამოსახლება მოითხოვა.

მოპასუხე შპს “კ.-ის” დირექტორმა შ. ჯ.-მ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისში, ...-ის ქუჩაზე მდებარე ¹... ბაგა-ბაღი წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკუთრებას, რომელმაც ხსენებული ბაგა-ბაღი შეიტანა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში და აღნიშნულის თაობაზე აცნობა ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, რომელმაც 2003 წლის 4 ივლისის ¹1396 წერილით ითხოვა, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შეეტანა ხსენებული ობიექტი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გაზეთ “...-ის" მეშვეობით 2003 წლის 27 ოქტომბერს სადავო ფართის პრივატიზების შესახებ გამოაცხადა კონკურსი, რის შედეგადაც ხსენებული ქონება შეიძინა შპს “კ.-მ”.

მოპასუხის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაზეთის მეშვეობით კონკურსის გამოცხადება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სადავო ობიექტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანა იმაზე მიუთითებდა, რომ სადავო ობიექტის პრივატიზება შეთანხმებული იყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და შესაბამის უწყებას შორის. ამდენად, მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიიჩნია “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევაზე მითითება. აღნიშნული გარემოება დასტურდებოდა საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 14 აპრილის კომპლექსური რევიზიის აქტით, რომელშიც მითითებული იყო, რომ ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹6ა-ში მდებარე 1052,11 კვ.მ ფართის პრივატიზება განხორციელდა უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზებით.

მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 15 აგვისტოს ¹1-1/994 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა 2005-2006 წლების დამატებითი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, რომელშიც შეტანილი იყო ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹6-ში მდებარე ბაგა-ბაღი მთლიანად, რის საფუძველზეც 2006 წლის 11 მაისს გაიყიდა დარჩენილი 1320 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ამ ბაგა-ბაღის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანით მოხდა 2003 წელს განხორციელებული პრივატიზების შემდგომი მოწონება, რომელსაც უკუქცევითი ძალა ჰქონდა შესაბამისი გარიგების დადების მომენტიდან.

მოპასუხის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მისი მხრიდან არანაირი დარღვევა არ მომხდარა. სახელმწიფო ქონების მართვის ზემოხსენებული სამმართველოს მიერ განხორციელებული შესაბამისი ქმედებების მიმართ შპს “კ.-ს” გააჩნდა კანონიერი ნდობა, რის საფუძველზეც სადავო შენობის კეთილმოწყობაზე გასწია მნიშვნელოვანი ხარჯები. ამასთან, შპს “კ” წარმოადგენდა კეთილსინდისიერ შემძენს. სადავო შენობაში ფუნქციონირებდა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა, რომლის საქმიანობის შეფერხება უარყოფითად აისახებოდა ამ ქალაქისა და მთელი რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების საკონკურსო კომისიის 2003 წლის 31 ოქტომბრის ¹18 სხდომის ოქმის შესაბამისად, 2003 წლის 28 ოქტომბერს გამართულ კონკურსზე, ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹36/6ა-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹2 რეგიონალური ბაზის ¹... ბაგა-ბაღის შენობის ნაწილზე იმავე კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა შპს “კ".

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹36/6ა-ში მდებარე ყოფილი ¹... ბაგა-ბაღის შენობის ნაწილის პრივატიზებისას, აღნიშნული ობიექტი არ იქნა შეტანილი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში, რაც, მართალია, გათვალისწინებული იყო “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით, მაგრამ საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დარღვევა არ წარმოადგენდა განხორციელებული პრივატიზაციის ბათილად ცნობის საფუძველს, ვინაიდან იგი ფორმალური სახის დარღვევას წარმოადგენდა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, დაუშვებელი იყო კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კონონიერი ნდობა გააჩნდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევდა სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს, ან ინტერესებს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდებოდა. აღნიშნულს ადასტურებდა საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 14 აპრილის კომპლექსური რევიზიის აქტიც, რომლის თანახმად, ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹6ა-ში (ყოფილი ...ის ქუჩა) მდებარე 1052,11 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების პროცესი განხორციელდა საჯაროობის პრინციპის დაცვით, უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზებით.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობდა იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგებოდა ზიანი. სადავო არ იყო ის ფაქტი, რომ შპს “კ.-ის” მიერ სადავო შენობის კეთილმოწყობაზე გაწეული იყო მნიშვნელოვანი ხარჯები და ამ შენობაში ფუნქციონირებდა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა.

საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 15 აგვისტოს ¹1-1/994 ბრძანებით “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დამტკიცებულ იქნა 2005-2006 წლების დამატებითი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, რომელშიც შეტანილ იქნა ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹36-ში მდებარე ბაგა-ბაღი მთლიანად, რის საფუძველზეც 2006 წლის 11 მაისს გაიყიდა დარჩენილი 1320 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართიც, რითაც ფაქტობრივად მოხდა 2003 წელს განხორციელებული პრივატიზების შემდგომი მოწონება, რასაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, უკუქცევითი ძალა გარიგების დადების მომენტიდან ჰქონდა.'

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები ჩაებნენ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისში, ...-ის ქუჩის ¹36/6ა-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹2 რეგიონალური ბაზის ბალანსზე რიცხული ¹... ბაგა-ბაღის პრივატიზებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების საკონკურსო კომისიის 2003 წლის 31 ოქტომბრის ¹18 სხდომის ოქმი, 2003 წლის 6 ნოემბრის სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ¹780 ხელშეკრულება, 2004 წლის 16 თებერვლის ¹48/755-”კ” საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და შპს “კ” გამოსახლებულ იქნა ქ. ქუთაისში, ...-ის ქუჩის ¹36/6ა-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹2 რეგიონალური ბაზის ბალანსზე რიცხული ¹... ბაგა-ბაღის 1052,11 კვ.მ ფართიდან.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ არ დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების არგუმენტაციას ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, ამასთან, მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის დებულებანი და არ გამოიყენა იმავე კოდექსის მე-9 მუხლი. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ საქმეზე იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას ამტკიცებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო მუნიციპალური დაქვემდებარების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით ადგილობრივი მმართველობის ორგანო. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა უნდა დაემტკიცებინა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რაც არ განხორციელებულა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენდა ის გარემოება, რომ სადავო ობიექტი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის გარეშე გაიყიდა. აღნიშნული ფაქტი საქალაქო სასამართლომაც დადგენილად მიიჩნია, მაგრამ მიუთითა, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნის დარღვევა არ იყო არსებითი დარღვევა, რაც არ შეიძლებოდა მოცემულ შემთხვევაში პრივატიზების შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი გამხდარიყო. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული მოსაზრება და განმარტა, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლით დადგენილი იყო, რომ მითითებული კანონი განსაზღვრავდა საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ და სოციალურ საფუძვლებს, პრივატიზების განხორციელების ძირითად პირობებს და უზრუნველყოფდა ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის პროცესს. სადავო ფართის პრივატიზების პროცესებთან დაკავშირებით მიღებული აქტები (ნუსხის დამტკიცება, კონკურსის გამოცხადება, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი, პირის გამარჯვებულად ცნობის აქტი და სხვა) წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი მატერიალური შეფასება უნდა მომხდარიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმათა დაცვით, რაც საბოლოოდ, გავლენას იქონიებდა პრივატიზების შედეგების კანონიერების საკითხის გადაწყვეტაზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შპს “კ.-ს” გააჩნდა კანონიერი ნდობის უფლება შესაბამისი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისადმი და ამდენად, მისი ბათილად ცნობა დაუშვებელი იყო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსი, მისი გამოყენების მართებულობის შეფასების მიზნით, შეჯერებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილისა და იმავე კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებთან. მათი შედარებითი ნორმატიულ-შინაარსობრივი ანალიზის საფუძველზე საქალაქო სასამართლოს უნდა დაედგინა, არსებობდა თუ არა დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის უფლება.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელი იყო კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევდა სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს, ან ინტერესებს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის “ა" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ კანონიერი ნდობა არ შეიძლებოდა არსებულიყო, თუ მას საფუძვლად ედო ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევით გამოცემული ადმინისტრაციული აქტის შედეგად განხორციელებული დაპირება და შემდგომ მის საფუძველზე გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევდა სახელმწიფო ინტერესს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისადმი კანონიერი ნდობის უფლება იარსებებდა, თუUამ აქტის გამოცემას საფუძვლად არ ედო ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 101-ე მუხლის გამოყენება და განმარტება იმის თაობაზე, რომ 2005 წლის 18 აგვისტოს ¹1-1/994 ბრძანებით ბაგა-ბაღის შენობის საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში შეტანით, რა დროსაც მოხდა მხოლოდ შენობის დარჩენილი ნაწილის 1320 კვ. მეტრის პრივატიზება, სახელმწიფომ მოახდინა 2003 წელს განხორციელებული 1052,11 კვ.