ბს-930-892(კ-07) 26 მარტი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჩინჩალაძე, მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი – ქეთევან მაღრაძე
კასატორი: ნ. კ.-ა
მოწინააღმდეგე მხარე: მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახური; ე. ძ.-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.06.2007წ. განჩინება
დავის საგანი: საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება და სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებში ცვლილებების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ.-მ 14.08.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ მარტვილის რაიონის გამგეობის, ე. ძ.-ისა და საჯარო რეესტრის მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მარტვილის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარის 18.08.05წ. ¹25 განკარგულების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გამცემი კომისიის ¹77 ოქმის, ე. ძ.-თან 26.09.05წ. დადებული საიჯარო ხელშეკრულების იმ ნაწილში გაუქმება, რომელიც ეხებოდა ე. ძ.-თვის იჯარით გაცემულ 2000კვ.მ მიწის ნაკვეთს, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურისათვის საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილების შეტანის დავალება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ცხოვრობდა მარტვილის რაიონის სოფელ ...-ში და წლების განმავლობაში უვლიდა მიწის ნაკვეთს, რომელიც თუთის ხეების დასარგავად მისცა ...-ს კოლმეურნეობამ და აბარებდა 300 კგ. აბრეშუმის პარკს. კოლმეურნეობის გაუქმების შემდეგ გადაწყვიტა იჯარით აეღო 0,27 ჰა მიწის ნაკვეთი, რისთვისაც მიმართა ...-ს საკრებულოს, რომელიც თანახმა იყო მოსარჩელისათვის იჯარით გადაეცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი. სადავო ნაკვეთი მიეკუთვნებოდა საძოვარს, მოსარჩელე საძოვრის სარგებლობისათვის იხდიდა გადასახადს. შემდგომში მოსარჩელემ შეიტყო, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, სხვა მიწის ნაკვეთთან ერთად, ჩუმად, კანონის გვერდის ავლით იჯარით გადაუფორმებია ე. ძ.-ს. 2006 წლის ივნისში ე. ძ.-მ მიიყვანა პოლიციის თანამშრომლები, დაარღვია მის მიერ შემოვლებული ღობეები და შემოღობა სხვა მიწის ნაკვეთთან ერთად სადავო მიწის ნაკვეთი 2000 მ2 ოდენობით. ამ დროს შეიტყო მოსარჩელემ მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ა. ძ.-თვის იჯარით უკანონოდ გადაცემის შესახებ. ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო მარტვილის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის 04.08.05წ. ¹77 ოქმი და მის საფუძველზე გამოცემული მარტვილის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარის 18.08.05წ. ¹25 განკარგულება. აღნიშნული ოქმი და განკარგულების ის ნაწილი, რომელიც შეეხებოდა ე. ძ.-ის მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების გაფორმებას, მოსარჩელის მოსაზრებით, იყო უკანონო, ვინაიდან მიწის კანონმდებლობით სახელმწიფო მიწის ნაკვეთი სარგებლობაში ან საკუთრებაში გაიცემა კონკურსის ან აუქციონის წესით და ინფორმაცია კონკურსის ან აუქციონის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, რაც არ მომხდარა. აღნიშნულმა შელახა მოსარჩელის კანონიერი უფლება მიეღო კონკურსში მონაწილეობა, შეეთავაზებინა სახელმწიფოსათვის კონკურსის უკეთესი პირობები და მოეპოვებინა იჯარის უფლება.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 07.02.07წ. გადაწყვეტილებით ნანული კ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ.-მ, რომელმაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.06.07წ. განჩინებით აპელანტ ნ. კ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მარტვილის რაიონული სასამართლოს 07.02.07წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ მარტვილის რაიონის სოფ. ...-ს საკრებულოს გამგეობამ 28.03.05წ. 2,7 ჰა სასოფლო_სამეურნეო დანიშნულების მიწის პირველადი რეგისტრაციაში გატარებისათვის მიმართა მარტვილის საჯარო რეესტრის სამსახურს, რაც ამ უკანასკნელის მიერ შესრულებულ იქნა. სადავო მიწის ნაკვეთი რაიონის მიწის ბალანსზე ირიცხებოდა. მარტვილის რაიონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო_სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის შესახებ განცხადებების განმხილველი კომისიის მიერ 2005 წლის იანვარსა და თებერვალში გაზეთ ,,...