Facebook Twitter

ბს-931-895(კ-08) 6 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 13 დეკემბერს მ. თ-ემ, ო. უ-ემ და ფ. გ-ემ ფოსტის მეშვეობით სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს იძულებითი განაცდურით წარმოშობილი სახელფასო დავალიანების, კერძოდ, ო. უ-თვის _ 6500 ლარის, ფ. გ-თვის _ 7500 ლარისა და მ. თ-თვის _ 6500 ლარის, მათ სასარგებლოდ ანაზღაურების მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრება. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მოპასუხე საბაჟო დეპარტამენტთან, 2004 წლის სექტემბრიდან 2005 წლის ივნისის ჩათვლით, ჰქონდათ დავა სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნის გამო, რომელიც დასრულდა თანამდებობრივ უფლებებში მოსარჩელეთა აღდგენით, იმ დროს კი მათ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა არ დაუყენებიათ, თუმცა საბაჟო დეპარტამენტთან მათი დავა გაგრძელდა 13 თვის განმავლობაში _ განაცდურმა შეადგინა 13 თვის ხელფასი _ 2004 წლის 2 აგვისტოდან 2005 წლის 9 სექტემბრამდე, რაც მოსარჩელეთა არაერთგზისი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეს მათთვის არ აუნაზღაურებია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 ივნისის საოქმო განჩინებით მოპასუხეთა სიიდან ამოირიცხა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და მის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება.

მოსარჩელეთა წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვისას დააზუსტა ფ. გ-ის ნაწილში იძულებითი განაცდურის ოდენობა და მოითხოვა ფ. გ-თვის 9100 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ის, ო. უ-ისა და ფ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მ. თ-ის, ო. უ-ისა და ფ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა, შესაბამისად, 3074,81 ლარის, 3074,81 ლარისა და 4548,39 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა განმარტება იმის შესახებ, რომ მათ უფლება ჰქონდათ, მოეთხოვათ სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელფასის ანაზღაურება, ამასთან, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ოდენობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს იძულებითი განაცდური უნდა ანაზღაურებოდათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის 2007 წლის 27 დეკემბრის ¹1601-01/23690 ცნობის მიხედვით, რომლის თანახმად, მ. თ-ისა და ო. უ-ის, როგორც ყოფილი ინსპექტორების, სამსახურიდან გათავისუფლებამდე თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 37 ლარს, ხოლო მათ სამსახურში აღდგენამდე, ინსპექტორის II კატეგორიის თანამდებობრივი სარგო _ 400 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. თ-ისა და ო. უ-ის იძულებითი განაცდურის ხელზე ასაღები თანხა შეადგენდა 3074,81 ლარს. იმავე ცნობის მიხედვით, მოსარჩელე ფ. გ-ის თანამდებობრივი სარგო სამსახურიდან გათავისუფლებამდე შეადგენდა 41 ლარს, ხოლო ფ. გ-ის სამსახურში აღდგენამდე, ინსპექტორის II კატეგორიის თანამდებობრივი სარგო _ 600 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფ. გ-ის იძულებითი განაცდურის ხელზე ასაღები თანხა შეადგენდა 4548,39 ლარს. საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნული ცნობის საფუძველზე, სრულად გაიზიარა მოპასუხის გაანგარიშება მოსარჩელეთა იძულებითი განაცდური ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების გაანგარიშება უნდა მომხდარიყო იმ საშუალო ანაზღაურების მიხედვით, რომელსაც მოსარჩელეები მიიღებდნენ მათი თანამდებობებზე ყოფნის განმავლობაში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მოხდა მოსარჩელეთა სამსახურიდან იძულებითი მოცდენა. ამასთან, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია იმის შესახებ, რომ მათ უნდა ანაზღაურებოდათ იძულებითი განაცდური სამსახურში აღდგენის დროისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოების შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ფ. გ-ის, ო. უ-ისა და მ. თ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ფ. გ-ის, ო. უ-ისა და მ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება თანამდებობიდან გათავისუფლების დროიდან _ 2004 წლის 2 აგვისტოდან სამუშაოზე აღდგენამდე _ 2005 წლის 9 სექტემბრამდე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამავე სასამართლოს 2007 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინების თანახმად, 2007 წლის 27 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილ იქნა წერილი დანართებთან ერთად, კერძოდ, მ. თ-ის, ო. უ-ისა და ფ. გ-ის თანამდებობრივი სარგოს შესახებ საინფორმაციო ხასიათის დაუმოწმებელი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, მ. თ-ის ხელზე მისაღები თანხა შეადგენდა 3074,81 ლარს, ო. უ-ის _ 3074,81 ლარს და ფ. გ-ის _ 4548,39 ლარს. აღნიშნული გრაფიკული ხასიათის დაუმოწმებელი ინფორმაცია სასამართლომ მიიჩნია მტკიცებულებად და მოსარჩელეთა მოთხოვნები ამის მიხედვით დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 135-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიცემულ იქნა საოქმო დავალება იძულებითი განაცდურის დაანგარიშების თაობაზე, მოპასუხემ კი სასამართლოში წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც არ შეიცავდა საქარველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით დადგენილ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტებს, თუმცა ასეთი სახით წარმოდგენილი ინფორმაცია საქალაქო სასამართლომ მიიჩნია მტკიცებულებად და საფუძვლად დაუდო სასამართლო გადაწყვეტილებას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გაცდენილი დროის ხელფასის ოდენობის გაანგარიშება არ შედიოდა სასამართლოს კომპეტენციაში და მისი დაანგარიშება და ანაზღაურება უნდა განეხორციელებინა იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელთანაც მუშაკი იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, აუნაზღაუროს მოსარჩელეებს განაცდური ხელფასი, მათი გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ნიშნავს იმას, რომ განაცდური ხელფასის ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის საშუალო ანაზღაურება, რომელსაც მოსარჩელეები იღებდნენ მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, ხოლო სასამართლოს უნდა ემსჯელა იძულებით განაცდურზე, მოსარჩელეთა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების მომენტისათვის არსებული თანამდებობრივი სარგოების ოდენობების გათვალისწინებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 6 ნოემბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით გადაწყვეტილების განმარტებას, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.