¹ბს-921-883(კ-07) 23 იანვარი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჩინჩალაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ნ-ის და ა. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ნ-ემ 22.09.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, რომელმაც ქართული ლიტერატურის მიმართულებით პროფესორ-მასწავლებელთა ახალ თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი კონკურსის ჩატარების დავალდებულება მოითხოვა.
ნ. ნ-ემ მიუთითა, რომ აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 19.06.06წ. ბრძანებით დამტკიცდა ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელთა ახალ აკადემიურ თანამდებობაზე გადაყვანის წესი, რომლის თანახმადაც, პროფესორ-მასწავლებელთა ახალ თანამდებობაზე გადაყვანა უნდა განხორციელებულიყო ღია კონკურსის საფუძველზე. მოსარჩელის განმარტებით, იგი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა .... წლიდან, მათ შორის 1990 წლიდან _ .... კათედრაზე. არის ...., .... წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. მან კონკურსის პირობების შესაბამისად წარადგინა განაცხადი შესაბამისი დოკუმენტაციის დართვით. საკონკურსო კომისიის 01.08.06წ. №2 სხდომის ოქმის მიხედვით ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოავალეობის შემსრულებელს მიეცა რეკომენდაცია მის მიერ არასრულ საშტატო განაკვეთზე .... პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების შესახებ. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ზოგიერთი კონკურსანტის მონაცემებთან შედარებით მისი მონაცემებით უნდა მინიჭებოდა სრული ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დაკავების უფლება, მაგრამ კომისიამ არაობიექტურად შეაფასა მისი მონაცემები და არასწორი რეკომენდაცია გასცა.
ა. გ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ, რომელმაც არქეოლოგიის მიმართულებით პროფესორ-მასწავლებელთა ახალ თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი კონკურსის ჩატარების დავალდებულება მოითხოვა.
ა. გ-ემ მიუთითა, რომ უნივერსიტეტის მხრიდან დაირღვა ახალ აკადემიურ თანამდებობაზე გადაყვანის წესი და პროფესორებად შეარჩიეს ის პირები, რომელთაც არ გააჩნდათ დებულებით განსაზღვრული საკონკურსო მიმართულების შესაბამისი სამეცნიერო ხარისხი, მისი მონაცემები კი უგულებელყოფილ იქნა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 13.10.07წ. განჩინებით ნ. ნ-ისა და ა. გ-ის სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
მოპასუხე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სარჩელი არ სცნეს და წერილობით შესაგებელში მიუთითეს, რომ კონკურსი ჩატარდა პრეზიდენტის ბრძანებულებისა და ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. საკონკურსო კომისია შედგებოდა კვალიფიციური სპეციალისტებისაგან. კომისიამ შეაფასა კონკურსანტების სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის ამსახველი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მოხდა საუკეთესოთა შერჩევა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.02.07წ. გადაწყვეტილებით სარჩელები დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელთა ახალ აკადემიურ თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკავშირებული საკონკურსო კომისიის შედეგები ქართული ლიტერატურისა და არქეოლოგიის მიმართულებით და მოპასუხეს ამ ნაწილში დაევალა ახალი კონკურსის ჩატარება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ კონკურსი ჩატარდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დარღვევით. სასამართლომ განმარტა „გამჭვირვალობის“ ცნება და დაასკვნა, რომ „გამჭვირვალობა“ უნდა იძლეოდეს საკონკურსო კომისიის მუშაობის შედეგების დამოუკიდებლად გადამოწმების შესაძლებლობას. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ატარებდა სარეკომენდაციო ხასიათს და მის საფუძველზე ადმინისტრაციას უნდა გამოეცა აქტი კანდიდატების შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. სასამართლომ განმარტა ,,თანასწორობის” ცნება და დაასკვნა, რომ კონკურსში მონაწილე ყველა პრეტენდენტს არ ჰქონდა თანაბარი შესაძლებლობა, წარედგინა და დაეცვა თავისი განაცხადი. „სამართლიანი კონკურენციის“ ცნების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ რეკომენდაციების შემუშავებისას საკონკურსო კომისიამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნ. ნ-ის მონაცემები აკმაყოფილებდა სრული ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭირო საკონკურსო პირობებს, მაგრამ საკონკურსო კომისიის ოქმში არ აისახა კომისიის დასკვნები, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ამ გადაწყვეტილების საფუძვლიანობის გადამოწმება. სასამართლომ ჩათვალა, რომ სამართლიანი კონკურენციის პრინციპი დარღვეული იქნა ა. გ-ის საკონკურსო განაცხადის განუხილველად დატოვებით. სარჩელების დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე და კონკურსის შედეგები, როგორც კანონდარღვევით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ცნო ბათილად, ამასთა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით საკონკურსო კომისიას დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.02.07წ. