Facebook Twitter

¹ბს-929-888(კ-06) 10 აპრილი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ქ. ბათუმის მერია (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “....” (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მესამე პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, საწარმოს წესდებისა და საწარმოს რეგისტრაციის თაობაზე სასამართლოს დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს “....” 2005 წლის 2 ივნისს სასარჩელო განცხადებით, ხოლო 2006 წლის 19 აპრილს _ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ქ. ბათუმის მერიისა და ბათუმის საჯარო რეესტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის 2005 წლის 17 მაისის დადგენილების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების _ შპს “.....” მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დავალება და ბათუმის აღმასკომის 1992 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით გამოყოფილი 864 კვ.მ მიწის ნაკვეთის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოსარჩელის კერძო საკუთრებად რეგისტრირება.

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

მოსარჩელის მითითებით, ქ. ბათუმის მერიის 2005 წლის 17 მაისის დადგენილებით ბათილად გამოცხადდა “ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 10 დეკემბრის ¹1170 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 18 დეკემბრის ¹1125 გადაწყვეტილება. აღნიშნულ დადგენილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ქ. ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 18 დეკემბრის ¹1125 გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 10 დეკემბრის ¹1170 გადაწყვეტილებაში და ფირმა “....” საინიციატივო ჯგუფს საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გამოეყო ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე არსებული 864 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია მოითხოვა შპს “....,” როგორც ფირმა “....” უფლებამონაცვლემ, რაზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ბათუმის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისაგან უარი მიიღო იმ მოტივით, რომ შპს “....” წესდებაში ფირმა “....” უფლებამონაცვლეობის შესახებ აღნიშნული არ იყო, ამასთან, განმცხადებელმა არ წარადგინა მიწის ნაკვეთის გეგმა-ნახაზი, რომელიც დამტკიცებული და შეთანხმებული უნდა ყოფილიყო ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოსთან, გადაწყვეტილებაში კონკრეტულად არ იყო მითითებული მიწის ნაკვეთის ზუსტი მისამართი და ფირმა “....” აღნიშნულ ტერიტორიაზე არ განუხორციელებია იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება. ყოველივე აღნიშნულთან ერთად, დარღვეული იყო ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

მოსარჩელის აზრით, ქ. ბათუმის მერიის აღნიშნული დადგენილება არ გამომდინარეობდა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სრულყოფილი შეფასებიდან. შპს “....” ბათუმის საქალაქო სასამართლოში რეგისტრირებულია 1998 წლის 16 ივნისს, როგორც ფირმა “....” უფლებამონაცვლე, ხოლო ის ფაქტი, რომ წესდებაში ტექნიკური ხარვეზი იყო დაშვებული, რომელიც შემდეგში გამოსწორდა, არ შეიძლებოდა მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი გამხდარიყო, ვინაიდან “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის 4.3”ე” მუხლის საფუძველზე მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის განმცხადებელმა რეგისტრატორს წარუდგინა კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ ქალაქ ბათუმის სასამართლოს 1998 წლის 16 ივნისის დადგენილება. სწორედ ამ უკანასკნელს და არა წესდებას უნდა დაყრდნობოდა სარეგისტრაციო სამსახური.

მოსარჩელის აზრით, სარეგისტრაციო სამსახურმა ასევე უსაფუძვლოდ მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოსთან შეთანხმებული და დამტკიცებული მიწის ნაკვეთის გეგმა-ნახაზი, ვინაიდან დასახელებული კანონის 4.3 მუხლი მსგავს მოთხოვნას არ ითვალისწინებდა. ამასთან, მითითება, რომ შპს “....” არ ჰქონდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის გეგმა-ნახაზი, აშკარად უკანონო იყო, ვინაიდან 1989 წლის 23 მარტის ¹7-88 გეგმა-ნახაზის თანახმად, მიწის ნაკვეთი ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ¹1170 გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილი წესით, გადაცემული იყო საფირმო მაღაზია-სალონ “....” მშენებლობისათვის, ხოლო 1992 წლის 18 დეკემბერს ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 10 დეკემბრის ¹1170 გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება და მიწის ნაკვეთი კანონით დადგენილი წესით ფირმა “....” საინიციატივო ჯგუფს ბინათმშენებლობისათვის გამოეყო. უსაფუძვლო იყო ასევე მერიის მითითება, თითქოს გადაწყვეტილებაში არ იქნა აღნიშნული ფირმა “....” გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ზუსტი მისამართი, რომელიც, მოსარჩელის განმარტებით, 1987 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაში კონკრეტულად იყო მითითებული.

