Facebook Twitter

ბს-92-87(კ-07) 10 ივლისი, 2007წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ქ. კ-ე-ლ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები): სამტრედიის რაიონის გამგეობა, ნ. ფ-ა-ლ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთის მიკუთვნება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ქ. კ-ე-ლ-მ სარჩელი აღძრა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - სამტრედიის რაიონის გამგეობისა და ნ. ფ-ა-ლ-ს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამტრედიის რაიონის გამგეობის ¹34 დადგენილებით შექმნილი კომისიის 2005 წლის 8 სექტემბრის აქტის ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთის მიკუთვნება /იხ. ს.ფ. 3-4/.

საქმის გარემოებები:

სამტრედიის რაიონის სოფელ ... მუდმივად მცხოვრები ქ. კ-ის ოჯახი ფლობდა 0,15ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, ხოლო ქ. ქუთაისში მუდმივად მცხოვრები ნ. ფ-ა-ლ-ა ამავე სოფელში ფლობდა 0,06ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთს. მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 0,7ჰა მიწის ნაკვეთიდან 0,2ჰა-ზე გაშენებული იყო თუთა, ხოლო 0,5ჰა მიწის ნაკვეთს კოოპერირებით ამუშავებდა მოსარჩელის კომლი.

1993 წლის 23 აპრილს მიწის საპრივატიზაციო კომისიამ ორივე კომლს ნაკვეთები გაუდიდა იმ მიწის ხარჯზე, რომელსაც კოოპერირებით ამუშავებდნენ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული კომლი იყო, იგი არ ჩათვალა პირველი კატეგორიის კომლად და მიეზომა 0,25ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ გადაწყვეტილებზე მოსარჩელემ საჩივრით მიმართა სამტრედიის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, რომელმაც საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა, რაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად ჩაითვალა სამტრედიის მიწის მართვის სამმართველოს 2003 წლის 2 აპრილს გამოცემული ¹71 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ამავე სამმართველოს დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. სამტრედიის რაიონის გამგეობის ¹34 დადგენილებით შექმნილმა კომისიამ 2005 წლის 8 სექტემბერს გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელე მუშაობდა ... სამინისტროს ... სამტრედიის სათავო პარკსაშრობში. 1967 წლიდან იგი გადაყვანილ იქნა ... ნ-ისა და შრომის სახელობის კოლმეურნეობის უბნის ...ად და იქ აგრძელებდა მუშაობას 1990 წლამდე. მოსარჩელის აზრით, იგი წარმოადგენდა 1-ლი კატეგორიის კომლს, რამდენადაც აკმაყოფილებდა ამ კატეგორიის კომლისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. ამდენად, გამოყენებული უნდა ყოფილიყო ის უპირატესი უფლება, რომლის მიხედვითაც სოფლად მუდმივად მცხოვრებ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ და სოფლის მეორნეობის სპეციალისტებს უნდა გადასცემოდათ მიწები იმ ოდენობით, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებდა. ამდენად, მოსარჩელე არასწორად იქნა ჩათვლილი მე-2 კატეგორიის კომლად.

საქმის სამართლებრივი გარემოებები:

მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, არ პასუხობდა ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს, არ შეიცავდა წერილობით დასაბუთებას, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს სარეზოლუციო ნაწილს. ასევე, არ იყო მითითებული ის ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

სამტრედიის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მიწათსარგებლობის სამსახურის უფროსის თავმჯდომარეობით შექმნილი კომისიის მიერ 2005 წლის 8 სექტემბერს შედგენილი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გამოცემის დროს ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნა, რამდენადაც აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა აღნიშნული აქტი. სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია მოსარჩელესა და მესამე პირს შორის წლების მანძილზე არსებული დავის მოწესრიგების მიზნით, ანუ ორივე მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა მითითებული აქტი.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. კ-ის ოჯახი შედგება ორი სულისაგან. ქ. კ-ე-ლ-ს პენსია დანიშნული აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეაბრეშუმეობის სამმართველოს სამტრედიის სათავო პარკსაშრობის 1975 წლის 2 ივლისის ¹151 წარდგინებით. იგი იყო ... ყ-ის უბანში მეაბრეშუმე-აგრონომი. მისი მეუღლე - დ. ლ-ა იყო მოსამსახურე, ანუ ოჯახი არ მიეკუთვნებოდა საკოლმეურნეო კომლს. მოსარჩელე სარგებლობდა მიწის ნაკვეთის 0,15 ჰა-თი, რომელიც პრივატიზაციის შემდგომ შეევსო ზღვრულ ოდენობამდე და ამჟამად ფლობს 0,725ჰა-ს.

