Facebook Twitter

¹ბს-927-886(კ-06) 13 თებერვალი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

ლანა ჭანტურიას მდივნობით

კასატორი (მოსარჩელე) _ ვ. ლ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ წელთა ნამსახურობის გადაანგარიშება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ვ. ლ-ამ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის _ აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის წელთა ნამსახურობის გადაანგარიშების დავალება /იხ.ს.ფ. 1-2/

საქმის გარემოებები:

1982 წელს მოსარჩელემ დაამთავრა ქ. ბათუმის ¹...... სკოლა-ინტერნატი და იმავე წელს სწავლა განაგრძო, ჯერ ბათუმის ¹...... ტექნიკურ სასწავლებელში, ხოლო მისი დამთავრების შემდეგ _ 1983 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1991 წლის 2 ივლისს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დროს, კერძოდ, 1984-1986 წლებში მოსარჩელე მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. უმაღლესი სასწავლების დამთავრებისთანავე, 1991 წლის 25 ნოემბერს, მოსარჩელემ მუშაობა დაიწყო აჭარის ა/რ შს სამინისტროში ......... თანამდებობაზე, ლეიტენანტის წოდებით, სადაც მუშაობდა 2005 წლის 1 იანვრამდე.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი:

2006 წლის 3 აპრილს მოსარჩელემ წერილით მიმართა აჭარის შს მთავარ სამმართველოს, რათა მოეხდინათ მისი შინაგან საქმეთა ორგანოებში წელთა ნამსახურობის დაანგარიშება. შს სამმართველოს 2006 წლის 12 აპრილის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა შესახებ” საქართველოს კანონის 11 “ა” მუხლის მოთხოვნას.

სარჩელის სამართლებრივი საფუძველი:

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ შს სამმართველოს წერილი, რომლითაც მას ეცნობა, რომ ვერ აკმაყოფილებს სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა შესახებ” საქართველოს კანონის 11 “ა” მუხლის მოთხოვნებს, არის უკანონო, რამდენადაც წელთა ნამსახურობის გადაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდი. მოპასუხემ არ გაითვალისწინა სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა შესახებ” საქართველოს კანონის 16.1. და 16.2. მუხლების მოთხოვნები და, ამდენად, მოპასუხის მიერ ფაქტების სწორი შეფასებისას მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ იარსებებდა /იხ.ს.ფ. 1-2/.

მოპასუხე აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებმა საქალაქო სასამართლოს სხდომაზე არ ცნეს ვ. ლ-ას სარჩელი და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 16, სხდომის ოქმი/.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

ვ. ლ-ა 1982 წლიდან 1983 წლამდე სწავლობდა ქ. ბათუმის ¹...... ტექნიკურ სასწავლებელში, 1983 წლიდან 1991 წლამდე კი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1991 წლის 25 ნოემბრიდან 2004 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს ორგანოებში.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა შესახებ” საქართველოს კანონის 11 “ა” მუხლი, ამავე კანონის 16.4. მუხლი და განმარტა, რომ ვ. ლ-ა ვერ აკმაყოფილებდა მითითებული ნორმებით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან ის სამუშაოდ შს ორგანოებში მიღებულ იქნა 1991 წლის 25 ნოემბრის ბრძანებით, ხოლო სამსახურიდან გათავისუფლდა 2004 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, შესაბამისად, მისი შს ორგანოებში მუშაობის სტაჟი შეადგენდა 12 წელს, 11 თვესა და 17 დღეს. საქალაქო სასამართლომ ასევე გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე, 331-ე მუხლები და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობდა ვ. ლ-ას სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი /იხ. ს.ფ. 20-24/.

საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

აპელანტს მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ შს სამმართველოს წერილი, რომლითაც მას ეცნობა, რომ ვერ აკმაყოფილებს სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა შესახებ” საქართველოს კანონის 11 “ა” მუხლის მოთხოვნებს, არის უკანონო, რამდენადაც წელთა ნამსახურობის გადაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლის, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდი. სასამართლომ არასწორად განმარტა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა შესახებ” საქართველოს კანონის 16.1, 16.2. მუხლები, რის გამოც, ფაქტების შეფასებისას, ვ. ლ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ იარსებებდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ვ. ლ-ა არის თადარიგში დათხოვნილი, ამასთან 1991 წლის 25 ნოემბრამდე იყო სპეციალური და უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული /იხ. ს.ფ. 27-28/.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; აჭარის ა/რ შს მთავარ სამმართველოს დაევალა ვ. ლ-ას წელთა ნამსახურობის გადაანგარიშება “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

