¹ბს-920-882(კ-07) 20 მარტი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ბ.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრი (მოპასუხე);
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია (მოპასუხე)
დავის საგანი _ პენსიიდან უსაფუძვლოდ დაქვითული თანხის უკან დაბრუნება და პენსიიდან თანხის დაქვითვის შეწყვეტა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე პალატისათვის
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ბ.-მ 2006 წლის 9 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჭიათურის ფილიალისა და ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2006 წლის მარტიდან 2006 წლის 9 ნოემბრამდე 83,80 ლარის ოდენობით დაქვითული პენსიის დაბრუნება და პენსიიდან 20% დაქვითვის შეწყვეტა.
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის მეორე ჯგუფის ინვალიდი და 1990 წლიდან დანიშნული აქვს მუდმივი პენსია. ცხოვრობს ჭიათურის რაიონის სოფელ ...-ში, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. დაავადების გამო (ეპილეფსია) ფიზიკური მუშაობა არ შეუძლია. ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 2000 წლის 3 აპრილს დარეგისტრირდა ინდმეწარმედ, მაგრამ სახსრების უქონლობის გამო ვერ შეძლო ჯიხურის დადგმა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. 2000-2005 წლებში არ გაუფორმებია არანაირი ხელშეკრულება საგადასახადო ინსპექციასთან, არც არავის შეუმოწმებია მისი მუშაობა და არც თანხა მოუთხოვიათ ბიუჯეტში გადასახდელად. 2005 წლის აპრილში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჭიათურის ფილიალში ჩატარებული რევიზიის შედეგად გამოვლინდა, რომ თითქოს მოსარჩელე მუშაობდა ინდმეწარმედ. აღნიშნული განაპირობა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემულმა ცნობამ, სადაც აღნიშნულია, რომ მ. ბ.-ე 2000 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 ივნისამდე მუშაობდა ინდმეწარმედ, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული ცნობიდან ასევე ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელეს არ უმუშავია, რადგან არც ერთი თეთრი არ აქვს ბიუჯეტში გადახდილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჭიათურის ფილიალის უფროსის 2006 წლის 22 თებერვლის ¹1 განკარგულებით მ. ბ.-ს გადასახდელად დაეკისრა 858 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ მისი ყოველთვიური პენსიის 20% დაკავებით, რაც, მისი განმარტებით, ოჯახს მძიმე ტვირთად დააწვა.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები შემდეგში მდგომარეობს:
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეს თან ერთვის საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის ¹634 დადგენილება, რომლის მე-10 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტში მითითებულია, რომ შეჩერდეს ბიუჯეტიდან ყველა კატეგორიის მომუშავე პენსიონერთათვის პენსიის, თავდაცვისა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების დანამატისა და 16-18 წლამდე ბავშვებზე დახმარების გაცემა, გარდა ბავშვობიდან ინვალიდი პენსიონერებისა. აღნიშნული დადგენილება მოქმედებდა 2006 წლის 1 იანვრამდე. 2006 წლის 1 იანვარს ამოქმედებული ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, პენსიის გაცემა შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ანუ კერძო სექტორში დასაქმებულ პირს, რომელიც ეწევა სამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას, ახალი კანონი არ უკრძალავს პენსიის მიღების უფლებასაც. თუმცა აღნიშნული კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება ძველ ურთიერთობებზე. ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედმეტად დარიცხული პენსიის დაბრუნება შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით, დანიშნული პენსიის არაუმეტეს 20%-ის დაკავებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული ნორმების საფუძველზე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, თავისი ფილიალებით წარმოადგენენ კომპეტენტურ და უფლებამოსილ ორგანოებს თავადვე განახორციელონ ზედმეტად დარიცხული საპენსიო თანხის დაკავება 20%-ის ფარგლებში.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელს მისი ჯიხური უნდა დაელუქა და მისთვის ეცნობებინა კანონის მოთხოვნა, რომ ინდმეწარმე პენსიის მიღების უფლებას კარგავდა. აღნიშნული კანონის არ ცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ან ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი. კანონის ცოდნის პრეზუმფცია ყველაზე ვრცელდება.