¹ბს-931-893(კ-07) 26 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარს სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა გ. დ-ის, ნ. ბ-ის და მ. ც-ის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 16 აპრილს თ. ს-ამ, ბ. უ-ამ, ე. ჩ-ემ და სხვებმა სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ მ. კ-ის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის, ხონის საგადასახადო ინსპექციის და ხონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ და 2003 წლის 24 მარტის სპეციალიზებული ღია აუქციონის ოქმის ¹1 დანართის მე-12 პუნქტის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ¹...... ჩანაწერის გაუქმება მოითხოვეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 22 სექტემბრის საოქმო განჩინებით, მოცემულ საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაება საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ხონის რაიონული ..... კოოპერატივი, რომელმაც სარჩელი აღძრა ხონის რაიონულ სასამართლოში იმავე მოთხოვნით, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით რაც მითითებული იყო თავდაპირველ სარჩელში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ჩ-ისა და სხვა ფიზიკური პირების, აგრეთვე, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირის _ საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ხონის რაიონული ....... კოოპერატივის სარჩელები არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა _ ბ. უ-ამ, თ. ს-ამ და ე. ჩ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. დანარჩენ მოსარჩელეებს, მათ შორის განცხადების ავტორებს, გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ. მოცემული დავა ორჯერ იქნა განხილული უზენაესი სასამართლოს მიერ, თუმცა განცხადების ავტორები კასატორები არც ერთხელ არ ყოფილან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2007 წ. გადაწყვეტილებით ბ. უ-ას, თ. ს-ას, ე. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 01.12.2004 წ. გადაწყვეტილება ხონის მიწის მართვის სამმართველოს რეესტრის ჩანაწერების ¹..... გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში, თ. ს-ასა და სხვათა, აგრეთვე ხონის რაიონული ..... კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის ბ. უ-ას სარჩელები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხონის მიწის მართვის სამმართველოს რეესტრის ¹...... ჩანაწერი. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს 24.06.07 გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ბ. უ-ას, თ. ს-ას, და ე. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო პალატას განცხადებით მომართეს გ. დ-მა, ნ. ბ-მა და მ. ც-მა და აღნიშნეს, რომ დარწმუნდნენ, აუქციონის კანონიერად ჩატარებაში და იმაში, რომ მასზე გაიყიდა ერთიანი სავაჭრო ცენტრი და მ. კ-ე არის კეთილსინდისიერი მყიდველი, რის გამოც ეთანხმებიან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და უარს ამბობენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ჩ-ისა და სხვა ფიზიკური პირების, აგრეთვე, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირის _ საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ხონის რაიონული ....... კოოპერატივის სარჩელები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა _ ბ. უ-ამ, თ. ს-ამ და ე. ჩ-ემ, რომლებმაც მოთხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1.12.2004 წ. გადაწყვეტილება თავდაპირველი მოსარჩელეების უმეტესობის, მათ შორის განცხადების ავტორების მიერ არ ყოფილა გასაჩივრებული, რითაც ისინი ფაქტობრივად დაეთანხმნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და უარი თქვეს უფლებაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში მოეთხოვათ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. სასამართლოს გადაწყვეტილება მათ მიმართ კანონიერ ძალაშია შესული. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, გავლენას ვერ მოახდენს საქმის შემდგომ მსვლელობაზე და არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. დ-ს, ნ. ბ-ს და მ. ც-ს უარი უნდა ეთქვათ განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. დ-ის, ნ. ბ-ის და მ. ც-ის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.