ნ. ფ-ა-ლ-ს კომლი ქალაქად მუდმივად მცხოვრები ოჯახია, რომელსაც სოფლად აქვს მემკკვიდრეობით მიღებული სახლი და საკარმიდამო ზღვრულ ოდენობაში ფლობს 0,30ჰა-მდე მიწის ნაკვეთს. კოოპერირებით მიწის ნაკვეთის ფლობა კომლს ამ მიწის ნაკვეთის უკეთესი ფლობის უფლებას არ უკანონებს. ამდენად, ზღვრულ ოდენობამდე ნაკვეთების შევსების დროს რომელიმე კომლისათვის რაიმე უპირატესობის მინიჭებას კომისიას რაიმე ნორმატიული აქტი არ ავალდებულებს, აღნიშნული საფუძვლით კი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა დაუშვებელია.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. კ-ე-ლ-მ, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

მოსარჩელემ განმარტა, რომ მისი კომლი შედგებოდა ორი წევრისაგან. იგი იყო მეაბრეშუმე-აგრონომი და მუშაობდა ... სამინისტროს ... სამმართველოს სამტრედიის სათაო პარკსაშრობში. მისი აზრით, იგი წარმოადგენდა 1-ლი კატეგორიის კომლს, რამდენადაც აკმაყოფილებდა ამ კატეგორიის კომლისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. ამდენად, გამოყენებული უნდა ყოფილიყო ის უპირატესი უფლება, რომლის მიხედვითაც, სოფლად მუდმივად მცხოვრებ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს უნდა გადასცემოდათ მიწები იმ ოდენობით, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებდა. მოსარჩელის კომლი უნდა ჩათვლილიყო 1-ლი კატეგორიის კომლად და მის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-8 პუნქტი. ასევე, გასაჩივრებული აქტი არ პასუხობდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა მითითებული აქტის ბათილად ცნობა და სადავო მიწის ნაკვეთის მისთვის, როგორც უპირატესი უფლების მქონე პირისთვის გადაცემა.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ქ. კ-ე-ლ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 და 6 თებერვლის ¹128 დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის ¹290 დადგენილების მე-6 პუნქტის მიხედვით, საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით დაწესდა სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის და სოფლად მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის ბარისა და ზეგნის რაიონებში 1 ჰა-მდე, ხოლო იმ რაიონებში, სადაც ამის შესაძლებლობაა - 1,25ჰა-მდე. აღნიშნული ნორმების მიხედვით, პირი ჩაითვლება პირველ კატეგორიად, თუ იგი მუდმივად ცხოვრობს სოფლად და დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში ან არის სოფლად მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობის სპეციალისტი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. კ-ე-ლ- არის სოფელ ... მუდმივი მცხოვრები და იყო სოფლის მეურნეობის მუშაკი, მუშაობდა ... სამინისტროს სამტრედიის ...ში სოფელ ...ში. ასევე, ამ უკანასკნელს პენსია დანიშნული ჰქონდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეაბრეშუმეობის სამმართველოს სამტრედიის სათავო პარკსაშრობის 1975 წლის 2 ივლისის ¹151 წარდგინებით, რომელშიც მითითებულია, რომ ქ. კ-ე 1967 წლის 20 იანვრიდან გადაყვანილია ... კოლმეურნეობის უბნის ...ად.