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. მისი განმარტებით, მართალია იგი ინდმეწარმე გახდა, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ შეძლო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. ამის დამადასტურებული მტკიცებულება საქმეში მოიპოვება, კერძოდ სოფელ პერევისის საკრებულოს ცნობა ¹1112 და საგადასახადო ინსპექციის მიერ 2006 წლის 22 თებერვალს გაცემული ცნობა ¹79. მისი მოსაზრებით სასამართლომ დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა, რადგან სათანადო შეფასება არ მისცა საქმისათვის მნიშვნელოვან დეტალებს, კერძოდ არ გამოიკვლია თუ რატომ არ მოახდინა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელწიფო ფონდის ჭიათურის ფილიალის თანამშრომელმა რევიზიის ჩატარებამდე მოსარჩელისათვის პანსიის გაცემის შეჩერება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება. განჩინება დაეფუძნა შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებიდან გამომდინარე, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრიდან გამოითხოვა მ. ბ.-ის საპენსიო საქმე, საიდანაც გაირკვა, რომ იგი შრომით საქმიანობას ეწეოდა 1979 წლის 6 დეკემბრიდან. 1989 წელს დაუდგინდა მე-2 ჯგუფის ინვალიდობა საერთო დაავადებით. პენსია დაენიშნა 1990 წლის 3 იანვრიდან. პენსიაში გასვლამდე იგი მუშაობდა თბილისის სპეციალიზირებულ სამონტაჟო სამმართველო ბაგირ გზა მონტაჟში მე-5 თანრიგის მემონტაჟედ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2005 წლის აპრილში სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კონტროლისა და ზედამხედველობის ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმებით გამოვლინდა, რომ მ. ბ.-ე დარეგისტრირებული იყო ინდმეწარმედ საგადასახადო ინსპექციაში და იმავდროულად იღებდა შრომის პენსიას, რაც შეჩერებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის ¹634 დადგენილების ,,საქართველოს რესპუბლიკაში ფასწარმოებისა და საფინანსო სისტემების რადიკალური რეფორმის, მოსახლეობის სოცდაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” მე-10 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41 მუხლის (ძვ. რედაქცია) თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო საგადასახადო ორგანოებისათვის წერილობით ეცნობებინა საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, რაც მ. ბ.-ს არ შეუსრულებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაედგინა, რომ აპელანტს 2000-2005 წლებში სამეწარმეო საქმიანობა არ განუხორციელებია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს, განახორციელა თუ არა მ. ბ.-მ ინდივიდუალური მეწარმეობა 2000-2005 წლებში, დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეში მოიპოვება სოფ. ...-ის საკრებულოს 2006 წლის 27 ოქტომბრის ¹1112 ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კასატორი 2000-2005 წლებში ...-ის საკრებულოს ტერიტორიაზე არ ეწეოდა ინდ-მეწარმეობას, არც საქართველოს სხვა რეგიონებში ჰქონდა გახსნილი ჯიხური რაიმე პროდუქციის გასაყიდად; ასევე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურეობის სამმართველლოს ჭიათურის განყოფილების 2006 წლის 22 თებერვლის ¹79 ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ არ იძებნება აღნიშნულ წლებში მ. ბ.-ის, როგორც ინდ. მეწარმის მიერ ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა მ. ბ.-ის მიერ პროცესზე წარდგენილი დამატებითი მტკიცებულება. კერძოდ, მის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობით ფორმა ¹27 მტკიცდებოდა, რომ იგი ჯერ კიდევ ბავშვობაში იყო ეპილეფსიით მძიმედ დაავადებული. აღნიშნული ცნობა, მისი განმარტებით იყო დამალული ან დაკარგული, რისი მოძიებაც დროულად ვერ შეძლო. ცნობის არქივში აღმოჩენის შემდეგ მან სააპელაციო სასამართლოში წარადგინა იგი, მაგრამ მოსამართლემ არ გაითვალისწინა მითითებული გარემოება და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ დამატებითი მტკიცებულების გამოკვლევის შემთხვევაში სასამართლო კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რადგან საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის ¹634 დადგენილების მე-10 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად პენსიის გაცემა არ უჩერდებოდათ იმ მომუშავე პენსიონერებს, რომლებიც ბავშვობიდან ინვალიდები იყვნენ. აღნიშნული ცნობა კი უთითებს, რომ კასატორი 13 წლის ასაკიდან იყო დაავადებული ეპილეფსიით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ინდივიდუალური მეწარმე “....” რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ საწარმოდ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის ჭიათურის მომსახურეობის განყოფილებაში 2000 წლის 3 აპრილიდან. 2005 წლის 27 ივნისს მის მიერ წარდგენილ იქნა განცხადება საქმიანობის შეჩერებაზე. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელე, როგორც გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო წერილობით ეცნობებინა საგადასახადო ორგანოებისათვის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, რაც მ. ბ.-ს არ შეუსრულებია; ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას დაედგინა, ახორციელებდა თუ არა მ. ბ.-ე ინდივიდუალურ მეწარმეობას 2000-2005 წლების მანძილზე. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამგვარ მოსაზრებას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, არ განახორციელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოვლენისა და შეფასების მიზნით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული დავის კანონიერად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის დადგენას, შეიძლება მიჩნეულ იქნეს თუ არა მ. ბ.