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს 29.06.07წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნენ ჩაბმულნი ქართული ლიტერატურის მიმართულებით _ ა. ნ-ი, თ. ა-ი, ო. გ-ე, ნ. ხ-ა, ო. გ-ე, ნ. კ-ე, ლ. დ-ი, მ. ნ-ე, გ. ხ-ა, ლ. ჩ-ე, ქ. დ-ი, ხოლო არქეოლოგიისა და სიძველეთმცოდნეობის მიმართულებით _ ო. ლ-ა, ნ. ჩ-ე, ზ. ლ-ი, მ. პ-ე, დ. შ-ე, ხოლო 16.07.07წ. საოქმო განჩინებით მესამე პირებად ჩაებნენ ასევე მ. ჭ-ე და ზ. ზ-ე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აკაკი წერეთლის სახელობის უნივერისიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 19.06.06წ. №43 ბრძანებით დამტკიცდა ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელთა ახალ აკადემიურ თანამდებობაზე გადაყვანის წესი, რაც უნდა განხორციელებულიყო ღია კონკურსით. იმავე ბრძანებით ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე (ქართული ლიტერატურისა და არქეოლოგიის მიმართულებით) გამოცხადდა კონკურსი და განისაზღვრა საკონკურსო პირობები. შეიქმნა საკონკურსო კომისია. კომისიის მუშაობის შედეგები შეჯამდა 15.07.06წ. №1 და 01.08.06წ. №2 ოქმებით. კომისიის 01.08.06წ. №2 ოქმით აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელს მიეცა რეკომენდაცია კომისიის შედეგად შერჩეულ კანდიდატებზე: ქართული ლიტერატურის მიმართულებით რეკომენდაცია გაეწია ოთხ კანდიდატს სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, ხოლო სამ კანდიდატს _ ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სრულ საშტატო ერთეულზე, ასევე რეკომენდაცია გაეწია რვა კანდიდატს არასრულ საშტატო განაკვეთზე ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, მათ შორის ნ. ნ-ეს 0,75 განაკვეთზე _ ასისტენტ პროფესორად, სადაც განაგრძო მუშაობა. არქეოლოგიის მიმართულებით რეკომენდაცია გაეწია სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სამ კანდიდატს, ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ორ კანდიდატს, ხოლო ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე _ ერთ კანდიდატს. ა. გ-ის მიმართ რეკომენდაცია არ გაცემულა, შებამისად მას არ დაუკავებია აკადემიური თანამდებობა კონკურსის საფუძველზე. ამასთანავე, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტის 16.08.06წ. №70 ბრძანებით პროფესორ-მასწავლებლები დაინიშნენ ახალ აკადემიურ თანამდებობებზე, მათ შორის ნ. ნ-ე _ 0,75 საშტატო განაკვეთზე. იმავე წესით (ბრძანებით) მოხდა კანდიდატთა დანიშვნა (გადაყვანა) არქეოლოგიისა და სიძველეთმცოდნეობის მიმართულებით. საქართველოს პრეზიდენტის 08.06.05წ. №473 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 01.08.06წ. საკონკურსო კომისიის №2 ოქმი და უნივერსიტეტის რექტორის 16.08.06წ. №70 ბრძანება, ერთობლიობაში წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პროფესორ-მასწავლებელთა ახალ აკადემიურ თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ, რომლითაც უნივერსიტეტის რექტორმა ფაქტობრივად დაამტკიცა 19.06.06წ. №42 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის შედეგები.Aამდენად, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტს არ გამოუცია ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც დამტკიცდა კონკურსის შედეგები. სააპელაციო პალატის მოსაზრები, პროფესორ-მასწავლებელთა შერჩევა აკადემიურ თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დისკრეციული უფლებამოსილებაა და ემსახურება განათლების სფეროში საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას. აღნიშნულზე მიუთითებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი. ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამტკიცებს პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს. ამავე კანონის 89-ე მუხლის მე-11 პუნქტით საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს _ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაევალათ 2006-2007 სასწავლო წლების დაწყებამდე მოეხდინათ დაწესებულებაში დასაქმებულ პროფესორ-მასწავლებელთა გადაყვანა ამ კანონით გათვალისწინებულ აკადემიურ თანამდებობებზე.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 08.06.05წ. №473 ბრძანებულების მე-2 პუნქტით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კომპეტენციას განეკუთვნებოდა სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუშაკების სამსახურში მიღება და გათავისუფლება, აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის განსაზღვრა. ამ ბრძანებულებით რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილებას განეკუთვნება ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტურად მიმდინარეობის უზრუნველყოფა. ამდენად, სასწავლო დაწესებულება თავად წყვეტს ამ ფუნქციის განსახორციელებლად შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ მასწავლებელთა მოზიდვის საკითხს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტით დისკრეციული