მ ფართის პრივატიზების შემდგომი მოწონება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შესაბამისი ობიექტის პრივატიზების მიზნით, კონკურსში გამარჯვებულ პირთან დადებული სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რომლის თავისებურებებს განსაზღვრავდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 თავი. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ყოფილიყო საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგო. აღნიშნული მოთხოვნები ადმინისტრაციული ხელშეკრულებისათვის დადგენილი სპეციალური მოთხოვნები იყო. 2003 წლის 6 ნოემბერს სადავო ობიექტზე გაფორმებული ¹780 ნასყიდობის ხელშეკრულება ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას იმ თვალსაზრისით, რომ მესაკუთრეს, სახელმწიფოს, არ ჰქონდა გამოხატული ნება ქონების გასხვისებაზე, კერძოდ, სადავო ობიექტი არ შეუტანია საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილი იყო იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც დაიდო ხსენებული ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების საკონკურსო კომისიის 2003 წლის 31 ოქტომბრის ¹18 სხდომის ოქმი კანონის დარღვევით გამოცემულ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს წარმოადგენდა, რომლითაც დასტურდებოდა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევით შემდგარი პრივატიზების შედეგი, რის გამოც ხსენებული ხელშეკრულება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. შესაბამისად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი 2003 წლის 6 ნოემბრის ¹780 ნასყიდობის ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაცემული 2004 წლის 16 თებერვლის ¹48/755-”კ" საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. აღნიშნულის საფუძველზე, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი 1052,11 კვ.მ ფართის პრივატიზების შედეგები და სამართლებრივი საფუძველი ეცლებოდა შპს “კ.-ის” მიერ 1052,11 კვ.მ ფართის მფლობელობასა და ამ ფართით სარგებლობას, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა მისი ხსენებული ფართიდან გამოსახლების შესახებ საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 101-ე მუხლის გამოყენება და განმარტა, რომ ხსენებული მუხლი მოქცეული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეექვსე თავში _ “თანხმობა გარიგებაში". იმავე კოდექსის 99-ე მუხლი განსაზღვრავდა მის ცნებას, კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებული იყო მესამე პირის თანხმობაზე, მაშინ, როგორც თანხმობა, ასევე მასზე უარი შეიძლებოდა გამოთქმულიყო, როგორც ერთი, ისე მეორე მხარის წინაშე. მესამე პირთა თანხმობაზე მიუთითებდა ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილიც. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეექვსე თავით, მათ შორის, 101-ე მუხლით გათვალისწინებული თანხმობა წარმოადგენდა მესამე პირის თანხმობას კონტრაჰენტი (გარიგებაში მონაწილე) ორი ან მეტი მხარისათვის. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო საქალაქო სასამართლოს მსჯელობა სახელმწიფოს მიერ 2005 წელს ახალი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცებისა და ქონების დარჩენილი ნაწილის პრივატიზებით 2003 წელს დადებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხელშეკრულების შემდგომი მოწონების შესახებ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 101-ე მუხლის გამოყენება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო მესამე პირს არ წარმოადგენდა, იგი თვითონ იყო ხელშეკრულების მხარე და მისი ნება ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი სპეციალური წესით გამოიხატებოდა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება შპს “კ.-ის” დირექტორმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე სარჩელი განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. კასატორი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს დანიშნულებას წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვა-პრივატიზება. სადავო საკონკურსო კომისიის ¹18 სხდომის ოქმითა და საკუთრების მოწმობით მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება, თუმცა პრივატიზების პროცედურის ფორმალური დარღვევით. სადავო ობიექტის გაყიდვის ნება კი საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს წარმომადგენლებმა სასამართლო პროცესზე დაადასტურეს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა _ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ ზიანს არ აყენებდა ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ როგორ შეილახა მისი უფლებები საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის სადავო ქონების პრივატიზების შემდეგ გამოცემით. ამდენად, სასამართლოს უნდა ემსჯელა, რამდენად დასაშვები იყო შესაბამისი სარჩელი და შეესაბამებოდა თუ არა იგი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მოთხოვნებს.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს სარჩელი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტა მის უფლებამოსილებას განეკუთვნება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილით კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ორგანო. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა მოსარჩელის კომპეტენციას წარმოადგენდა და შესაბამისად, მისი სარჩელი დაუშვებელი იყო.