მოსარჩელის აზრით, სადავო აქტის გამოცემისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან დაუშვებელი იყო კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირს ამ აქტის საფუძველზე განხორციელებული ექნებოდა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება. ქ. ბათუმის მერიას არ ჰქონდა 1992 წლის 18 დეკემბერს გამოცემული აქტის ბათილად ცნობის უფლება, რადგან მოსარჩელეს შესრულებული ჰქონდა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები: სადავო მიწა ფირმა “....” ბინათმშენებლობისათვის გამოეყო, შეადგინა საცხოვრებელი სახლის პროექტი, რომლის დამტკიცება შექმნილი ვითარების მიზეზით არ მოხდა, მიწის ნაკვეთი გაწმინდა ნარჩენებისაგან, დაჭაობებული ადგილები მოიყვანა მშენებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში, შექმნა ამხანაგობა, გააწევრიანა მოქალაქეები, გადაიხადა მიწის გადასახადი, მაგრამ აჭარაში არსებული რეჟიმის გამო ვერ დაასრულა საქმე. მოსარჩელის აზრით, მერიამ ასევე უსაფუძვლოდ მიუთითა ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაზე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 2000 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, ბათილად ცნობილი გადაწყვეტილება კი 1992 წლის 18 დეკემბერს იქნა მიღებული. ამასთან, იგი მიღებული იყო იმ დროს მოქმედი სრულუფლებიანი ორგანოს მიერ კანონის სრული დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი ქ. ბათუმის მერიას არ ჰქონდა. ეს უკანასკნელი ვალდებული იყო, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-53-ე და 95-99-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გადაწყვეტილების განხილვისას მიეწვია შპს “.....,” როგორც დაინტერესებული მხარე და დადგენილებაში მიეთითებინა ორგანო, სადაც შესაძლებელი იყო გასაჩივრება, ასევე დაესაბუთებინა მიღებული გადაწყვეტილება.

მოსარჩელის მითითებით, ბათუმის მერიისათვის ადმინისტრაციული მოქმედების დავალდებულების შესახებ სარჩელის მოთხოვნის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ 1992 წლის 18 დეკემბრის ¹1170 გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე არსებული 864 კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოეყო ფირმა “.....,” ხოლო, ვინაიდან ქალაქ ბათუმის სასამართლოს 1998 წლის 16 ივნისის დადგენილებით შპს “.....” ცნობილ იქნა “.....” უფლებამონაცვლედ, “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის “ა” და “ვ” ქვეპუნქტების თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ითვლებოდა შპს “.....” საკუთრებად, რადგან ჯერ კიდევ 1999 წლის 23 მარტის კანონით გაიცა მიწის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი აღნიშნულ ფართზე. ამავე კანონის 3.6 მუხლის თანახმად, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით კერძო საკუთრებად არ გამოცხადებულა, უსასყიდლოდ გადადიოდა მათ სარგებლობაში. სადავო მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ 1987 წელს კანონით დადგენილი წესით გამოიყო ბინათმშენებლობისათვის, ხოლო 1992 წლის 18 დეკემბერს იგი ფირმა “.....” გადაეცა ასევე ბინათმშენებლობისათვის, რომლის უფლებამონაცვლესაც მოსარჩელე წარმოადგენდა და აღნიშნულ ნაკვეთს ისიც ბინათმშენებლობისათვის იყენებდა. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ კანონის თანახმად ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს მიენიჭა, უნდა გატარებულიყო რეგისტრაციაში, რაც, მოსარჩელის აზრით, ნათლად ადასტურებდა, რომ სადავო ფართი შპს “.....” ეკუთვნოდა და ბათუმის მერია ვალდებული იყო მიწის უსასყიდლოდ გადაცემაზე, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური _ მოსარჩელის სათანადო წესით მესაკუთრედ რეგისტრირებაზე (ს.ფ. 3-8; 153-156).

ქ. ბათუმის მერიამ სასამართლოს წარუდგინა შეგებებული სარჩელი მოპასუხე შპს “....” მიმართ და მოითხოვა შპს “....” რეგისტრაციაში გატარების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 16 ივნისის დადგენილებისა და 2005 წლის 14 მაისის დადგენილების იმ პუნქტების, ასევე, შპს “....” წესდების იმ პუნქტის ბათილად ცნობა, რომლითაც ეს უკანასკნელი ერთი პირის საწარმო “....” უფლებამონაცვლედ გამოცხადდა.

შეგებებული მოსარჩელის მითითებით, ქალაქ ბათუმის სასამართლოს 1998 წლის 16 ივნისის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს “...,” როგორც ერთი პირის საწარმო “....” უფლებამონაცვლე. ეს უკანასკნელი დაფუძნებული იყო “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის ამოქმედებამდე არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილების მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ კანონის ამოქმედებამდე კერძო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ექვემდებარებოდა ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 სექტემბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე გავრცელდებოდა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლი, რომლის იმდროინდელი რედაქციის შესაბამისად ხდებოდა საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებულად გამოცხადება. ერთი პირის საწარმო “გუმანს” ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია და იგი გამოცხადდა ლიკვიდირებულად. ლიკვიდაციის დროს კი “მეწარმეთა შესახებ” კანონი უფლებამონაცვლეობის საკითხს არ ითვალისწინებდა და კრედიტორებისა და პარტნიორების დაკმაყოფილება უნდა მომხდარიყო ლიკვიდაციის პროცესში ლიკვიდირებული საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონებიდან.

მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან შპს “.....” არ შექმნილა სხვა საწარმოთა გაყოფის, გარდაქმნის, შერწყმის ან ხელახალი რეგისტრაციის შედეგად, მისი დაფუძნება მოხდა ჩვეულებრივად, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში და მისი მიჩნევა ფირმა “.....” უფლებამონაცვლედ შეიძლებოდა მისივე საზიანოდ განმარტებულიყო, როგორც ფირმა “გუმანის” ვალების აღიარება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად (ს.ფ. 69-71).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “....” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მთავრობის 2005 წლის 17 მაისის ¹96 დადგენილება “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.” საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე შპს “.....” ქ. ბათუმში, .... ქუჩაზე ბათუმის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 16 აპრილის ¹227 და 1987 წლის 10 დეკემბრის ¹170 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული 864 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარება. მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულების დადების შესახებ ქ. ბათუმის მერიის დავალდებულების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შპს “.....” უარი ეთქვა. ქ. ბათუმის მერიის შეგებებული სარჩელი ქალაქ ბათუმის სასამართლოს 1998 წლის 16 ივნისის და 2005 წლის 14 მაისის დადგენილებებისა და წესდების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლისა და უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომმა 1994 წლის 31 ივლისს მიიღო ¹1008 გადაწყვეტილება მაღაზია-სალონ “.....” ფილიალის გახსნის თაობაზე. 1986 წლის 16 აპრილის ¹227 გადაწყვეტილებით მაღაზია-სალონ “.....” სალონის მშენებლობისთვის გამოიყო მიწის ნაკვეთი მ. აბაშიძის დასახლებაში, კობალაძის ქუჩაზე გეგმით გათვალისწინებულ 104 და 72-ბინიან ასაშენებელ ცხრასართულიან სახლებს შორის, რომელიც 1987 წლის 10 დეკემბრის ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ¹170 გადაწყვეტილებით, 1986 წლის 16 აპრილის ¹227 გადაწყვეტილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, “....” ნაცვლად “.....” გადაეცა. 1998 წლის 16 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა შპს “......,” როგორც ერთი პირის საწარმო “გუმანის” უფლებამონაცვლე და 2005 წლის 27 იანვარს და 14 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით შპს “ცეპტერის” წესდებაში შევიდა შესაბამისი ცვლილება.

სასამართლოს აზრით, ქ. ბათუმის მთავრობის გასაჩივრებული დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-96-ე მუხლების მოთხოვნათა დაუცველად, კერძოდ: ადმინისტრაციულმა ორგანომ შპს “.....” არ მიიჩნია “....” უფლებამონაცვლედ, ფირმა “.....” მიწის ნაკვეთის გადაცემის ფაქტი ჩათვალა კანონდარღვევით განხორციელებულად და ბათილად ისე გამოაცხადა ბათუმის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის ¹1125 გადაწყვეტილება, რომ არაფერი აცნობა შპს “.....,” რომელიც, 1998 წლის 16 ივნისის ბათუმის სასამართლოს დადგენილების თანახმად, “გუმანის” უფლებამონაცვლე იყო და რომლის სამართლებრივ მდგომარეობას მერიის დადგენილება აუარესებდა. ქ. ბათუმის მთავრობამ არ გამოიკვლია, თუ რატომ არ იყო შპს “.....” ფირმა “....” უფლებამონაცვლე, არ იმსჯელა სასამართლოს დადგენილებებზე და არ გამოიკვლია, ჰქონდა თუ არა შპს “.....” მიწის ნაკვეთის გეგმა-ნახაზი, განახორციელა თუ არა მან რაიმე იურიდიული ქმედება და 1992 წლის დადგენილების მიღებისას რატომ იყო აქტის გამოცემისა და მომზადების წესები დარღვეული. მერიამ სრულად არ შეაფასა საქმის გარემოებები და დადგენილება არ გამოსცა ურთიერთშეჯიბრების საფუძველზე, რადგანაც შპს “.....” წარმომადგენელი ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მიუწვევია.

სასამართლოს აზრით, გასაჩივრებული დადგენილების მიღებისას ქ. ბათუმის მთავრობამ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 75-ე, 95-ე, 96-100-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ: შპს “.....” არ იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული წარმოების მონაწილედ, არ ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, არ იქნა უზრუნველყოფილი მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, საქმის გარემოებები არ გამოკვლეულა, არ შეფასებულა და არ გადაწყვეტილა ურთიერთშეჯიბრების საფუძველზე, მხარეს არ მიეცა საშუალება, წარედგინა მტკიცებულებები, გამოეთქვა მოსაზრება, გასცნობოდა საქმის მასალებს. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათუმის მთავრობის გასაჩივრებული დადგენილების მიღებისას არსებითად დაირღვა მისი მომზადებისა და გამოცემის წესი, რომელთა დროულად გათვალისწინების შემთხვევაში შეიძლებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.