უფლებამოსილება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რამდენიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავალდებულება ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით, რაზეც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის გამოყენების შემთხვევაში, სასამართლო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნობს გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემას ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გადაწყვიტა სადავო საკითხი - ბათილად ცნო კონკურსის შედეგები, ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის გამოყენება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. Gგარდა ამისა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლი, ისევე, როგორც მე-601 მუხლი არეგულირებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. მოცემულ საქმეზე კი მოსარჩელე მხარეს არ მოუთხოვია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემობაზე, რომ საკონკურსო პირობებით გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესაბამისობას თანამედროვე მოთხოვნებთან, კონკურსის პირობებში პირდაპირ იყო მითითებული გამოქვეყნებული ნაშრომების (სახელმძღვანელოების, სტატიების) წარდგენაზე, რომლებიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენდა კანდიდატის კვლევით ან პედაგოგიურ უნარს. აღნიშნული გარემობა კიდევ ერთხელ მიანიშნებს კონკურსანტების ნაშრომების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების შეფასების აუცილებლობაზე და საკითხს იმის შესახებ, რომელი კანდიდატის ნაშრომი უკეთ წარმოაჩენდა მისი ავტორის კვლევით და პედაგოგიურ უნარს, ესაჭიროებოდა სამეცნიერო მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 03.08.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ნ-ემ და ა. გ-ემ, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ მათ არ გაუსაჩივრებიათ 01.08.06წ. ¹2 ოქმი და 16.08.06წ. ¹70 რექტორის ბრძანება, ვინაიდან ნ. ნ-ემ თავისი სარჩელით მოითხოვა უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ახალ აკადემიურ თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკავშირებული საკონკურსო კომისიის 02.08.06წ. სხდომის ოქმის, ქართული ლიტერატურის მიმართულების სრული და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დაკავების შესახებ რეკომენდაციების გაცემის ნაწილში, სახელმწიფო უნივერსიტეტის 16.08.06წ. (სარჩელში მითითებული იყო 21 აგვისტო) რეკომენდაციების მიხედვით დანიშვნის შესახებ ბრძანების და პროფესორ-მასწავლებელთა ახალ თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა ქართული ლიტერატურის მიმართულებით და მოპასუხისათვის ახალი კონკურსის ჩატარების დავალდებულება. ა. გ-ემ სარჩელით მოითხოვა კონკურსის კანონიერების დადგენა, რაც თავისთავად ნიშნავდა, როგორც საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის, აგრეთვე ბრძანების კანონიერების დადგენას. ამრიგად, კასატორები არ ეთანხმებიან სასამართლოს დასკვნას შესაბამისი მოთხოვნის არარსებობის შესახებ. კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა, რომც არ ნიშნავდეს საკონკურსო კომისიის 01.08.06წ. სხდომის ოქმის და უნივერსიტეტის რექტორის 16.08.06წ. ¹70 ბრძანების ბათილად ცნობას, კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა საფუძველს აცლის ამ აქტების არსებობას. პირველი ინსტანციის სასამართლო არ ასკვნის იმას, რომ უნივერსიტეტს არ გამოუცია ადმინისტრაციული აქტი, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ატარებდა სარეკომენდაციო ხასიათს, რომელიც ადმინისტრაციისათვის ობიექტურად დასაბუთებული და ცხადი უნდა ყოფილიყო. “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს, რასაც სააპელაციო სასამართლოც ადასტურებს. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა, კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან კიდევ მისაღები ღონისძიებიდან, რომელი ღონისძიება გამოიყენოს. აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც საჯარო სამართლის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ვალდებული იყო მიეღო მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება. ამდენად, თუ მივიჩნევთ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებული იყო, ეს უფლებამოსილება განეხორციელებინა კანონით დადგენილ ფარგლებში, რაც მოპასუხემ დაარღვია, ვინაიდან კონკურსი ჩატარდა “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დარღვევით. დარღვეულია აგრეთვე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 19.06.06წ. ¹43 ბრძანების მოთხოვნებიც, კერძოდ, რეკომენდაციები მიეცა იმ კონკურსანტებს, რომლებსაც არ ჰქონდათ არქეოლოგიის მიმართულების სამეცნიერო ხარისხი და შრიფტი, გარდა ერთისა. ამასთან, რეკომენდაცია მიეცათ ისეთ კონკურსანტებს, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ სამეცნიერო ხარისხი. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოუცემლობა ახალი კონკურსის ჩატარების შესახებ ეწინააღმდეგება კანონს. ამასთან, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს კასატორების კანონიერ უფლებას და ინტერესს, რადგან კასატორები აკმაყოფილებდნენ “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომლებიც ითვალისწინებს, რომ კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ საკონკურსო მიმართულების (სპეციალიზაციის) შესაბამისი სამეცნიერო ხარისხი. ახალი აკადემიური თანამდებობის დამკავებელთაგან, გარდა ერთისა, არავის ჰქონდა არქეოლოგიის მიმართულების (სპეციალიზაციის) შესაბამისი სამეცნიერო ხარისხი და შრიფტი, ხოლო ორ კონკურსანტს საერთოდ არ ჰქონდა სამეცნიერო ხარისხი. ამასთან, ა. გ-ეს აქვს პედაგოგიური მოღვაწეობის შესაბამისი გამოცდილება, გამოქვეყნებული აქვს რვა სამეცნიერო ნაშრომი, მიღებული აქვს 2 კონფერენციაში მონაწილეობა 1987 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სამსახურში, 1992-1997 წლებში იყო მოპასუხე სასწავლებელში ისტორიის მასწავლებელი, მიღებული აქვს სამი გრანტი, არის ამერიკის ანთროპოლოგიის ასოციაციის წევრი. ნ. ნ-ეს გააჩნდა საკონკურსო მიმართულების (სპეციალიზაციის) შესაბამისი სამეცნიერო ხარისხი, სხვა კონკურსანტებზე უკეთესი პედაგოგიური გამოცდილება. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოაქვეყნა 17 პუბლიკაცია და სამი წიგნი, დასრულებული და დამტკიცებული აქვს სადოქტორო ნაშრომი, არის 1986-1995 წლებში 3 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 12 ადგილობრივი, რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, რესპუბლიკური ჟურნალის “....” საკოორდინაციო საბჭოს წევრი, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური-თვითშემოქმედებითი კონფერენციის თავმჯდომარე და წევრი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით, უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია, მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე, ე.ი. მტკიცება იმისა შეესაბამებოდნენ თუ არა კასატორები აკადემიურ თანამდებობას და შეესაბამებოდნენ თუ არა დაკავებულ თანამდებობებს რეკომენდებული კონკურსანტები, აღნიშნულის გარკვევა ეკისრებოდა მოპასუხეს. საკონკურსო კომისიის ¹2 ოქმით გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა საკონკურსო კომისიამ კონკურსანტების შეფასებისას, რატომ მისცა ესა თუ ის რეკომენდაცია კონკურსანტს. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებიდან ცხადად უნდა ჩანდეს, თუ რატომ, რა კრიტერიუმების გათვალისწინებით მივიდა კომისია ამა თუ იმ დასკვნამდე, აღნიშნული კი გასაჩივრებული ოქმიდან არ ირკვევა. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გადაწყვიტა სადავო საკითხი _ შეესაბამებოდნენ თუ არა კასატორები და გამარჯვებული კონკურსანტები შესაბამის აკადემიურ თანამდებობებს, მოპასუხეს – აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაევალა ახალი კონკურსის ჩატარება და შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. მოპასუხის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ კასატორების ნაშრომები არ შეესაბამებოდა თანამედროვე მოთხოვნებს. თუ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რაც ზღუდავს სასამართლოს მხრიდან მისი გადამოწმების შესაძლებლობას, მაგრამ არ იწვევს სარჩელის დაუსაბუთებლობას, არამედ მოსარჩელეს აქვს უფლება მოითხოვოს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში გამოყენება. სასამართლოს აქვს უფლება გადაამოწმოს, არის თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 05.10.07წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ნ-ისა და ა. გ-ის საკასაციო საჩივარი.
აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 24.10.07წ. შესაგებელი წარადგინა ნ. ნ-ისა და ა. გ-ის საკასაციო საჩივარზე და საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 03.08.01წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვება და კასატორებისათვის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ მოტივით, რომ საქმეში დაცულია ექსპერტების, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტების, პროფესორების _ რ. გ-ისა და ე. ხ-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციები, რომლებიც ნათლად აფასებენ ნ. ნ-ლის შრომების სამეცნიერო და პედაგოგიურ ღირსებებს. რაც შეეხება კასატორ ა. გ-ეს, მისი მასალები კომისიას არ განუხილავს, რადგან ა. გ-ემ საზღვარგარეთ მივლინებაში ყოფნისას ჩაიდინა სრულიად შეუფერებელი საქციელი, რისთვისაც დაითხოვეს ინსტიტუტიდან და საქართველოს არქეოლოგიურმა კვლევის ცენტრმა გაათავისუფლა სამსახურიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.10.07წ. განჩინებაზე 29.10.07წ. მოსაზრება წარმოადგინეს ნ. ნ-ემ და ა. გ-ემ, რომლებმაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ისა და ა. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ პროფესორ-მასწავლებელთა შერჩევა აკადემიურ თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება და ემსახურება განათლების სფეროში საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საფუძველი, რის გამოც ნ. ნ-ისა და ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ნ-ისა და ა. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.