კასატორი განმარტავს, რომ სხვა მოთხოვნებთან ერთად, მოსარჩელე ითხოვდა სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების საკონკურსო კომისიის 2003 წლის 31 ოქტომბრის ¹18 სხდომის ოქმისა და 2004 წლის 16 თებერვლის ¹48/755-,,კ" საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობას. ხსენებული აქტები კი გამოცემულ იქნა მოსარჩელის მიერ და მათი გამოცემის კანონიერებაზე პასუხისმგებლობა მასვე ეკისრება. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო დაედგინა, აღიძრა თუ არა სარჩელი სათანადო მოპასუხის მიმართ.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს შპს ,,კ.-ის” სადავო შენობის 1052,11 კვ.მ ფართიდან გამოსახლების უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან მოსარჩელე მხოლოდ სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და გარიგების ბათილობასთან ერთად, გამოსახლებას, მაგრამ საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააკონკრეტა მოთხოვნა, რომელშიც აღარ ფიქსირდებოდა გამოსახლების შესახებ მოთხოვნა. ამდენად, საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა შპს “კ.-ის” გამოსახლების თაობაზე სარჩელის საფუძვლიანობაზე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კი აპელანტის წარმომადგენელმა მოითხოვა გადაწყვეტილების მიღება შპს “კ.-ის” გამოსახლების ნაწილშიც, რაც სააპელაციო სასამართლომ სხვა მოთხოვნებთან ერთად დააკმაყოფილა, რისი უფლებაც სააპელაციო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე, 381-ე მუხლებისა და 377-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე არ ჰქონდა.

კასატორი მიუთითებს, რომ, რამდენადაც მოსარჩელეს საქალაქო სასამართლოში არ გააჩნდა მოთხოვნა შპს “კ.-ის” გამოსახლების თაობაზე, საქალაქო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, ვერ იმსჯელებდა და ვერ მიაკუთვნებდა მოსარჩელეს იმას, რასაც იგი არ ითხოვდა. იმავე კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის შეცვლა ან გადიდება დაუშვებელია. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით სააპელაციო სასამართლო ამოწმებდა გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად, შპს “კ.-ის” გამოსახლების შესახებ აპელანტის მოთხოვნის განხილვისას სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი, 381-ე მუხლი და არ მიეღო გადაწყვეტილება ისეთ საკითხზე, რაზეც საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლი და მე-601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კანონიერი ნდობა არ არის საკმარისი საფუძველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებასა და ინტერესებს. მოცემულ შემთხვევაში კი, სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების საკონკურსო კომისიის 2003 წლის 31 ოქტომბრის ¹18 სხდომის ოქმის ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული იყო შესაბამისი ობიექტის პრივატიზების დროს გასაყიდი ობიექტის შეუტანლობა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული შესაბამისი ობიექტის გაყიდვის შესახებ გამყიდველის ნების ნაკლად შეაფასა, რასაც კასატორი არ ეთანხმება, ვინაიდან დადგენილია, რომ ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ 2003 წლის 21 ივლისს ¹1396 წერილით ითხოვა, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ¹... ბაგა-ბაღი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეეტანა. სადავო ქონების გაყიდვის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა გაზეთ ,,...-ში", რომელსაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო გამოსცემდა. ამასთან, ის ფაქტი, რომ სადავო ობიექტი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანომ გაყიდა, არაპირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ხსენებული ქმედების განხორციელებას, რამდენადაც მითითებული ორი დაწესებულება ერთ სისტემაში შედიოდა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო პასუხს აგებდა თავისი ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 2005 წლის 15 სექტემბრის ბრძანებით ხსენებული ნაკლი გამოსწორდა და ობიექტი შეტანილ იქნა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში, რითაც დასტურდებოდა, რომ სახელმწიფოს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით სადავო ობიექტის პრივატიზება სურდა იმ გზით, რა გზითაც იგი გაიყიდა 2003 წლის 31 ოქტომბერს.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილისა და მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე დაინტერესებულ მხარეში იგულისხმება შპს ,,კ", რომელსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება პრივატიზების პროცესში არ ჩაუდენია. ამასთან, საკონკურსო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმის საფუძველზე შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომელიც რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით, შპს ,,კ" გახდა შეძენილი ქონების მესაკუთრე, რომელმაც სადავო ობიექტზე ჩაატარა მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები და მოაწყო თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, დაინტერესებულ პირს, ისე, რომ არ არის დადგენილი მისი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, განხორციელებული აქვს იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და ხსენებული აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი.