შპს “.....” მოთხოვნა ქ. ბათუმის მერიის დავალდებულებაზე მიწის ნაკვეთის მოსარჩელისათვის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულების დადების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის საფუძველზე ხელშეკრულება წარმოადგენს ორმხრივ ან მრავალმხრივ გარიგებას, რომლის დადებაც დაკავშირებულია ნების თავისუფალ გამოვლენასთან, იძულებით დადებული გარიგება ყოველთვის ბათილია და ბათუმის მერიის საკუთრების გასხვისება დასაშვებია მხოლოდ მესაკუთრის მიერ სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის ნების გამოხატვით და ვინაიდან შპს “....” მიაჩნია, რომ მას სადავო მიწის ნაკვეთზე მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება, მას აღარ სჭირდება ვინმესთან ხელშეკრულების გაფორმება.

სასამართლოს მითითებით, ერთი პირის საწარმო “.....” გააჩნდა ყველა ის უფლებამოსილება, რაც “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საკუთრებად რეგისტრირებისათვის იყო საჭირო. სასამართლოს აზრით, მერიას არ ჰქონდა ამ ნაკვეთის შპს “....” საკუთრებად რეგისტრირებაზე უარის თქმის საფუძველი, რომ იგი “.....” სამართალმემკვიდრე არ იყო, რამდენადაც 1998 წლის 16 ივლისის სასამართლოს დადგენილებით შპს “.....” ერთი პირის საწარმო “გუმანის” სამართალმემკვიდრეს წარმოადგენდა და მერიას არ ჰქონდა უფლება, სადავოდ გაეხადა აღნიშნული ჩანაწერი.

შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, 1994 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით “მეწარმეთა შესახებ” კანონის ამოქმედებამდე კერძო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ექვემდებარებოდნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 სექტემბრამდე, მოგვიანებით შეტანილი ცვლილებით _ 1 იანვრამდე და წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოიყენებოდა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული წესები, მაგრამ ხელახალი რეგისტრაციის შეუსრულებლობა არ გამოიწვევდა საწარმოს სრულ ლიკვიდაციას ან გაუქმებას, რამდენადაც საწარმოთა ლიკვიდაციისა და გაუქმებისათვის მოქმედებდა სხვა წესები, კერძოდ: “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად საწარმოთა რეგისტრაციის მდგომარეობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” 1997 წლის 9 ივნისის განკარგულებაში მიეთითა, რომ ბევრი მოქმედი საწარმო, ფაქტობრივად, აღურიცხავი რჩებოდა, ისინი არ ახდენდნენ ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას და სახელმწიფო მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიდა. “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად, საწარმოთა რეგისტრაციის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ამის საფუძველზე საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის მიზნით, სამინისტროებს, დეპარტამენტებს, უწყებებსა და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოთ საწარმოების ხელახალი სრულყოფილი აღრიცხვის ორგანიზებისათვის. ამავე განკარგულების მე-7 მუხლით სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას 1997 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა დაეყენებინა იმ საწარმოებისა და ორგანიზაციების ლიკვიდაციის საკითხი, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდნენ და რეგისტრირებული არ იყვნენ “მეწარმეთა შესახებ” კანონის მოთხოვნათა დაცვით.

აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის ამოქმედების შემდეგ ხელახალი რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებდა მრავალი სახაზინო და კერძო საწარმო, მათ შორის, მას შემდეგაც, რაც გავიდა ხელახალი რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ვადა. მიუხედავად ამისა, მათ მიერ რეგისტრაციის გაუვლელობა არ ქმნიდა რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს, რასაც ადასტურებდა 1999 წლის 1 ივნისს “მეწარმეთა შესახებ” კანონში შესული დამატებაც, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ან ადგილობრივ თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს 1999 წლის 1 ივნისამდე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად უნდა უზრუნველეყოთ მათ მიერ შექმნილი სახაზინო საწარმოების შპს-დ ან სს-დ გარდაქმნა მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი წესით. ყოველივე აღნიშნული, სასამართლოს აზრით, ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ხელახალი რეგისტრაციის განუხორციელებლობა საწარმოს გაუქმებას არ იწვევდა. ამასთან, შპს “.....” ერთი პირის საწარმო “.....” უფლებამონაცვლე 1998 წლის 16 ივნისის დადგენილების საფუძველზე გახდა და აღნიშნული ჩანაწერი საცილოდ არავის გაუხდია.