-ის მაცნეში” გამოქვეყნდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გასაცემი სასოფლო_სამეურნეო სავარგულების ნუსხა. მათ შორის იყო ...-ს საკრებულოში _ 20 ჰა ჩაის პლანტაცია და 39 ჰა სახნავი მიწა. პირველი ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომისიაში არც ერთი განცხადება არ შემოსულა, ხოლო მეორე ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომისიას განცხადებით ე. ძ.-მ მიმართა, რომელმაც სოფელ ...-ს საკრებულოს თანხმობა წარადგინა. კონკურსის შედეგად, განცხადებების განმხილველი კომისიის 04.08.05წ. დადგენილებით, ¹77 ოქმით, სახელმწიფო სარგებლობაში არსებული სასოფლო_სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის წესის შესაბამისად თანხმობა მიეცა ე. ძ.-ს გაეფორმებინა საიჯარო ხელშეკრულება 2,7 ჰა-ზე. მარტვილის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარის 18.08.05წ. ¹25 განკარგულებით დამტკიცდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო_სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის შესახებ განცხადებების განმხილველი კომისიის ¹77 სხდომის ოქმი. აღნიშნულის საფუძველზე 26.09.05წ. მოხდა სასოფლო_სამეურნეო მიწის საიჯარო ხელკრულების გაფორმება მარტვილის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობასა და ფიზიკურ პირს _ ე. ძ.-ს შორის. 26.09.05წ. ხსენებული საიჯარო ხელშეკრულება რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრის მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სწორედ ამ 2,7 ჰა მიწის ნაკვეთში შედის ის 2000 კვ.მ. ნაკვეთი, რომელსაც ასაჩივრებდა აპელანტი. საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო_სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ დებულების” პირველი მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასოფლო_სამეურნეო იჯარის ობიექტებია: სასოფლო_სამეურნეო დანიშნულების მიწები (სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწები, გაკულტურებული და ბუნებრივი სათიბი და საძოვარი). დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,მიწის იჯარით გაცემის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისათვის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ იქმნება მუდმივმოქმედი კომისია . . . ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კომისიას ემატება იმ სოფლის (ქალაქის) წარმომადგენელი, რომლის გამგებლობასაც განეკუთვნება იჯარით გასაცემი მიწის ნაკვეთი”. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი იმ შემთხვევაში, თუ მიწის იჯარით აღებას თხოულობს მხოლოდ ერთი პირი, მასზე მიწა იჯარით გაიცემა უკონკურსოდ, ყველა სხვა შემთხვევაში იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მიწა იჯარით გადაეცემათ მხოლოდ კონკურსის წესით. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს განცხადება კონკურსში მონაწილეობის მიღების შესახებ არ შეუტანია. მასში მონაწილეობა მიიღო ე. ძ.-მ, რომელსაც გააჩნდა სოფ. ...-ს საკრებულოს თანხმობა იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ნ. კ.-ა აცხადებს პრეტენზიას და, რაც, მის კანონიერ მფლობელობაში არასდროს ყოფილა. ამასთან საყურადღებოა, რომ ნ. კ.-ა სადავოდ ხდის არა მთლიან 2,7 ჰა ფართობზე განხორციელებულ იჯარის კანონიერებას, არამედ მის ნაწილზე (2000 კვ.მ.), რომელსაც, მისი თქმით, ამუშავებდა. ასეთ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, რომელიც მას უპირატესობას არ ანიჭებდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ნ. კ.-ს მოსაზრება გაზეთში გამოქვეყნებული მონაცემების უკანონობის შესახებ, რადგან ხსენებული დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, საინფორმაციო ცნობაში მითითებული უნდა იქნეს იჯარით გასაცემი მიწის ფართობის რაოდენობა და დასახელება. საქმეში არსებული გაზეთ ,,...-ის მაცნეს” მე-4 გვერდზე გამოქვეყნებული იყო შემდეგი მონაცემები: ,,მარტვილის რაიონში იჯარით გასაცემი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო_სამეურნეო მიწების ნუსხა საკრებულოების მიხედვით, 2005 წლის იანვარი. ...