კასატორი მიუთითებს, რომ ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე ვერ დაასაბუთა, თუ რითი შეილახა შესაბამისი სამინისტროს ან სახელმწიფოს ინტერესები სადავო ობიექტის გაყიდვით.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლი, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ 2005 წლის 15 სექტემბრის ¹1-1/994 ბრძანებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანა ¹... ბაგა-ბაღის შენობა მთლიანად და ობიექტის პრივატიზება დაავალა ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს “კ.-ის” დირექტორის _ შ. ჯ.-ს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინებით შპს “კ.-ის” დირექტორის _ შ. ჯ.-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, 2008 წლის 24 იანვარს, 12.00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო კომისიის 2003 წლის 22 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, საპრივატიზაციოდ მომზადდა ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹36/6ა-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹2 რეგიონალური ბაზის ბალანსზე რიცხული ¹... ბაგა-ბაღის შენობის ნაწილის (1052,11 კვ.მ ფართის) საპრივატიზაციო მასალები. აღნიშნული შენობა კი განთავსებული იყო საერთო სარგებლობის 3695 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე (ს.ფ. 39). გაზეთ “...-ის" (¹27) მეშვეობით 2003 წლის 27 ოქტომბერს ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹3-ში მდებარე სადავო 1052,11 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების შესახებ გამოცხადდა კონკურსი (ს.ფ. 4-6). სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების საკონკურსო კომისიის 2003 წლის 31 ოქტომბრის ¹18 სხდომის ოქმის თანახმად, 2003 წლის 28 ოქტომბერს გამართულ კონკურსზე ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹36/6ა-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹2 რეგიონალური ბაზის კუთვნილი ¹... ბაგა-ბაღის შენობის ნაწილის (1052,11 კვ.მ) პრივატიზების მიზნით, შეტანილ იქნა ერთი განაცხადი, აღნიშნული განაცხადი კი შეიტანა შპს “კ.-ის” დირექტორმა შ. ჯ.-მ, რომელიც იმავე კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად გამოცხადდა (ს.ფ. 34-37). აღნიშნულის თაობაზე შპს “კ.-ს” ეცნობა ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2003 წლის 31 მარტის წერილით (ს.ფ. 33). ხსენებულ ქონებაზე 2003 წლის 6 ნოემბერს გაფორმდა სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ¹780 ხელშეკრულება (ს.ფ. 18-20), ხოლო 2004 წლის 16 თებერვალს გაიცა შესაბამისი პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საკუთრების დამადასტურებელი ¹48/755-”კ" მოწმობა (ს.ფ. 14). საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსადმი ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს წერილის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2003 წლის 19 ივნისის ¹738/8 წერილით (ს.ფ. 40-41) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული, ქ. ქუთაისში განთავსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა (მასში შეტანილ იქნა ქ. ქუთაისში, ...