Facebook Twitter

¹ბს-932-891(კ-06) 24 აპრილი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი - ლანა ჭანტურია

კასატორები (მოსარჩელე, მოპასუხე) _ ე. უ-ი, წარმომადგენელი: ლ. ქ-ე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმომადგენელი: გ. დ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და ზიანის ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ე. უ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა შს მინისტრის 2002 წლის 24 ივნისის რეორგანიზაციის შესახებ ¹345 და 2002 წლის 9 აგვისტოს გათავისუფლების შესახებ ¹462პ/შ ბრძანებების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა (იხ.ს.ფ. 1-3).

საქმის გარემოებები:

მოსარჩელე შს ორგანოებში მუშაობდა 1994 წლიდან, არის ავღანეთის ომის მონაწილე, მუშაობის პერიოდში არაერთხელ იყო წახალისებული და გამოცხადებული ჰქონდა მადლობა. შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 9 აგვისტოს ¹462 პ/შ ბრძანებით ე. უ-ი გათავისუფლდა შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სარევიზიო განყოფილების .... თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შს სამინისტროს კადრების განკარგულებაში. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო შს მინისტრის 2002 წლის 24 ივნისის ¹345 ბრძანება შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტში რეორგანიზაციის ჩატარების შესახებ, რომლის შედეგად დეპარტამენტი მთავარ სამმართველოდ გარდაიქმნა. მითითებულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 აპრილის ¹430 განკარგულება “ანტიკორუფციულ ღონისძიებათა გეგმის დამტკიცების თაობაზე", რომლის მე-2 პუნქტის თანახმად სამინისტროებს და უწყებებს ამ განკარგულებით დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებული ინფორმაციები, წინადადებები და პროექტები განსახილველად უნდა წარედგინათ საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოსა და სახელმწიფო მინისტრისათვის. ზემოხსენებულ საბჭოსა და სახელმწიფო მინისტრს გადაწყვეტილება არ ჰქონდათ მიღებული, როცა შს მინისტრმა მოახდინა მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომელთა ხელახლა დანიშვნა მათ მიერ დაკავებულ თანამდებობაზე ნებით დაქირავებულის შტატში, არსებული ფულადი ანაზღაურების შენარჩუნებით. 2002 წლის სექტემბერს მოსარჩელემ პატაკით მიმართა შს მინისტრს წინანდელ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით, რაზეც 2002 წლის 24 სექტემბრის ¹9/8-1053 წერილით ეთქვა უარი.

სარჩელის სამართლებრივი საფუძველი:

მოსარჩელის განმარტებით, რეორგანიზაციისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები მიღებულა უკანონოდ, ვინაიდან მისი გათავისუფლებით დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, რეორგანიზაციის შედეგად ..... განყოფილებაში დარჩა ხუთი საშტატო ერთეული, ხოლო მისი დათხოვნის მომენტისათვის სამი ერთეული ვაკანტური იყო. ამასთან, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36.2. მუხლისა და 1995 წლის 17 ოქტომბრის ,,ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-15 მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად, როგორც ავღანეთის ომის მონაწილე, სარგებლობდა სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ე. უ-ის სარჩელი შს მინისტრის ¹345 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო სარჩელი გათავისუფლების შესახებ ¹462პ/შ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის ნაწილში გადაეგზავნა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