სასამართლოს მითითებით, “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-15 მუხლის თანახმად, საწარმოს შეცდომით რეგისტრაციის შემთხვევაში ცვლილებების მოთხოვნის უფლება თვით საწარმოს დამფუძნებელ პარტნიორებს ან მის დამფუძნებლებს გააჩნდათ და საჩივრის ხანდაზმულობის ვადა 5 წელს შეადგენდა. შესაბამისად, ბათუმის მერიას არ ჰქონდა რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება, რადგან იგი “....” უფლებამონაცვლე, დამფუძნებელი ან პარტნიორი არ ყოფილა, რის გამოც შეგებებული სარჩელი წარმოებაში შეცდომით იქნა მიღებული და არ არსებობდა არათუ მისი დაკმაყოფილების, არამედ, მისი დასაშვებობის საფუძვლებიც (ს.ფ. 201-204).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, შპს “.....” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო საჩივრის ძირითად მოტივებს წარმოადგენდა შემდეგი: აპელანტის მითითებით, 1998 წლის 16 ივნისს შპს “.....” დაფუძნდა ჩვეულებრივი წესით, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად და არა ხელახალი რეგისტრაციის გზით, თუმცა ახლად დაფუძნებულმა საწარმომ თავი უკვე გაუქმებული საწარმოს უფლებამონაცვლედ გამოაცხადა, მაშინ როდესაც, “მეწარმეთა შესახებ” კანონი ლიკვიდირებული საწარმოს უფლებამონაცვლეობას არ იცნობდა. ის ფაქტი, რომ ერთი პირის საწარმო “....” და შპს “.....” დამფუძნებლები ერთი და იგივე პირები იყვნენ და ამ საწარმოთა ხელმძღვანელებს შორის ნათესაური კავშირი არსებობდა, აპელანტის აზრით, სამართლებრივ მნიშვნელობას იყო მოკლებული. ამასთან, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის ¹193 განკარგულება, რომელსაც ნაკლები იურიდიული ძალა გააჩნდა იერარქიით უფრო მაღლა მდგომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილებასთან შედარებით და არასწორად განმარტა თავად პრეზიდენტის მითითებული განკარგულების შინაარსიც.

აპელანტის მოსაზრებით, უსაფუძვლო იყო ასევე სასამართლოს მითითება ხუთწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის თაობაზეც, ვინაიდან შპს “....” წესდებაში უფლებამონაცვლეობის საკითხი 2004 წელს გაჩნდა, ქ. ბათუმის მერიამ კი შპს “....” უფლებამონაცვლეობის შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის მიერ მიწის რეგისტრაციის მოთხოვნის შედეგად შეიტყო (ს.ფ. 205-211).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ქ. ბათუმის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და გადაწყვეტილების მოტივები. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ, ვინაიდან ერთი პირის საწარმო “....” და შპს “....” დაფუძნებული იყო ერთი და იმავე პირის მიერ, ერთსა და იმავე ქონებაზე, იმავე მისამართზე და მიუხედავად იმისა, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლის თანახმად, ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში რეგისტრაცია უქმდებოდა და იმ საწარმოებს, რომელთაც ვადა გაუშვეს, საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის უფლება არ ჰქონდათ, ეს მათ არ ართმევდათ ახალი საწარმოს დაფუძნებისა და რეგისტრაციაში გატარების უფლებას. ამასთან, აპელანტის მოთხოვნა ხანდაზმული იყო “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-15 მუხლის თანახმად (ს.ფ. 246-253).