-ის ქუჩაზე მდებარე ¹... ბაგა-ბაღის შენობის ნაწილი) და ამ სამმართველომ ხსენებული სამინისტროსგან ითხოვა განეხილათ და გადაეწყვიტათ სხვა ობიექტების, მათ შორის, ქ. ქუთაისში, ...-ის ქუჩაზე მდებარე ¹... ბაგა-ბაღის შენობის ნაწილის (2277 კვ.მ) საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი (ს.ფ. 12). საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 14 აპრილის კომპლექსური რევიზიის აქტის თანახმად, ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹6ა-ში (ყოფილი ...-ის ქუჩა) მდებარე 1052,11 კვ.მ ფართის პრივატიზებისას დაცულ იქნა საჯაროობის პრინციპი და აღნიშნული პრივატიზება განხორციელდა უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზებით (ს.ფ. 15-17). საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2005 წლის 15 სექტემბრის ¹1-1/994 ბრძანებით დაამტკიცა 2005-2006 წლების დამატებითი საპრივატიზებო ობიექტების (ამავე ბრძანებაზე თანდართული) ნუსხა, რომელშიც შეიტანა ¹... ბაგა-ბაღის შენობა მთლიანად და ხსენებული ობიექტის პრივატიზება დაავალა ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს (ს.ფ. 28-32). საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 7 აპრილის ¹176/16 წერილის (ინფორმაცია) მიხედვით, ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹36/6ა-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹2 რეგიონალური ბაზის ყოფილი ¹... ბაგა-ბაღის ნაწილის პრივატიზაციასთან დაკავშირებით, დადგინდა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ცნობის თანახმად, აღნიშნული ობიექტი არ იყო შეტანილი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში, რითაც დაირღვა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი (ს.ფ. 23-27). საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 30 ივლისის ¹16/1217/3-6 წერილით, საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 7 აპრილის ¹176/16 ინფორმაციის (წერილი) საფუძველზე, მოსარჩელეს ეთხოვა ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹36/6ა-ში მდებარე ყოფილი ¹... ბაგა-ბაღის პრივატიზების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება (ს.ფ. 13). შპს “კ.-ში” ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების შეფასების შესახებ 2007 წლის 28 ივნისის აუდიტორული დასკვნის თანახმად, სამშენებლო სამუშაოები ჩატარებულ იქნა 2003 და 2006 წლებში და შესრულებული სამუშაოებისა და მასალების ღირებულებამ, საბოლოო ჯამში, შეადგინა 130614 ლარი (ს.ფ. 119-120).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის (იმჟამად მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას ამტკიცებდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, ხოლო მუნიციპალური დაქვემდებარების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით, _ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანო. იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის და პირდაპირი მიყიდვის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდებოდა ხსენებული სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში.

