¹ბს-927-889(კ-07) 12 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – კ. ა.-ა
მესამე პირები – ,,ა.-ი»; საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინება
დავის საგანი – საკომპენსაციო თანხის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 8 ივნისს კ. ა.-ს წარმომადგენელმა გ. ს.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მესამე პირის, კომპანია ,,ა.-ის» მიმართ საკომპენსაციო თანხის გაცემის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ კ. ა.-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი, ცხოვრობს ქ. ბათუმში, სასტუმრო ,,...-ში» და 1993 წლიდან მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი.
1996 წელს, კომპიუტერიზაციის დროს, რეგისტრირებულია ერთიან კომპიუტერულ სიაში და მინიჭებული აქვს საოჯახო ნომერი ¹..., რასაც ადასტურებს 1999 წლის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემული ერთიანი კომპიუტერული მონაცემი.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წელს მიმდინარე პრივატიზაციის დროს, მაშინ როცა, კომპანია ,,ა.-მ» შეისყიდა აჭარის კურორტების 100% და სს ,,მ.-ის» 52,8 აქციათა პაკეტი, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანების მე-4 მუხლის ,,ა» ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრა, რომ კომპანიას უზრუნველეყო იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლება, თითოეულ ოჯახზე 7000 აშშ დოლარის გადახდით.
2006 წელს კ. ა.-მ მიმართა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულ საკომპენსაციო თანხების გამცემ შტაბს საკომპენსაციო თანხის მისაღებად, სადაც აღმოჩნდა, რომ გაუქმებულია მისი საოჯახო ნომერი და იგი მიწერილია ძმის – მ. ა.-ს საოჯახო ნომერზე (¹...), მაშინ როცა, ამ უკანასკნელს ჰყავს თავისი ოჯახი.
მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას და ითხოვდა განმარტებას, თუ რის საფუძველზე მოხდა საოჯახო ნომრების გაერთიანება, მაგრამ პასუხი არ მიუღია. ამასთან, აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არ გააჩნდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი საოჯახო ნომრების გაერთიანებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაგან საოჯახო ნომრის აღდგენას. აღნიშნული ნომრის შეყვანას ერთიან კომპიუტერულ სიაში, მის რეგისტრაციას და რეგისტრირებული სიის გადაგზავნას კომპანია ,,ა.- სთვის» საკომპენსაციო თანხის - 7000 აშშ დოლარის გასაცემად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით კ. ა.-ს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა კ. ა.-ს შეყვანა ნომრით ¹... საკომპენსაციო თანხების გამცემ ერთიან კომპიუტერულ სიაში. მასვე დაევალა რეგისტრირებული და შესწორებული სიის გადაგზავნა კომპანია ,,ა.-სთვის», მოსარჩელეზე საკომპენსაციო თანხის გასაცემად.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანებით განისაზღვრა, სასტუმრო ,,...-ში» დროებით მცხოვრებ დევნილთა გამოსახლების სანაცვლოდ, საკომპენსაციო თანხის გაცემა 7 000 აშშ დოლარის ოდენობით. აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეადგინა იმ დევნილთა ოჯახების სია, რომლებსაც გამოსახლების სანაცვლოდ უნდა მიეღოთ საკომპენსაციო თანხა.