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, შპს “..” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე და განიხილა მხოლოდ შპს “......” სარჩელი, მაშინ როდესაც, ჯერ უნდა განეხილა საწარმოთა უფლებამონაცვლეობის საკითხი, ხოლო შემდეგ _ თავდაპირველი სარჩელის საფუძვლიანობა. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ფირმა “.....” 1996 წლის 1 სექტემბრის შემდეგ უფლება არ ჰქონდა გაევლო ხელახალი რეგისტრაცია, თუმცა მათ უფლება ჰქონდათ, მოეხდინათ საწარმოს ჩვეულებრივი წესით ახლად დაფუძნება, კასატორის აზრით, ადასტურებდა, რომ სააპელაციო საჩივრის მოტივებს სასამართლო არ გასცნობია. აღნიშნული მსჯელობით სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა ის, რასაც ქ. ბათუმის მერია მთელი სასამართლო წარმოების დროს ამტკიცებდა, ანუ 1996 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, ადრინდელი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საწარმოს უფლება არ ჰქონდა, გაევლო ხელახალი რეგისტრაცია. ქ. ბათუმის მერიას სადავოდ ის კი არ გაუხდია, რომ ნებისმიერ პირს უფლება აქვს, მიუხედავად საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებისა, ჩვეულებრივი წესით ხელახლა დააფუძნოს საწარმო, არამედ ის, თუ რამდენად ჰქონდა ახლად დაფუძნებულ საწარმოს უფლება, თავი “....” სამართალმემკვიდრედ გამოეცხადებინა და ის არგუმენტი, რომ, რეალურად, შპს “....” დაფუძნდა იმ პირების მიერ, რომლებმაც “.....” დააფუძნეს, კასატორის აზრით, სამართლებრივად გაუმართავია. საწარმოს დაფუძნებისას დამფუძნებელი უფლებამოსილია, შენატანი განახორციელოს იმ ქონებით, რომელიც მას საკუთრების უფლებით გააჩნია. კონკრეტულ შემთხვევაში ქ. ბათუმში, ..... ქუჩაზე მდებარე 864 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არათუ ადრე, ამჟამადაც არ ერიცხებოდა საკუთრების უფლებით შპს “...” და არც მის დამფუძნებელს, რის გამოც იგი ვერ ჩაითვლებოდა შპს “.....” განხორციელებულ ქონებრივ შენატანად. შესაბამისად, უადგილო იყო ქუთაისის საპელაციო სასამართლოს მითითება, რომ შპს “......” დაფუძნდა იმავე პირის მიერ, იმავე ქონებასა და იმავე მისამართზე, რადგან აღნიშნული ვერ ამართლებდა ამ ორი საწარმოს სამართალმემკვიდრეობას. ანალოგიური მსჯელობით, თუკი ერთმა და იმავე პირმა დააფუძნა რამდენიმე საწარმო, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ მის მიერ დაფუძნებული ყველა საწარმო ერთმანეთის უფლებამონაცვლე იქნება.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 5 ივლისის ¹3კ-661-02 გადაწყვეტილების განმარტებისაგან. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს თავდაპირველად უნდა განეხილა შეგებებული სარჩელი და შემდეგ თავდაპირველ სარჩელზე ემსჯელა.

კასატორის მითითებით, მათი შეგებებული სარჩელის მოთხოვნაა სასამართლო დადგენილებების იმ პუნქტებისა და წესდების შესაბამისი ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლითაც შპს “....” ფირმა “.....” უფლებამონაცვლედ გამოცხადდა. საწარმოს, როგორც იურიდიული პირის, საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს წესდება და არა რომელიმე სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, თუნდაც სასამართლოს მიერ რეგისტრაცია, ანუ სახელმწიფოს აქტს აქვს მხოლოდ კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომ მტკიცდება საწარმოს დაფუძნების ფაქტი, ხოლო სხვა საკითხები, მათ შორის, უფლებამონაცვლეობა, წესრიგდება წესდებით, რომელიც საწარმოს საქმიანობის საფუძველია, რაც იმითაც დასტურდება, რომ, როდესაც საჯარო რეესტრმა შპს “......” უარი უთხრა სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ წესდებაში არ იყო აღნიშნული მისი “....” უფლებამონაცვლეობის შესახებ, შპს დაეთანხმა მას და 2004 წლის 14 მაისს დაამტკიცა ახალი წესდება, რომელშიც საჯარო რეესტრის შენიშვნა გაითვალისწინა და პირდაპირ მიუთითა, რომ შპს “.....” ერთი პირის საწარმო “....” უფლებამონაცვლეა. კასატორის მითითებით, საზოგადოების წესდება მრავალმხრივი ხელშეკრულებაა, რომლის შინაარსიც შეიძლება სადავო გახდეს და, შესაბამისად, დასაშვებია მისი პუნქტების ბათილად ცნობის მოთხოვნა, რომლის ხანდაზმულობის ვადა 5 წელია, მისი ათვლა კი უნდა მოხდეს 2005 წლის 14 მაისიდან, როდესაც წესდებაში უფლებამონაცვლეობის შესახებ ჩაიწერა (ს.ფ. 257-261).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ქ. ბათუმის მერიის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს, ქ. ბათუმის სასამართლოს 1998 წლის 16 ივნისისა და 2005 წლის 14 მაისის დადგენილებები და შპს “....” წესდება ბათილად იქნეს ცნობილი ერთი პირის საწარმო “.....” უფლებამონაცვლეობის დადგენის ნაწილში, შპს “.....” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია:

1992 წლის 26 ივნისს აჭარის ა/რ-ის მინისტრთა საბჭოს წარმომადგენლობის მიერ რეგისტრირებულია ერთი პირის საწარმო “გუმანი”;

ქ. ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 18 დეკემბრის ¹1125 გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 10 დეკემბრის ¹1170 გადაწყვეტილება ქ. ბათუმში, .... ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის სალონ “.....” გამოყოფის შესახებ და აღნიშნული ტერიტორია გამოეყო ფირმა “.....” საინიციატივო ჯგუფს საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის;

“გუმანის” მიერ ბინათმშენებლობა გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე არ განხორციელებულა;