-ს საკრებულოში _ 20ჰა ჩ/პ, სახნავი მიწა 39. გთხოვთ მიიღოთ კონკურსში მონაწილეობა. დაწვრილებითი ცნობისათვის მიმართეთ მარტვილის სასოფლო_სამეურნეო მიწების საიჯარო კომისიას. მისამართი მარტვილის სოფლის მეურნეობის სამმართველო”. 2005 წლის მაისის თვის გაზეთ ,,...-ის მაცნეს” მე-4 გვერდზე გამოქვეყნებული იყო: ,,მარტვილის რაიონში იჯარით გასაცემი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო_სამეურნეო სავარგულების ნუსხა. ...-ს საკრებულო 10ჰა, 18ჰა ჩ/პ. შენიშვნა: იჯარის მსურველებმა სასოფლო_სამეუნეო დანიშნულების მიწების კონკურსში მონაწილეობისათვის შემოიტანონ განცხადება. განცხადების მიღება წარმოებს სასოფლო_სამეურნეო მიწებით იჯარით გამცემი კომისიის მიერ. მისამართი: მარტვილის სოფლის მეურნეობის სამმართველო”. გაზეთის აღნიშნული ცნობები საკმარის მონაცემებს იძლეოდა კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთათვის მასში მონაწილეობის მისაღებად. სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მარტვილის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო_სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის შესახებ განცხადების განმხილველი კომისიის მიერ დაცულ იქნა კანონი და ხსენებული დებულების ყველა პირობა. ამდენად, აპელანტის სააპელაციო პრეტენზია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც მარტვილის რაიონული სასამართლოს 07.02.07წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ნ. კ.-მ 27.08.07წ. საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.06.07წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, ვიანაიდან არასწორად იქნა განმარტებული კანონი და სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა “სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის შესახებ” საქართველოს კანონის არსებითი დარღვევის ფაქტები, რითაც შეილახა მოსარჩელის უფლებები და კანონით დაცული ინტერესები. სასამართლომ არ გამოიკვლია მისი განცხადება მიწის გაცემისა და საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებისას კონკურსის ფორმის დარღვევის შესახებ, კერძოდ: სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის შესახებ ინფორმაცია კანონის სრული დაცვით არ გამოქვეყნებულა პრესაში, მართალია, 2005 წლის იანვარსა და თებერვალში გაზეთ ...-ის მაცნეში გამოქვეყნდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული იჯარით გასაცემი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნუსხა, მათ შორის სოფელ ...-ს ტერიტორიაზე მდებარე 20 ჰა მიწის ნაკვეთი და ჩაის პლანტაცია, მაგრამ განცხადებაში არ იყო მითითებული კონკურსის სახეობა, საიჯარო მიწის ნაკვეთის ოდენობა, განცხადების მიღების საბოლოო ვადა, კონკურსის გამართვის დრო და ადგილი, იჯარით გასაცემი მიწის ოდენობა და დახასიათება. რაც ყველაზე მთავარია, განცხადებაში მითითებული არ იყო კონკურსის პირობები და განცხადების მიღების საბოლოო ვადა, მარტვილის ადგილობრივი მმართველობის გამგეობამ ¹77 განკარგულება გამოსცა ამ განცხადების გამოქვეყნებიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ – ნაცვლად ერთთვიანი ვადისა და ასევე ერთთვიანი ვადის დარღვევით იქნა გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება ე. ძ.-თან. ამასთან, არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ნ. კ.-ა არის სოფლის, ხოლო ე. ძ.-ი ქალაქის მცხოვრები, რითაც დაირღვა “სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები. მიწის იჯარით გამცემმა კომისიამ თავი შეიკავა პასუხი გაეცა მოსარჩელის არგუმენტირებულ კითხვაზე – რატომ დაიკარგა მისი 2005 წლის იანვარ-მარტში შეტანილი განცხადებები მისთვის მიწის იჯარით გამოყოფის შესახებ. კასატორის მითითებით, იგი სარგებლობდა მიწის ნაკვეთით, მიწის იჯარით გაცემისას კომისიას არ უმსჯელია ნაკვეთის ადგილზე შემოწმებაზე, მით უმეტეს იგი ქირასაც იხდიდა, რითაც დაირღვა ზემოაღნიშნული კანონის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი. ამდენად, კასატორი თვლის, რომ დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნა მასზედ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის 10 წელზე მეტი ვადით იჯარის გაცემაზე სავალდებულოა მიწის გამოყენებისა და დაცვის კომისიის ჩართვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციაში გასატარებლად წარდგენილია და შესაბამისად, რეგისტრაციაში გატარებულია ნოტარიულად დაუმოწმებელი სასოფლო-სამეურნეო მიწის საიჯარო ხელშეკრულება მეიჯარესა და მოიჯარეს შორის. ეს უკვე მარტვილის სინამდვილეში დამკვიდრებული მანკიერი ტრადიციაა და ამ ორი სამსახურის საქმეში ჩართვის უგულებელყოფა შემთხვევითი არ არის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისია და სანოტარო სამსახური საქმეში ჩართვის შემთხვევაში კანონის ზუსტ დაცვას და ოფიციალური დოკუმენტების კანონშესაბამისობაში მოყვანას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაჩქარევ გადაწყვეტილებაზე კომისიას თანხმობას არ მისცემდნენ. კასატორის მოსაზრებით, მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად თუნდაც ის ფაქტიც საკმარისია, რომ ე. ძ.-თვის 49 წლის ვადით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაცემაზე კომისიის ოქმს ხელს არ აწერენ კომისიის მდივანი ლ. ს.-ა და კ. მ.-ე, რაც საერთოდ სადავოდ ხდის კომისიის ჩატარების ფაქტს და იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ კომისიის სხდომა საერთოდ არ ჩატარებულა და კომისიის წევრებს წინასწარ გამზადებულ დოკუმენტებზე ხელმძღვანელობის მითითებით მოაწერინეს ხელი. ე. ძ.-ზე მიწის გაცემის დროს კომისიაში არ იქნა შეყვანილი იმ სოფლის მმართველობითი ორგანოს წარმომადგენელი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც იმყოფებოდა იჯარით გასაცემი მიწა. საიჯარო ხელშეკრულების ფორმალურ გაცემას ადასტურებს ის ფაქტი, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის მოთხოვნაზე ე. ძ.-ის განცხადებაში მითითებული არ არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების რეკვიზიტები, განცხადებას დალუქულ მდგომარეობაში არ ერთვის საკონკურსო წინადადება ან ბიზნესგეგმა.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის მარტვილის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა, ე. ძ.-მ და მისმა წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და ითხოვეს სააპელაციო პალატის 18.06.07წ. განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. კ.-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.06.07წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ,,სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის შესახებ” კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შესახებ, ვინაიდან სადავო ურთიერთობის წარმოშობისას, ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის შესახებ” 28.06.96წ. კანონი გაუქმებული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დღიდან (სკ-ის 1505-ე მუხ. 12 ნაწ.). სადავოდ გამხდარი კონკურსის ჩატარების დროს მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის რეგლამენტაციას ახდენდა არა ზემოაღნიშნული კანონი, არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შემუშავებული და საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულება. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები ,,სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის შესახებ” კანონის მოთხოვნების დარღვევის შესახებ.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მუდმივმოქმედი კომისიის მიერ სადავო მიწის ფართობის იჯარის წესით გაცემისას დაცული იყო კანკურსის გამოცხადებისათვის კანონქვემდებარე აქტით დადგენილი პირობები. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის შესახებ საკითხი წესრიგდება საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულებით, რომლის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის იჯარის წესით გაცემისას კომისია ადგენს საინფორმაციო ცნობარს და უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით მის გამოქვეყნებას კონკურსის მოწყობამდე 20 დღით ადრე. საინფორმაციო ცნობაში მითითებული უნდა იქნეს: ა) მეიჯარის დასახელება; ბ) კონკურსის სახეობა, პირობები და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები; გ) საიჯარო ქირის საწყისი რაოდენობა და გადახდის წესი; დ) განცხადების მიღების საბოლოო ვადა; ე) კონკურსის გამართვის ადგილი და დრო; ვ) იჯარით გასაცემი მიწის რაოდენობა და დახასიათება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მარტვილის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის იჯარის წესით გაცემის თაობაზე ინფორმაცია არ პასუხობდა ხსენებული დებულების მოთხოვნებს. საქმის მასალების თანახმად, 2005 წლის იანვარს ,,...