კასატორი კასაციის ერთ-ერთ მიზეზად მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლი და მე-601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები, ვინაიდან დადგენილია, რომ ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ 2003 წლის 21 ივლისის ¹1396 წერილით ითხოვა, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს (ამჟამად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო) ¹... ბაგა-ბაღი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეეტანა, ხოლო სადავო ქონების გაყიდვის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა გაზეთ ,,...-ში", რომელსაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო (ამჟამად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო) გამოსცემდა, ამასთან, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს (ამჟამად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო) 2005 წლის 15 სექტემბრის ბრძანებით დასტურდებოდა, რომ სახელმწიფოს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს (ამჟამად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო) მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით სადავო ობიექტის პრივატიზება სურდა იმ გზით, რა გზითაც იგი გაიყიდა 2003 წლის 31 ოქტომბერს, დაინტერესებულ მხარეს _ შპს ,,კ.-ს" კი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება პრივატიზების პროცესში არ ჩაუდენია.

საკასაციო სასამართლოს უდავოდ დადგენილად მიაჩნია, რომ ზემოხსენებული ქონების პრივატიზებამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოხატა ნება ქ. ქუთაისში, ...-ის ქუჩაზე მდებარე ¹... ბაგა-ბაღის შენობის ნაწილის პრივატიზებაზე, რაც დასტურდება იმით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2003 წლის 19 ივნისის ¹738/8 წერილით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული, ქ. ქუთაისში განთავსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და მასში შეტანილ იქნა ხსენებულ მისამართზე მდებარე ¹... ბაგა-ბაღის შენობის ნაწილი. ამდენად, დასახელებული ქონება არ წარმოადგენდა მუნიციპალური დაქვემდებარების საპრივატიზებო ობიექტს და შესაბამისად, იგი ექვემდებარებოდა საპრივატიზებო ობიექტების იმ ნუსხაში შეტანას, რომელსაც ამტკიცებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. შესაბამისად, უდავოა, რომ ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹36/6ა-ში მდებარე ყოფილი ¹... ბაგა-ბაღის შენობის ნაწილი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში უნდა შეეტანა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, მით უმეტეს, რომ ამ სამინისტრომაც გამოხატა თავისი ნება დასახელებული ობიექტის პრივატიზებისადმი, რაც გამოვლინდა იმით, რომ 2005 წლის 15 სექტემბრის ¹1-1/994 ბრძანებით დაამტკიცა 2005-2006 წლების დამატებითი საპრივატიზებო ობიექტების (ამავე ბრძანებაზე თანდართული) ნუსხა, რომელშიც შეიტანა ¹... ბაგა-ბაღის შენობა მთლიანად და ხსენებული ობიექტის პრივატიზება დაავალა ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს. თუმცა 2003 წლის 28 ოქტომბრის კონკურსამდე ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹36/6ა-ში მდებარე ყოფილი ¹... ბაგა-ბაღის შენობის ნაწილი იმავე სამინისტროს არ შეუტანია საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში, რაც მას კანონით ევალებოდა და რაც დასტურდება საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 7 აპრილის ¹176/16 წერილით (ინფორმაცია). აღნიშნულ გარემოებაზე სააპელაციო სასამართლომაც მიუთითა და ხსენებული ფაქტის არსებობა არ იწვევს მხარეთა შორის დავას, ხოლო აღნიშნულ ნუსხაში საპრივატიზებო ობიექტის შეტანასთან საერთოდ არ ჰქონდა არავითარი შეხება და ამ გარემოების გარკვევა არ ევალებოდა შპს “კ.-ს”. ამასთან, ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹36/6ა-ში მდებარე ყოფილი ¹... ბაგა-ბაღის სადავო 1052,11 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების შესახებ კონკურსი გამოცხადდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გაზეთ “...-ის" 2003 წლის 27 ოქტომბრის ¹27 ნომერში, ანუ საპრივატიზაციო ქონების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კანონით დადგენილი წესით.

კასატორი კასაციის ერთ-ერთ მიზეზად მიუთითებს იმაზე, რომ სახეზე არ არის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის საფუძველი, რადგან მოცემულ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც სასამართლოს უნდა ემსჯელა, დასაშვები იყო თუ არა აღნიშნული სარჩელი.

ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პრივატიზებასთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, განხორციელებული პრივატიზების შესახებ ყველა სადავო საკითხს, მათ შორის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის, ასევე არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების საკითხს განიხილავს მხოლოდ სასამართლო. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ამ შემთხვევაში სარჩელი აღძრა არა იმ ორგანომ, რომელიც ზემოხსენებულ სადავო ობიექტთან მიმართებაში ამტკიცებდა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას, ანუ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, არამედ ამ სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმაზე, თუ რამდენად იყო ხსენებული სამმართველო უფლებამოსილი, აღეძრა სარჩელი შპს “კ.-ს” მიმართ, მაშინ, როდესაც მის მიმართ სარჩელი არ აღუძრავს თვითონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და არ მოუთხოვია განხორციელებული პრივატიზაციის სამართლებრივი შედეგების გაუქმება იმ მოტივით, რომ ზემოაღნიშნული სადავო ობიექტი მის მიერ არ ყოფილა შეტანილი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული კუთხითაც უნდა იმსჯელოს სარჩელის დასაშვებობაზე.