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 16 ივნისის დადგენილებით განხორციელდა შპს “.....” რეგისტრაცია და ამავე დადგენილებით შპს “....” ცნობილ იქნა ერთი პირის საწარმო “.....” უფლებამონაცვლედ;

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 მაისის დადგენილებით მოხდა შპს “....” სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია და კვლავ მიეთითა, რომ შპს “.....” წარმოადგენდა ერთი პირის საწარმო “.....” უფლებამონაცვლეს;

ქ. ბათუმის მერიის 2005 წლის 17 მაისის დადგენილებით ბათილად იქნა ცნობილი “ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 10 დეკემბრის ¹1170 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 18 დეკემბრის ¹1125 გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას 1998 წლის 16 ივნისს განხორციელებული შპს “.....” რეგისტრაციის ერთი პირის საწარმო “.....” ხელახალ რეგისტრაციად შეფასებისა და, შესაბამისად, შპს “....” ერთი პირის საწარმოს “.....” უფლებამონაცვლედ აღიარების შესახებ.

“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილების მე-2 მუხლით განისაზღვრა, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე კერძოსამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ექვემდებარებოდნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება ზემოაღნიშნულ დადგენილებაში და ხელახალი რეგისტრაციის ვადა გაგრძელდა 1996 წლის 1 სექტემბრამდე. საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილებითვე განისაზღვრა, რომ დადგენილების მე-2 მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმოთა მიმართ გამოიყენებოდა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული წესები.

“მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლის იმდროინდელი რედაქცია ითვალისწინებდა საწარმოს გაუქმებულად გამოცხადებას იმ შემთხვევაში, თუკი საწარმო არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს და ეს ხარვეზი 3 თვის ვადაში არ იქნებოდა გამოსწორებული. რეგისტრაციის გაუქმებამდე შეცდომით რეგისტრირებული საწარმო განიხილებოდა უშეცდომოდ რეგისტრირებულად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამეწარმეო ურთიერთობების სტაბილურობის მიზნით, კანონმდებელმა ზუსტად განსაზღვრა ვადა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იყო საწარმოთა ხელახალი რეგისტრაცია. აღნიშნული ვადის დაწესების სამართლებრივი შედეგი იმაში მდგომარეობდა, რომ ვადის გასვლის შემდეგ საწარმოებს ერთმეოდათ ხელახალი რეგისტრაციის შესაძლებლობა და დგებოდა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული შედეგი _ რეგისტრაციის გაუქმება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოთა ხელახალი რეგისტრაცია უთანაბრდებოდა საწარმოს რეორგანიზაციას _ გარდაქმნას მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მოყვანის გზით. აღნიშნული ნიშნავდა არა სამართლებრივი ურთიერთობების ახალი სუბიექტის შექმნას, არამედ უკვე არსებული სუბიექტის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობის გაგრძელებას. ამ მოვლენას, როგორც რეორგანიზაციას, თან სდევდა უფლებამონაცვლეობა _ იმ საწარმოს უფლებები და მოვალეობები, რომლის ხელახალი რეგისტრაციაც მოხდა, გადაეცემოდა მის უფლებამონაცვლეს _ ხელახალი რეგისტრაციის გზით შექმნილ საწარმოს. იმავდროულად, საწარმოს ხელახალი რეგისტრაციისაგან განსხვავდებოდა საწარმოს დაფუძნება, იმ თვალსაზრისით, რომ ამ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობას ვერ ექნებოდა ადგილი, რამდენადაც საწარმოს დაფუძნების გზით იქმნება სამართლებრივი ურთიერთობების ახალი სუბიექტი, რომელსაც არ ჰყავს ამ ურთიერთობებში წინამორბედი საწარმო და არავის უფლება-მოვალეობების მემკვიდრე არ არის.