2005 წლის 8 სექტებრის გასაჩივრებული აქტით დადგენილია, რომ ქ. კ-ს მიკუთვნებული ჰქონდა მოსამსახურის კატეგორია და გადასაცემი ნაკვეთის ნორმად განესაზღვრა 0,75ჰა. მიღება-ჩაბარების აქტით მიეზომა 0,73ჰა. აზომვით რეალურად ფლობს 0,725ჰა-ს. ნ. ფ-ა-ლ-ს, როგორც ქალაქად მცხოვრებ ოჯახს, განესაზღვრა 0,25ჰა. მიღება-ჩაბარების აქტით მიეზომა 0,23ჰა. აზომვით ფლობს 0,30ჰა-ს.

რაც შეეხება მოსარჩელე ქ. კ-ე-ლ-ს, მართალია, იგი სოფლის მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული სპეციალისტი იყო, მაგრამ მიწის ნაკვეთის აზომვა მოხდა 1993 წელს და მიღება-ჩაბარების აქტი გაიცა მის მეუღლეზე, რომელიც იყო კომლის უფროსი და წარმოადგენდა მოსამსახურეს. სწორედ ამიტომ მოსარჩელის კომლი ჩაითვალა მეორე კატეგორიის კომლად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. კ-ე-ლ-მ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

კასაციის მოტივი:

სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105.2. და 244-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, არ მოხდა მტკიცებულებათა სრული და ყოველმხრივი გამოკვლევა და სათანადო შეფასება.

კასატორის განმარტებით, 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილებით მიწის ნაკვეთის გაცემა ხდებოდა კომლზე, ანუ კომლის ყველა წევრზე და არა კომლის უფროსზე. იქიდან გამომდინარე, რომ კასატორი იყო სოფელში მუდმივად მცხოვრები, სოფლის მეორნეობის სპეციალისტი, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირი, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლება უნდა განხორციელებულიყო ასევე მისი, როგორც კომლის წევრის გათვალისწინებით. შესაბამისად, მიწის ნაკვეთის მიღების დროს კომლს უნდა ესარგებლა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს აქვს ქონების განკარგვის უფლება, მაგრამ მის მიერ აღნიშნული უფლება გამოყენებული უნდა იქნეს კანონისმიერი შეზღუდვის ფარგლებში. ამავე კოდექსის 244-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებაა დადგენილი და რომელი დაუდგენელი, ხოლო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება სსკ-ის 105.2. მუხლის შესაბამისად ხდება მტკიცებულებების სრული და ყოველმხრივი გამოკვლევით.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განჩინებით ქ. კ-ე-ლ-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “გ” პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:L