2003 წლის 27 ოქტომბერს ე. უ-მა სარჩელით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - შს სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა კადრების განკარგულებიდან გათავისუფლების შესახებ შს მინისტრის 2003 წლის 26 სექტემბრის ¹570პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება კადრების განყოფილებაში გადაყვანის დღიდან და ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ¹570პ/შ ბრძანება იყო უკანონო, ვინაიდან “შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-12 მუხლი, რომელიც საფუძვლად დაედო სადავო ბრძანებას, არ ითვალისწინებდა მუშაკთა სამსახურიდან გათავისუფლებას, არამედ ეხებოდა მუშაკთა თანამდებობრივ გადაადგილების საკითხებს. ამასთან, კადრების განკარგულებაში ყოფნის ერთი წლის მანძილზე მოპასუხეს მისთვის არ შეუთავაზებია სხვა თანამდებობა, რითაც დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 42-ე მუხლისა და “პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა შს სამინისტროს წინააღმდეგ არსებული მისი სარჩელების ერთწარმოებად გაერთიანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე შს სამინისტროს წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შს მინისტრის 2002 წლის 9 აგვისტოს ¹462პ/შ და 2003 წლის 26 სექტემბრის ¹570 ბრძანებები; ე. უ-ი აღდგენილ იქნა შს სამინისტროს სამეურნეო და საფინანსო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს სარევიზიო განყოფილებაში ... თანამდებობაზე; მოსარჩელეს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტში საფინანსო, სამეურნეო, საზედამხედველო, საბუღალტრო ფუნქციებისა და ამ ფუნქციების განმახორციელებელი ქვეგანაყოფების მკვეთრად გამიჯვნისათვის, ასევე პარალელური რგოლების გაუქმებისა და საშტატო ერთეულთა ოპტიმიზაციის მიზნით, შსს-ს 2002 წლის 24 ივნისის ¹345 პ/შ ბრძანების საფუძველზე მატერიალურ - ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტში ჩატარდა რეორგანიზაცია, რომელიც უნდა განხორციელებულიყო “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 97-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 9 აგვისტოს ¹453პ/შ ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე ე. უ-ი 2002 წლის 17 ივლისიდან აყვანილ იქნა საქართველოს შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამართველოს განკარგულებაში. ე. უ-ი 2003 წლის 26 სექტემბრის ¹570პ/შ ბრძანების თანახმად “შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების მე-12 მუხლის საფუძველზე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან, ანუ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა მითითებული მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა შს ორგანოს მუშაკთა თანამდებობრივ გადაადგილებას. რეორგანიზაციის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 17 იანვრის ¹384 ბრძანებით დამტკიცდა საშტატო განრიგი, რომლის თანახმად ... განყოფილება გარდაიქმნა ქვეგანყოფილებად, რომელშიც განსაზღვრული იქნა 5 საშტატო ერთეული, ამასთან, რევიზორის თანამდებობა შემცირდა 3 საშტატო ერთეულით.

სასამართლომ გამოიყენა “შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი და განმარტა, რომ შს ორგანოებში რეორგანიზაციულ, საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას შს მინისტრის ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომელი ირიცხება კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვით, 2_თვიანი ხელფასის შენარჩუნებით, ხოლო მომდევნო ორი თვის განმავლობაში მიეცემა სპეციალური წოდების, ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის კომპენსაცია. აღნიშნული ვადის გასვლამდე უნდა გადაწყდეს თანამშრომლის შრომითი მოწყობის საკითხი, ხოლო შტატგარეშე დარჩენის შემთხვევაში, შრომითი მოწყობის საკითხი უნდა გადაწყდეს ერთ თვეში.

სასამართლოს დასკვნით, მუშაკის თანამდებობრივი გადაადგილება შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას და უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, რომელიც ფორმდება შესაბამისი აქტით - ბრძანებით, ვინაიდან აღნიშნული ბრძანება დაკავშირებულია დაინტერესებული პირის-მოსარჩელის სამართლებრივ შედეგთან, ეხება მოსარჩელის კანონით დაცულ უფლებებს. იგი იძენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებული ბრძანება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ" ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი-ბრძანებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სასამართლოს განმარტებით, 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით, “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. შესაბამისად, რეორგანიზაციის დროს მოხელის გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაწესებულებაში შტატები შემცირდა, ამასთან, იმ პირობით, თუ მოხელისათვის შეთავაზებული იქნება შესაბამისი თანამდებობა, მოხელეთა უპირატესი დარჩენის საკითხის გათვალისწინებით და თუკი ამის შემდგომ გამოვლინდება, რომ დაწესებულებაში არ არსებობს შესაბამისი ვაკანსია და მოხელეს არა აქვს შეთავაზებული თანამდებობის დაკავების სურვილი. “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. სასამართლოს დასკვნით, “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, რეორგანიზაცია შტატების შემცირების გზით გამორიცხავს მოხელის უპირობო გათავისუფლებას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. უ-ი სამსახურიდან ისე გათავისუფლდა, რომ აღნიშნული საკითხები გამოკვლეული არ ყოფილა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებაზე, რომელიც არ არის გამოკვლეული და შესწავლილი.

მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ სასამართლომ მიიჩნია საფუძვლიანად და დააკმაყოფილა, ამასთან სასამართლომ განმარტა, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ხელფასის დავალიანების ყოველი დაგვიანებული თვისათვის საურავის დაკისრების ნაწილში, რამდენადაც “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი საურავის დაკისრებას ვადაგადაცილებულ სახელფასო დავალიანებებზე არ ითვალისწინებს. სასამართლოს დასკვნით, საურავი რეგულირდება საგადასახადო კოდექსით და იგი შეიძლება დაერიცხოს საგადასახადო სამართლის სუბიექტს-გადასახადის გადამხდელს ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებაზე და იგი არ ეხება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით რეგულირებულ სახელფასო დავალიანებებს /იხ. ს.ფ. 68-70/.

საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი მოტივით:

შს მინისტრის 2002 წლის 24 ივნისის ¹345, 2002 წლის 12 ივლისის ¹383, 2002 წლის 17 ივლისის ¹384, 2002 წლის 9 აგვისტოს ¹462 ბრძანებები კანონიერ ძალაში იყო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ ისე ცნო ბათილად კანონიერ ძალაში შესული 09.09.2002 წლის ¹462 პ/შ ბრძანება, რომ არ გამოიკვლია უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 25 ოქტომბრის განჩინება. ბათილად ცნო. აპელანტის მოსაზრებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენას. მითითებული ნორმა მოხელის აღდგენას თანამდებობაზე ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც კვლავ არსებობს გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა. ამდენად, კანონიერ ძალაშია რა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ შს მინისტრის 24 ივნისის ¹345 ბრძანება, ასევე ძალაშია სამეურნეო და საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ შს მინისტრის 12.07.2002 წლის ¹383 ბრძანება. ამდენად, ვინაიდან აღარ არსებობს ის თანამდებობა, რომელზეც ე. უ-ი მუშაობდა გათავისუფლებამდე, შესაბამისად, მისი სამსახურში აღდგენა მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელია. აპელანტის მოსაზრებით, ფაქტობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტი ლიკვიდირებულია და აღარ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შსს-ს 2003 წლის 26 სექტემბრის ¹570 ბრძანება ე. უ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად ახალი აქტის მიღება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სასამართლოს დასკვნით, საქალაქო სასამართლომ არასწორად ცნო ბათილად შს სასამინისტროს 2002 წლის 9 აგვისტოს ¹462 პ/შ ბრძანება მოსარჩელის საქართველოს შსს-ს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის .... განყოფილების ..... თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს იმავე მხარეებს შორის სხვა სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა ე. უ-ის სარჩელი შსს 2002 წლის 9 აგვისტოს ¹462 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. შესაბამისად, ეს აქტი კანონიერად იქნა ცნობილი და მისი მართლზომიერების შეფასება დაუშვებელია.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნები მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში შსს 2003 წლის 26 სექტემბრის ¹570 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ და განმარტა, რომ ამ აქტის მიღებისას მოპასუხის მიერ დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 97.2. მუხლი, რომლის თანახმად, რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებისას მუშაკისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების გარეშე დაუშვებელია მისი გათავისუფლება. ადმინისტრაციას არ შეუსრულებია ე. უ-ის გათავისუფლებისას აღნიშნული მოთხოვნა, მოპასუხეს არ გაურკვევია, თანახმა იყო თუ არა ე. უ-ი სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე, რითაც დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა ადმინისტრაციული აქტის სათანადოდ გამოკვლეულ და შესწავლილ გარემოებებზე დაფუძნების შესახებ. სასამართლოს დასკვნით, ¹570პ/შ ბრძანების ბათილად ცნობის შემდგომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს და შეისწავლოს აღნიშნული გარემოება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ არ არის რა საბოლოოდ გადაწყვეტილი მოსარჩელის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის საკითხი და იგი დამოკიდებული იყო საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მოპასუხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, შესაბამისად, არ არსებობდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა ზიანის ანაზღაურების ნაწილში და განმარტა, რომ საურავის დაკისრება ვადაგადაცილებული დავალიანებისათვის ეხება სამართლებრივი ურთიერთობის სულ სხვა, საგადასახადო ურთიერთობათა სფეროს, მოცემულ შემთხვევაში კი დავის საგანს შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავალიანება წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. უ-მა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.

კასაციის მოტივები:

სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლი, რომლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. სასამართლომ ასევე არ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის ¹672 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულება, რომლის 76.1. მუხლის თანახმად, ე. უ-ი ექვემდებარება სამსახურში აღდგენას, ხოლო ამავე დებულების 77-ე მუხლის შესაბამისად, მისი სამსახურში აღდგენა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. გარდა ამისა, მითითებული დებულების 79-ე მუხლის თანახმად, სამსახურში მუშაკის აღდგენის შემთხვევაში მას უნდა აუნაზღაურდეს ხელფასი სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდისთვის. ასევე, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ”, რომლის 15.21. მუხლის შესაბამისად, ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი სარგებლობს სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობის მიუხედავად, სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაკთა რაოდენობის შემცირებისას სამუშაოზე უპირატესი დარჩენის უფლებით.

კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის გამოყენება, რამდენადაც სასამართლოს მიერ დადგენილად არის მიჩნეული სადავო ბრძანების უკანონობა და მოპასუხისათვის მისი გამოცემის საფუძვლის კანონიერების შესწავლის დავალება საფუძველს მოკლებულია. ამასთან, სასამართლომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი ბათილად ცნო, მაგრამ ე. უ-ი არ აღადგინა სამსახურში და არ აუნაზღაურა განაცდური ხელფასი (იხ.ს.ფ. 153-157).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართვეოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ე. უ-ის გათავისუფლების შესახებ ¹570 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.

კასაციის მოტივები:

სასამართლოს მიერ 2003 წლის 26 სექტემბრის ¹570პ/შ ბრძანება უკანონოდ იქნა ცნობილი ბათილად, ვინაიდან საქმის მასალები არ იქნა გამოკვლეული სრულყოფილად. საქმეში მოიპოვება საორგანიზაციო საშტატო ბრძანება, რომლითაც განხორციელდა რეორგანიზაცია და მოჰყვა შტატების შემცირება და რომელიც გახდა ე. უ-ის გათავისუფლების საფუძველი. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 11.2. მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ჩამოთვლილ მოსამსახურეთაგან ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამდენად, პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობა _ “პოლიციის შესახებ კანონი”, ხოლო მითითებული კანონის 22-ე მუხლის “ე” პუნქტი ითვალისწინებს პოლიციელის დათხოვნას რეორგანიზაციისას ან შტატების შემცირებისას, მით უფრო, რომ მოსამართლემ არ გამოიკვლია, რეალურად მოხდა თუ არა შტატების შემცირება, არ გამოუთხოვია ძველი და ახალი საშტატო ნუსხები, ასევე, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კადრების განკარგულებაში აყვანის ბრძანება (¹462) კანონიერ ძალაში იყო დატოვებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო ე. უ-ის დათხოვნა მოხდა მაშინ, როცა იგი კადრების განკარგულებაში იმყოფებოდა შტატგარეშედ (იხ.ს.ფ. 170-171).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებით ე. უ-ისა და შს სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 “გ” პუნქტის შესაბამისად /პროცესუალური კასაცია/ (იხ. ს.ფ. 100-103).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შს სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ე. უ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ე. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394. “ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მიეცა საქმის მასალებს, სადავო სამართალურთიერთობას სწორად არ შეეფარდა კანონის ნორმები.

სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს შს სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, კერძოდ, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როცა დაასკვნა, რომ ე. უ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შსს 2003 წლის 26 სექტემბრის ¹570 პ/შ ბრძანების მიღებისას შს სამინისტროს მიერ დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 97.2. მუხლი, რომლის თანახმად, რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებისას მუშაკისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების გარეშე დაუშვებელია მისი გათავისუფლება. აღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციას ე. უ-ის გათავისუფლებისას არ შეუსრულებია აღნიშნული მოთხოვნა და მოპასუხეს არ გაურკვევია თანახმა იყო თუ არა ე. უ-ი სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე, რითაც დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა ადმინისტრაციული აქტის სათანადოდ გამოკვლევისა და შესწავლილ გარემოებებზე დაფუძნების შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-11 მუხლის თანახმად, აღნიშნული კანონის მოქმედება პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური ნორმები არ ეწინააღმდეგება კანონს. სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი ,,პოლიციის შესახებ" კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ" პუნქტი კი, პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად ითვალისწინებდა შტატების შემცირებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციის შესახებ კანონის 21.1. მუხლის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტებით. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემაში რიგით და ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებს და მოვალეობებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულება”.