საქმის მასალების თანახმად, 1992 წელს დაფუძნებულმა ერთი პირის საწარმო “.....” გაუშვა საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული ხელახალი რეგისტრაციის ვადა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მას აღარ ჰქონდა უფლება, განეხორციელებინა ხელახალი რეგისტრაცია, რამდენადაც მისი სამართლებრივი მდგომარეობა უთანაბრდებოდა რეგისტაციაგაუქმებული საწარმოს მდგომარეობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 16 ივნისის დადგენილებით განხორციელებული შპს “....” რეგისტრაცია წარმოადგენდა არა ერთი პირის საწარმო “.....” ხელახალ რეგისტრაციას, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, არამედ ახალი სუბიექტის დაფუძნებას, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ერთი პირის საწარმო “....”. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომ შპს “....” დააფუძნა ერთი პირის საწარმო “.....” დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა და რომ შპს დაფუძნდა იმავე ქონებასა და მისამართზე, რომელზეც თავის დროზე დაფუძნებული იყო ერთი პირის საწარმო. გაუქმებული საწარმოს დამფუძნებელს არ ეკრძალება, გაუქმებული საწარმოს ქონებასა და ადგილსამყოფელზე დააფუძნოს ახალი საწარმო და ასეთი შემთხვევა დაუშვებელია, განხილულ იქნეს, როგორც საწარმოს ხელახალი რეგისტრაცია. შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, 1998 წლის 16 ივნისისა და 2005 წლის 14 მაისის დადგენილებებით შპს “ცეპტერი” ეღიარებინა ერთი პირის საწარმო “გუმანის” უფლებამონაცვლედ, საამისო სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის პირობებში.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის ¹139 განკარგულების შინაარსის განმარტებას იმგვარად, თითქოს ამ დადგენილებით გაგრძელდა საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის ვადა საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ. აღნიშნული განკარგულება სწორედ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილების შესრულების მიზნითაა გამოცემული და მასში საუბარია მხოლოდ იმ საწარმოების საქმიანობის საფინანსოსამართლებრივი შედეგების სახელმწიფო კონტროლის გააქტიურებაზე, რომელთაც არ გაუვლიათ ხელახალი რეგისტრაცია, რათა არ დაზარალდეს სახელმწიფო ბიუჯეტი. რაც შეეხება ხელახალი რეგისტრაციის ვადის გაგრძელებას, ამ საკითხს აღნიშნული განკარგულება არ არეგულირებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე სრულიად დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ქ. ბათუმის მერიის შეგებებული სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს განმარტების გაზიარებით, მიიჩნია, რომ აღნიშნული სარჩელი ხანდაზმული იყო “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-15 მუხლის თანახმად, კერძოდ, გასული იყო ამ მუხლით განსაზღვრული 5-წლიანი ვადა. სააპელაციო სასამართლომ ამ ვადის ათვლის მომენტად მიიჩნია შპს “ცეპტერის” რეგისტრაციის მომენტი, მაშინ როდესაც საქმის მასალებში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ქ. ბათუმის მერიისათვის სასამართლოს სადავო დადგენილებების შინაარსი ცნობილი იყო სარჩელით სადავო 2005 წლის 17 მაისის დადგენილების გამოცემამდე და გაშვებული ჰქონდა ზემომითითებული 5-წლიანი ვადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის სასამართლოს 1998 წლის 16 ივნისისა და 2005 წლის 14 მაისის დადგენილებები, ასევე, შპს “....” წესდება ერთი პირის საწარმო “.....” უფლებამონაცვლეობის დადგენის ნაწილში ეწინააღმდეგება “მეწარმეთა შესახებ” კანონითა და საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილებით განსაზღვრულ ხელახალი რეგისტრაციის პირობებს, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველია და, შესაბამისად, შეგებებული სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, თავის მხრივ, გამორიცხავს შპს “....” სარჩელის დაკმაყოფილებას. მოსარჩელე შპს “.....” ითხოვს ქ. ბათუმის მერიის დადგენილების ბათილად ცნობას, რომლითაც ბათილად არის ცნობილი ერთი პირის საწარმო “.....” მიწის გამოყოფა, იგი ასევე ითხოვს ამ მიწის საკუთრებაში აღრიცხვას და საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრაციას. შპს “.....” აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ იგი ერთი პირის საწარმო “....” უფლებამონაცვლეა და, შესაბმისად, “....” გამოყოფილ მიწაზე აქვს იგივე უფლებები, რაც “....” ჰქონდა. მოცემულ შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად შპს “.....” დაუშვებელია განხილულ იქნეს როგორც ერთი პირის საწარმოს “....” უფლებამონაცვლე, რის გამოც, მითითებული საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილება გამოირიცხება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “.....” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს სარჩელზე 350 ლარის (საკასაციო წარმოებისათვის 300 ლარი, სააპელაციო წარმოებისათვის _ 50 ლარი, პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს), შეგებებული სარჩელზე ასევე 380 ლარის (საკასაციო წარმოებისათვის 300 ლარი, სააპელაციო წარმოებისათვის _ 50 ლარი, პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის _ 30 ლარი), სულ _ 730 ლარის გადახდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის, მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილის, 53-ე მუხლის, 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი, შეგებებული სარჩელი და სააპელაციო საჩივარი შეტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2006 წლის 13 ივლისის კანონით განხორციელებულ ცვლილებებამდე, ხოლო საკასაციო საჩივარი _ ამ ცვლილებების შემდგომ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 262-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ქ. ბათუმის მერიის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ქ. ბათუმის სასამართლოს 1998 წლის 16 ივნისისა და 2005 წლის 14 მაისის დადგენილებები, ასევე, შპს “.....” წესდება, ბათილად იქნეს ცნობილი ერთი პირის საწარმო “.....” უფლებამონაცვლეობის დადგენის ნაწილში;

5. შპს “.....” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

6. შპს “.....” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 730 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.