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-4 პუნქტის ,,ა» ქვეპუნქტი, რომლებშიც მითითებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიქტებიდან არ ხდება დევნილთა გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დევნილთან იდება წერილობითი შეთანხმება. აპელანტის განმარტებით, საქმეშია კ. ა.-ს მინდობილობა მ. ა.-ს მიმართ, რომელიც დამოწმებულია ნოტარიულად და აქვს იურიდიული ძალა და რომელშიც პირდაპირაა მითითებული, რომ კ. ა.-ა მინდობილობას აძლევს მ. ა.-ს, რომ მისი, როგორც იძულებით გადაადგილებული პირის, სახელით ხელი მოაწეროს დროებით მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, კომპენსაციის მიღების თაობაზე წერილობით შეთანხმებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოხდა წერილობითი შეთანხმება, რის გამოც, აპელანტის მოსაზრებით, კ. ა.-ს უფლებები არ დარღვეულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინებით აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთებისა და გამოკვლევის გარეშე დაადგინა, რომ მოსარჩელე კ. ა.-ა ცალკე ოჯახია, დაეყრდნო რა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გამოცემულ საოჯახო ნომერს, რომელსაც სულ სხვა სამართლებრივი დატვირთვა გააჩნდა და იგი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების შესაბამისად, წარმოადგენს დევნილთა რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს და არა ოჯახს.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს ოჯახთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს და რომელთა შესაბამისადაც, ოჯახი არის ქორწინებაზე ან ახლო ნათესაობაზე დაფუძნებული ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომლის წევრები დაკავშირებული არიან ერთმანეთთან საერთო ოჯახური ყოფით, ურთიერთდახმარების, მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საერთო გრძნობით, ადამიანთა ამ მცირე ჯგუფში კი საქართველოს კანონმდებლობა აერთიანებს: ცოლს, ქმარს, შვილებს და ერთად მცხოვრებ სხვა ახლო ნათესავებს, რომელთა ერთად ცხოვრება და ერთმანეთის მიმართ უფლებებისა და მოვალეობების არსებობა მიიჩნევა ოჯახის მთავარ ნიშნად, კონკრეტულ საქმეში კი, მოსარჩელე კ. ა.-ა ცხოვრობდა სასტუმრო ,,...-ში» ერთ საოჯახო ფართში ძმასთან – მ. ა.-სათან ერთად და გააჩნდათ ერთმანეთის მიმართ საერთო უფლებები და მოვალეობები. აქედან გამომდინარე, ისინი განხილულია, როგორც ერთი ოჯახი და შესაბამისად, მათზე გაიცა საკომპენსაციო თანხა მ. ა.-ს წარმომადგენლობით, თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებისა, რომელიც დაიდო კომპანია ,,ა.-სა" და აჭარის ა/რ მთავრობას შორის. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი მუხლის ერთ-ერთი პუნქტი განსაზღვრავს დევნილის ოჯახის წარმომადგენელს, ანუ პირს, ვის სახელზეც გაიცემა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა დევნილის ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის მიერ, ამ ოჯახის საკომპენსაციო თანხის მიღების მიზნით.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, «იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3, მე-4 პუნქტები და მე-4 პუნქტის «ა" ქვეპუნქტი, რომელთა თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილთა გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დევნილთან იდება წერილობითი შეთანხმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კ. ა.-ს აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ არა აქვს გაუქმებული და არც გაერთიანებული მ. ა.-ს სარეგისტრაციო ნომერი, არამედ კ. ა.-სა და მასთან ერთად ერთ ფართში ფაქტობრივად მცხოვრებ მ. ა.-ს (მოსარჩელის ძმას) შორის გაფორმდა ზემოხსენებული მინდობილობა, რომელიც დამტკიცებულია ნოტარიულად და აქვს იურიდიული ძალა, რომლის საფუძველზეც მ. ა.-მ მიიღო საკომპენსაციო თანხა. აღნიშნულ მინდობილობაში პირდაპირაა მითითებული: «კ. ა.-ა, შემდგომში წოდებული «მიმნდობი", ვაცხადებ წინასწარ თანხმობას საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, გავათავისუფლო ჩემს დროებით სარგებლობაში არსებული ფართი და ამ მიზნით უფლებას ვაძლევ მ. ა.-ს, წოდებული «მინდობილი პირი", ჩემი, როგორც იძულებით გადაადგილებული პირის, სახელით მოაწეროს ხელი დროებით მფლობელობაში მყოფი საცხოვრებელი სადგომის გათავისუფლების სანაცვლოდ კომპენსაციის მიღების თაობაზე წერილობით შეთანხმებას და მიიღოს საკომპენსაციო თანხა". აღნიშნულიდან გამომდინარე, კ. ა.-ს კანონიერი უფლება არ დარღვეულა.