ვ. ლ-ა 1982 წლიდან 1983 წლამდე სწავლობდა ქ. ბათუმის ¹...... ტექნიკურ სასწავლებელში, 1983 წლიდან 1991 წლამდე კი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დროს, კერძოდ 1984-1986 წლებში მუშაობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1991 წლის 25 ნოემბრიდან 2004 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ა/რ შს სამმართველოში .......... თანამდებობაზე. 2004 წლის 31 დეკემბერს აჭარის ა/რ შს მთავარი საამართველოს უფროსის ბრძანებით დათხოვნილ იქნა თანამდებობიდან. ვ. ლ-ამ 2006 წლის 3 აპრილს განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ შს მთავარ სამმართველოს და მოითხოვა მისთვის საპენსიო გაანგარიშების მიცემა. აღნიშნულ განცხადებაზე, 2006 წლის 12 აპრილს გაცემულ იქნა პასუხი, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნულ მოსამსახურეებს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დათხოვნის დღისთვის აქვთ ნამსახურები 20 ან 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ვ. ლ-ას სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხის დავალდებულება, მოეხდინა მისი ნამსახურობის ვადის გაანგარიშება “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი და განმარტა, რომ I ინსტანციის სასამართლო გასცდა სარჩელის მოთხოვნის ფარგლებს, რამდენადაც სასამართლომ იმსჯელა ვ. ლ-ას უმაღლეს სასწავლებელში სწავლისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნის დროის შესახებ, კერძოდ, აღნიშნული პერიოდი უნდა ჩათვლოდა თუ არა მუშაობის სტაჟში, მაშინ, როცა მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მისი ნამსახურობის ვადის გაანგარიშება, ნაცვლად სასამართლოს მიერ მისი სტაჟის გამოთვლისა.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24.1. მუხლი და განმარტა, რომ ვ. ლ-ას სარჩელი იყო საფუძვლიანი, რამდენადაც ეს უკანასკნელი მოპასუხისაგან მოითხოვდა მისი ნამსახურობის ვადის რეალურ გაანგარიშებას, რომლის მიღების შემდეგ, უზუსტობის შემთხვევაში, ვ. ლ-ას ექნებოდა დავის უფლება /იხ.ს.ფ. 58-63/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-ამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 79-81/.

კასაციის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ რაიონული სასამართლო გასცდა სარჩელის მოთხოვნის ფარგლებს, რამდენადაც I ინსტანციის სასამართლო სარჩელის მოთხოვნის ფარგლებს არ გასცდენია, არამედ საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კასატორის მოთხოვნა. ასევე უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ვ. ლ-ას სარჩელი იყო საფუძვლიანი, რამდენადაც ეს უკანასკნელი მოპასუხისაგან მოითხოვდა მისი ნამსახურობის ვადის რეალურ გაანგარიშებას, რომლის მიღების შემდეგ, უზუსტობის შემთხვევაში, ვ. ლ-ას ექნებოდა დავის უფლება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული დასკვნის გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა შესახებ” საქართველოს კანონის 16.1. და 16.2. მუხლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 18 იანვრის განჩინებით ვ. ლ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34.3 “გ” პუნქტის შესაბამისად /პროცესუალური კასაცია/ /იხ. ს.ფ. /.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა_კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. ლ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2. და 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, სწორად არ იქნა გამოკვლეული საქმის მასალები და დადგენილი ფაქტები, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საქმის მასალების თანახმად, ვ. ლ-ამ 2006 წლის 3 აპრილს განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ შს მთავარ სამმართველოს და მოითხოვა მისთვის საპენსიო გაანგარიშების მიცემა. აღნიშნულ განცხადებაზე, 2006 წლის 12 აპრილს გაეცა პასუხი, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურეებს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დათხოვნის დღისთვის აქვთ ნამსახურები 20 ან 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ვ. ლ-ას სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხის დავალდებულება, მოეხდინა მისი ნამსახურობის ვადის გაანგარიშება “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, სააპელაციო სასამართლოს დასკვნის დაუსაბუთებლობის თაობაზე, კერძოდ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა სარჩელის მოთხოვნის ფარგლებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა ვ. ლ-ა აკმაყოფილებდა თუ არა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა შესახებ” დადგენილ მოთხოვნებს, რაც სარჩელის მოთხოვნად არასწორად იქნა მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებს, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვ. ლ-ას სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა წელთა ნამსახურობის გადაანგარიშება “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო სარჩელის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ვ. ლ-ას წელთა ნამსახურობის გადაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდი, მაშინ, როცა მისივე აზრით, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა შესახებ” 1996 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს კანონის 16.1. და 16.2. მუხლების თანახმად (2006 წლის რედაქცია), სწავლის პერიოდი მას წელთა ნამსახურობის სტაჟში უნდა ჩათვლოდა.

