Facebook Twitter

ბს-922-886(კ-08) 17 დეკემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. კ.-მ 15.12.04წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 05.08.04წ. მოპასუხის ¹58/კს ბრძანების გაუქმება, იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და სამსახურში აღდგენის დღემდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 28.02.05წ. გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოსარჩელე თ. კ.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. კ.-მ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა. საქმე არაერთგზის განხილულ იქნა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.08წ. საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლების თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 05.08.04წ. ¹58/კს ბრძანების ბათილად ცნობის და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში აწ გარდაცვლილ თ. კ.-ის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა მისი შვილი გ. კ.-ე, სასარჩელო მოთხოვნის – გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებლად იქნა ცნობილი უფლებამონაცვლეობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.08წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 28.02.05წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც თ. კ.-ს უარი ეთქვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 05.08.04წ. ¹58/კს ბრძანების §8 ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. კ.-ის (თ. კ.-ის უფლებამონაცვლის) სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 05.08.04წ. ¹58/კს ბრძანების §8 თ. კ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და გ. კ.-ს (თ. კ.-ის უფლებამონაცვლე) აუნაზღაურდა თ. კ.-ის ხელფასი სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში – 2004 წლის 5 აგვისტოდან (გათავისუფლების დღიდან) 2006 წლის 12 იანვრამდე (გარდაცვალების დღემდე).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.08წ. გადაწყვეტილება 11.07.08წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს-წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.08წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.