კასატორი კასაციის მიზეზად მიუთითებს იმაზეც, რომ შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომელიც რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით, შპს ,,კ" გახდა შეძენილი ქონების მესაკუთრე, სადავო ობიექტზე ჩაატარა მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები და მოაწყო თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დაინტერესებულ პირს, ისე, რომ არ არის დადგენილი მისი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, განხორციელებული აქვს იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და ხსენებული აქტის ბათილად ცნობით მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი, ამასთან, ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე ვერ დაასაბუთა, თუ რითი შეილახა შესაბამისი სამინისტროს, სამმართველოს ან სახელმწიფოს ინტერესები სადავო ობიექტის გაყიდვით.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შპს “კ.-ს” არ გააჩნდა კანონიერი ნდობა შესაბამისი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისადმი.

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის სხდომაზე კასატორის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სადავო ფართში ჩატარებულია სარემონტო სამუშაოები, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 130000 ლარს შეადგენს, პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებით კასატორს მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი, ამასთან, მას ჰქონდა კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ და აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობა დაუშვებელია. იმ შემთხვევაში, თუ ბათილად ჩაითვლება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება, უფრო დიდი ზიანი მიადგება სახელმწიფოს, რადგან შპს “კ.-ში” ამჟამად დასაქმებულია ასამდე თანამშრომელი და იგი ასრულებს სახელმწიფო შეკვეთას, ემსახურება სხვადასხვა კატეგორიის პირებს, ხოლო აღნიშნული პროცესი არის უწყვეტი და დღემდე გრძელდება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹36/6ა-ში მდებარე ყოფილი ¹... ბაგა-ბაღის სადავო 1052,11 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის შემდეგ კასატორი შპს “კ” წარმოადგენს დასახელებული ქონების მესაკუთრეს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასა და საერთოდ, პრივატიზაციის კანონიერების შესახებ დავის წარმოშობას საფუძვლად არ დასდებია მოპასუხე შპს “კ.-ს” მხრიდან კანონის რაიმე დარღვევა, რაც მხარეთა შორის არც არის სადავო, დასახელებული პრივატიზებული ქონება კი არ წარმოადგენს “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო ქონებას, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება, ანუ რომლის პრივატიზებაც არ შეიძლება და აკრძალულია, რის გამოც უდავოა, რომ შპს “კ.-ს”, როგორც დაინტერესებულ მხარეს, გააჩნია კანონიერი ნდობა გასაჩივრებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა და არ მისცა სამართლებრივი შეფასება საქმეში წარმოდგენილ შპს “კ.-ში” ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების შეფასების შესახებ 2007 წლის 28 ივნისის აუდიტორულ დასკვნას, რომლითაც უდავოდ დასტურდება და მხარეთა შორის დავას არ იწვევს, რომ შპს “კ.-მ” გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები და გასწია ხარჯები. შესაბამისად, ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობაც კი, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს, ან ინტერესებს. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნის დარღვევით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შედეგად განხორციელებული დაპირება და შემდგომ მის საფუძველზე გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევდა სახელმწიფო ინტერესს, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია და არ დაუდგენია, რა ზიანი მიადგა სახელმწიფოს ან სხვა პირის კანონიერ უფლებას.

გარდა ამისა, კასატორი კასაციის მიზეზად მიუთითებს იმაზეც, რომ სააპელაციო სასამართლოს შპს ,,კ.-ის” სადავო შენობის 1052,11 კვ.მ ფართიდან გამოსახლებაზე არ უნდა ემსჯელა, ვინაიდან მოსარჩელე მხოლოდ სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილობასთან ერთად, გამოსახლებას, მაგრამ საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააკონკრეტა მოთხოვნა, რომელშიც აღარ ფიქსირდებოდა გამოსახლების შესახებ მოთხოვნა. ამდენად, საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია შპს “კ.-ის” გამოსახლების თაობაზე, შესაბამისად, შპს “კ.-ის” გამოსახლების შესახებ აპელანტის მოთხოვნის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი, 381-ე მუხლი და არ უნდა მიეღო გადაწყვეტილება ამ საკითხზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,კ-ის” სადავო შენობის 1052,11 კვ.მ ფართიდან გამოსახლების შესახებ, რომ არ გაარკვია ზემოაღნიშნული გარემოებები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “კ.-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.