Facebook Twitter

¹ბს-923-885(კ-07) 5 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებაზე, /ი. კ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის, ჯ. მ-ის, გ. ფ-ას მიმართ/.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ი. კ-ემ სარჩელი აღძრა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხეეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის, ჯ. მ-ის, გ. ფ-ას მიმართ, რომლითაც მოითხოვა მიწის საკუთრების სარეგსტრაციო მოწმობის გაუქმება, ჯ. მ-ისა და გ. ფ-ას უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვა და მის საკუთრებაში დაბრუნება /იხ.ს.ფ. 2-4/.

ხონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა 13.07.01წ. ჯ. მ-ის სახელზე ¹.... და გ. ფ-ას სახელზე 13.07.02წ. გაცემული ¹..... მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობები; გამოთხოვილ იქნა ჯ. მ-ის და გ. ფ-ას უკანონო მფლობელობიდან საკარმიდამო ჩამონაჭერი 1800მ2 მიწის ნაკვეთი და დაუბრუნდა მის მესაკუთრეს ი. კ-ეს /იხ.ს.ფ. 186-189/.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. მ-ემ და გ. ფ-ამ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 195-198/.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის და გ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობების გაუქმების, 1800მ2 მიწის ნაკვეთის მ-ისა და ფ-ას მფლობელობიდან გამოთხოვისა და ი. კ-თვის დაბრუნების ნაწილში; ი. კ-ის სარჩელი საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობების გაუქმებისა და 1800მ2 მიწის ნაკვეთის დაბრუნების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ჯ. მ-ის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა ¹...... 0,06ჰა მიწის ნაკვეთში და აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა ი. კ-ეს, ხოლო გ. ფ-ას საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ¹..... ბათილად ცნობისა და 1200მ2 მიწის ნაკვეთის დაბრუნების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ.ს.ფ. 362-366/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლით:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად, გადაწყვეტილებაში არ არის ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და მოსაზრებები. ამასთან, გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სსსკ-ის 394,”ე” და “ე1” მუხლის საფუძველზე მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია /იხ.ს.ფ. 392-397/.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. კ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. 275-276/.

მოწინააღმდეგე მხარემ _ გ. ფ-ამ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მოსაზრებებში მიუთითა, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას /იხ.ს.ფ. 441/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. კ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. 275-276/.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ი. კ-ის მიერ კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, არ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის _ ი. კ-ის საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელსაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ი. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშველად;

2. წინამდებარე განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.