ამასთან, კასატორის განმარტებით, კომპანია შპს «ა.-ის», რომელიც საქმეში ჩაბმულია მესამე პირად, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა საკომპენსაციო თანხის გაცემა, რაც მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევაა, ვინაიდან შპს «ა.-ისა" და აჭარის ა/რ მთავრობას (აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლობით) შორის დაიდო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ, სს «კ.-ის" ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც შემსყიდველ მხარეს წარმოადგენს აღნიშნული კომპანია და ხელშეკრულების თანახმად, იგი გასცემს საკომპენსაციო თანხებს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებით დაუშვებელია მესამე პირისათვის რაიმე ვალდებულებების დაკისრება (აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლომ კომპანიას დააკისრა გარკვეული მოქმედების შესრულება). ვინაიდან, სარჩელის დაკმაყოფილება უშუალოდ ეხება შპს «ა.-ის" კანონიერ ინტერესებს, ამდენად, სავალდებულოა საქმეში მისი, როგორც მოპასუხის, ჩართვა.
კასატორის მითითებით, აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული სს ,,კ.-ისა» და სს ,,მ.-ის» აქციათა პაკეტების კომპანია ,,ა.-სთვის» მიყიდვის მიზნით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (წარმომადგენელი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით) და კომპანია ,,ა.-ის» შორის 2006 წლის 17 თებერვალს ქ. ბათუმში ნოტარიული წესით გაფორმდა ხელშეკრულება აქციათა ნასყიდობის შესახებ, ხელშეკრულებას თან დაერთო საკომპენსაციო სია. ხელშეკრულების 1-ლი მუხლის ერთ-ერთი პუნქტის შესაბამისად, სია არის ხელშეკრულების დანართი. ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით ,,გამყიდველის (აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) მიერ წარმოდგენილი ოჯახების სიის თანახმად, საკომპენასციო თანხა უნდა გაიცეს 1921 ოჯახზე ,,გამყიდველი» აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ დევნილთა სიით განსაზღვრული ოჯახების რაოდენობა საბოლოოა და გამყიდველის მიერ არ ექვემდებარება შემდგომ გაზრდას», აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ,,გამყიდველი» (აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) პასუხისმგებელია მეორე მხარის - ,,მყიდველის» წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, მათ შორის, თანდართულ საკომპენსაციო სიაზე. შესაბამისად, სიაში შესწორების შეტანა დაუშვებელია მხარეთა შეთანხმების გარეშე. კასატორის განმარტებით, როგორც ზემოთ აღინიშნა, ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და არა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. აღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, შეიყვანოს კ. ა.-ა საკომპენსაციო თანხების გამცემ ერთიან სიაში, ხოლო მოცემულ შემთხვევაში აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საქმეში არ ყოფილა ჩართული მხარედ, რაც მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე კ. ა.-ა არის აფხაზეთიდან დევნილი და 1993 წლიდან ცხოვრობდა ქ. ბათუმში “სასტუმრო ...-ში” და მინიჭებული ჰქონდა საოჯახო ნომერი ¹..., ხოლო, 1996 წლიდან რეგისტრირებულია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტოს ერთიან კომპიუტერულ სიაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული სს «კ.-ის» 100 პროცენტიან და სს «მ.-ის» 52,83 პროცენტიან აქციათა პაკეტების კომპანია «ა.-სათვის» პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის შესახებ» აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანების მე-4 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპანია ,,ა.-ი” ვალდებული იყო უზრუნველეყო სს ,,კ.-ბის” საწესდებო კაპიტალში რიცხულ შენობა-ნაგებობებსა და სს ,,მ.-ში” შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირების _ დევნილების გამოსახლება, თითოეულ ოჯახზე 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის საკომპენსაციო თანხის გაცემით.