საკასაციო სასამართლო “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 12.7. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა ორგანოებში ორგანიზაციულ, საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომელი ირიცხება კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვით, 2 თვის მთლიანი ხელფასის შენარჩუნებით, ხოლო მომდევნო 2 თვის განმავლობაში მას მიეცემა სპეციალური წოდების, ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის კომპენსაცია. აღნიშნული ვადის გასვლამდე უნდა გადაწყდეს თანამშრომლის შრომითი მოწყობის საკითხი. მითითებულ ნორმაში კანონმდებელი გულისხმობს მოხელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანას ან სამსახურიდან გათავისუფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 12.7. მუხლი ფაქტობრივად განსაზღვრავს, რომ კადრების განკარგულებაში გადაყვანილი პირი წარმოადგენს შტატგარეშე დარჩენილ თანამშრომელს, რომლის შრომითი მოწყობის საკითხიც უნდა გადაწყდეს 4 თვიანი ვადის გასვლამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმ პირობებში, როცა ე. უ-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ ბრძანება კანონიერ ძალაშია, სრულიად დაუსაბუთებელია ე. უ-ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, რამდენადაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.5. მუხლის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლებაზე გამოცემული ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება აღდგენას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. მოცემულ შემთხვევაში ე. უ-ი შს სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლდა, როგორც კადრების განკარგულებაში მყოფი პირი, კადრების განკარგულებაში მყოფი პირის შინაგან საქმეთა ორგანოს სისტემაში აღდგენა კი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, მით უფრო, რომ კადრების განკარგულებაში გადაყვანის შემდეგ, უნდა გადაწყდეს თანამშრომლის შრომითი მოწყობის საკითხი, რაც არ გამორიცხავს ამ ვადის გასვლის შემდეგ მის უპირობო გათავისუფლებას სხვა, ალტერნატიული თანამდებობის შეთავაზების გარეშე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შს სამინისტროს თანამშრომლის კადრების განკარგულებაში გადაყვანის შემდეგ, ადმინისტრაციას არ გააჩნია ვალდებულება, მას შესთავაზოს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.2. მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა, რამდენადაც სპეციალური კანონმდებლობა _ “პოლიციის შესახებ” კანონი ამგვარ ვალდებულებას შს სამინისტროსაგან არ ითვალისწინებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის /2006 წლის 1 იანვრამდე რედაქცია/ 97.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმის თანახმად ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას მოხელე გაათავისუფლოს სამსახურიდან თუ იგი თანახმაა სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე, ვინაიდან მითითებული ნორმა ამკრძალავი ხასიათისაა და დაუშვებლად მიიჩნევს მოხელის გათავისუფლებას, თუ იგი თანახმაა, სხვა თანამდებობაზე დაინიშნოს. ამგვარი თანხმობა კი თავისთავად განაპირობებს ადმინისტრაციის მხრიდან შეთავაზების აუცილებლობას, აღნიშნული პირობა საჯარო მოხელეთათვის კანონით დადგენილი გარანტიების ერთ_ერთი სახეა, რაც ადმინისტრაციის მხრიდან ექვემდებარება დაცვას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-5 მუხლში რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურის სახეები, რომლის ბ) პუნქტის თანახმად საჯარო სამსახურს ეწევა როგორც მოხელე ასევე Gდ) შტატგარეშე მოსამსახურე. ამავე კანონის 6.1. მუხლის თანახმად მოხელე არის ის პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო (შტატით) გათვალისწინებულ თანამდებობაზე, ხოლო კანონის 8-ე მუხლში ჩამოყალიბებულია შტატგარეშე მოსამსახურის ცნება, რომლის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიიღება გარკვეული ვადით სამსახურში, არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულის საფუძველზე განმარტავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.2. მუხლის მოქმედება ვრცელდება საჯარო მოხელეებზე, რაც მათ დაცვის გარანტიას განაპირობებს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ე. უ-ი შს ორგანოებიდან გათავისუფლდა არა როგორც შტატში მყოფი თანამშრომელი _ საჯარო მოხელე, არამედ კადრების განკარგულებაში მყოფი შტატგარეშე მოსამსახურე. ამგვარ პირობებში, კი ადმინისტრაციას არ გააჩნია შტატგარეშე მოსამსახურისათვის სხვა, ალტერნატიული თანამდებობის შეთავაზების ვალდებულება, რამდენადაც ამგვარი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით შტატგარეშე მოსამსახურეთათვის დადგენილი არ არის.

ამდენად, საქართველოს შს სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება გამორიცხავს ე. უ-ის მოთხოვნის _ სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკმაყოფილებას, რამდენადაც, ე. უ-ი შს სისტემიდან გათავისუფლდა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის გამო, როგორც შტატგარეშე მოსამსახურე, რა დროსაც შს სამინისტროს ადმინისტრაციის მიერ არ დარღვეულა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით დადგენილი პროცედურა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ე. უ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ე. უ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო;

2. საქართველოს შს სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. ე. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.