-ე “მომუშავე პენსიონერად”, რის გამოც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის ¹634 დადგენილების “საქართველოს რესპუბლიკაში ფასწარმოქმნისა და საფინანსო სისტემების რადიკალური რეფორმის, მოსახლეობის სოციალური დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” მე-10 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა შეჩერებულიყო მასზე სახელმწიფო პენსიის გაცემა. “მომუშავე პენსიონერად”, ამ დადგენილების მიზნებიდან გამომდინარე, მიჩნეულ უნდა იქნეს პირი, რომელსაც გააჩნია რაიმე სხვა სახის შემოსავალი, პენსიის გარდა, განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობიდან, იქნება ეს შემოსავალი, მიღებული ხელფასის სახით საჯარო დაწესებულებაში, თუ იქნება ეს შემოსავალი, მიღებული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობიდან. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, “მომუშავე პენსიონერად” მ. ბ.-ის მიჩნევისათვის გადამწყვეტია დადგინდეს - ახორციელებდა თუ არა იგი ეკონომიკურ საქმიანობას 2000 წლის 3 აპრილიდან 2005 წლის 27 ივნისამდე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997 წლის 13 ივნისის რედაქცია) მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წარიმართება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა. იმავე კოდექსის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ფიზიკური პირი ითვლება მეწარმედ, თუ ის არის ინდივიდუალური მეწარმე “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-2 მუხლის მიხედვით და თუ ის დამოუკიდებლად და თავისი რისკით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას იურიდიული პირის წარმოქმნის გარეშე; ხოლო 28-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საგადასახადო ვალდებულება ეკისრება გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებენ გადასახადის გადახდას.
საგადასახადო კოდექსი (როგორც 1997 წლის 13 ივნისის, ისე – 2004 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) მხოლოდ გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციას არ უკავშირებს საგადასახადო ვალდებულების წარმოშობას. ამ უკანასკნელის საფუძველი არის გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) განხორციელება, რომელიც თავისთავად გულისხმობს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღებას ან მისი მიღების შესაძლებლობას. რეგისტრაცია არ გულისხმობს ასევე იმასაც, რომ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, რეგისტრაციის პერიოდში, აუცილებლად უნდა ეწეოდეს ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდეს შემოსავალს.
საქმის ფურცელ 5-ზე წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურეობის სამმართველოს ჭიათურის განყოფილების 2006 წლის 22 თებერვლის ¹79 ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ არ იძებნება 2000-2005 წლებში მ. ბ.-ის, როგორც ინდ. მეწარმის მიერ ბიუჯეტში გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საბუთები. საქართველოს რესპუბლიკის ჭიათურის ზონის პერევისის სოფლის საკრებულოს გამგეობის 2006 წლის 27 ოქტომბრის ¹1112 ცნობის თანახმად კი მ. ბ.-ე 2000-2005 წლებში პერევისის საკრებულს ტერიტორიაზე არ ეწეოდა ინდივიდუალურ მეწარმეობას; ჯიხური არ ჰქონდა გახსნილი საქართველოს სხვა რეგიონებში რაიმე პროდუქტის გასაყიდად და იგი უმუშევრია (ს.ფ. 4). ამასთან, საქმეში არ მოიპოვება იმის მტკიცებულება, რომ ინდივიდუალურ მეწარმე “...-ს”, მითითებული პერიოდის განმავლობაში, დაეკისრა პასუხისმგებლობა საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საკასაციო პალატა თვლის, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მ. ბ.-ე 2000 წლის 3 აპრილიდან 2005 წლის 27 ივნისამდე არ ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას და არ იღებდა შემოსავალს ამ საქმიანობიდან. სააპელაციო სასამართლომ კი სრულყოფილად არ შეაფასა ზემოთ მითითებული მტკიცებულებები და არ დაადგინა, ახორციელებდა თუ არა ინდივიდუალური მეწარმე “...” ეკონომიკურ საქმიანობას მითითებულ პერიოდის განმავლობაში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს ასევე უნდა შეეფასებინა ს.ფ. 75-ზე წარმოდგენილი მ. ბ.-ის ავადმყოფის სამედიცინო ბარათიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ მ. ბ.-ე 13 წლის ასაკიდან დაავადებულია ეპილეფსიით. სააპელაციო პალატას ამ ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად უნდა გამოერკვია, შეიძლება თუ არა დადგინდეს ის გარემოება, რომ მ. ბ.-ე წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის ¹634 დადგენილების მე-10 პუნქტის “დ” ქვეპუნქტში მითითებულ “ბავშვობიდან ინვალიდ პირს”, რომლის მიმართაც სახელმწიფო პენსიის გაცემა არ უნდა შეჩერებულიყო, მიუხედავად იმისა, წარმოადგენდა პირი მომუშავე თუ არამომუშავე პენსიონერს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.