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების დასაბუთებულობა _ საფუძვლიანობის და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. კ-ე-ლ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 407.2. მუხლის მიხედვით წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, კერძოდ: ქ.-კ-ე-ლ-ა არის სოფელ ... მუდმივი მცხოვრები და იყო სოფლის მეურნეობის მუშაკი, მუშაობდა საქართველოს ... სამინისტროს ...ის სამტრედიის სათავო პარკსაშრობში. ასევე, სოცდაზღვევის სამტრედიის ფილიალის ცნობით, ქ. კ-ე-ლ-ს პენსია დანიშნული აქვს 1975 წლის 3 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეაბრეშუმეობის სამმართველოს სამტრედიის სათავო პარკსაშრობის წარდგინებით, სადაც მითითებულია, რომ ქ. კ-ე 1967 წლის 20 იანვრიდან გადაყვანილია ... კოლმეურნეობის უბნის ...ად. გასაჩივრებული აქტით დადგენილია, რომ ქ. კ-ს მიკუთვნებული ჰქონდა მოსამსახურის კატეგორია და გადასაცემი ნაკვეთის ზომად განესაზღვრა 0,75ჰა. ნ. ფ-ას, როგორც ქალაქად მუდმივად მცხოვრებ ოჯახს, განესაზღვრა 0,25ჰა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის ¹290 დადგენილების მე-6 პუნქტის მიხედვით, დაწესდა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, კერძოდ, სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის და სოფლად მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის ბარისა და ზეგნის რაიონებში 1 ჰა-მდე, ხოლო იმ რაიონებში, სადაც ამის შესაძლებლობაა - 1,25ჰა-მდე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმის თანახმად, სოფლად მუდმივად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის და სოფლად მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის გათვალისწინებული იყო 1ჰა-მდე მიწის ნაკვეთის გადაცემა. კონკრეტულ შემთხვევაში კი ქ. კ-ე-ლ-ს, რომელიც წარმოადგენდა სოფელ ... მუდმივ მცხოვრებს და იყო სოფლის მეურნეობის მუშაკი, ნაკვეთის ნორმად განესაზღვრა 0,75ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და განმარტავს, რომ კასატორ ქ. კ-ე-ლ-ს 2005 წლის 8 სექტემბრის გასაჩივრებული აქტით მიკუთვნებული ჰქონდა მოსამსახურის კატეგორია. ამდენად, მას სრულიად კანონიერად განესაზღვრა მიწის ნაკვეთის ზომად 0.75 ჰა, ხოლო ნ. ფ-ა-ლ-ს, როგორც ქალაქად მუდმივად მცხოვრებ ოჯახს - 0,25 ჰა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქ. კ-ე-ლ-ს არ მიუმართავს სასამართლოსთვის 1-ლი კატეგორიის კომლად აღიარების მოთხოვნით და მას, როგორ მოსამსახურის კატეგორიას, განესაზღვრა მიწის ნაკვეთი შესაბამისი ზღვრული ოდენობით.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების 1-ლი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწა არის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული სიმდიდრე და საკუთრება, რასაც სსკ-ის 170.1. მუხლის შესაბამისად, განკარგავს საკუთრების უფლებით. მითითებული დადგენილების მე-11 პუნქტის მიხედვით, მიწების გაცემას ახდენს სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ორგანოს მიერ ნ. ფ-ა-ლ-ს 1996 წლის 20 აგვისტოს მიეზომა 0,25ჰა, ხოლო ქ. კ-ე-ლ-ს - 0,75ჰა მიწის ნაკვეთი. მიუხედავად იმისა, რომ ქ. კ-ე-ლ-ა წარმოადგენდა სოფელში მუდმივად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ სპეციალისტს, მას განესაზღვრა 0.75ჰა მიწის ნაკვეთი, რამდენადაც მიწის ნაკვეთის აზომვა მოხდა 1993 წელს და მიღება-ჩაბარების აქტი გაიცა მის მეუღლე დ. ლ-ზე, რომელიც წარმოადგენდა მოსამსახურეს, რის გამოც იგი მიჩნეულ იქნა მეორე კატეგორიის კომლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. კ-ე-ლ-ს საკასაციო პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მას, როგორც სოფელში მუდმივად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ სპეციალისტს, უნდა შეევსოს მიწის ნაკვეთი 1-ლი კატეგორიის კომლისთვის დადგენილ ზღვრულ ოდენობამდე, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რამდენადაც მას, როგორც მოსამსახურის კატეგორიას მიკუთვნებულ კომლს, მიეკუთვნა აღნიშნული კატეგორიის კომლისთვის კანონით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის ნორმა.

ასევე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ ამ უკანასკნელის მიწის ნაკვეთის შევსება უნდა მოხდეს ნ. ფ-ა-ლ-სთვის მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთის ხარჯზე, ვინაიდან ქ. კ-ე-ლ-ა მითითებულ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა კოოპერირებით და მას გააჩნია აღნიშნული მიწის ნაკვეთის უპირატესი მიღების უფლება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და განმარტავს, რომ სწორედ კასატორისთვის 1-ლი კატეგორიის კომლის სტატუსის მინიჭება განაპირობებს ამ კატეგორიის შესაბამისი ოდენობის მიწის გადაცემას, რაც არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს სადავო მიწის ნაკვეთის მისთვის მიკუთვნებას, როგორც იურიდიულად გაუმართლებელი მოთხოვნისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს ქ. კ-ე-ლ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს ქ. კ-ე-ლ-ს სსსკ-ის 53.1. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 408.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. კ-ე-ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინება;

3. ქ. კ-ე-ლ-ს სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.