საკასაციო სასამართლო “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა შესახებ” საქართველოს კანონის 11. “ა” მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დროს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 ან 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამავე კანონის მე-16 მუხლი ადგენს წელთა ნამსახურობის გადაანგარიშების წესს, კერძოდ, 16.2. მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოთ სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და უშიშროების სამსახურის ორგანოებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი. ამასთან, 6 წლის ზემოთ სწავლის ერთი წელი ჩაეთვლება 6 თვედ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვ. ლ-ას სარჩელის მიზანს სწორედ მისი წელთა ნამსახურობის დაანგარიშება წარმოადგენს “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა შესახებ” საქართველოს კანონის 16.2. მუხლის საფუძველზე მისი სწავლის პერიოდის გათვალისწინებით, რაზედაც სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მოახდინოს. სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას არსებითად უნდა იმსჯელოს იმ გარემოებაზე, ვ. ლ-ა აკმაყოფილებს თუ არა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა შესახებ” საქართველოს კანონის 11“ა” მუხლის მოთხოვნებს, მისი სწავლის პერიოდის ნამსახურობაში ჩათვლის შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორად მიეთითა, რომ ვ. ლ-ას სარჩელი იყო საფუძვლიანი, ეს უკანასკნელი მოპასუხისაგან მოითხოვდა რა მისი ნამსახურობის ვადის რეალურ გაანგარიშებას, რომლის მიღების შემდეგ, უზუსტობის შემთხვევაში, ვ. ლ-ას ექნებოდა დავის უფლება /იხ.ს.ფ. 62/. ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გაითვალისწინა, რომ ვ. ლ-ას სარჩელის საგნის (ქმედების განხორციელების თაობაზე) მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მისი წელთა ნამსახურობის გადაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული, მისი სწავლის პერიოდი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახური, რაც განაპირობებდა მოსარჩელის შესაძლებლობას მოეთხოვა მისი წელთა ნამსახურობის ამ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით გადაანგარიშება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვ. ლ-ას მოთხოვნაა აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს დავალდებულება, მოახდინოს მისი წელთა ნამსახურობის გადაანგარიშება “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლის საფუძველს წარმოადგენს წელთა ნამსახურობის არასწორი დაანგარიშება, კერძოდ, სწავლისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის პერიოდის ჩაუთვლელობა, რაც თავისთავად წარმოადგენს სარჩელის ობიექტს, რასაც სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრვი შეფასება მისცა, მიიჩნია, რა რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელის სტაჟის გამოთვლის თაობაზე წარმოადგენდა სასამართლოს მხრიდან სსსკ-ის 248-ე მუხლის დარღვევას (სარჩელის ფარგლების გადაცდომას). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის საგანი, რომელიც წარმოადგენს სარჩელის ერთ-ერთ ელემენტს, განსაზღვრავს სარჩელის მოთხოვნას, რომელიც არის დარღვეული უფლების ან კანონიერი ინტერესის დაცვის საშუალება, ხოლო სარჩელის საფუძველი არის ის ფაქტები, რომელთა არსებობა განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და რომლებსაც მატერიალური სამართლის ნორმა უკავშირებს სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტების უფლება-მოვალებების წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას.

სააპელაციო სასამართლომ ისე დააკმაყოფილა სარჩელი, რომ ფაქტიურად არ უმსჯელია მოთხოვნის საფუძველზე, ამ ვითარებაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. ლ-ას სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება თავისთავად შეუძლებელია იმ გარემოების დადასტურების გარეშე, უნდა ჩაეთვალოს თუ არა მოსარჩელეს სწავლის პერიოდი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და სავალდებულო სამხედრო სამსახური ნამსახურობის ვადაში.

ამდენად, სასამართლოს მიერ სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გამოკვლევის, შეფასების და დასკვნის გარეშე დავის გადაწყვეტამ განაპირობა ფორმალურად მოგებული მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრება, არ განხორციელდა რა უფლების რეალური დაცვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ამდენად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ლ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება; საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.