¹ბს-926-888(კ-07) 20 თებერვალი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
17.03.07წ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ვ. მ-ემ და ამავე ინსპექციის 01.02.06წ. ¹308-21 შეტყობინების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისში, ...... ქ. ¹76-ში მდებარე, მის საკუთრებაში რიცხული ბინა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 01.02.06წ. ¹308-21 შეტყობინების საფუძველზე დატვირთული იქნა საგადასახადო იპოთეკით. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 26.02.07წ. წერილით ეცნობა, რომ ...... ქ. ¹76-ში მდებარე მისი ბინა იპოთეკით დატვირთულია ინდმეწარმე “კ. ა-ის” ვადაგადაცილებული დავალიანების უზრუნველსაყოფად. მოსარჩელის განცხადებით, კ. ა-ი არის მისი შვილი, მაგრამ საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ვ. მ-ის საკუთრებას. ქუთაისის საგადასახადი ინსპექციამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და არ გააუქმა საგადასახადო იპოთეკა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 29.03.07წ. განჩინებით დაუშვებლობის მოტივით შეწყდა წარმოება ვ. მ-ის სარჩელზე. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერესს, ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. საგადსახადო შეტყობინება ¹..... პირადად ჩაბარდა სასამართლოში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად, კ. ა-ს 01.03.06წ., აღნიშნული მიიჩნია სადავო აქტის ჩაბარების თარიღად და ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაშვებულად მიიჩნია ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 29.03.07წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. მ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 18.04.07წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ვ. მ-ის კერძო საჩივარი და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო აქტი გაეგზავნა არა მოსარჩელეს, არამედ მის შვილს. ვ. მ-ეს მისი საკუთრების იპოთეკით დატვირთვის თაობაზე 26.02.07წ. ეცნობა, სარჩელი შეიტანა 07.03.07წ., კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დაცვით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 15.05.07წ. გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა შეიძლება განხორციელდეს საგადასახადო იპოთეკით/გირავნობით. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება საგადასახადო ვალდებულების შესრულება უზრუნველყოს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. სასამართლომ მიუთითა, რომინდმეწარმე “კ. ა-ს, მცხოვრებს ქ. ქუთაისში, ..... ქ. ¹76-ში, ერიცხება საგადასახადო დავალიანება 48 174.9 ლარი. საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, გადამხდელი პირის ოჯახის წევრია მასთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, განსახილველ შემთხვევაში ვ. მ-ე. ამავე კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობისას საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაადოს გადასახადის გადამხდელის, საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებას. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაცია არ გამორიცხავდა ამ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე ინდმეწარმე “კ. ა-ის” საკუთრების უფლების არსებობას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 15.05.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-ემ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 01.02.06წ. ¹308-21 შეტყობინების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.07წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 15.05.07წ. გადაწყვეტილება, ვ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 01.02.06წ. ¹.... შეტყობინება. სააპელაციო პალატის განმარტებით, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება საგადასახადო ვალდებულების შესრულება უზრუნველყოს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანებაზე საგადასახადო დავის დაწყებისთანავე ან/და აღიარებულ საგადასახადო დავალიანებასთან ერთად. ეს უფლება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში ვრცელდება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებაზე, საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შედგენილი ქონების ჩათვლით. ინდმეწარმე “კ. ა-ს” ქუთაისის საგადასახადო ინსპექციაში არანაირი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ წაუდგენია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საცხოვრებელი სახლის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია არ გამორიცხავს ი/მ “კ. ა-ის” საკუთრების უფლებას აღნიშნულ სახლზე და იქ არსებული ქონების ნაწილზე, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-8 ნაწილი განმარტავს პირის ოჯახის ცნებას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას. აღნიშნული ნორმის თანახმად, ოჯახში მოიაზრება პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, ბაბუა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ოჯახის წევრებად ჩაითვლებიან პირები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი განაცხადებს, რომ ისინი მისი ოჯახის წევრები არიან. აღნიშნულის შესახებ კ. ა-ს განცხადება არ გაუკეთებია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლი, რომელიც ეხება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გამოუყენებია საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლი, რომელიც ეხება ცრუმაგიერ მფლობელობას. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის, საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის განსხვავება პირისაგან იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი გამოყენებულია გადასახადებისაგან თავის ასარიდებლად, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს. თუ გადასახადის გადამხდელს აქვს შეუსრულებელი ვალდებულება, ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ცრუმაგიერი პირის მიმართ გაატაროს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები. კასატორი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ კ. ა-ს არ განუცხადებია იმის თაობაზე, თუ ვინ არიან მისი ოჯახის წევრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 05.10.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის შესახებ მოსაზრებების წარმოსადგენად.
ვ. მ-ემ წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ სადავო ქონებას ფლობს 1968 წლიდან, ჯერ კიდევ კ. ა-ის დაბადებამდე ეს ქონება ეკუთვნოდა მას, და წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის პირად საკუთრებას. გაუმართლებელია საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის გამოყენება, რადგან შეუძლებელი იყო ბინის მემკვიდრეობით მიღების დროს იმის ვარაუდი, რომ ი/მ “კ. ა-ს” ურთიერთობა ექნებოდა საგადსახადო ორგანოებთან. კასატორმა წარმოადგინა მოსაზრება, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.