-ის მაცნეში” გამოქვეყნდა მარტვილის რაიონში იჯარით გასაცემი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ნუსხა საკრებულოების მიხედვით, კერძოდ ...-ს საკრებულოში – 20 ჰა ჩ/პ და 39 ჰა სახნავი მიწა. კონკურსის არ შემდგარად გამოცხადების შემდეგ გაზეთ ,,...-ის მაცნეში” მეორედ გამოქვეყნდა ცნობა მარტვილის რაიონში იჯარით გასაცემი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ნუსხა – ...-ს საკრებულო 10 ჰა, 18 ჰა ჩ/პ. აღნიშნულ ინფორმაციაში არ არის მითითება კონკურსის სახეობის (კომერციული თუ არაკომერციული), მისი პირობების, საიჯარო ქირის ოდენობის, გადახდის წესისა და განცხადების მიღების საბოლოო ვადის შესახებ. შესაბამისად საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ინფორმაცია გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნების დაცვით. ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით საინფორმაციო ცნობის გამოქვეყნება არ ადასტურებს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის კონკურენტულ გარემოში იჯარით გაცემას და წარმოადგენს კონკურსში მონაწილეობის სურვილის მქონე პირის ნების გამოხატვის დამაბრკოლებელ გარემოებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული დებულების 3.3 მუხლი, რომლის თანახმად ერთი პირის კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში მასზე მიწა იჯარით უკონკურსოთ გაიცემა, არათუ არ გამორიცხავს, არამედ გულისხმობს დადგენილი წესით კონკურსის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას. საქმეზე არ არის დადგენილი თუ რა სახით – კომერციული თუ არაკომერციული კონკურსი იყო ჩატარებული, გაურკვეველია აგრეთვე თუ რა კრიტერიუმები იყო დადგენილი კონკურსში გამარჯვებულის გამოსავლენად (მაქსიმალური საიჯარო ქირის გადახდა, საუკეთესო ბიზნეს-გეგმის წარმოდგენა), რა დოკუმენტები იქნა წარდგენილი ე. ძ.-ის მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. საქმეზე დადგენას საჭიროებს აგრეთვე სადავო ნაკვეთის იჯარით გადაცემის მოთხოვნით კომისიისადმი ნ. კ.-ს მიმართვის ფაქტი და დრო; საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად იჯარით გაიცემოდა 10 ჰა სახნავი მიწა და 18 ჰა ჩაის პლანტაცია, საქმეზე დადგენას საჭიროებს თუ რა მოცულობის ნაკვეთში იქნა გაერთიანებული სადავო მიწის ნაკვეთი, იმის გათვალისწინებით, რომ მიწის იჯარით გაცემისას აკრძალულია ფართობის ყოველგვარი დანაწილება (დებულების 93 მუხ), უნდა გაირკვეს აქვს თუ არა ნ. კ.-ს პრეტენზია იმ მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის კონკურსში მიღებაზე, რომელშიც გაერთიანებულია სადავო (2000 კვ.მ) მიწის ნაკვეთი. გარკვევას საჭიროებს აგრეთვე ის, თუ რა კატეგორიის მიწის ნაკვეთს განეკუთვნება სადავო ნაკვეთი, მოსარჩელის მტკიცებით სადავო ნაკვეთი მრავაწლიანი ნარგავებით არის დაკავებული, ხოლო გამოქვეყნებული ცნობის თანახმად იჯარით გაიცა 10 ჰა სახნავი მიწა და 18 ჰა ჩაის პლანტაცია. საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანის ინტერესებიდან გამომდინარე დაზუსტებას საჭიროებს აგრეთვე სადავო მიწის ნაკვეთზე იჯარით გაცემის პროცედურის დაწყების მომენტი, ვინაიდან ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ” 08.07.05წ. კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ კანონის ძალაში შესვლიდან პრივატიზებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები აღარ გაიცემა იჯარით, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ იჯარით გაცემის პროცედურა იყო დაწყებული და ამ კანონის ძალაში შესვლამდე ვერ მოესწრო მისი დასრულება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. კ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.06.07წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;