ასევე დადგენილია, რომ აჭარის ა.რ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანების საფუძველზე შეადგინა სასტუმრო მედეაში მცხოვრები იმ დევნილთა ოჯახების სია, რომლებისთვისაც სასტუმროდან გამოსახლების სანაცვლოდ გათვალისწინებული იყო საკომპენსაციო თანხის მიცემა და აღნიშნული სია მოპასუხის მიერ გადაცემული იქნა კომპანია “ა.-სათვის”, რომ მას აღნიშნული სიის მიხედვით თითოეულ ოჯახზე გაეცა საკომპენსაციო თანხა, მათ მიერ სასტუმროში დაკავებული ფართის გამონთავისუფლების სანაცვლოდ. ხოლო, 2006 წლის 10 მარტს, როდესაც მოსარჩელე კ. ა.-მ მიმართა აჭარის ა.რ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკომპენსაციო თანხის მისაღებად მან შეიტყო, რომ გაუქმებულია მისი საოჯახო ნომერი და მიწერილია ძმის – მ. ა.-ს საოჯახო ნომერზე (¹....).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ «იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთაAშესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის (დევნილის უფლებები და მათი უზრუნველყოფა დროებით საცხოვრებელ ადგილზე) მე-4 პუნქტის თანახმად, საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება სასამართლო წესით, ამასთან, საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: ა) დევნილებთან იდება წერილობითი შეთანხმება; ბ) გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები; გ) ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენები, რაც ითვალისწინებს განსაზღვრულ კომპენსაციებს და რეგულირდება საერთო წესით; დ) დევნილს ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად, კანონის დარღვევით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანების საფუძველზე, კომპანია “ა.-ი” ვალდებული იყო ქ. ბათუმში “სასტუმრო მედეა”-ში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების სასტუმროდან გამოსახლების სანაცვლოდ თითოეულ ოჯახზე გადაეხადა საკომპენსაციო თანხა 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, ვინაიდან კ. ა.-ს მინიჭებული ჰქონდა საოჯახო ნომერი იგი წარმოადენდა ცალკე ოჯახს. ამასთან, აჭარის ა.რ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2006 წლის 8 ივნისის (01-16/5327) წერილის შესაბამისად, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანებაში მითითებულ ოჯახში იგულისხმება იმ პირთა ჯგუფი, რომელთაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს საოჯახო ნომერი, ამდენად, მოსარჩელე – კ. ა.-ს საოჯახო ნომერზე საკომპენსაციო თანხის გაცემა უნდა მომხდარიყო დამოუკიდებლად.
საკასაციო საასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მინდობილობის შეფასების ნაწილში და აღნიშნავს, ის გარემოება, რომ მოსარჩელე კ. ა.-მ მინდობილობა მისცა თავის ძმას მ. ა.-ს, მისი, როგორც იძულებით გადაადგილებული პირის სახელით, მოეწერა ხელი დროებით მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის გამოთავისუფლების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის მიღებაზე არ ნიშნავს იმას, რომ მან უარი განაცხადა მისი კუთვნილი თანხის მიღებაზე. საგულისხმოა, რომ აღნიშნული მინდობილობითYმხარემ გამოხატა თავისი კანონიერი ნება მოეხდინა საკუთარი უფლების მე-3 პირზე გადანდობა, რაც არ წარმოადგენს მოსარჩელის საოჯახო ნომრის გაუქმების საფუძველს. მით უფრო, რომ საოჯახო ნომრის გაუქმება არ შედის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, “სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია”. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას მის ნაცვლად საქმეში აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჩართვის აუცილებლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს, გარდა იმისა, რომ კასატორი სააპელაციო საჩივარში თავადვე უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ დევნილთა ოჯახების სიის შედგენა მოხდა მის მიერ, იმავდროულად მისი მხრიდან, მიუხედავად საკასაციო სასამართლოს დავალებისა, წარმოდგენილი არ იქნა დასაბუთებული პრეტენზია, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის პროცესუალურ შესაძლებლობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის დაკამყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.